განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით

downloadწინამდებარე განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტური პოლიტიკა, რაც ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანების საჯარო სივრცეებიდან მუდმივი გამორიცხვის გამოცდილებას, მათი ჩართულობისა და რეალური ინკლუზიის პრაქტიკით ჩაანაცვლებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად და განგრძობადად ექვემდებარებიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმას. სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვერბალური აღიარება, სათანადო და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წარმოების გარეშე, არსებითად ვერ ცვლის ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და არ ამცირებს მათი უფლებების შელახვის მასშტაბსა და სიმძიმეს.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების გარანტირების მნიშვნელოვანი ჩარჩო დოკუმენტი, რატიფიცირების მიუხედავად არ გამხდარა სახელმწიფოს პოლიტიკის არსებითი გადახედვის საფუძველი.

კერძოდ, სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების ეფექტური ამუშავება. ამასთან, არ გადახედა არსებულ კანონონმდებლობას და კვლავ ძალაში დატოვა სამედიცინო მიდგომა, რაც სრულად უარყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე გაგებას და შინაარს. სახელმწიფოს ასევე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომის უზრუნველყოფისა და არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების თუ გაძლიერების მიმართულებით, რაც კვლავ განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვას ან მათ სრულ გამორიცხვას მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის პროცესიდან. სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ამ დინამიკას ადასტურებს თითქმის სრულად შეუსრულებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამოქმედო გეგმები.

კონვენციის სავალდებულოდ აღიარებით სახელმწიფომ ასევე აიღო სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა თუ გადახედვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უშუალო ჩართულობისა და მათი საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინების ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ეროვნულ და ადგილობრივ დონეეზე კვლავ დეფიციტურია თემის წარმომადგენლების უწყვეტი და ინსტიტუციონალიზებული ჩართულობის გამოცდილება, რასაც ხშირად ფორმალური და ფრაგმენტული სახე აქვს და ვერ უზრუნველყოფს თემის სათანადო მონაწილეობას სხვადასხვა ფორუმებსა თუ პროცესებში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში არასათანადოდ წარმოდგენა, მათი უფლებების დაცვას თავად თემის წევრების ძალისხმევასა და ინიციატივაზე დამოკიდებულს ხდის. ამის ნათელი მაგალითია, ბოლო პერიოდში განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმა ქმედუნარიანობის სისტემის არსებით გადასინჯვაზე, რასაც საფუძვლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქმედუნარიანობის სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიღებული საპასუხო გადაწყვეტილება დაედო. ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმირება, მისი იმპლემენაციის არაერთი ხარვეზის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის არასაკმარისი და არასათანადო პოლიტიკიდან,  შეიძლება ითქვას ერთადერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს.

მივიჩნევთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული არაერთი დაბრკოლების საპასუხოდ, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების სისტემური და განგრძობადი რეაგირების საგანი უნდა იყოს, სახელმწიფო არ აჩვენებს საკმარის ძალისხმევას და ნებას, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხს მწვავე გამოწვევად  ტოვებს დღის წესრიგში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ;

ყოველი მეათე ჩვენგანი;

აიპ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირ;

შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების ქსელი – „მოძრაობა ცვლილებებისთვის“;

ქალი, ბავშვი და სოციუმი;

საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი;

თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის;

მარიანი;

შშმ პირთა კავშირი რწმენა და იმედი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის ფედერაცია;

ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო;

შშმ ქალთა პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO).