რეპრეზენტაციულობისგან დაცლილი სოციალური პოლიტიკა

ლელა რეხვიაშვილი

(ზოგადი კომენტარი)

Lela Rekhviashvili  Pic 1აგერ უკვე სამ წელზე მეტი გავიდა მას მერე, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა ჩაანაცვლა. არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, უფრო და უფრო რელევანტური ხდება ახალი, „ოცნების“ მთავრობის მიღწევებისა და გამოწვევების კრიტიკული შეფასება. ამ სტატიას მსგავსი შეფასების კომპლექსური ანალიზის ამბიცია არ აქვს, თუმცა, კონკრეტულად სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მსურს ჩემი შეფასებები გაგიზიაროთ. ეს შეფასებები ღრმა კვლევას და სისტემურ ანალიზს არ ეყრდნობა. ერთი მხრივ, ამ შეფასებების საფუძველი ჩემი სადისერტაციო კვლევაა, რომელიც 2003-2012 წლებში საქართველოში ინსტიტუციური ტრანფორმაციის სოციალურ შედეგებს განიხილავს. მეორე მხრივ, ეს შეფასებები 2012 წლის შემდგომი მოვლენების არასისტემურ, მაგრამ გულისხმიერ დაკვირვებას ეფუძნება. შესაბამისად, აქ მოცემული ანალიზი ნაწილობრივ აკადემიურია ნაწილობრივ კი, შეიძლება ითქვას, უბრალოდ ერთი მოქალაქის წუხილებია. ანუ, არ გამოვრიცხავ რომ პრობლემებს ვაზვიადებდე, არარელევანტურ საკითხებზე ვსვამდე აქცენტს ან პირიქით, კარგად არ მქონდეს გაცნობიერებული აქ დასახელებული პრობლემების სიმწვავე. წინასწარ იმისთვისაც ვიხდი ბოდიშს, რომ ანალიზი ზედმეტად ზოგადია და კონკრეტული მაგალითებს ან ღრმა განხილვას არ გთავაზობთ. შესაბამისად, ეს სტატია უფრო მეტად მკითხველის დიალოგში გამოწვევას ემსახურება, ვიდრე რამე მყარი და სოლიდური ანალიზის გაზიარებას.

ჩემი ერთი, ცენტრალური წუხილი სოციალური პოლიტიკის რეპრეზენტატული პოლიტიკისგან დაცლილობაა. მეორე წუხილი კი, სოციალური პოლიტიკის  ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრების გარეშე შეცვლაა. თავიდანვე რომ ცხადი იყოს პოზიცია, აქვე ვიტყვი – ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი გააკეთა სოციალური პოლიტიკის განვითარებისთვის ბოლო სამ წელში, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის 9 წლის მანძილზე. სოციალური ხარჯვის აბსოლუტური და რელატიური წილი გაიზარდა და სოციალური პროგრამები და სოციალური რეგულაციებიც ფარდობითად დაიხვეწა. სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ცვლილებები მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობის გარეშე და ასევე, ნაცმოძრაობის დროინდელი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პარალელურად მიმდინარეობს. ეს ჩემი გადმოსახედიდან, საკმაოდ პრობლემური განვითარებაა და ადვილად შეიყვანს (თუ უკვე არ შეიყვანა) სახელმწიფოს პოლიტ-ეკონომიურ ჩიხში ან შეიძლება კრიზისში.

პოლიტიკური რეპრეზენტატულობა  

პირველ პრობლემად სოციალური პოლიტიკის რეპრეზენტატულობისგან დაცლილობა დავასახელე. რეპრეზენტატულობისგან დაცლილობაში იგულისხმება სოციალური პოლიტიკის წარმოება სამოქალაქო ინიციატივების, პროფესიული კავშირების, ინტერეს-ჯგუფების ჩართულობის გარეშე, ან შეიძლება ითქვას, მათი გამოთიშულობის ხარჯზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ორგანიზებული ჯგუფების ინტერესების არტიკულაციას, მათი წუხილების გაზიარების ინსტიტუციური გზების გამონახვას ცდილობდეს, სახელმწიფო უბრალოდ უფრო და უფრო მეტ ფულად და არაფულად ბენეფიტებს გვთავაზობს. ამით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სახელმწიფო ცდილობს სოციალური პოლიტიკა მოქალაქეების კოლექტიური ხმის დასახშობად, მისაჩუმებლად, მოსადუნებლად გამოიყენოს და არა ამ ხმის და ინტერესების არტიკულაციის მექანიზმად.

მეტი სიცხადისთვის, სოციალური პოლიტიკის ფორმირება ორი უმნიშვნელოვანესი საკითხის გარიყვის ხარჯზე მოხდა: 1. დემოკრატიული პროცესის ხარჯზე: არსებული სოციალური მოძრაობების და პროფესიული კავშირების ჩართულობა, მშრომელთა და მეწარმეთა შორის მედიაცია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი არ გამხდარა; 2. შესაძლებლობების გაფართოებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის იგნორის ხარჯზე:  იმის მაგივრად რომ ხელისუფლება ცდილობდეს აქტიური შრომითი პოლიტიკის დანერგვას, განათლებასა და გადამზადებაში ინვესტირებას, უმუშევრობის ბენეფიტების შემოღებას და მის მიბმას სამუშაო გამოცდილებაზე, შესაბამისად ფორმალური დასაქმების წახალისებას, სახელმწიფო, ძირითადად, უბრალოდ მეტ ფულად დახმარებას იძლევა.

ამის პარალელურად, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რჩება ქვეყანაში რეპრეზენტაციულობაზე პრეტენზიის მქონე ყველაზე ძლიერ ინსტიტუტად. ანუ, ყველაზე გამოკვეთილად ეკლესიას შეუძლია მოქალაქეების სახელით საუბარი. ასევე, სხვა წარმომადგენლობითი სამოქალაქო მოძრაობებისგან განსხვავებით, ეკლესია მის წევრებს  ასოციაციური ცხოვრების ყველაზე მდგრად პირობებს სთავაზობს. ეკლესია ქმნის სოციალიზაციის სივრცეს, ახერხებს წევრების მობილიზებას, ყველაზე წარმატებულად აგროვებს საწევრო კონტრიბუციებს და ყველაზე წარმატებულად აკეთებს პოლიტიკურ სივრცეში ინსტიტუციური ინტერესების არტიკულაციას.

ეკლესიის ასეთი სიძლიერე, დანარჩენი სოციალური მოძრაობების დაქსაქსულობის ფონზე, რამდენიმე მიზეზით არის პრობლემური. ერთი რომ თავად ეკლესია აბიჯებს საკუთარ მანდატს, ხდება პოლიტიკური აგენტი და ასევე პოლიტიკური მანიპულაციის თავისებური მსხვერპლიც. ეს კი, ჩემი გადმოსახედიდან, მართლმადიდებელი მრევლისთვის საკმაოდ პრობლემური, მართლმადიდებლურ ეთიკასთან შეუსაბამო განვითარებაა. მეორეც, ეკლესია პოლიტიკურ რეპრეზენტაციაზე პრეტენზიების გაცხადების პროცესში საკმაოდ ექსკლუზიურ, უმცირესობების გამრიყავ დისკურსებს და პრაქტიკას ეყრდნობა. და ბოლოს, ეკლესიის მთავარი საზრუნავი ქართული იდენტობის სპეციფიკური ნარატივის ფორმირებაა და მას  ყველაზე ნაკლებად აინტერესებს სოციალური და შრომითი უფლებების დაცვა.

რომ შევაჯამოთ, ერთადერთი ძლიერი სამოქალაქო აქტორი სოციალური პოლიტიკის დამცველად არ გამოდგება, სხვა სამოქალაქო აქტორები კი მთავრობის მიერ იგნორის ფონზე, კვლავ სუსტები არიან სოციალური პოლიტიკის დასაცავად.

ძველი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნება

მეორე და ასევე სამწუხარო განვითარება ნაცმოძრაობის დასახული ეკონომიკური განვითარების ხედვის (დიდწილად) შენარჩუნებაა. ნაცმოძრაობის ხედვა ზედმიწევნით ემთხვევა არსებულ დომინანტურ საერთაშორისო დისკურსებს განვითარებაზე. ეს ხედვა ეკონომიკური წინსვლის გარანტად (როგორც უკვე მრავალი წელია ვისმენთ) სახელმწიფოს მინიმალურ ჩართულობას და საბაზრო ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციური საფუძვლების შექმნას გვთავაზობს. ეს ინსტიტუციური საფუძვლები კერძო საკუთრების დაცულობა, კონტრაქტების აღსრულების გარანტიები და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაა. დანარჩენს კერძო სექტორი მიხედავს, რა თქმა უნდა, იმ წინაპირობით, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი რესუსრების კომოდიფიკაცია უნდა დაანებოს კერძო სექტორს.

ნაცვლად იმისა რომ „ქართულ ოცნებას“ ეს ხედვა გადაეაზრებინა, ახალი მთავრობის ამოსავალი წერტილი იყო ნაცმოძრაობის მის მიერვე გაცხადებული პოლიტიკის ღალატი. ანუ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ვერ-აღსრულებაში შეედავა და შესაბამისად, იმავე პოლიტიკის უკეთესად აღსრულებას დაჰპირდა საკუთარ ელექტორატს. მიუხედავად ინკლუზიური ზრდის დისკურსული გაჟღერებისა, ცხადია რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ამოსავალ წერტილად კვლავ ძველი განვითარების ხედვა აიღო. ამაზე, სხვა რომ არაფერი, კარგად მეტყველებს ახალი ფართომასშტაბიანი პროექტები ურბანული სივრცეების გარდასაქმნელად და ენერგო რესურსების ექსპლოატაციისთვის გამიზნული ასევე მასშტაბური, უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებული პროექტების თავგამოდებული დაცვა.

მაშინ, როდესაც მთავრობა ერთი ხელით რესურსების ბრუტალური ფორმებით კომოდიფიკაციას მიმართავს, მეორე ხელით სოციალურ პოლიტიკას გვაწვდის უკმაყოფილების დასაშოშმინებლად. ამ პროცესში, სახელმწიფო არსებული სოციალური მოძრაობების, განსაკუთრებით შრომითი უფლებების დამცველი და რესურსების კომოდიფიკაციის წინააღმდეგ მებრძოლი მოძრაობების იგნორს არ ერიდება.

სოციალური პოლიტიკის არამდგრადობა

ეს ორი პრობლემა – რეპრეზენტაციული პოლიტიკის ნაკლებობა და ეკონომიკური პოლიტიკის უცვლელობა, საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, ისევ სოციალურ პოლიტიკას დააზარალებს. ერთი მხრივ, რამდენადაც არსებული სოციალური პოლიტიკის კონკრეტული კომპონენტების მიღმა ძლიერი და აქტიური სოციალური მოძრაობები არ დგას, სოციალური პოლიტიკის შესუსტების ან ხარჯვის შემცირების შემთხვევაში, არსებულ სოციალური პოლიტიკის დაცვა/გამოქომაგება გაჭირდება. მეორე მხრივ, რამდენადაც სახელმწიფო არც აქტიური ეკონომიკური აგენტის როლს იღებს, არც საგადასახადო ბაზის შეცვლას ცდილობს, დროთა განმავლობაში, საბიუჯეტო ხარჯვის ტვირთი არამდგრადი ხდება. მსგავსი განვითარება, რა თქმა უნდა, ქმნის მემარჯვენე პოლიტიკური ძალებისთვის სოციალური პოლიტიკის უკუგდების ადვოკატირებისთვის ხელსაყრელ პირობას.

პრობლემების სათავეები

ჩემი აზრით, ამ პრობლემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი სათავე „ქართული ოცნების“ მიერ, 2012 წელს მობილიზებული ელექტორატის, და მათი ინტერესების განსხვავებულობაა. „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნებში სამი სახის უკმაყოფილებით ისარგებლა: ერთი მხრივ, ნაცმოძრაობის მიერ გატარებული აგრესიული ლიბერალური პოლიტიკის სოციალური შედეგების მიმართ დაგროვილი უკმაყოფილებით;  მეორე მხრივ, ასევე ნაცმოძრაობის მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამახინჯებული ინტერპრეტაციის წინააღმდეგ გაჩენილი კონსერვატული და ტრადიციონალისტური წინააღმდეგობით; და ბოლოს, ნაცმოძრაობის მიერ ეკონომიკურ პროცესებში არაფორმალურად ჩარევის და კერძო საკუთრების ხელყოფით დაღლილი ბიზნეს სექტორის უკმაყოფილებით. ამ საკმაოდ მრავალფეროვანი ინტერესების დაბალანსების მცდელობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის არათანმიმდევრულობაში იჩინა თავი. ბიზნეს-სექტორის ინტერესების დასაცავად, მთავრობამ მონდომებით დაიწყო ლიბერალური ეკონომიკური განვითარების კურსის შენარჩუნება და „გაუმჯობესება“. ამ პროცესში მშრომელთა უფლებები და მშრომელთა კავშირები კიდევ ერთხელ გადაიდო გვერდზე. კონსერვატულ/ტრადიციონალისტური ინტერესების შესათავსებლად, სახელმწიფომ არაერთხელ დათმო ძალადობაზე ლეგიტიმური მონოპოლია და არაფერი იღონა სხვადასხვა უმცირესობის დასაცავად.

ჩემი შეფასებების ფორმირებისთვის განმსაზღვრელი თეორიული პერსპექტივიდან, კარლ პოლანისეული ენით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა, ნაწილობრივ მაინც, ნაცმოძრაობის მიერ გატარებული მარკეტიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ არსებულ კონტრ-მოძრაობას ასახავდა. მარკეტიზაციის პოლიტიკაში საბაზრო ეკონომიკის ხელშემწყობი ინსტიტუტების შექმნას და რაც მთავარია შრომის, ბუნებრივი რესურსების და ფულის კომოდიფიკაციის/გასაქონლების ხელშეწყობას ვგულისხმობ. კონტრმოძრაობაში კი ამგვარი კომოდიფიკაციის წინააღმდეგ მიმართულ კოლექტიურ მობილიზაციას და ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინდივიდუალური მოქალაქეების მიერ კომოდიფიკაციის უარყოფას. 2012 წლის შემდგომ პროცესებში კი, პრობლემად მესახება ის, რომ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიუხედავად, კონტრ-მოძრაობის კონსოლიდაცია შრომითი უფლებების, სოციალური უფლებების და ბუნებრივი რესურსების დაცვისთვის არც თუ წარმატებით მოხერხდა. ასეთი განვითარება კი იმის ბრალია, რომ სახელმწიფომ კვლავ მარკეტიზაციის გაღრმავების მოსურნე ინტერესების (ქართული თუ უცხოელი მსხვილი ინვესტორების) მხარდაჭერა არჩია, სოციალურად ორიენტირებული მოძრაობების ინტერესების გვერდით გადადების ხარჯზე.

იმედები და გამოსავლები

ამდენი წუხილის გამოხატვის შემდეგ, უნდა ვთქვა, რომ სურათი მთლად უიმედოდაც არ მესახება. ასე მეჩვენება, და იმედია მარტო მოჩვენება არ არის, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, ზოგადად, ნაკლებად რეპრესიულია ნაცმოძრაობის მთავრობასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ რეპრეზენტაციის ნაკლებობაზე ბევრი ვიწუწუნე, ფარდობითად, დღეს, სამოქალაქო-პოლიტიკური არტიკულაციის სივრცე წინა ათწლეულთან შედარებით უფრო დიდი ჩანს. სოციალური მობილიზების მხრივაც, მაინც უფრო საიმედო მდგომარეობაა. მართალია, სახეზე არ გვაქვს პროფესიული კავშირების საგრძნობი გაძლიერება, მაგრამ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდული, ჰორიზონტალურად ორგანიზებული მოძრაობა უფრო და უფრო შემოქმედებითი ფორმებით ცდილობს ინტერესების არტიკულაციას. ამ პროცესში მოძრაობები მშრომელთა პროტესტს გვერდში უდგებიან და ერთმანეთთან სოლიდარობის გამოხატვის მრავალფეროვან გზასაც ნახულობენ.

გამოსავლების ძიებისას, და თავისებურად ამ სტატიის მიზანიც ესაა, მგონია, რომ სოციალური პოლიტიკის მხარდაჭერა ეკონომიკური განვითარების ხედვის პრობლემატიზაციის და ჩვენი, (განსაკუთრებით კოლექტიური) ხმის დაფიქსირებით შეგვიძლია დავიწყოთ. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკურ პოლიტიკაში მეტი ჩართულობის, და ასევე საწარმოო ურთიერთობებსა და წარმოების პროცესში ჩართულობის ინიციატივები უკვე ჟღერდება. შეგვიძლია ამას დავამატოთ საგადასახადო ბაზის შეცვლაზე ფიქრი. ერთი, რომ საგადასახადო ბაზა იმდენად მწირია, რომ მართლა გაჭირდება ასეთი ბაზით სოციალური ხარჯვის ზრდა ან შენარჩუნება. მეორეც, რამდენადაც ძირითადად მოჭრილ გადასახადებს ვიხდით, ძნელია იმის გარკვევა თუ რა ფორმით გვიბრუნდება ბენეფიტები. ასეთი საგადასახადო სისტემები (რა გასაკვირია და) უფრო ლიბერალურ-კაპიტალისტურ ქვეყნებს ახასიათებთ (მაგ. ბრიტანეთი), თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევასთან ახლოსაც არ მოდის ასეთი ქვეყნების არც საგადასახადო სისტემის სიმარტივე და არც კეთილდღეობის სახელმწიფოს სიძუნწე. ამის საპირისპიროდ, მაგალითად, კონტინენტური ევროპის საგადასახადო სისტემებში მეტია ეგრეთ წოდებული earmarked, ანუ კონკრეტული მიზნებისთვის გადადებული გადასახადების წილი. მოქალაქეები იხდიან საპენსიო დაზღვევის სქემებში შენატანებს, ჯანდაცვის შენატანებს, სოციალური დაცულობის შენატანებს და იციან კონკრეტულად რომელი გადასახადი რომელ ბენეფიტზეა მიბმული. ასეთი სისტემა არა მხოლოდ მეტად სოლიდარულია და სოციალური დაზღვევის (რესურსების კოლექტიური შეგროვების და მართვის) როლის არტიკულირებას აკეთებს სოციალური დახმარების ნაცვლად (ჩვენნაირი სისტემა, სადაც ყველა იხდის მაგრამ დახმარება მიზნობრივია, ანუ ყველაზე ღარიბს თეორიულად მეტად ვეხმარებით, მაგრამ გადამხდელების დიდ წილს ცხადი ბენეფიტები არ გააჩნია), არამედ უფრო მდგრადიცაა ცვლილებების მიმართ, განსაკუთრებით კი, გადასახადების შემცირების და სოციალური ხარჯვის შემცირების წინააღმდეგ.

სოციალური პოლიტიკის საგადასახადო პოლიტიკასთან მიბმის საკითხი რელევანტურია იმიტომ, რომ სოციალური პოლიტიკის მიღმა და მის შესანარჩუნებლად, ძლიერი საზოგადოებრივი ინტერესი გაჩნდეს. დღეს, მაგალითად, უკვე ისმის უნივერსალური პროექტების, კონკრეტულად კი ჯანდაცვის უნივერსალური დაზღვევის წინააღმდეგ კრიტიკა. ერთი მხრივ, უნივერსალური პროექტების არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობის უმეტესობას (და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველად შერაცხულ, ან ღარიბად აღრიცხულ მოსახლეობას) აინტერესებდეს მსგავსი პროექტისთვის რესურსების/გადასახადების გაღება. მეორე მხრივ, საგადასახადო ბაზის უცვლელობის ფონზე, მსგავსი პროექტების შენარჩუნება დროთა განმავლობაში შეიძლება მართლაც გაჭირდეს.

ზოგადად, დისკუსია საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რათა არსებული მემარჯვენე დისკურსი, თითქოს საგადასახადო სისტემა მხოლოდ რობინ ჰუდისეული რედისტრიბუციის პრინციპით (უნდა) არსებობდეს, შევასუსტოთ. პარადოქსია, მაგრამ მემარჯვენე პოზიცია, ერთი მხრივ, სწორედ მოჭრილ გადასახადებს და მიზნობრივ დახმარებას უჭერს მხარს, მეორე მხრივ კი, მუდმივად მოთქვამს რედისტრიბუციის უსამართლობასა და ეკონომიკური წინსვლის საწინააღმდეგო ეფექტებზე. ამის საპირისპიროდ, დროა საგადასახადო სისტემამ ასევე დაიწყოს არსებობა, არა როგორც მხოლოდ განსაკუთრებულად მოწყვლადი მოსახლეობის, არამედ მოსახლეობის უმეტესობისთვის სოციალური დაზღვეულობის გარანტის პრინციპით. რეალობას თუ შევხედავთ, ისედაც ცხადია, რომ დიდი კორპორაციები ყველაზე ნაკლებ გადასახადებს იხდიან. გადასახადის მთავარი გადამხდელი საშუალო და საშუალოსთან მიახლოებული, ან მოწყვლადი დასაქმებული ფენები არიან (არა მხოლოდ საქართველოში). ისევ ბრიტანეთის და კონტინენტური ევროპის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მოჭრილი გადასახადების, რედისტრიბუციის და მიზნობრივი დახმარების პრინციპზე  აწყობილი სისტემები მეტ უთანასწორობას წარმოშობს, ვიდრე მიზნობრივ გადასახადებსა და მოსახლეობის უმეტესობაზე გათვლილ ბენეფიტებზე აწყობილი სისტემები.

კიდევ უფრო ზოგადად, სოციალური პოლიტიკის საზოგადოებრივი ჩართულობის ფონზე, ფორმირების და ეკონომიკური პოლიტიკის გადასინჯვის ფონზე, საუბარი იმის გამოცაა მნიშვნელოვანი, რომ მარკეტიზაციის პოლიტიკას არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ძლიერი და მდგრადი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რაც კიდევ უფრი დიდი წნეხის ქვეშ აქცევს ადგილობრივ მოძრაობებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ეკონომიკურ პოლიტიკაზე სახელმწიფო მხოლოდ მსოფლიო ბანკთან  ან/და დიდ ინვესტორებთან ისაუბრებს და სოციალურ პოლიტიკას დახმარებასავით გადმოგვიგდებს (რომ მერე მემარჯვენე ძალებმა ისევ სოციალურად დაუცველებს/ მათთვის გაწეულ დახმარებას დააბრალონ ეკონომიკის კრიზისში შესვლა) სოციალურ პოლიტიკას მხარდაჭერა, კომპლექსურობის გაზრდა ალბათ არ უწერია.

დასკვნის მაგიერ

თითქოს არარელევანტურია მაგრამ, მაინც მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერს ახლო აღმოსავლეთში, უკრაინა – რუსეთსა და ევროპაში, მსუბუქად რომ ვთქვათ, კრიზისული და ტრაგიკული მდგომარეობის ფონზე განვიხილავთ. ერთია რომ ეს ქართულ, ადგილობრივ გამოწვევებს უფრო ამძიმებს. მეორე მხრივ, სწორედ მსოფლიო დონეზე სოლიდარობების დარღვევის, ადამიანის უფლებების შეურაცხყოფის და ახალი სოლიდარობების წარმოქმნის ფონზე,  კიდე უფრო რელევანტური ხდება ადგილობრივი სოლიდარობების და სოციალური პოლიტიკის დაცვა და გამყარება.

——————————————

პუბლიკაცია ქვეყნდება EMC-ის პროექტის “მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლებისა და საჯარო დისკუსიების წახალისების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კანადის საელჩოს ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის არ გამოხატავს EMC-ისა და კანადის საელჩოს პოზიციას