საკადრო პოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში – საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა

 

 

emc_into_post

 

 

 

 

 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ აქვეყნებს ანალიზს, რომელშიც განხილულია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკადრო პოლიტიკა, მასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი რეგულირებები და არსებული გამოწვევები.

დოკუმენტში განხილულია:

  • თანამშრომელთა სამუშაოდ აყვანის წინაპირობები და პროცედურები;
  • მათი დაწინაურების, დაქვეითებისა და თანამდებობრივი გადაადგილების წესები;
  • თანამშრომელთა ეთიკის, დისციპლინირებისა და წახალისების საკითხები.

აღნიშნული საკითხები განხილულია პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ჭრილში და შეფასებულია ის გარემოებები, რამაც შესაძლოა პოლიციელთა საქმიანობაში პოლიტიკური ზეგავლენების რისკების გაზრდას შეუწყოს ხელი.

ზოგადად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მეტად ფართო თემაა და აღნიშნული პრინციპის კანონის დონეზე გამყარება ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრაქტიკაში მის უპირობო აღსრულებას. პოლიციელთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში დაცვა სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია სწორედ უწყების საკადრო პოლიტიკა. კერძოდ, რამდენად გამჭვირვალე და სამართლიანი წესებით ხდება სამსახურში თანამშრომელთა აყვანა, მათი დაწინაურება თუ დაქვეითება, როგორია ამ პროცესებში პოლიტიკური ფიგურების (ამ შემთხვევაში – მინისტრის) ჩართულობა.

როგორც მომზადებული დოკუმენტი აჩვენებს, პოლიტიკური გავლენების საფრთხეები განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როდესაც ზემოაღნიშნულ პროცესებში  პოლიტიკური თანამდებობის პირია ჩართული და მისი მონაწილეობა ხორციელდება არა კანონით მკაფიოდ გაწერილი წესებისა და პროცედურების ფარგლებში, არამედ ექსკლუზიური უფლებამოსილებების ან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე, რის უფლებამოსილებასაც კანონი არაერთ შემთხვევაში ითვალისწინებს.

EMC-ის მომზადებულ დოკუმენტში გამოყოფილია შემდეგი მნიშვნელოვანი ხარვეზები:

  • ზოგადად კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანებები, მათ შორის თანამშრომელთა აყვანა/გათავისუფლების, მათი დაწინაურების და დაქვეითების ნაწილში, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარების საფრთხეს ქმნის;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის ზედმეტად ფართო კომპეტენცია საკადრო პოლიტიკის განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც:
    • მას შეუძლია ექსკლუზიურად მიიღოს თანამშრომლის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება ისე, რომ ამ უკანასკნელს არ ჰქონდეს სავალდებულო სასწავლო კურსები გავლილი;
    • პროფესიული შეფასების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღოს თანამშრომლის თანამდებობრივი თუ სამსახურებრივი გადაადგილების, დაწინაურებისა და დაქვეითების შესახებ გადაწყვეტილება;
    • მინისტრს აგრეთვე შეუძლია მიიღოს თანამშრომლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება;
  • თანამშრომელთა წახალისებისა პროცედურების ბუნდოვანება, რა დროსაც არ ხდება კოლეგიური ორგანოს მიერ თანამშრომელთა პროფესიული კუთხით შეფასება;
  • გენერალური ინსპექციის არასაკმარისი დისტანცირება სამინისტროს ხელმძღვანელობისგან, ასევე დისციპლინური წარმოებისას თანამშრომლების არასაკმარისი სამართლებრივი დაცვის გარანტიებით აღჭურვა, რა დროსაც შესაძლებელია, სახდელის უსამართლოდ დაკისრება მოხდეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია არა კანონით, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც მის გამომცემსვე რიგ საკითხებზე ექსკლუზიურ და საგამონაკლისო უფლებამოსილებებს ანიჭებს.

საინფორმაციო ბიულეტენი მომზადებულია “ადამიანის უფლებების ავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ პროექტის ფარგლებში “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში”.

პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამა “მატრა”. საინფორმაციო ბიულეტენში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საელჩოს პოზიციას. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია EMC.

http://