17 მაისის მანიფესტი

lgbt

ქართულმა საზოგადოებამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების რთული  გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე აღიარა ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა თანასწორობის იდეა, ცალკეული სოციალური ჯგუფები, რეალობაში, ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობას და განიცდიან სტრუქტურულ ჩაგვრასა და დისკრიმინაციას. ამ მხრივ   ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს, ქვიარ და ინტერსექსი (ლგბტქი) ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ, ნაკლებად ხილვად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ  საქართველოში.

ბოლო წლებში მიღწეული, გარკვეული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, რომელთა შორის ყურადსაღებია, 2014 წელს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება, ლგბტქი ჯგუფის წევრები სისტემური ძალადობის, დისკრიმინაციისა და დევნის მსხვერპლები არიან როგორც სახელმწიფოს, საზოგადოების, ისე კონკრეტული ინსტიტუტების, მათ შორის სამედიცინო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მხრიდან. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) ნიადაგზე სახელმწიფოს მხრიდან  სათანადო რეაგირებისა და ეფექტური გამოძიების გარეშე რჩება.

ჰომო/ბი/ტრანსფობია, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაში ღრმად არის  ფესვგადგმული, კიდევ უფრო ძლიერდება ლგბტქი საკითხების პოლიტიზირებითა და ცალკეული სოციალური, პოლიტიკური და კლერიკალური ძალების მხრიდან ანტი-გეი დისკურსის ორგანიზებული წარმოებით. აღსანიშნავია, რომ ხშირად, ეკლესიის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ნაწარმოები ანტი-გეი ნარატივი ემთხვევა რუსეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის მიერ გატარებულ გლობალურ პოლიტიკას, რომელიც გენდერის საკითხების დემონიზებასა და მათ „დასავლურ, გარყვნილ, პერვერსიულ“ ღირებულებებად წარმოჩენას ცდილობს. ცხადია, ამ ფონზე, სახელმწიფოს აშკარად არაეფექტური და არასეკულარული პოლიტიკა ლგბტქი ადამიანებს საკუთარი  უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას უსპობს და აღრმავებს მათ სოციალურ მარგინალიზაციას.

ბოლო წლების განმავლობაში, ლგბტქი პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს პასუხი იყო არაადეკვატური, რაც განსაკუთრებით ნათლად 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი შეკრების დარბევაში მონაწილე პირთა და ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული პირების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობასა და სასამართლოს მიღებულ გამამართლებელ გადაწყვეტილებებში გამოჩნდა. ასეთ პირობებში, ლგბტქი ადამიანების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დაბალია და ძალადობრივი გამოცდილების წინაშე ისინი აბსოლუტურად მარტოები და დაუცველები რჩებიან. ძალადობისა და დისკრიმინაციის გამოცდილება თემის სოციალურ უფლებებზე, თვითგამორკვევისა და თვითგანვითარების შესაძლებლობაზე ახდენს გავლენას და მათ დასაქმების, ჯანდაცვის სერვისების, საცხოვრებლისა და სხვა სოციალური სიკეთეების მიღმა ტოვებს.

ამ კონტექსტში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ორიენტაციის საკითხების პოლიტიზირებამ, რომელიც არსებითად ელექტორალური მხარდაჭერისა და სხვა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზეა ორიენტირებული, ლგბტქი პირთა უფლებების დაცვა კიდევ უფრო გაართულა. პოლიტიკოსების მხრიდან ანტი-გეი და ანტი-გენდერული ირაციონალური იდეების ტირაჟირებამ საზოგადოებაში სტერეოტიპებისა და აგრესიის კვლამწარმოებლის ფუნქცია შეიძინა. ამ ყოველივემ კი, წაახალისა ლგბტქი ადამიანთა მიმართ ძალადობრივი პრაქტიკები. სამწუხაროდ, სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ სახელმწიფოს უმოქმედო და შემწყნარებლური პოლიტიკა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების ჰომოფობიური და არასეკულარული საჯარო განცხადებები ხელს უწყობს არსებული პრაქტიკის შენარჩუნებას. შესაბამისად, არსებული პოლიტიკური სივრცე ვერ ასრულებს სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფის რეპრეზენტაციისა და გათავისუფლების ფუნქციას და მათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის წირავს.

წლების განმავლობაში, ლგბტქი თემის დღის წესრიგში ხილვადობისთვის ბრძოლას განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რაზე უკურეაქციაც ყველაზე ნათლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების შეზღუდვის ფაქტებში გამოჩნდა.  ლგბტქი თემის საჯარო სივრცეებიდან განდევნა საზოგადოებაში კერძო და საჯარო სივრცეების არასწორ გაგებასა და საეკლესიო და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საჯარო სივრცის პრივატიზებისა და საკრალიზების მცდელობას უკავშირდება. დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და დისკურსის მიერ ლგბტი თემის მხრიდან შეკრების თავისუფლების შესაძლებლობა ლიმიტირებულია და საჯარო სივრცეში ლგბტქი პირთა ნებისმიერი ფორმით რეპრეზენტირება „ჰომოსექსუალობის პროპაგანდად აღიქმება“[1], რაც იწვევს საზოგადოებრივი სივრცეებიდან თემის წევრების განდევნას. ცხადი ხდება, რომ სქესისა და გენდერის შესახებ ბინარული ნორმატიული შეხედულებები უფრო ფართე სოციალურ სივრცეებში ინაცვლებს და ლგბტქი პირებს თვითრეპრეზენტაციის სივრცეებს უსპობს. ამდენად, თემის წევრებისთვის საკუთარი იდენტობის გამოხატვის სივრცეები ექსკლუზიურად პრივატული ხდება.

90-იანი წლების ამერიკაში, სინტია ბოუმენი საუბრობდა საჯარო სივრცეებიდან ქალთა განდევნის ინსტრუმენტებზე და ამ პროცესს ქალთა არაფორმალურ გეტოიზაციად მოიხსენიებდა[2]. ჩაგრული ჯგუფის გეტოიზაციის თეორია რამდენიმე ათეული წლის შემდგომ, საქართველოს რეალობას შეიძლება მოერგოს, სადაც ჰომოფობიური განწყობები  საჯარო სივრცეებიდან და ძალადობისა და შევიწროების გამოყენებით რიყავს ლგბტქი პირებს და მათ შინისკენ უბიძგებს. მაშინ როდესაც აღნიშნული „შინ“, ასევე არ არის თავისუფალი ძალადობისგან. თემის წევრები სისტემატურად ექვემდებარებიან ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას ოჯახის წევრების მხრიდან.

2012 და 2013 წლებში, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHOT) დაკავშირებით ორგანიზებული აქციების ძალადობრივმა დარბევამ, სახელმწიფოს პოლიტიკური ნების არარსებობამ და მარცხმა დაეცვა ლგბტი თემის წევრების უფლებები და ღირსება,  ამ ადამიანების მიმართ ძალადობის პროვოცირებას შეუწყო ხელი და ის კიდევ უფრო უხილავ სოციალურ ჯგუფად აქცია. 2013 წლის 17 მაისის, სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები მასშტაბური, ძალადობრივი კონტრდემონსტრაციის აღსაკვეთად. მან საკუთარი მარცხით საეკლესიო და ქსენოფობიური ჯგუფების მხრიდან საჯარო, პოლიტიკური სივრცის დაუფლება დაუშვა. 17 მაისის მოვლენების შემდეგ, ლგბტი თემის წევრები და აქტივისტები ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას და სახელმწიფო ღიად ახდენს ტოტალური, ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ საკუთარი უსუსურობისა და ლოიალობის დემონსტრირებას. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ,  საეკლესიო და პოლიტიკური ხელისუფლების დაახლოება კიდევ უფრო გაძლიერდა და მათ შორის არასეკულაური მიმართებების ინსტიტუციონალიზების ნიშნებიც კი გაჩნდა.

წელს, 17 მაისს IDAHOT დღის აღნიშვნის შესაძლებლობა კვლავ არ მიეცა ლგბტქი თემს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს იგნორირების პოლიტიკას. 17 მაისი იქცა სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური და კლერიკალური ჯგუფის მიერ წართმეულ და მიტაცებულ დღედ, რომელთაც „ოჯახის სიწმინდის“ შენება ჰომოფობიითა და ტრანსფობიით დაიწყეს. ჰომოფობიური ჯგუფების დღის წესრიგის საპირისპიროდ, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ლგბტქი თემის, ასევე, მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა თვითმიზანი ერთი დღისთვის ბრძოლა არასდროს ყოფილა. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან შეპირისპირება ლგბტქი აქტივისტთა და ორგანიზაციათა ყოველდღიურ, სისტემურ და დაუღალავ ბრძოლებში გამოიხატება.

ცხადია, ანტი-გენდერული ჯგუფების ორგანიზებული და გლობალური დაპირისპირების ფონზე, რომელსაც სახელმწიფო არ აკავებს, ლგბტქი პირთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჰომოფობიური და ქსენოფობიური ჯგუფების ბრძოლების დავის მთავარი მიზანი ძალაუფლების კვლავწარმოება და პრივილეგიების შენარჩუნებაა და არა ოჯახის სიწმინდის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვაა, რაზეც ისინი აპელირებენ. შესაბამისად, მათი მიზანი პატრიარქატის გამყარება, ოჯახის შიგნით არსებული იერარქიებისა და უთანასწორობის შენარჩუნება, სექსუალობის კონტროლითა და რეპრესირებით ძალაუფლების წარმოებაა. ისინი ცდილობენ ჩაახშონ საზოგადოების ემანსიპაციისა და სეკულარიზების პროცესი, რადგან ის მათი პრივილეგიებისა  და ძალაუფლებების რღვევას განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ქვიარ საკითხების გაჩენა ყველა აქტივისტის, სოციალური მოძრაობისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში, რადგან ჩაგვრის პრაქტიკები აღარ არის ერთმანეთისგან იზოლირებული, ისინი ურთიერთკავშირში მოქმედებს და აღწევს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში.  ვაცნობიერებთ რა, რომ სხვადასხვა ჯგუფის ჩაგვრის მიზეზები არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემაშია და  ძალადობრივი სტრუქტურები დივერსიფიცირებულად მოქმედებს, მიგვაჩნია, რომ ყველა ჩაგრული ჯგუფის ემანსიპაციისკენ მიმართული ბრძოლა  საერთო საქმე უნდა გახდეს.

აუცილებელია იმის გააზრება, რომ ჩაგვრა არ არის ლგბტქი თემის, ქალების, მშრომელების, სექს მუშაკების, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის, უსახლკაროთა, წამალდამოკიდებულთა ბედისწერა. ადამიანის უფლებები თითოეულ ინდივიდზე მორგებული ღირებულებაა და არა კონკრეტული ჯგუფის პრივილეგია.

ბრძოლა ხილვადობისთვის, გათავისუფლებისთვის, საჯარო სივრცეების დაკავებისთვის არ არის წაგებული, ბრძოლა ახლა უნდა დაიწყოს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, აქტივისტებსა და სოციალურ მოძრაობებს:

  • ჩაერთონ ჩაგვრის სისტემების წინააღმდეგ და შეიტანონ ლგბტქი საკითხები მათ დღის წესრიგებში;
  • დაიწყონ მიზანმიმართული და სისტემური მუშაობა ლგბტქი ადამიანთა უფლებების დასაცავად;
  • გაიაზრონ ინტერსექციურ ჩაგვრასთან ბრძოლის მნიშვნელობა და მას კომპლექსური, შედეგზე ორიენტირებული აქტივობები დაუპირისპირონ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს:

  • უზრუნველყოს ლგბტქი პირთა უფლებების განუხრელი დაცვა;
  • მიიღოს ეფექტური ზომები ჰომო/ტრანსფობიური ძალადობის წინააღმდეგ და ხელი შეუწყოს თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას;
  • ხელი შეუწყოს ლგბტქი თემის მიერ შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობას და ამ მიზნით შეცვალოს არსებული ძალადობრივი და დისკრიმინაციული პრაქტიკა;
  • უზრუნველყოს სეკულარული და არადისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება  უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • სახელმწიფოს წარმომადგენლები ღიად და საჯარო გაემიჯნონ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირებას;

———————————————————————————————

[1] ეკატერინე აღდგომელაშვილი „ჰომოფობიური სიძლვილის ენა და პოლიტიკური პროცესები საქართველოში“, ლგბტ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში, 2012, გვ. 10

[2] Cynthia Grant Bowman “Street Harassment and the Informal Ghettoization of Women”, Harvard Law Review, Volum 106, Number 3, 1993. იხ: http://scholarship.law.cornell.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1141&context=facpub