ახალი დროის ძიებაში

 

13162391_571728559654816_1230543367_n

 ავტორი:ვაკო (ვახტანგ) ნაცვლიშვილი

I

ჟ. რასინის ფედრა აკრძალული, კრიმინალური სიყვარულის გამხელისას ამბობს: „ჩემი სნეულება უფრო შორიდან მოდის.“ ასეც   შეიძლება, ვთარგმნოთ: „ჩემი ტკივილი არც ისე ახალია.“ არც ისეთი ახალია ჩვენი სნეულება, როგორც აფეთქებები ბეირუთში, პარიზსა თუ სტამბოლში, ასევე როჟავაში;
ის უფრო შორიდან მოდის, ვიდრე ევროპელი ამომრჩევლები, რომლებიც კლაუზნიცში თავს ესხმიან ახლო აღმოსავლეთის დევნილებით სავსე ავტობუსს; უფრო ძველია, ვიდრე 17 მაისის ავტობუსი თბილისში, ან საკვები დეფიციტით მკვდარი 4,300 ბავშვი საქართველოში.
ჩვენი სნეულება შორიდან მოდის; იგი იბადება კომუნისტური პროექტის ისტორიულ მარცხთან ერთად.[1] “გრძელია სამარცხვინო დღეების რიგი,“ – ისევ ფედრა სიყვარულის გამხელისას.

II

ერთი შეხედვით მარტივი ოპერაცია – უბრალო ანტიკაპიტალიზმიდან ყურადღების კომუნისტურ პროექტზე გადატანა – ცვლის ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან უნდა ცვლიდეს. ვიმსჯელოთ ასე: უბრალო ანტიკაპიტალიზმს შეუძლია, მოითხოვოს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. მას ეს გამოსდის; ის ითხოვს, არ შემცირდეს პენსია, კიცხავს ქამრების შემოჭერის გეგმას, აპროტესტებს საჯარო სივრცის გაკერძოებას, სხვა ასეთი. უბრალო ანტიკაპიტალიზმს არ მოსწონს სამყარო ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ის ისტორიის დასასრულს ვერაფერს უხერხებს – მას არ აქვს საკუთარი მომავლის პროგრამა.

III

ოქროს თევზის დაჭერისას, ფერმერის პირველი სურვილია, ცოლს ცხვირზე სოსისი ჰქონდეს, მეორე სურვილი – ცოლის ცხვირიდან სოსისის მოშორება. ამ ამბავს თ. ადორნო ყვება.[2] ოქროს თევზის დაჭერისას, ჩვენი პირველი სურვილი ყოველთვის სულელურია და არაზუსტი და მეორე და მესამე მის გამოსწორებას ხმარდება, ან დაზუსტებას. კაპიტალიზმით უკმაყოფილოა ყველა, თითქმის ყველა: ჩვენი პირველი სურვილია, ეს სისტემა თავიდან მოგვწყვდეს. კეთილი. მაგრამ ეს არასრული, არაზუსტი სურვილია. სახელდობრ რითი ჩავანაცვლოთ? მეორე და მესამე სურვილი მომავლის დაზუსტებას ემსახურება.

IV

აქ უნდა გავიხსენოთ ის, ვისი სახელის ხსენების დროსაც დავიმორცხვებთ ხოლმე. მისი რევოლუციური პრაქსეოლოგია,[3] კაპიტალის კრიტიკასთან ერთად, გულისხმობს საზოგადოების გარდაქმნის დამოუკიდებელი პროექტის შემუშავებას. ეს ნაცნობი ამბავია; „კაპიტალის“ პირველი ტომიდან გვახსოვს მისი სიტყვები ნეგაციის ნეგაციის, ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციის შესახებ, რამაც წარსულის მუცლიდან მომავალი უნდა შვას.[4] გრძელი მოკლედ ვთქვათ: ამ ტრადიციის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს ანტიკაპიტალი, როგორც კაპიტალის ოპოზიცია, მაგრამ გვაქვს კომუნიზმი, რომელიც სრულ ასიმეტრიაშია კაპიტალთან, ან უნდა იყოს.

V

დავუბრუნდეთ პირველ პუნქტს, სადაც ფედრას სიტყვების მოხმობით ვცადეთ, მოგვენიშნა ათვლის ახალი წერტილი ფიქრისთვის, ასევე მოქმედებისთვის. კაპიტალით სასოწარკვეთილი საზოგადოებების ხმა არ არის შეძენილი ხმა კომუნისტური პროექტისთვის, რადგან ეს უკანასკნელი არ არსებობს. ხომ ასე ხდება და რატომ ხდება ასე, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მემარცხენე აქტივისტები ძალასა და ენერგიას კარგავენ? აღმოჩნდება, რომ არ არის, არ მოიპოვება საკმარისი დრო მომავლის პროექტის დასაწყებად.

VI

მომავლის პროექტამდე ჩვენ გვაქვს კომუნიზმის – ან ვთქვათ ასე – კომუნიზმების გამოცდილებები. სხვა საკითხზე რამდენიმე სიტყვით: თანამედროვე სამყარო ყველა მხრიდან აწარმოებს ძლიერ სურათხატებს. წყლის ნაპირზე ნაპოვნი ბავშვის სხეული, შიმშილით განადგურებული ქალები და კაცები, მილიტარიზებული დასავლელი პოლიციელი, რომელიც მუდმივ საგანგებო მდგომარეობას აღნიშნავს, გამოშიგნული სახელმწიფოები აღმოსავლეთში, კაცები და ქალები ომის დროს და ომისგან გამოქცევის დროს. საიდან ეს ძლიერი ხატების ინდუსტრია, საიდან ეს სისხლიანი მარათონი, ვინ უფრო შოკისმომგვრელ სანახაობას შემოგვთავაზებს? მედია მონდომებით გადმოგვცემს ამ სახეებს; შერჩევით გადმოგვცემს, როგორც ამბობენ, იმის მიხედვით, სად უფრო ფასობს ადამიანის სიცოცხლე; ეს ძველი დაკვირვებაა; ასეთი დაკვირვებაცაა, რომ მედიის მიერ გამოფენილ ამ სურათებში, მაგალითად, ომის სურათებში, ომი ჰეროიკულ და ესთეტიზებულ სანახაობად წარმოგვიდგება.[5] (აქ გავიხსენოთ ბ. ბრეხტი: ფოტოგრაფია ხანდახან სიმართლის შენიღბვის საშუალებაა.) დავუბრუნდეთ კომუნიზმის გამოცდილებას.

VII

კომუნიზმის არსებული გამოცდილებებიც აწარმოებდნენ ასეთ ძლიერ სურათხატებს. ეს მხოლოდ ა. სოლჟენიცინის გამოფენილი ჯოჯოხეთის სურათები კი არ არის, არამედ კადრებია ძალადობისა, რომელიც თან ახლავს ძალაუფლების აღებასა თუ ახალი სოციალური ურთიერთობის შენებას. საბჭოთა კომუნიზმს მოუწია, შვილად აეყვანა კაპიტალიზმის ლოგიკები, მაგალითად, განვითარება ყველაფრის ფასად. ეს ძლიერი კომუნიზმია, ომის კომუნიზმი, კონტრრევოლუციის შიშით ნაკვები.[6] მთავარი გაკვეთილი წინა საუკუნიდან: ჩაგვრის პრობლემის სწრაფი გადაჭრის სურვილმა გარყვნა კომუნიზმის იდეა. ეს დროის პრობლემაა.[7] დამარცხებული კომუნიზმის ტრაგედია – ეს არის მისი სურვილი, მაგალითად, ხუთ წელიწადში დააფუძნოს ახალი ეკონომიკური ურთიერთობა; მას დრო არ ჰყოფნის და ტერორის იმპლემენტაციას იწყებს.

VIII

ამ წერილს, თუ სათქმელი აქვს, ეს არის საჭიროება, კომუნიზმის მომავლის პროექტმა შექმნას საკუთარი დრო. შევთანხმდეთ: უბრალო ანტიკაპიტალიზმს საკუთარი დრო არ აქვს, ის კაპიტალის დროში და დროით ოპერირებს. არც უნდა ჰქონდეს. კომუნისტური პროგრამის შესაქმნელად კი საჭიროა ახალი დრო, ნელი, დემოკრატიული დრო, სადაც შესაძლებელი იქნება მომავლის ნელი, თანდათანობითი გამოგონება.

IX

მე მხოლოდ ერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, რას ვგულისხმობ ასეთ დროში. გთავაზობთ, ფრაგმენტს ს. ბეკეტის პიესიდან „თამაშის დასასრული.“

„ნაგი:
ერთხელაც მოგიყვები.

(მთხრობელის ხმით)

ერთ ინგლისელს საახალწლოდ სასწრაფოდ დასჭირდა ზოლიანი შარვალი. მივიდა მკერავთან და ზომები აიღო.

(მკერავის ხმით)

„ესეც ასე, ოთხ დღეში შემომიარეთ, მზად იქნება.“ კეთილი და პატიოსანი. გავიდა ოთხი დღე.

(მკერავის ხმით)

„ვწუხვარ, საჯდომის ნაწილი რაღაც არ გამოვიდა. ერთ კვირაში მობრძანდით.“ კეთილი და პატიოსანი. რას იზამ, არ იქნება მარტივი საქმე საჯდომის გამოყვანა. გავიდა ერთი კვირა.

(მკერავის ხმით)

„ძალიან ვწუხვარ, მობრძანდით 10 დღეში, მოხდენილი უბე ვერ ამოვჭერი.“ კეთილი და პატიოსანი. კარგი უბის ამოჭრა დიდი წვალებაა. გავიდა ათი დღე.

(მკერავის ხმით)

„საშინლად ვწუხვარ, ორ კვირაში მობრძანდით, შესაკრავი ხელახლა უნდა გავაკეთო.“ კეთილი და პატიოსანი. შესაკრავის გამოყვანას სიჩქარე არ უხდება.

(პაუზა. ჩვეულებრივი ხმით)

ასე ცუდად არასდროს მომიყოლია.

(პაუზა. დაღვრემილად)

სულ უფრო და უფრო ცუდად ვყვები ამბავს.

(პაუზა. მთხრობელის ხმით)

მოკლედ რომ ვთქვა, ბზობაც დადგა და მკერავი ამჯერად ღილკავებს იმიზეზებს.

(ინგლისელის ხმა)

„ღმერთმა დაგწყევლოთ! წარმოუდგენელია, ყველაფერს საზღვარი აქვს. ექვს დღეში – გესმით ჩემი? – 6 დღეში ღმერთმა სამყარო შექმნა. დიახ, სამყარო, არც მეტი, არც ნაკლები. თქვენ კიდევ მთელი სამი თვე არ გეყოთ ერთი შარვლის შესაკერად!“

(მკერავის ხმით, აღშფოთებული)

„კი, მაგრამ, ჩემი ძვირფასო, ჯერ შეხედეთ –

(ამრეზილი, ზიზღნარევი ჟესტით)

ამ სამყაროს

(პაუზა)

და მერე შეხედეთ –

(სიყვარულით, სიამაყის ჟესტით)

ჩემს შარვალს.

(პაუზა. უყურებს ნელს, რომელიც გაუნძრევლად ზის. თვალგაშტერებული. ძალდატანებით იწყებს ხმამაღლა სიცილს, უცებ წყვეტს, თავს ნელისკენ დახრის, ხელახლა იწყებს სიცილს.)“

___________________________________________________________

პუბლიკაცია ქვეყნდება EMC-ის პროექტის “მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა სამოქალაქო განათლებისა და საჯარო დისკუსიების წახალისების გზით” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კანადის საელჩოს ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის არ გამოხატავს EMC-ისა და კანადის საელჩოს პოზიციას.

ვახტანგ (ვაკო) ნაცვლიშვილი არის ირიბი მოქმედების კიბერთეატრის წევრი, იურისტი, ჟურნალ და ვებგვერდ  „ლიბერალის“ ბლოგერი.

______________________________________________________________________

[1] Badiou A., Our Wound is Not so Recent – On the Paris Atrocities <http://goo.gl/c5nL69> [20.02.2016]

[2] Bloch E., Something’s Missing: A Discussion between Ernst Bloch and Theodor Adorno on Contradictions of Utopian Longing in The Utopian Function of Art and Literature (London, 1988), 2-3.

[3] ასე ახასიათებს მ. საკრისტანი კ. მარქსის არაკლასიფიცირებად ლიტერატურულ ჟანრს, სადაც სამეცნიერო თეორია და მომავლის პროექტის სამოქმედო გეგმა ერთმანეთს ენაცვლება. იხ. Sacristan M., The Marxism of Manuel Sacristan: from Communism to the New Social Movements (Llorente R., Ed.) (Leiden, 2014), 163-6.

[4] Engels F., Anti-Dühring (written: 1877) < https://goo.gl/6TRJhU > [20.02.2016]

[5] დევიდ შილდსმა გაანალიზა ჟურნალ ნიუ-იორკ ტაიმსის გარეკანების ის ნაწილი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ომებს ეხება; დასკვნის მიხედვით, ჟურნალი მიზანმიმართულად აქვეყნებს გარეკანზე ისეთ ფოტოებს, რომლებიც ომებს ლამაზ სანახაობად წარმოადგენს. იხ. Shields D., War is Beautiful, powerHouse Books (2015)

[6] იხ. Vattimo J., Zabala S., Hermeneutic Communism from Heidegger to Marx (New York, 2011).

[7] Badiou A., The Communist Idea and the Question of Terror in The Idea of Communism (vol. 2) (Slavoj Zizek, Ed.) (London, 2013), 3-13.