EMC უერთდება სოციალურად დაუცველი უსახლკარო პირების საპროტესტო აქციას და მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს

13063054_1164496260249678_5485869109563663636_o1 ივნისს, 12:00 საათზე სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები საპროტესტო აქციას გამართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინ.

აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ უსახლკარო პირთა უფლებების აღიარება და საცხოვრისის უფლების ხელმისაწვდომობის მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფები ასევე მოითხოვენ იმ საკანონმდებლო ცვლილების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც პირებს, რომელთაც საცხოვრებელი მიზნით დაკავებული აქვთ სახელმწიფო ობიექტები, ვერ იღებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს და მასთან დაკავშირებულ საარსებო შემწეობას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) უერთდება სოციალურად დაუცველი უსახლკარო ჯგუფების მოთხოვნებს და სოლიდარობას უცხადებს მათ.

EMC მიიჩნევს, რომ უსახლკაროთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულიად არაეფექტური და არასაკმარისია. უსახლკარო პირებს დღემდე უმძიმეს პირობებში უხდებათ ცხოვრება. ხშირად მათ საცხოვრისი საერთოდ არ გააჩნიათ ან სხვადასხვა არასაცხოვრებელი მიზნებისთვის განკუთვნილ ობიექტებში არიან შეჭრილნი. ეს ობიექტები ვერ აკმაყოფილებს სათანადო საცხოვრისის ელემენტარულ მოთხოვნებს, კერძოდ, მათ უმეტესობაში არ ფუნქციონირებს კანალიზაციის, წყლის გაყვანილობისა და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემები.

სახელმწიფო არ აწარმოებს ქვეყანაში უსახლკარობის მასშტაბის, ამ პირების საჭიროებების, ასევე უსახლკარობის ფორმებისა და მიზეზების შეფასებას. ამ დრომდე არ აღრიცხულა უსახლკარო პირთა რაოდენობა, რაც შეუძლებელს ხდის უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურ და თანმიმდევრულ გადაწყვეტას. უსახლკარო პირის საქართველოს კანონმდებლობაში არსებული დეფინიცია სრულყოფილი არ არის და არ ფარავს უსახლკარობის სხვადასხვა ფორმას. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა ამ დრომდე არ ითვალისწინებს უსახლკარო პირთა საცხოვრებლის უფლების სტანდარტს. ამ პირობებში კი მუდმივად ირღვევა უსახლკარო ჯგუფების სათანადო საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები.

EMC ასევე იზიარებს უსახლკარო ჯგუფების მოთხოვნას იმ საკანონმდებლო რეგულირების გაუქმების თაობაზე, რომლის შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ფართში იძულებით შეჭრილი უსახლკარო პირის განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის არ მიიღება და ის სოციალურად დაუცველის სტატუსისა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტების გარეშე რჩება. ეს პრაქტიკა თავისთავად უსახლკარო სოციალურად დაუცველი ოჯახების რეპრესირების გაუმართლებელ იარაღს წარმოადგენს და ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს თანასწორობაზე, ღირსებასა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.