შრომის პირობების ინსპექტირების შედეგების დახურულობა

 

File stack locked with chain and padlock

2012 წელს ხელისუფლების ტრანზიციის შემდეგ, ახალი სამთავრობო გუნდის გაცხადებული პოლიტიკიდან გამომდინარე, გაჩნდა სრულად დერეგულირებული შრომის პოლიტიკის გადახედვისა და უფლებადამცავი მექანიზმების შექმნის მოლოდინი, რასაც შრომითი უფლებების დარღვევის მასშტაბები და სიმძიმე უნდა შეემცირებინა. აღნიშნულის საპასუხოდაც, ახალმა სამთავრობო გუნდმა შრომისა და დასაქმების სფეროში რიგი რეფორმები გაატარა.

რეფორმების ფარგლებში 2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელმაც საქმიანობა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო. აღნიშნული პროგრამა მოიაზრებს შრომის პირობების ინსპექტირების განხორციელებას სამუშაო ადგილებზე და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის გზით.

გარდა იმისა, რომ დეპარტამენტს არ მიენიჭა შრომის პირობებისა მონიტორინგისა და უფლების დაცვის ეფექტური აღსრულებითი მექანიზმები, მისი მუშაობის ეფექტურობის გაზომვას შეუძლებელს ხდის დეპარტამენტის საზედამხედველო საქმიანობის დახურულობა. კერძოდ, „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, მონიტორინგის შედეგად მიღებული ანგარიშები/დასკვნები და რეკომენდაციები არასაჯაროა, რაც გულისხმობს დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დარღვევებისა და გაცემული რეკომენდაციების ავტომატურ დასაიდუმლოებას. დეპარტამენტის საქმიანობის დახურულობის ამგვარი რეგულაცია წინააღმდეგობაშია  საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ხელს უშლის  შრომის უფლებების დაცვისა და რეალიზების პრაქტიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ზომების ეფექტურობის შეფასებას.

 

მიმოხილვა შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინკზე ან წაიკითხოთ ონლაინ.