EMC-ის სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლომ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე დააკმაყოფილა

რუსთავის საქალაქო სასამართლო

2016 წლის 6 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის“ სარჩელი, რომლითაც  მოსარჩელე მხარე, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის  ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისგან სანებართვო  მოწმობის გაცემას მოითხოვდა. მითითებულ საქმეზე კათოლიკური ეკლესიის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა.

2013 წლის 16 აპრილიდან, „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“ ცდილობდა რუსთავში, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის მოპოვებას. ამ პერიოდის განმავლობაში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან კათოლიკური ეკლესიის მშენებლობისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო კათოლიკე მრევლს რელიგიური რიტუალების განხორციელება საცხოვრებელ სახლში უწევდათ.

რუსთავში, კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემის განხილვის პროცესს აქტიურად აპროტესტებდა ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი, მათ შორის სასულიერო პირები და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.  აღნიშნულ პირებს დაუშვებლად მიაჩნდათ რუსთავის ტერიტორიაზე  კათოლიკური ეკლესიის არსებობა. დავის ფარგლებში მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაუცემლობა სწორედ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ნაწილის პროტესტით და ამ მოქალაქეების მიმართ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ლოიალობით იყო განპირობებული, რაც კათოლიკურ ეკლესიის მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას იწვევდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დავალებასთან ერთად ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული დისკრიმინაციის დადგენასა და ამ ქმედების შედეგის აღმოფხვრას მოითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ  დისკრიმინაციის საქმეების არასათანადო წესით განხილვის გამო, მოსარჩელე მხარე იძულებული გახდა უარი ეთქვა მოთხოვნის ამ ნაწილზე, რომელშიც დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და უფლების აღდგენას ითვალისწინებდა. კერძოდ, სასამართლომ ერთიანი დავის ფარგლებში ხელოვნურად გაყო ადმინისტრაციული  და დისკრიმინაციის დავა, რამაც საქმის განხილვის გაჭიანურების რისკები შექმნა. შესაბამისად,   მშენებლობის სანებართვო მოწმობის დროული გაცემის მიმართ კათოლიკე  ეკლესიის მაღალი ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს მოუწია უარი ეთქვა მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენაზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლოების მხრიდან დისკრიმინაციის საქმეების ამ წესით განხილვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რომელიც არსებითად აზიანებს მსგავსი საქმეების დროულ, ეფექტიან და სამართლიან განხილვას.

ბოლო პერიოდში, რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობის მშენებლობის პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე წინააღმდეგობის გამო, ხშირად უარს აცხადებენ უმცირესობაში მყოფი რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვისა და მოწმობის გაცემაზე ან სხვა ფორმებით აჭიანურებენ და ართულებენ მშენებლობის პროცესს. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ნეიტრალიტეტისა და მშენებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა, რელიგიურ ორგანიზაციებს უზღუდავს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. იმ პირობებში კი, როდესაც სახელმწიფოს არ მოუხდენია უმცირესობაში მყოფი რელიგიური ორგანიზაციების მიმართ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობებისა და რელიგიური ქონების რესტიტუცია, ახალი საკულტო ნაგებობის მშენებლობის გზაზე შექმნილი დაბრკოლებები კიდევ უფრო აღრმავებს ამ კუთხით  არსებულ  დისკრიმინაციულ პოლიტიკას.

მიმდინარე საქმეზე EMC-ის მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ხელშეშლის გაგრძელების მიზნით არ განახორციელოს პროცესის გაჭიანურება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზედა ინსტანციებში ხელოვნური საფუძვლებით გასაჩივრება და შემჭიდროვებულ ვადებში, კეთილსინდისიერად უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილების დროული აღსრულება.