რუსეთი და დასავლეთი: ბრძოლა ნორმატიული ჰეგემონიისთვის

1_cover_300

                                                ილუსტრაცია: ვიქტორია ლომასკო, “ბუმკნიგ“, პეტერბურგი 2011

სტატია ეხება კონსერვატიულ დისკურსს, რომელიც რუსულ პოლიტიკაში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის გამარჯვების შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა და სხვადასხვა ინსტიტუტების, განსაკუთრებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გავრცელდა.   ამ კონსერვატიული დისკურსის ფარგლებში, დასავლეთი წარმოჩენილია, როგორც არამართლზომიერი, დევიანტური (ნორმიდან გადახრილი) და გარყვნილი, მაშინ, როდესაც რუსეთი ტრადიციული ღირებულებების უკანასკნელ საყრდენად მოიაზრება. გარდა იმისა, რომ დისკურსი საშინაო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ის რუსეთის ნორმატიული ჰეგემონიის დამკვიდრების მნიშვნელოვან საფუძველსაც წარმოადგენს. სტატია აღწერს, როგორ ხდება რუსული დისკურსის, როგორც დასავლური დისკურსის ალტერნატივის, საქართველოში გადმოტანა და გაძლიერება. სტატია განსაკუთრებით ყურადსაღებია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების კონტექსტში, როდესაც რუსეთის ნორმატიული ჰეგემონია საკუთარი დისკურსის გავრცელებას სამოქალაქო საზოგადოებისა და, კერძოდ, მისი ძირითადი აქტორის, მართლმადიდებლური ეკლესიის მეშვეობით ცდილობს.

სტატია რამდენიმე ძირითად საკვლევ კითხვას ეხება:

  • როგორ ხდება რუსული პოლიტიკური დისკურსის ფორმულირება პოლიტიკური ელიტის მიერ და მისი გავრცელება ქვეყნის შიგნით
  • როგორი გავლენა აქვს რუსულ პოლიტიკურ დისკურსს ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასავლეთის ღირებულებათა სისტემის წინააღმდეგ
  • რა როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება, კონკრეტულად კი, რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დისკურსში

რუსეთის ნორმატიული ჰეგემონიის გავრცელების პროცესის ახსნამდე, კაკაბაძე თავად ჰეგემონიის ცნებას განმარტავს. სტატიის თეორიულ ჩარჩოდ კაკაბაძე კრიტიკულ თეორიას, კერძოდ კი, ნეო-გრამშიანულ მიდგომას იყენებს.

ამ მიდგომის მიხედვით, სახელმწიფო ემპირიული, ფაქტობრივი მონაცემი არ არის და მისი, როგორც ორგანიზმის ფორმირებას სოციალური პროცესები განაპირობებს. შესაბამისად, სახელმწიფოსა და მისი ძალაუფლების ანალიზისას ყურადღება ექცევა ისტორიულ პროცესებს, რომელთა გავლენითაც ის წარმოიშვა და კონტექსტებს, რომლებშიც ის არსებობს. სახელმწიფოები კონკრეტული ისტორიული კონტექსტის ფარგლებში არსებობენ და იდეოლოგიური მართვის განხორციელებისათვის ძალაუფლების სხვადასხვა ელემენტის კომბინაციას იყენებენ. ნეო-გრამშიანული მიდგომის თანახმად, სახელმწიფოები მართვისათვის ხშირად იყენებენ კულტურულ და ინტელექტუალურ ელემენტებს, შესაბამისად, მატერიალურ, სამხედრო და იძულებით ელემენტებს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება.

ნეო-გრამშიანული მიდგომის მიხედვით, ჰეგემონია თანხმობაზე დაფუძნებული დომინაციაა, კულტურული ან ინტელექტუალური მართვა, რომლის საშუალებითაც კონკრეტული სოციალური ჯგუფი დომინაციის მოპოვებას ან გაძლიერებას ცდილობს. ჰეგემონია ვლინდება მაშინ, როდესაც კონკრეტული სოციალური ჯგუფი საკუთარ ინტერესებს საზოგადო ინტერესებად ასაღებს და მათ ძალადობის მუქარის ან მისი გამოყენების გარეშე, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტის მხარდაჭერით ავრცელებს.

სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით დომინაცია ინტერნალიზებული დომინაციაა, რომელიც განსხვავდება ძალის პირდაპირი გამოყენებით მიღწეული დომინაციისაგან. სამოქალაქო საზოგადოება ხდება ის სივრცე, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ჰეგემონიას ინარჩუნებს. თანხმობა, რომელიც ნორმატიული ჰეგემონიის მთავარი იარაღია, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაში იწარმოება, კერძოდ კი, ისეთ სოციალურ ინსტიტუტებში, როგორებიცაა ეკლესია, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მედია და ა.შ.

ჰეგემონია ყველაზე ხშირად ეროვნულ კონტექსტში იწარმოება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს გავრცელებას მის ფარგლებს გარეთ. საზღვრებს გარეთ ჰეგემონიის გავრცელება იმავე ინსტიტუტების, ანუ ეკლესიის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიის საშუალებით ხდება. როგორც კაკაბაძე წერს, რუსეთის ნორმატიული ჰეგემონია, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუტის საშუალებით, სწორედ ეროვნულ კონტექსტში იწარმოება და შემდეგ მის გარეთ ვრცელდება.

ჰეგემონიის წარმოებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დისკურსის ფორმირებას. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „საკვანძო წერტილებზე“ (nodal points), ერთგვარ ათვლის წერტილებზე, რომელთა გარშემოც ხდება დისკურსის ჩამოყალიბება. საკვანძო წერტილები ქმნის სისტემას, რომელიც სხვადასხვა ცნებას მნიშვნელობას ანიჭებს და ალტერნატიული დისკურსებისაგან განსხვავებულად განსაზღვრავს. სტატიაში ასეთ საკვანძო წერტილებად მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ტრადიციული ღირებულებებია განსაზღვრული. სწორედ ამ საკვანძო წერტილების გადმოსახედიდან განიმარტება დისკურსში ისეთი ცნებები, როგორიცაა დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ა.შ. როდესაც ეს ცნებები რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ გამოიყენება, ისინი დისკურსის საკვანძო წერტილებს ერგება და მათი მნიშვნელობაც შესაბამისად იცვლება.

რუსეთის ნორმატიული დისკურსი

ვლადიმერ პუტინი ახლო საზღვარგარეთში რუსეთის პოზიციის განმტკიცებისათვის რუსული სახელმწიფოს გამაერთიანებელ პლატფორმად  მართლმადიდებლობას იყენებს. რუსეთი სახელმწიფო მეზობელ ქვეყნებს მუდმივად მიანიშნებს, რომ მართლმადიდებლური ისტორია და კულტურა მათ მოსკოვის თანამოაზრეებად აქცევს და არა – დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, რომელიც, თავის მხრივ, „გარყვნილი“, „ტრადიციული ღირებულებებისათვის“ საფრთხის შემცველია.

რუსეთის ეკლესიას სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა აქვს. ამ ინსტიტუტის თანამშრომლობა თითქმის ყველა სამინისტროსთან ერთობლივი ფორუმებით, ერთიანი საექსპერტო კომისიებითა და რეგულარული შეხვედრების მეშვეობით არის ინსტიტუციონალიზებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მართლმადიდებლობას რუსული საზოგადოების გამაერთიანებელ ფაქტორად აქცევს, ისაა, რომ  რუსული ეროვნული იდენტობა მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან ასოცირდება, რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერება კი – რწმენის გაძლიერებასთან.

კაკაბაძის სტატია ხაზს უსვამს, რომ კონსერვატიული შემობრუნების ნიშნები სამმა მოვლენამ გამოკვეთა: Pussy Riot-ის საქმემ, კანონმა გეი პროპაგანდის წინააღმდეგ და კანონმა მკრეხელობის წინააღმდეგ.

პირველი მოვლენა ეხება პერფორმანსს, რომელიც 2012 წლის თებერვალში ფემინისტურმა პანკ-როკ ჯგუფმა, Pussy Riot-მა მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, რუსულ პოლიტიკაში მართლმადიდებლური ეკლესიის ჩარევის გაპროტესტების მიზნით დადგა. შედეგად, ჯგუფის სამი წევრი რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მოვლენის შეფასებისას, რუსეთის პატრიარქმა და პრეზიდენტმა ერთმანეთის მსგავსი განცხადებები გააკეთეს, პერფორმანსის პოლიტიკური გზავნილი უგულებელყვეს და მის ამორალურობას გაუსვეს ხაზი.

svobody

                      ილუსტრაცია: ვიქტორია ლომასკო, “ბუმკნიგ“, პეტერბურგი 2011

მეორე მოვლენა 2013 წლის ივნისში მოხდა, როდესაც „ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის ზიანის მომტანი ინფორმაციისაგან ბავშვების დაცვის შესახებ“ კანონში რუსეთის პარლამენტმა შეიტანა ცვლილება, რომლის ფარგლებშიც „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ მცირეწლოვანთათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის სიას დაემატა. ცვლილების ინიციატორის, ვიტალი მილონოვის თქმით, კანონი ხაზს უსვამს რუსეთის ღირებულებებს, მაშინ, როდესაც ევროპამ ეს ღირებულებები დაივიწყა. ამ კომენტარს დაეთანხმა პუტინიც: „ეს კანონი პედოფილიისა და ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ არის მიმართული…არსებობს ქვეყნები, მათ შორის, ევროპის ქვეყნები, რომლებშიც პედოფილიის ლეგალიზების შესაძლებლობასაც განიხილავენ. განხილვები საჯაროდ, პარლამენტში მიმდინარეობს. მათ შეუძლიათ, აკეთონ, რაც სურთ, მაგრამ რუსეთის ხალხს საკუთარი კულტურული კოდი, საკუთარი ტრადიციები აქვს“.

გეი პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონთან ერთად, რუსეთმა მიიღო მკრეხელობის წინააღმდეგ კანონიც, რომლის მიხედვითაც მკრეხელობა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. საინტერესოა, რომ კანონი ეხება „მხოლოდ იმ რელიგიებს, რომლებიც რუსეთის ისტორიული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ და, შესაბამისად, მთლიანად გამორიცხავს რელიგიურ უმცირესობებს.

ეს სამი მოვლენა – Pussy Riot-ის საქმე, კანონი გეი პროპაგანდის წინააღმდეგ და კანონი მკრეხელობის წინააღმდეგ – დაემთხვა პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებას, როდესაც მას ძალაუფლების განსამტკიცებლად ახალი ნიშა დასჭირდა. სწორედ ეს ნიშა შეავსო რუსეთის, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველის სახე-ხატმა.

როგორც ავტორი წერს, 2012 წლის შემდეგ აღებული კონსერვატიული გეზის ფარგლებში კულტურა პოლიტიზებულია. ალტერნატიული იდეოლოგიური პლატფორმის ნაკლებობის გამო, რუსეთი ევროპას „ჭეშმარიტი ღირებულებების“ მიტოვებაში ადანაშაულებს და საკუთარ თავს ქრისტიანული ევროპული ღირებულებების უკანასკნელ დამცველად წარმოაჩენს.

2012 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პუტინმა ფედერალურ ასამბლეას მიმართა. მის მიმართვაში ნათლად გამოჩნდა კონსერვატიული შემობრუნების რიტორიკა. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არა მხოლოდ უნდა განვითარდეს, არამედ თავისი ეროვნული და სულიერი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. გამოსვლაში პუტინი ყურადღებას ამახვილებს საფრთხის ქვეშ მყოფ „ტრადიციულ ღირებულებებზე“, რომელთა შენარჩუნებისთვის აუცილებელია იმ ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებმაც ისტორიულად აჩვენეს ამ ღირებულებების თაობიდან თაობაზე გადაცემის უნარი.

საინტერესოა, როგორ ცვლის „ტრადიციული ღირებულებების“ საკვანძო წერტილი სხვა ცნებების მნიშვნელობას. მაგალითად, პუტინი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი „დემოკრატიულ პრინციპებს იზიარებს“, თუმცა ამატებს, რომ „რუსული დემოკრატია გულისხმობს რუსი ერის მმართველობას საკუთარი ეროვნული თვით-განკარგულების ტრადიციებით და არა – გარედან შემოტანილი სტანდარტების დანერგვით“. აშკარაა, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის დისკურსში დემოკრატია „რუსულ“ მნიშვნელობას იძენს და ლიბერალური დემოკრატიის დასავლურ გაგებას, („გარედან შემოტანილ სტანდარტებს“) უპირისპირდება. ამგვარად, დემოკრატიის ცნებაში კონსერვატიული და ტრადიციული ნორმატიული ელემენტები შემოდის.

ასეთივე რიტორიკა ჩანს პუტინის მომდევნო გამოსვლებშიც. მაგალითად, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში პუტინი 2014 წელს „ჭეშმარიტი განმანათლებლობის, კულტურულ ფესვებთან, პატრიოტიზმთან, ნორმებსა და მორალთან დაბრუნების“ წლად აცხადებს: „დღესდღეობით, ბევრ ქვეყანაში გადაიხედა მორალის ნორმები… იშლება ეროვნული ტრადიციები და განსხვავებები ეროვნებებსა და კულტურებს შორის…საზოგადოებას სთხოვენ არა მხოლოდ თითოეული ადამიანის სინდისის, პოლიტიკური შეხედულებისა და პირადი ცხოვრების ჯანსაღ აღიარებას, არამედ იმის აღიარებასაც, რომ კარგი და ცუდი თანასწორია…ტრადიციული ღირებულებების განადგურება არა მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია, არამედ საკუთარ ფესვებშივე ანტიდემოკრატიულიც, რადგანაც ის ერის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ აბსტრაქტული იდეების პრაქტიკაში დანერგვას გულისხმობს“.

საინტერესოა ე.წ. „ფერად რევოლუციებზე“ პუტინის აზრიც: „ცხადია, რომ იმ ქვეყნების მოსახლეობა, სადაც ეს მოვლენები მოხდა, ტირანიით, სიღარიბითა და პერსპექტივის ნაკლებობით გამწარებული იყო, თუმცა ეს გრძნობები ცინიკურად იქნა გამოყენებული. ამ ერებს დაუწესეს სტანდარტები, რომლებიც არაფრით შეესაბამებოდა მათი ცხოვრების წესს, ტრადიციებს, კულტურებს. შედეგად, დემოკრატიისა და თავისუფლების ნაცვლად, არის ქაოსი, ძალადობის გამოვლინებები და გადატრიალების სერიები“. პუტინი იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთმა საკუთარი „ისტორიული პასუხისმგებლობა“ უნდა შეასრულოს და რეგიონში სტაბილურობის გარანტად იქცეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია სრულად იზიარებს პოლიტიკური ელიტის დისკურსს. პატრიარქ კირილის საჯარო გამოსვლებში ხშირია კომენტარები დასავლურ სამყაროში ტრადიციული ღირებულებების გაქრობის, დასავლეთიდან შემოსული „ანომალიის“ საფრთხეებისა და რუსეთის, როგორც ტრადიციების დამცველის პასუხისმგებლობის შესახებ.

ამ დისკურსის წარმოსაჩენად სტატია პატრიარქ კირილის რამდენიმე კომენტარს განიხილავს. მაგალითად, საგულისხმოა კირილის კომენტარი „ფეისბუქის“ ერთ-ერთ ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებელს 50 შესაძლო ვარიანტიდან გენდერის სასურველი აღნიშვნის ამორჩევის საშუალებას აძლევს: „ტრადიციული ღირებულებების განადგურება ადამიანურ ურთიერთობებშიც აღწევს…ეს გამოწვევის წინაშე აყენებს ფაქტს, რომ ქორწინება კაცსა და ქალს შორის ურთიერთობაა და რომ გენდერის შერჩევა ინტელექტუალური ან ნებაყოფლობითი არჩევანი კი არა, ღვთის ნებაა…თუმცა ასეთი კლინიკური შემთხვევები ბევრ ქვეყანაში კანონითაა დაცული. ბავშვებს ამას ასწავლიან, ეუბნებიან, რომ თვითონ უნდა აირჩიონ, გოგონები არიან თუ ბიჭები“. ამ ციტატაში ჩანს, როგორ იმეორებს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი იმავე დისკურსს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში (იგულისხმება დასავლეთის ქვეყნები), ღირებულებები გადაიხედა, რაც ტრადიციას უქმნის საფრთხეს.

2015 წლის იანვარში რუსეთის დუმაში სიტყვით გამოსვლისას პატრიარქმა განაცხადა, რომ “სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, ხშირად მოიხსენიება, როგორც პოსტ-ქრისტიანული ან პოსტ-რელიგიური. ამ ტერმინის უკან იმალება საშინელი დიაგნოზი იმ სულიერი და მორალური მდგომარეობისა, რომელშიც საზოგადოება აღმოჩნდა ბევრ ქვეყანაში“. ეს კომენტარი, როგორც კაკაბაძე წერს, კეთილსა და ბოროტს შორის წაშლილი ზღვარის შესახებ პუტინისეული დისკურსის მსგავსია. „უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობის კონცეფციის ფილოსოფიური დებატებიდან სამართლებრივ სისტემაში გადასვლას საზოგადოებისათვის სავალალო შედეგები მოაქვს და ადამიანურ და საზოგადოებრივ მორალზე ახდენს გავლენას…რუსეთში დავიწყეთ ადამიანის უფლებებზე ყურადღების გამახვილება, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვა, რწმენის, დიდი ძალაუფლების, სამართლიანობის, სოლიდარობისა და ღირსების გზით“.

საინტერესოა, რომ ისეთი ცნებები, როგორიცაა თავისუფლება ან ღირსება, მნიშვნელობას საკვანძო წერტილის შესაბამისად იცვლის და ამ ტერმინების დასავლურ გაგებას უპირისპირდება. როგორც პატრიარქი აცხადებს, „თავისუფლების, თავისუფალი არჩევანის აბსოლუტური პრიორიტიზების იდეა და მორალური ნორმების პრიოტიტეტის უარყოფა ერთგვარი ნელი ბომბია დასავლური ცივილიზაციისათვის…თავისუფლების აბსოლუტიზაცია, მისი ნორმატიული ელემენტებისაგან განცალკევებით, ადამიანისა და საზოგადოებისათვის დამღუპველია, რადგან შეიძლება, არჩევანი ბოროტზე გაკეთდეს“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტისა და პატრიარქის საჯარო გამოსვლების დისკურს-ანალიზი აჩნვენებს, მართლმადიდებლური ეკლესია ხდება ის სამოქალაქო ინსტიტუტი, რომელიც ნორმატიული ჰეგემონიიის განმტკიცებასა და შენარჩუნებას განაპირობებს.

ნორმატიული ჰეგემონია რუსეთის საზღვრებს გარეთ                                                                

რუსეთის ნორმატიული ჰეგემონია ვრცელდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის მეზობელ ქვეყნებშიც, რომლებიც კრემლის გავლენისაგან გათავისუფლებასა და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობენ და ამის გამო რუსეთისა და დასავლეთის ნორმატიულ ჰეგემონიებს შორის ბრძოლის ველებად იქცევიან. ჰეგემონიური დისკურსების გამტარის ფუნქციას ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს.

რუსეთის ჰეგემონიური დისკურსის გავრცელების პროცესს ავტორი საქართველოს მაგალითზე განიხილავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და შესაბამის რეფორმებს ატარებს, საზოგადოებას ჯერ კიდევ უჭირს დასავლური ნორმატიული დისკურსის ზოგიერთი ღირებულების მიღება. ეს დილემა კი რუსეთის პოლიტიკური ელიტისათვის იდეალური შესაძლებლობაა, რომ საქართველოში საკუთარი დისკურსი გაავრცელოს და ნორმატიული ჰეგემონია შეინარჩუნოს. ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, მართლმადიდებლური ეკლესიის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის საშუალებით ხორციელდება.

ავტორი აღნიშნავს, რომ კრემლისადმი ღია მხარდაჭერა ან საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში სუიციდის ტოლფასია. ამის მაგალითია ნინო ბურჯანაძის პარტია, რომელიც გაცხადებულად პრორუსულ პოზიციაზე დგას და ტრადიციული ღირებულებების შესახებ რუსულ დისკურსს იზიარებს. საინტერესოა ბურჯანაძის განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე: „[პროტესტის მონაწილეთა] ჯგუფი ცდილობს, შემოიტანოს პროპაგანდა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და რწმენისათვის, არამედ, როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ყველა რელიგიისა და ნორმალური ქვეყნისათვის მიუღებელია. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება დაცული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადამიანი არავითარი განმასხვავებელი ნიშნის გამო არ უნდა დაიჩაგროს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნერგოთ უცხო და მიუღებელი ღირებულებები, თუკი შეიძლება მათ ღირებულებები ეწოდოს, და იმის პროპაგანდაში ჩავერთოთ, რაც მიუღებელია“. მიუხედავად ბურჯანაძის მცდელობისა, რომ ქართველი მოსახლეობის უმრავლესობისათვის მისაღები, ტრადიციული ღირებულებებისა და მართლმადიდებლობის ნარატივი გამოეყენებინა, მისმა პარტიამ ბოლო არჩევნებში 10%-ზე მეტი ვერ მოიპოვა.

ღიად პრორუსული გეზის არაპოპულარულობის გამო, რუსეთის ნორმატიული ჰეგემონია სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით ვრცელდება. სტატიის მიხედვით, საქართველოს კონტექსტში, ძირითადი ინსტიტუტებს მართლმადიდებელი ეკლესია და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, თუ რატომ შეიძლება მართლმადიდებლური ეკლესია რეგიონში რუსეთის ნორმატიული ჰეგემონიის ხელშემწყობ ინსტრუმენტად ჩაითვალოს. საზოგადოებრივი განწყობის კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით – 82%, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვით – 94%) საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ენდობა, მაშინ, როდესაც ნდობა პარლამენტის მიმართ 68%-ია, პრემიერ-მინისტრის მიმართ – 67%, ხოლო პრეზიდენტის მიმართ – 64%.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის 88%-ის აზრით, ჰომოსექსუალობა არასოდეს არაა გამართლებული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის შეიძლება მიმზიდველი იყოს დისკურსი, რომელიც დასავლეთს გარყვნილად, საშიშად, გეი პროპაგანდის წყაროდ განიხილავს, რუსეთს კი – მის ალტერნატივად.

საქართველოში დასავლეთსა და რუსეთს შორის ნორმატიული ჰეგემონიისათვის მიმდინარე ბრძოლის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლგბტ პირთა უფლებების საკითხია, რასაც ორი მაგალითი ცხადყოფს: 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და ანტი-დისკრიმინაციული კანონის შესახებ დისკუსიები.

2013 წლის 17 მაისის მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართული ეკლესია და პოლიტიკური ელიტა სხვადასხვა მხარეს იდგნენ. აქციის წინა დღეებში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ სექსუალურ უმცირესობებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც – სხვა მოქალაქეებს და საზოგადოება თანდათან მიიღებს მათ, როგორც თანასწორებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი თავდასხმისაგან დაცულნი იქნებოდნენ. პატრიარქმა ილია II-მ კი მთავრობას მანიფესტაციის აღკვეთისაკენ მოუწოდა და ჰომოსექსუალობა „ანომალიად“, „ავადმყოფობად“ და „ქართული ტრადიციების შეურაცხყოფად“ მოიხსენია.

17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული, თუმცა, მათ ათასობით მართლმადიდებელი ქრისტიანის კონტრ-აქციისაგან ლგბტ აქტივისტების დაცვა ვერ შეძლეს, რის გამოც აქტივისტების ავტობუსებით ევაკუაცია გახდა საჭირო. განცხადებები, რომლებიც ქართველმა სასულიერო პირებმა აქციის შეფასებისას გააკეთეს, ზუსტად ემთხვევა რუსული პოლიტიკური ელიტის დისკურსს („შეწყდეს ჰომოსექსუალობის პროპაგანდა საქართველოში“, „აქცია ჩვენს ქართულ მორალსა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება“ და ა.შ.)

სტატიიაააა

ილუსტრაცია: მუსია ქებურია

ეკლესიისა და პოლიტიკური ელიტის განსხვავებული (ფორმალურად მაინც) პოზიცია ამ უკანასკნელის წარმომადგენელთა კომენტარებმაც აჩვენა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აქციის წინა დღეს პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა: „ძალიან მარტივად იყო ცხადი და გასაგები, რომ ამ მოწოდების შემდეგ ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკრძალავდა იქ; დემონსტრანტები, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ ღონისძიება, ამ მოწოდების გამო უარს არ ამბობდნენ თავიანთი ღონისძიების ჩატარებაზე, ხოლო ის ხალხი, რომელიც ამ ღონისძიებას უყურებდა ეჭვის თვალით თუ აგრესიულად, მათთვის ეს იყო გარკვეულწილად რჩევა, მითითება, მათი პოზიციების გამყარება, რომ  „თუ სახელმწიფო არ აკრძალავს, მაშინ ჩვენ თვითონ ავკრძალავთ მას“ …უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ როდესაც სახელმწიფო ცხოვრების ასეთ კონკრეტულ საკითხებზეა გამოთქმული მოსაზრება, თუნდაც ეს მოსაზრება ეკუთვნოდეს მის უწმინდესობას, მისი განსჯა, გარკვევა, ანალიზი, დათანხმება, არ დათანხმება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა; ეკლესიურ ცხოვრებაში რა და როგორ ხდება, ეს ჩვენი საქმე არ არის; მაგრამ როდესაც საუბარია საერო ცხოვრების იმ ნაწილზე, მოქალაქეებმა სად გაიარონ, არ გაიარონ, შეიკრიბონ, არ შეიკრიბონ, ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ თემაზე კრიტიკული პოზიციის გამოთქმა, თუ არ დათანხმება, ან ანალიზი, ეს არის სწორი და აუცილებელი და ამას ყველა უნდა შეეგუოს, ამ შემთხვევაში ეკლესიის წარმომადგენლებიც“.

ძალადობა პატრიარქმაც დაგმო, თუმცა, მისი პოზიცია რუსულ დისკურსთან ახლოს იდგა: „იდეები, რომელთა დანერგვასაც გეი უფლებების აქტივისტები ცდილობენ, საქართველოში ყოვლად მიუღებელია. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანობის მიმდევარია…ასეთი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალობის პროპაგანდად აღიქმება, რაც მათ სამართლიან პროტესტს იწვევს…ქვეყანა ვერ აიტანს ცოდვის ლეგალიზებას“.

 „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“, „ცოდვის ლეგალიზაცია“ და სხვა ტერმინები, რომლებიც რუსეთს პოლიტიკური ელიტის მხრიდან ისმის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკურსშიც გვხვდება. ასევე მსგავსია დისკურსში გამოყენებული საკვანძო წერტილები (მართლმადიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები). ყურადღება მახვილდება ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისადმი საფრთხეზე, რომელიც, დისკურსის მიხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვისა და მათი თანასწორუფლებიანობის აღიარების შედეგად გაჩნდება. აქციიდან ერთი წლის შემდეგ, რუსული დისკურსის არსებობა კიდევ უფრო ცხადი  გახდა. საქართველოს პატრიარქის რჩევით, 17 მაისი ოჯახური სიწმინდის დღედ გამოცხადდა. საპატრიარქოს სპეციალურ განცხადებაში აღინიშნა, რომ ეკლესია „ცოდვის საჯარო პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძოლებს“.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ანტი-დისკრიმინაციული კანონია, რომელშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა რუსული და დასავლური ნორმატიული ჰეგემონიების დაპირისპირება საქართველოში. კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას ყველა საფუძველზე, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო, საქართველოს პარლამენტმა ევროპის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, 2014 წლის გაზაფხულზე მიიღო.

კანონის ფორმულირებამ რელიგიური ჯგუფების შეშფოთება გამოიწვია. პატრიარქმა აღნიშნა, რომ „მორწმუნე საზოგადოება სამართლიანად მიიჩნევს, რომ არატრადიციული ურთიერთობები მომაკვდინებელი ცოდვაა, ანტი-დისკრიმინაციული კანონი კი, მისი ამჟამინდელი სახით, ამ ცოდვის პროპაგანდა და ლეგალიზებაა“. დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ კი განაცხადა, რომ „ჰოლანდიის მაგალითზე მარტივად ჩანს პრობლემები, რომლებსაც ეს კანონი მოიცავს. 50 წლის წინ ამ ქვეყნის ცხოვრების სტილი რადიკალურად განსხვავებული იყო. ოჯახები პატრიარქალური იყო, ტრადიციებს პატივს სცემდნენ. დღეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების პროპაგანდა და აღვირახსნილობა მიმდინარეობს. პედოფილია და ინცესტი თითქმის ნორმადაა ქცეული…ეს კანონი იქნება დასაწყისი ადამიანების ცნობიერებაში შხამის დათესვისა და ეს ცოდვები ნელ-ნელა ჩვენ შორისაც ნორმად იქცევა“.

ეს განცხადებები კარგად აჩვენებს, როგორ იზიარებს მართლმადიდებლური ეკლესია კრემლის დისკურსს ჰომოსექსუალობის პროპაგანდის, პედოფილისა და ა.შ. შესახებ და დასავლეთს გარყვნილების ბუდედ წარმოაჩენს.

საინტერესოა, რომ 2012 წელს, რუსეთის პარლამენტის მიერ გეი პროპაგანდის შესახებ კანონის მიღებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში გეი პროპაგანდის, „ცრუ თავისუფლებისა“ და ვულგარულობის საკითხები წამოჭრა და რუსულ პოლიტიკურ ელიტაში წამოჭრილი დისკურსი გაიმეორა, რომლის თანახმადაც, უმცირესობების უფლებების დაცვისაკენ მოწოდება კეთილსა და ბოროტს შორის ზღვარს შლის: „კარგსა და ცუდ საქციელს შორის, ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის საზღვრები დაკარგულია… ქრისტიანულ სწავლებასა და ფსევდო-ლიბერალიზმით ნაკარნახევ „თავისუფლებას“ შორის ფუნდამენტური განსხვავებაა“.

პატრიარქი ახსენებს ევროპასაც და აღნიშნავს, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ გარკვეული ქვეყნების ტრადიციები და მისცენ მათ არჩევანის თავისუფლება, რათა ამ ქვეყნების საზოგადოებებს უფრო მეტად ჰქონდეთ თანამედროვე ევროპასთან კავშირის სურვილი. ამავე კონტექსტში პატრიარქი „სეკულარულ იდეოლოგიას“ ინდივიდუალიზმის სახელით „მორალური და სულიერი ორიენტირის“ დაკარგვაში ადანაშაულებს, მიმდინარე კრიზისის დასადასტურებლად კი სექსუალური უმცირესობების ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლებას ასახელებს. რუსული დისკურსის მსგავსად, ეს ამონარიდი აჩვენებს, რომ ევროპა წარმოჩენილია, როგორც საფრთხე ქართველი ერის ტრადიციებისა და ღირებულებებისათვის. სტატიის მიხედვით, თავისუფლების ცნების დასავლური გაგების „ცრუ თავისუფლებად“, „ცოდვისა“ და „ამორალური ცხოვრების წესის“ პროპაგანდად მონათვლა იმ დისკურსის ნაწილია, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ და სასულიერო წრეებში დომინირებს და მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის, საქართველოში ვრცელდება.

მსგავსი ღირებულებათა სისტემის გარდა, საქართველოს პატრიარქს ახლო პირადი კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასა და ეკლესიასთან. 2008 წლის ომის შემდეგ ილია II რამდენიმეჯერ ეწვია მოსკოვს და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ილია II-მ განაცხადა, რომ „[პუტინი] ის ადამიანია, ის ბრძენი ადამიანი, რომელიც ნამდვილად გააუმჯობესებს სიტუაციას საქართველოში და საქართველო გაერთიანდება“. პატრიარქი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასაც შეეხო: „ჩვენ ყველაფერი გვაერთიანებს, არა მხოლოდ რელიგია, არა მხოლოდ მართლმადიდებლობა – ჩვენი კულტურა. საქართველოს უყვარს რუსული კულტურა…რუსეთი და საქართველო ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ღირებულებები არ დაიკარგოს – ჩვენი რწმენა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი კულტურა“. ომის მემკვიდრეობისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ილია II ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია იქნება ის, რაც ორ ქეყანას დააახლოვებს.

სტატიის მიხედვით, რუსეთის ნორმატიული დისკურსის გავრცელებაში, ეკლესიის გარდა, 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ, რუსულ ეკლესიასა და პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები მონაწილეობენ.  მაგალითად, სტატია განიხილავს
„ერეკლე მეორის საზოგადოებას“, რომლის ერთ-ერთ მიზანს, ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, „რუსული კულტურისა და ხელოვნების პროპაგანდა“ წარმოადგენს. ორგანიზაციის ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში მშვიდობისა და განვითარების მიღწევა რუსეთის ფედერაციის გარეშე შეუძლებელია. ორგანიზაციას საკუთარი ონლაინ გადაცემა აქვს, რომლის წამყვანიც პირდაპირ ავრცელებს რუსეთის ნორმატიულ დისკურსს. ამის მაგალითია 2015 წლის თებერვლის გადაცემა, რომლის დროსაც წამყვანმა ჰომოსექსუალობის „პირდაპირი პროპაგანდა“ დაგმო და მთავრობა ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებით ცოდვის ლეგალიზებაში დაადანაშაულა.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ავტორი ნორმატიული დისკურსის გავრცელების მაგალითად მოიაზრებს, „ევრაზიის ინსტიტუტია“. ორგანიზაციის აქტივობებს შორის ავტორი ხაზს უსვამს 2012 წელს ჩატარებულ კონფერენციას, რომელშიც ბალტიის ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრების შედეგად სუვერენიტეტის დაკარგვას განიხილავდნენ, 2013 წელს ჩატარებული საჯარო დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს და ორ მართლმადიდებელ ერს შორის ურთიერთობაში პატრიარქის განსაკუთრებული როლი აღნიშნეს და ნატო-ს მიერ იუგოსლავიის დაბომბვის შესახებ ფილმის საჯარო ჩვენება თბილისსა და ბათუმში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნორმატიული დისკურსის გავრცელებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, მედიაც მონაწილეობს. ამის მაგალითად ავტორი „საქინფორმს“ განიხილავს, რომლის საქმიანობაც 2010 წელს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განახლდა. რუსეთის დისკურსის გავრცელების კუთხით საინტერესოა 2012 წლის 5 მარტის განცხადება, რომელშიც საქინფორმის გუნდი პუტინს გაპრეზიდენტებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება ისეთივე ლოგიკური იყო, როგორიც „კეთილის გამარჯვება ბოროტზე“ და აღნიშნავს, რომ რუსეთის აყვავება მისი მოძმე ერის, საქართველოს აყვავებასაც ნიშნავს: „საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გამოიყენოს პუტინის პრეზიდენტობა, ერთადერთი ადამიანის, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს ქართველი ხალხის ისტორია, რელიგია და კულტურა. … ქართველ ხალხს ენატრება იმავე რწმენის მიმდევრები, რუსი ხალხი, მათზე ახლო არავინ გვყავს და არც გვეყოლება!“

საქინფორმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მისი მთავარი რედაქტორის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინი ღმერთმა „რუსეთისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროს გადასარჩენად მოავლინა“. წერილში ასევე აღნიშნულია რუსეთისა და მისი პრეზიდენტის როლი მართლმადიდებელი ცივილიზაციის გადარჩენაში.

საქინფორმის მიერ რუსული ნორმატიული დისკურსის გავრცელების აშკარა მაგალითია მთავარი რედაქტორის 2014 წლის სტატიაც, რომელშიც ნათქვამია, რომ პედოფილია დასავლეთში „რუტინად იქცა“. წერილში ნათქვამია, რომ „დასავლელი „გლობალისტების“ მთავარი მიზანი „ყველა ქართულ-ეროვნული ტრადიციის, ჩვევისა და ტრადიციული რელიგიის, მართლმადიდებლობის განადგურებაა; [ტრადიციის] საფუძველი ოჯახის ინსტიტუტია, სადაც კაცს წამყვანი როლი აქვს. ამის შემდეგ, საქართველო იქცევა არა სახელმწიფოდ, არამედ ამორფულ ტერიტორიად, რომელიც გაურკვეველი სქესის ხალხითაა დასახლებული. ქმრები ნატოს სამხედრო ბაზებზე იმსახურებენ, ცოლები კი აბანოებს, რესტორნებს, სასტუმროებს მოემსახურებიან“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, განხილული მაგალითები მიანიშნებს, რომ ნორმატიული დისკურსი, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში 2012 წელს, ვლადიმერ პუტინის მესამედ გაპრეზიდენტების შემდეგ გააქტიურდა, არამარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება. დისკურსი, რომელიც „გარყვნილ დასავლეთსა“ და „კონსერვატიულ რუსეთს“ შორის სხვაობას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით აქტიურია იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსულ და დასავლურ ნორმატიულ ჰეგემონიებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა, კერძოდ კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც. როგორც სტატიაშია ნაჩვენები, დისკურსის გავრცელება სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მეშვეობით ხდება.

 

კვლევის მიმოხილვის ავტორი: თამთა გელაშვილი

———————————————————————-

სტატია მიმოიხილავს შოთა კაკაბაძის (ტარტუს უნივერსიტეტი) სამაგისტრო ნაშრომს:  “რუსეთი და დასავლეთი: ბრძოლა ნორმატიული ჰეგემონიისთვის”. ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს. სტატია, შესაძლოა, არ გამოხატავდეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) პოზიციას.