კოალიცია თანასწორობისთვის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

fb_coverr (2)კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებით ლგბტ თემის წევრებისა და აქტივისტებისთვის  შეკრების თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკას და სახელმწიფოს არაეფექტური და  დისკრიმინაციული პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

2013 წლის 17 მაისს, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივი და მასობრივი თავდასხმის შემდეგ, ლგბტ თემის წევრები და აქტივისტები უკვე მესამე წელია 17 მაისს ვერ ახერხებენ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას, რაც არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური, დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ჯგუფის მხრიდან საჯარო სივრცის მონოპოლიზების მცდელობებს სახელმწიფო არ უპირისპირებს ადამიანის უფლებებსა და თანასწორობაზე დამყარებულ პოლიტიკას, რითაც ახალისებს ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ ჯგუფებსა და იდეებს საზოგადოებაში.

2013 წლის შემდეგ, 17 მაისი, რომელიც ლგბტი თემის წევრების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო პროტესტის საერთაშორისო დღეა, ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რითაც ის IDAHO-ს დღის პოლიტიკური და სამოქალაქო მნიშვნელობის გადაფარვას და საჯარო სივრცის დაკავებას ცდილობს. 2014 წლის 17 მაისს, ლგბტ აქტივისტებმა საერთოდ ვერ მოახერხეს შეკრება, 2015 წლის 17 მაისს, პოლიტიკურად არასიმბოლური მნიშვნელობის სივრცეებში, პოლიციის მკაცრი კონტროლის პირობებში ჩატარებული მცირე აქციები კი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შეკრების თავისუფლებით რეალური სარგებლობის შესაძლებლობა.

მიმდინარე წლის 17 მაისს, IDAHO-ს დღესთან დაკავშირებით, ლგბტ აქტივისტების საჯარო განცხადებები ცხადყოფს, რომ ორგანიზაციებისა და აქტივისტების დიდმა ნაწილმა სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის, ასევე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ლგბტ უფლებების ინსტრუმენტალიზებისა და ანტი-გეი დისკურსის კიდევ უფრო გაძლიერების აღკვეთის მიზნით, თავი შეიკავა ცენტრალური საჯარო შეკრებისგან. დამოუკიდებელი აქტივისტების საინიციატივო ჯგუფის კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ მათ რუსთაველის გამზირზე შეკრებისთვის საკმარისი და ხელშესახები გარანტია არ მისცა და ქვეყნის კანონით გათვალისწინებული ზოგადი ვალდებულებების და არაადეკვატური ალტერნატივების განხილვით შემოიფარგლა.

თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, რამდენიმე რელიგიურმა ორგანიზაციამ მიმართა მერიას და თბილისის ყველა ცენტრალურ ადგილას (დედაენის ბაღი, 9 აპრილის ბაღი, მრგვალი ბაღი, ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ფილარმონიის და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) შეკრების გამართვის შესახებ შეტყობინება ჩააბარა. ოჯახის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ მსოფლიო კონგრესს საპატრიარქო და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებიც შეუერთდნენ.

ოჯახის დაცვის თემაზე, მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, გაკეთებული ულტრამემარჯვენე, ანტიგენდერული განცხადებები არსებითად ემთხვევა რუსეთის ხელისუფლებისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიტორიკას, რომელიც ცდილობს ლგბტ და გენდერის საკითხების  ირგვლივ საკუთარი იდეოლოგიური ბატონობის დამყარებას და გავრცელებას სხვა ქვეყნებში. არსებული კონტექსტი საქართველოში ლგბტ საკითხების პოლიტიზირების პრობლემაზე მიანიშნებს და არ შეიძლება განხილული იქნას მხოლოდ სოციალურ დონეზე ჰომოფობიის პრობლემად.

მაშინ, როდესაც სახელმწიფომ არ უზრუნველყო 2013 წლის 17 მაისის შეკრების მონაწილეების ძალადობრივი დარბევის ფაქტების ეფექტური გამოძიება და სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა სისხლის სამართლის საქმეზე, ქვეყანაში ჰომოფობიური დანაშაულების მიმართ დაუსჯელობის გარემო შეიქმნა. ეს კი სხვადასხვა ექსტრემისტული ჯგუფის ძალადობასა და სიძულვილს ახალისებს. ამ ფონზე, ხაზი უნდა გაესვას პოლიციის აქტიურ და რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. გუშინ ღამით, პოლიციამ საპატრიარქოს შენობასთან 10 ლგბტ აქტივისტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა)  და 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) მუხლების საფუძველზე. დაკავებული აქტივისტების შეფასებით, პოლიციელებს არ ეცვათ პოლიციის ფორმები, რის გამოც, მათთვის რთული იყო მათი პოლიციის თანამშრომლად იდენტიფიცირება, შესაბამისად, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის  ბრალდება უსაფუძვლოა.

აღსანიშნავია, რომ ლგბტ თემი საქართველოში სტრუქტურულ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას განიცდის, რაც მათ მიმართ მზარდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, დასაქმების, სერვისის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო ადგილებში დისკრიმინაციულ მოპყრობაში გამოიხატება. სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის პირობებში, თემის წევრების ნდობა სახელმწიფო უწყებების მიმართ დაბალია და რეალურად ისინი მარტოები და დაუცველები რჩებიან ძალადობისა და ჩაგვრის პირისპირ. პოლიტიკოსების და ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო მოხელეების მხრიდან ჰომოფობიური განცხადებები აძლიერებს სიძულვილის და შეუწყნარებლობის გარემოს ლგბტ თემის წევრების მიმართ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს სახელმწიფოს:

  • უზრუნველყოს ლგბტი აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების რეალური სარგებლობა და მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებული შეფასებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულებების განუხრელი შესრულება;
  • უზრუნველყოს 2013 წლის 17 მაისს შეკრების დროს და მასთან კავშირში ძალადობრივი კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეების მხრიდან შეკრების ხელშეშლისა და სხვა ძალადობრივი ინციდენტების დროული გამოძიება და კონკრეტული პირებისთვის ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება;
  • შეიმუშაოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ეფექტური ბრძოლის სტრატეგია და განახორციელოს საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტების, მათ შორის, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციების ეფექტური შეტანა ეროვნულ პოლიტიკაში;
  • გაატაროს ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გაძლიერებასა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პოზიტიური, სპეციალური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

კავშირი საფარი;

იდენტობა;

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი;