რატომ უნდა ვიდგეთ დასაქმებულთა გვერდით და გავწიოთ წინააღმდეგობა

12246665_1129020497121918_7174139872400576203_n

ავტორი: თათული ჭუბაბრია

გაფიცვა ტყიბულში მუშებსა და მათ ოჯახებში მომწიფებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შედეგი იყო. ტყიბულში გაჩენილ ერთობას გაძლიერება და მდგრად კოლექტიურ მობილიზებულ სხეულად გარდასახვა სჭირდება. ყველა ხედავს და თვითონ ადგილობრივებიც აცხადებენ, რომ წინა წლების გაფიცვები (განსაკუთრებით კი 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში მომხდარი გამოსვლები) სულ სხვა მოვლენა იყო.

გაფიცულების დახმარება, მათთვის სოლიდარობის გამოცხადება და მითუმეტეს, მათი შემჩნევა მნიშვნელოვანია, რათა იქ სულ ახლად გაჩენილი საერთო, ორგანული, ექსპლუატირებული იდენტობა ქმედით პროგრესულ მოძრაობად ვაქციოთ, რომელიც საბაზრო ეკონომიკას საზღვრებს დაუწესებს და ადრე თუ გვიან, ინსტიტუციონალიზებული სახითაც იმოქმედებს ამ მიზნებით.

ინსტიტუციონალიზებულ სახეში ვგულისხმობ დღევანდელ შანსს, გავაჩინოთ ადგილობრივი პროფკავშირები. ახლის გაჩენის და არა არსებულის გაძლიერების ან გავრცობის შესაძლებლობებზეა საუბარი, რადგან შეცდომას დავუშვებთ თუ მივიჩნევთ, რომ პოსტ-კომუნისტურ საქართველოში ოდესმე მუშათა კლასს უარსებია, უარსებია მუშებს შორის მუშათა იდენტობას თუ მათ წარმომადგენლობით, რეალური პოლიტიკის განმახორციელებელ მოძრაობას ან ინსტიტუტს  – პროფკავშირის სახით.

საქართველოში სოციალ-დემოკრატიის მშენებლობის იდეა მხოლოდ იქ და მაშინ შეიძლება ვაქციოთ რეალობად, სადაც პირველ რიგში გაჩნდება პრაქტიკები, რომლებიც  ჯერ – გვინდა ეს თუ არ გვინდა – იგულისხმებს ბაზრების, ბიზნესების, კერძო ინიციატივების შექმნას. თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ მხოლოდ ბოლო ათწლეულის პრაქტიკაა, მუშებს საწარმოს ადმინისტრაციაზე უფრო დაბალი ანაზღაურება ჰქონდეთ (ტყიბულელი მუშები საუბრობენ იმაზე, რომ კომუნისტების დროს მუშას ადმინისტრაციის თანამშრომელზე უფრო მეტი ხელფასი ჰქონდა ყოველთვის, და რომ ახლა ეს პირიქით არის); ვხედავთ მუშებს, რომლებიც სოციალურ დახმარებებს და თანადგომას იღებენ მხოლოდ სახელმწიფოდან (ისიც – რეზიდუალური დახმარებების სახით; მხოლოდ მორჩენილი საბიუჯეტო რესურსების რედისტრიბუციის გზით) და არა საწარმოდან; ვხედავთ მუშებს, რომლებსაც წართმეული აქვთ ხმის უფლება და არ გააჩნიათ საწარმოს მართვის შიდა დემოკრატიული გარანტიები და ა.შ. და ა.შ.

ვინაიდან საქართველოში, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ამის შემსწრე ახლაღა აღმოვჩნდით, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოვეჭიდოთ იმ ახალ პრაქტიკებს და გამოცდილებებს, რასაც ბოლო პერიოდებში ტყიბულის მეშახტეთა, ქსნის მინის ქარხნის, ზესტაფონის ფეროს მუშათა, რკინიგზელთა, “იოლის” თუ “სილქნეთის” თანამშრომელთა თუ სხვათა წინააღმდეგობები გვთავაზობს. დღეს შანსი გვაქვს, საქართველოში შევქმნათ პროფკავშირი და სოციალიზმი საბაზრო ეკონომიკის პირობებში – მასთან დიალექტიკურ წინააღმდეგობაში ვაშენოთ.

თბილისში სოციალ-დემოკრატიული დისკურსების შემქმნელმა და გამაძლიერებელმა “განათლებულმა მოძრაობებმა” უნდა დაინახონ: სოციალ-დემოკრატიას ასე, თანმიმდევრულად, აშენებს არსებული პროცესები ყველგან, სადაც კი (შრომის) ბაზრები ფართოვდება და შედეგად სოციალური ურთიერთობების მოწესრიგების საჭიროებას აშიშვლებს. ბოლოს ეს, რეალური სახით, ჩვენ ტყიბულში დავინახეთ, სადაც პროცესი აღარ იყო უბრალოდ დისკურსული, გასცდა თბილისს, ინტელექტუალურ წრეებს, ადგილებს, სადაც არტიკულაციის თავისებური კულტურა უკვე არსებობს.

მიუხედავად მოთხოვნების არტიკულირებისას არსებული სირთულეებისა, რომლებსაც მუშები ეჩეხებიან, მათი მოთხოვნა ნათელია: სახელმწიფოს და კერძო ბიზნესს შორის, ქვეყანაში დაბალანსდეს კეთილდღეობის და დოვლათის შექმნის პროცესები. თუნდაც 800 ლარის მქონე მუშის მოთხოვნა, გაიზარდოს მისი ხელფასი, არ არის კაპრიზი და პრეტენზიულობა; ეს არის მოვლენა, რომელიც მივიღეთ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ფეხზე დაყენებით, და ეს “კაპრიზი” გვაძლევს საშუალებას, სწორი გზით განვვითარდეთ. ეს არის მცდელობა დაქირავებულთა მხრიდან, საზღვრები დაუწესონ კერძო ბიზნესსა და თავისუფალ ბაზარს. დიახ, დეჰუმანიზებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში არსებული ეს დაუცველობის განცდა, და ამის საპასუხოდ გაჩენილი ჩვენი “კაპრიზები” შეძლებს, ქვეყანაში ერთდროულად შეგვაქმნევინოს დოვლათიც და კეთილდღეობაც.