EMC ეხმიანება „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ მიერ ტყიბულის შახტებში დასაქმებულთათვის უფლებაშემლახავი ხელშეკრულებების შეთავაზების ფაქტს

12787589_10205177382227361_94103173_o

2016 წლის 22 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია შპს „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის“ მიერ ტყიბულში დასაქმებულ მეშახტეებისათვის ახალი ინდივიდუალური ხელშეკრულების შეთავაზების თაობაზე. საწარმოს მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების ძირითადი პირობები წინააღმდეგობაში იყო არსებულ კანონმდებლობასთან და სრულად უგულებელყოფდა ტყიბულში გაფიცვების პროცესის შედეგად მხარეთა შორის მიღწეულ შეთანხმებას. ამასთან, დასაქმებულთა ცნობით, საწარმო აიძულებდა მათ ხელშეკრულებაზე დაუყოვნებლივ ხელმოწერას, მისი განხილვისა და პირობების გაანალიზების გარეშე, ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში გათავისუფლებით ემუქრებოდა, რის შედეგადაც, დასაქმებულთა ნაწილი, იძულებული გახდა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, რასაც ასევე ადასტურებს საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირი, 2016 წლის 23 მარტს, დასაქმებულებისა და საქართველოს  მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის უშუალო მონაწილეობით შეხვედრა შედგა საწარმოს ადმინისტრაციასთან, სადაც მხარეები შეთანხმდნენ საწარმოს მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესის შეჩერებაზე და ხელშეკრულების ტექსტის გადამუშავებისთვის ერთობლივი სამუშაო ფორმატის შექმნაზე.

EMC მიიჩნევს, რომ საწარმოს მხრიდან დასაქმებულთათვის უფლებაშემლახავი პირობების შეთავაზებისა და ხელშეკრულებაზე დასაქმებულთა დაუყოვნებელი დათანხმების  მცდელობა, არაკეთილსინდისიერი და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯია, რაც მიზნად ისახავდა 2016 წლის 29 თებერვალს ტყიბულის გაფიცვისას მიღწეული შეთანხმებისა და სხვა მანამდე არსებული შეთანხმებების შედეგების გაუქმებას.

საწარმოს მიერ შემოთავაზებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები მნიშვნელოვნად აუარესებდა დასაქმებულთა მდგომარეობას. ამასთან, ხელშეკრულების ტექსტი მოიცავდა პირობას, რომლითაც დასაქმებულებს ნებაყოფლობით ათმობინებდა საწარმოს მიერ მათ წინაშე 2016 წლის გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებით და სხვა მანამდე არსებული შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლებას. გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ხელშეკრულება საშუალებას აძლევდა დამსაქმებელს, უარი ეთქვა დასაქმებულთა წინაშე არსებული ნებისმიერი ტიპის, მათ შორის 2011 წლის გაფიცვის შეთანხმებით გათვალისწინებული ხელფასების ინდექსაციის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი დავალიანების გადახდაზე.

ამასთან, შემოთავაზებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა დასაქმებულთა შრომითი გარანტიების დასუსტებას, რაც დამსაქმებელს აძლევდა ხელშეკრულების მარტივად შეწყვეტის შესაძლებლობას. კერძოდ, ხელშეკრულება განსაზღვრავდა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენების პირობას, რაც საქართველოს შრომის კანონმდებლობით მხოლოდ დაკავებულ პოზიციასთან დასაქმებულის შეთავსების შემოწმების მიზნებისათვის გამოიყენება. გამოსაცდელი ვადით მუშაობის შეთავაზება იმ დასაქმებულთათვის, რომელიც ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ამ საწარმოში, არ პასუხობს გამოსაცდელი ვადის გამოყენების მიზნებს და დამსაქმებელს ანიჭებდა შესაძლებლობას, ესარგებლა შრომის კოდექსით მინიჭებული უფლებით, გამოსაცდელ პერიოდში მარტივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დასაქმებულთან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ასევე,  ხელშეკრულების შემოთავაზებული ხანგრძლივობის ვადა ერთი წელი, მკვეთრად აუარესებდა იმ დასაქმებულთა მდგომარეობას, რომელთა დასაქმების მრავალწლიანი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, კანონი მათთან უვადო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას ითვალისწინებს.

საწარმოს მცდელობები, გამოიყენოს დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური დამოკიდებულება და აიძულოს ისინი, ხელი მოაწერონ უფლებაშემლახავ და კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებებს, ცალსახად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ნათლად გამოკვეთს საწარმოს მოქმედების სტრატეგიას, აიძულოს დასაქმებულები უფლებაშემლახავ პირობებში მუშაობაზე და იმ სიკეთეების უარყოფაზე, რაც დასაქმებულებმა წინააღმდეგობის არაერთი პროცესით მოიპოვეს.

მნიშვნელოვანია რომ დღეს მიღწეული შეთანხმება პროფესიული კავშირების გაერთიანებას, დასაქმებულებსა და საწარმოს ადმინისტრაციას შორის, ტოვებს დასაქმებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კანონმდებლობის ფარგლებში დაბრუნების შესაძლებლობას. EMC ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესებს და განახორციელებს შესაბამის რეაგირებას დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით.