ანაზღაურება საშინაო შრომისთვის

13457614_1180503751972667_1714743083_n

ილუსტრაციის ავტორი:Edith Vonnegut

 

ავტორი: სილვია ფედერიჩი

 თარგმანი : სალომე ლაცაბიძე
რედაქტორი: თამუნა ქებურია

 

ისინი ამბობენ, რომ ეს სიყვარულია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის აუნაზღაურებელი შრომა.

ისინი ამას ფრიგიდულობას უწოდებენ. ჩვენ ამას აბსენტეიზმს* ვუწოდებთ.

მუცლის ყოველი მოშლა სამუშაო მარცხია.

ჰომოსექსუალობა და ჰეტეროსექსუალობა ორივე სამუშაო პირობებია…

მაგრამ ჰომოსექსუალობა მუშების მიერ წარმოების კონტროლია და არა – სამუშაოს დასასრული.

მეტი ღიმილი? მეტი ფული. არაფერი იქნება უფრო ძლიერი ღიმილის სამკურნალო ეფექტის გასანადგურებლად.

ნევროზი, თვითმკვლელობა, დესექსუალიზაცია: დიასახლისის პროფესიული დაავადებები.

 

ხშირად, საშინაო შრომის სანაცვლოდ, ანაზღაურების მოთხოვნის საკითხის განხილვისას, ქალები საუბრობენ სირთულეებსა და გაურკვევლობებზე, რაც საშინაო შრომის ანაზღაურების მატერიალურ საგნამდე, კონკრეტულ თანხამდე დაყვანიდან გამომდინარეობს, ნაცვლად მისი პოლიტიკურ პერსპექტივად დანახვისა. ამ ორ ხედვას შორის განსხვავება უზარმაზარია. აღიქვა საშინაო შრომის ანაზღაურება საგნად და არა პერსპექტივად, ნიშნავს განაცალკეო ბრძოლის საბოლოო შედეგი თავად ამ ბრძოლისაგან და გამოგრჩეს მისი მნიშვნელობა იმ როლის დემისტიფიკაციასა და სუბვერსიაში, რომელშიც ქალები კაპიტალისტურმა საზოგადოებამ მოაქცია.

როდესაც საშინაო შრომისთვის ანაზღაურების მოთხოვნას ასე ვამარტივებთ, საკუთარ თავებს ვეკითხებით: რა შეიძლება შეცვალოს ცოტა მეტმა ფულმა ჩვენს ცხოვრებაში? შესაძლოა, დავეთანხმოთ კიდეც იმ აზრს, რომ ეს ნამდვილად გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ქალებისთვის, რომლებსაც საშინაო შრომისა და ქორწინების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვთ. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც თითქოს სხვა არჩევანიც გვაქვს – პროფესია, გონებაგახსნილი ქმარი, ცხოვრების კომუნალური სტილი, გეი ურთიერთობები ან ამ ყველაფრის ნაზავი – ეს ბევრს არაფერს შეცვლიდა. სავარაუდოდ, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად სხვა გზებიც არსებობს და სულაც არ გვხიბლავს ამის განხორციელება საკუთარი თავის დიასახლისებად იდენტიფიცირების ფასად (ბედისწერა, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ, ასე ვთქვათ, სიკვდილზე უარესია). ამ პოზიციის პრობლემა ის არის, რომ ჩვენს წარმოდგენაში, როგორც წესი, ჩვენს ნაგავ ცხოვრებას უბრალოდ ცოტაოდენ ფულს ვამატებთ და ვსვამთ კითხვას, მერე რა? ეს წარმოდგენა ეფუძნება მცდარ წინაპირობას, რომ ამ ფულის მიღება, ბრძოლის პროცესის პარალელურად, ყველა ჩვენი საოჯახო და სოციალური ურთიერთობის რადიკალური გარდაქმნის გარეშეა შესაძლებელი. მაგრამ თუკი საშინაო შრომის ანაზღაურების მოთხოვნას პოლიტიკურ პერსპექტივად განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ეს ბრძოლა გადაიქცევა რევოლუციად ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი, ქალების სოციალურ ძალაუფლებად. ცხადია, თუ ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს ამ ფულის „საჭიროება“ ეს ნიშნავს, რომ შევეგუეთ საკუთარი სხეულის და გონების სპეციფიკური ფორმით პროსტიტუციას, საიდანაც ვიღებთ ფულს, რათა დავფაროთ ეს „საჭიროება“. შევეცდები, ვაჩვენო, რომ საშინაო შრომის ანაზღაურების მოთხოვნა რევოლუციური პერსპექტივა კი არ არის მხოლოდ, არამედ ეს არის ერთადერთი რევოლუციური პერსპექტივა ფემინისტური და საბოლოო ჯამში, მთელი მუშათა კლასის გადმოსახედიდან.

„სიყვარული, როგორც შრომა“

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ საშინაო შრომაზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა ჩვეულებრივ შრომაზე, არამედ ფართოდ გავრცელბულ მანიპულაციაზე, ყველაზე უჩინარ და მისტიფიცირებულ ძალადობაზე, რომელიც კაპიტალიზმს ოდესმე განუხროციელებია მუშათა კლასის ნებისმიერი ნაწილის წინააღმდეგ. ცხადია, რომ კაპიტალიზმის პირობებში, ყოველი მუშა მანიპულირებული და ექსპლუატირებულია, მისი ურთიერთობა კაპიტალთან კი სრულებით მისტიფიცირებულია. ხელფასი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეთანხმება სამართლიანია: შენ მუშაობ და გიხდიან, შესაბამისად, შენ და შენი უფროსი თანასწორები ხართ; სინამდვილეში კი ხელფასი, და არა იმ შრომის ანაზღაურება, რომელსაც ასრულებ, ფარავს მთელ იმ აუნაზღაურებელ სამუშაოს, რომელიც მოგებაში მიდის. თუმცა, ანაზღაურების გადახდით იმის აღიარება მაინც ხდება, რომ ხარ მუშა და შეგიძლია ივაჭრო, იბრძოლო ანაზღაურების პირობების და ანაზღაურების ოდენობის,  სამუშაო პირობების და სამუშაოს ოდენობის გამო. გქონდეს ანაზღაურება ნიშნავს, იყო სოციალური კონტრაქტის ნაწილი და ამასთან დაკავშირებით ეჭვები არ არსებობს: მუშაობ არა იმიტომ, რომ მოგწონს, არა იმიტომ, რომ ეს შენთვის ბუნებრივია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი მდგომარეობა, რომელშიც უფლება გაქვს იცხოვრო. მაგრამ რაც არ უნდა ექსპლუატირებული იყო, შენ არ ხარ ეს სამუშაო. დღეს შეიძლება იყო ფოსტალიონი, ხვალ ტაქსის მძღოლი. მთავარია, რამდენს მუშაობ და რამდენს გიხდიან.

დიასახლისის შემთხვევაში კი, სიტუაცია თვისობრივად განსხვავებულია. განსხვავება ისაა, რომ ქალს არა მარტო დაევალა საშინაო საქმის შესრულება, არამედ ეს ვალდებულება ტრანსფორმირდა ქალის ფიზიკური და პიროვნული მოცემულობის ბუნებრივ მახასიათებლად, შინაგან მოთხოვნილებად, მისწრაფებად, რომელიც თითქოს ჩვენი შინაგანი, ქალური ბუნებიდან მომდინარეობს. სოციალურ კონტრაქტად აღიარების ნაცვლად, საშინაო შრომა უნდა ქცეულიყო ბუნებრივ მახასიათებლად, იმიტომ რომ კაპიტალის გეგმის საფუძველშივე ამ შრომას ანაზღაურება არ ეწერა. კაპიტალს უნდა დავერწმუნებინეთ, რომ ეს არის ბუნებრივი,  გარდაუვალი და დამაკმაყოფილებელი საქმიანობაც კი, რათა ჩვენთვის აუნაზღაურებელი სამუშაო მისაღები გამხდარიყო. სამაგიეროდ, საშინაო შრომის  აუნაზღაურებლობა გახდა ყველაზე ძლიერი იარაღი იმ ჩვეული შეხედულების გასამყარებლად, რომ საშინაო შრომა არ არის შრომა, რაც ხელს უშლის ქალებს, იბრძოლონ მის წინააღმდეგ, პრივატული, სამზარეულო-საძინებლის კამათებს მიღმა, რომლის დაცინვის საგნად ქცევაზე მთელი საზოგადოება თანხმდება და რითაც ბრძოლის პროტაგონისტი კიდევ უფრო სუსტდება. ჩვენ აღგვიქვამენ როგორც პრეტენზიულ ძუკნებს და არა როგორც მებრძოლ მუშებს.

და მაინც, თუ რამდენად ბუნებრივია დიასახლისობა, კარგად ჩანს იმ ფაქტიდან, რომ საჭიროა სულ მცირე ოცწლიანი  სოციალიზაცია – ყოველდღიური წვრთნა ანაზღაურების არ მქონე დედის მიერ – ქალის ამ როლისათვის შესამზადებლად, მის დასარწმუნებლად, რომ ქმარი და შვილები არის ყველაზე კარგი რამ, რასაც ის ამ ცხოვრებისგან უნდა ელოდოს. ამის მიუხედავად, ეს პროცესი იშვიათად სრულდება წარმატებით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად ვართ გაწვრთნილნი, მხოლოდ ერთეული ქალები არ გრძნობენ თავს მოტყუებულებდ, როდესაც ქორწინების დღის შემდეგ, საკუთარ თავს ჭუჭყიანი ჭურჭლით სავსე ნიჟარასთან აღმოაჩენენ. უმეტეს ჩვენგანს მაინც აქვს ილუზია, რომ სიყვარულის გამო ვქორწინდებით. მრავალი ჩვენგანი აღიარებს, რომ ფულის და უსაფრთხოების გამო ვქორწინდებით; მაგრამ დროა, ცხადი გახდეს, რომ როდესაც ფულის და სიყვარული წილი საკმაოდ მცირეა, სამუშაო, რომელიც გველის უზარმაზარია. ამიტომაც არის, რომ უფროსი ქალები ყოველთვის გვეუბნებიან: „ისიამოვნე თავისუფლებით, სანამ შეგიძლია; იყიდე ყველაფერი, რაც ახლა გსურს…“ მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია ისიამოვნო თავისუფლებით, როდესაც ცხოვრების პირველი დღეებიდან გასწავლიან იყო დამჯერი, მორჩილი, დამოკიდებული და რაც მთავრია, თავი გაწირო და ამისგან სიამოვნებაც კი მიიღო. თუ არ მოგწონს, ეს შენი პრობლემაა, შენი მარცხია, შენი სირცხვილია, შენი არანორმალურობაა.

უნდა ვაღიაროთ, რომ კაპიტალმა საოცარი წარმატებით შეძლო ჩვენი შრომის დამალვა. ქალების ხარჯზე მან ნამდვილი შედევრი შექმნა. საშინაო შრომის ანაზღაურებაზე უარის თქმით და მისი სიყვარულის აქტად ტრანსფორმირებით, კაპიტალმა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. პირველ რიგში, მან თითქმის უფასოდ მიიღო განუზომელი რაოდენობით სამუშაო; მოახერხა, რომ ქალები, ამ შრომის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად მისკენ ისწრაფვოდნენ, თითქოს ეს იყოს საუკეთესო რამ ცხოვრებაში (ჯადოსნური სიტყვები: „კი, ძვირფასო, შენ ნამდვილი ქალი ხარ“). ამავდროულად, კაპიტალმა კაცი მუშების დისციპლინირებაც მოახერხა, გახადა რა მისი ქალი დამოკიდებული მის სამუშაოზე და მის ხელფასზე; დაატყვევა რა კაცი ამგვარ წესრიგში იმით, რომ ქარხანაში ან ოფისში ამდენი მსახურების შემდეგ, მას მოსამსახურე აჩუქა. რეალურად, ჩვენი, როგორც ქალების როლი, არის ის, რომ აუნაზღაურებელი შრომის მიუხედავად, ვიყოთ ბედნიერები და რაც მთავარია, „მუშათა კლასის“ მოსიყვარულე მსახურები ე.ი. პროლეტარიატის იმ შრის, რომლისთვისაც კაპიტალს მეტი სოციალური ძალაუფლების მიცემა მოუწია. ისევე როგორც ღმერთმა შექმნა ევა ადამის სიამოვნებისათვის, კაპიტალმა შექმნა დიასახლისი კაცი მუშის ფიზიკური, ემოციური და სექსუალური მსახურებისთვის: მისი შვილების გასაზრდელად, მისი წინდების საკემსად, მისი ეგოს საამებლად, რომელიც სამსახურმა და სოციალურმა ურთიერთობებმა (რომლებიც მარტოობის ურთიერთობებია) დაუმსხვრია. როლი, რომელიც ქალმა კაპიტალისთვის უნდა შეასრულოს მოიცავს ფიზიკური, ემოციური და სექსუალური სერვისების თავისებურ კომბინაციას, რაც მსახურის ისეთ სპეციფიკურ სახეს ქმნის, როგორიც არის დიასახლისი და რაც მის შრომას ასეთ მძიმეს და ამავდროულად, უჩინარს ხდის. შემთხვევითი არ არის, რომ კაცების უმეტესობა ქორწინებაზე ფიქრს პირველი სამსახურის შოვნიდან მალევე იწყებს. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკვე აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა, არამედ იმიტომაც, რომ სახლში ვინმეს ყოლა, ვინც მოგივლის, არის ერთადერთი პირობა, რომ არ გაგიჟდე კონვეიერთან ან სამუშაო მაგიდასთან გატარებული დღის შემდეგ. ყველა ქალმა იცის, რომ ეს არის ის, რაც უნდა აკეთოს, რათა იყოს ნამდვილი ქალი და ქონდეს „წარმატებული“ ქორწინება. ამ შემთხვევაშიც, რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით უფრო მეტად არის ქალი დამონებული და ეს არ ხდება მხოლოდ ფინანსური სიტუაციის გამო. სინამდვილეში, კაპიტალს ორგვარი პოლიტიკა აქვს – ერთი  მიემართება საშუალო კლასს, მეორე კი პროლეტარ ოჯახებს. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე მარტივ „მაჩოიზმს“ მუშათა კლასის ოჯახებში ვაწყდებით: რაც უფრო მეტ დარტყმას იღებს კაცი სამსახურში, მით მეტად უნდა  გაიწვრთნას ცოლი მათ „შესრუტვაში“ და მით მეტად ეძლევა კაცს საკუთარი ეგოს აღდგენის უფლება ცოლის ხარჯზე. შენ სცემ ცოლს, ანთხევ რისხვას მასზე, როდესაც გაღიზიანებული და გადაღლილი ხარ სამსახურის გამო ან მარცხდები ბრძოლაში (ქარხანაში წასვლა თვისთავად მარცხია). რაც უფრო მეტად მსახურობს კაცი და მეტს უფროსობენ მასზე, მით მეტად უფროსობს ის სახლში. კაცის სახლი მისი სასახლეა… და ცოლმა უნდა ისწავლოს ჩუმად ლოდინი, როდესაც ის [ქმარი] უხასიათოდ არის, უნდა ისწავლოს მისი [ქმრის] ძალების აღდგენა, როდესაც ცუდად არის და სამყაროს აგინებს; გადაბრუნდეს საწოლში, როდესაც ამბობს „დღეს დაღლილი ვარ“ ან იმდენად სწრაფია სექსის დროს, რომ, როგორც ერთმა ქალმა თქვა, ჯობდა ბარემ მაიონეზის ქილასთან გაეკეთებინა ეს.  (ქალები ყოველთვის პოულობდნენ თავის დაცვის ან სამაგიეროს გადახდის საშუალებას, მაგრამ ყოველთვის იზოლირებული, პრივატული გზებით. პრობლემა უკვე ამ ბრძოლის სამზარეულოდან და საძინებლიდან ქუჩებში გადმოტანა ხდება).

თაღლითობას, რომელიც სიყვარულის და ქორწინების სახელით ხორციელდება, ყველა ჩვენგანზე აქვს გავლენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ვართ დაქორწინებულები, რადგან როგორც კი საშინაო შრომა სრულებით ნატურალიზდება და სექსუალიზდება, როგორც კი ეს ხდება ქალური მახასიათებელი, ყოველი ჩვენგანი, როგორც ქალი, მისით განვისაზღვრებით. თუ რაღაცების კეთება ბუნებრივია, ყველა ქალის მიმართ ჩნდება მოლოდინი, რომ ისიც იმავეს გააკეთებს და მოეწონება კიდეც ამის კეთება – იმ ქალების მიმართაც კი, რომლებმაც საკუთარი სოციალური პოზიციის წყალობით, შეძლეს ნაწილობრივ ან სრულად დაეღწიათ თავი ასეთი სამუშაოსგან (მათ ქმრებს საშუალება აქვთ დაიქირაონ მოახლეები და ფსიქოლოგები და მიმართონ განტვირთვის და დასვენების სხვა გზებს). შესაძლოა არ ვემსახურებით ერთ კაცს, მაგრამ მოსამსახურის პოზიციაში ვრჩებით კაცების მთელი სამყაროს მიმართ. ამიტომაც არის ქალად ცნობა ასეთი სამარცხვინო და დამამცირებელი რამ. (ყველა კაცს, იქნება ის შენი ქმარი, კაცი, რომელიც ბილეთს გართმევს, თუ უფროსი სამსახურში, შეუძლია თავს უფლება მისცეს, რომ გკითხოს „გაიღიმე ძვირფასო, რა გჭირს?“)

რევოლუციური პერსპექტივა

თუკი მსჯელობას ამ ანალიზით დავიწყებთ, დავინახავთ საშინაო შრომის ანაზღაურების მოთხოვნის რევოლუციურ მნიშვნელობას. ეს არის მოთხოვნა, სადაც მთავრდება ჩვენი ბუნება  და იწყება ჩვენი ბრძოლა, რადგან უბრალოდ გინდოდეს საშინაო შრომის ანაზღაურება ნიშნავს, უარის ამბობდე ასეთ შრომაზე, როგორც ჩვენი ბუნების გამოვლინებაზე და შესაბამისად, უარს ამბობდე ქალურ როლზე, რომელიც კაპიტალმა ჩვენთვის გამოიგონა.

საშინაო შრომისთვის ანაზღაურების მოთხოვნა თავისთავად საფუძველს გამოაცლის მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებას ჩვენს მიმართ აქვს, ვინაიდან ეს მოლოდინები – ჩვენი სოციალიზაციის არსი – მხოლოდ შინ ჩვენი აუნაზღაურებელი მდგომარეობის შემთხვევაში ფუნქციონირებენ. ამ გაგებით, აბსურდულია შეადარო ქალების ბრძოლა ანაზღაურებისათვის კაცების ქარხანაში ბრძოლას მეტი ანაზღაურებისთვის. როდესაც ანაზღაურების მქონე მუშა იბრძვის მეტი ანაზღაურებისათვის, ის ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ სოციალურ როლს, მაგრამ რჩება მის შიგნით. როდესაც ჩვენ ვიბრძვით ანაზღაურებისათვის, ჩვენ ცალსახად და პირდაპირ ვიბრძვით ჩვენი სოციალური როლის წინააღმდეგ. ისევე როგორც, არსებობს ხარისხობრივი განსხვავება ანაზღაურებადი მუშის და მონის ბრძოლებს შორის, ვინაიდან ანაზღაურების მოთხოვნით ის იბრძვის საკუთარი მონობის წინააღმდეგ. თუმცა, ცხადი უნდა იყოს ის, რომ როდესაც ჩვენ ვიბრძვით ანაზღაურებისათვის, ჩვენ არ გვინდა შევიდეთ კაპიტალისტურ ურთიერთობებში, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვართ მის გარეთ. ჩვენ ვცდილობთ ჩავშალოთ კაპიტალის მიერ ქალებისათვის განსაზღვრული გეგმა, რაც წარმოადგენს მუშათა კლასის შიგნით შრომის დანაწილებისა და  სოციალური ძალაუფლების ძირითად ასპექტს, რომლითაც კაპიტალი ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას. სწორად ამიტომ, ანაზღაურება

 საშინაო შრომისათვის არის რევოლუციური მოთხოვნა არა იმიტომ, რომ ის თავისთავად ანადგურებს კაპიტალს, არამედ იმიტომ, რომ ის თავს ესხმის კაპიტალს და აიძულებს მას მოახდინოს სოციალური ურთიერთობების რესტრუქტურიზაცია იმ პირობებით, რომლებიც უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის და შედეგად, უფრო ხელსაყრელია კლასის ერთიანობისათვის. სინამდვილეში, საშინაო შრომისათვის ანაზღაურების მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გადაგვიხდიან, ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას. ეს სწორედ რომ საწინააღმდეგოს ნიშნავს. იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა ფული საშინაო შრომის სანაცვლოდ, არის მის კეთებაზე უარის თქმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ ანაზღაურების მოთხოვნა  ჩვენს შრომას ხილულს ხდის. ეს აუცილებელი პირობაა ბრძოლის დასაწყებად საშინაო შრომის, როგორც მისი უშუალო ასპექტის, და ფემინურობის, როგორც მისი უფრო ვერაგული მახასიათებლის წინააღმდეგ.

„ეკონომიზმში“ დადანაშაულების საპასუხოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ფული კაპიტალია, ესე იგი ის არის შრომის განკარგვის ძალაუფლება. შესაბამისად, იმ ფულის დასაკუთრება, რომელიც ჩვენი, ჩვენი დედების და ბებიების შრომის ნაყოფია, ამავდროულად ნიშნავს კაპიტალის ძალაუფლების შესუსტებას, განკარგოს ჩვენი იძულებითი შრომა. და ჩვენ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი რომ ანაზღაურება მოახდენს ჩვენი ქალურობის დემისტიფიკაციას და გახდის ხილვადს ჩვენ შრომას – ჩვენს ქალურობას, როგორც შრომას, – ვინაიდან აუნაზღაურებლობა საკმაოდ ძლიერია ამ როლის ფორმირებასა და ჩვენი შრომის დაფარვაში. მოითხოვო ანაზღაურება საშინაო შრომისთვის ნიშნავს, გახადო ხილვადი ჩვენი გონება, სხეულები და ემოციები, რომლებიც დამახინჯდა სპეციფიკური ფუნქციის შესრულების მიზნით და შესრულების გამო, და შემდეგ წარმოგვიდგა როგორც მოდელი, რომელსაც ყველა უნდა შევესაბამებოდეთ, თუკი გვსურს მისაღები ვიყოთ, როგორც ქალები ამ საზოგადოებაში.

იმის თქმა, რომ გვინდა ანაზღაურება საშინაო საქმისათვის, ნიშნავს იმის გამხელას, რომ საშინაო შრომა უკვე წარმოადგენს ფულს კაპიტალისთვის, რომ კაპიტალი აკეთებდა და აკეთებს ფულს ჩვენი მზარეულობით, ღიმილით, სექსით. ამავე დროს, ეს ცხადყოფს, რომ წლების განმავლობაში, ვამზადებდით საჭმელს, ვიღიმოდით და გვქონდა სექსი არა იმიტომ, რომ  ეს  ჩვენ უფრო გვიადვილდებოდა, ვიდრე ვინმე სხვას, არამედ იმიტომ, რომ არ გვქონდა სხვა არჩევანი. ჩვენი სახეები დამახინჯდა ამდენი ღიმილისგან, ჩვენი გრძნობები დაიკარგა ამდენი სიყვარულისგან, ჩვენმა გადაჭარბებულმა სექსუალიზაციამ სრულიად დესექსუალიზებულები დაგვტოვა.

ანაზღაურება საშინაო შრომისთვის მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ მისი მესიჯი ცხადია: დღეიდან უნდა გადაგვიხადონ იმიტომ, რომ როგორც ქალები, აღარაფრის გარანტიას ვიძლევით. ჩვენ გვსურს, ვუწოდოთ შრომა იმას, რაც შრომაა, რათა შანსი მოგვეცეს თავიდან აღმოვაჩინოთ თუ რა არის სიყვარული და შევქმნათ ის, რაც გახდება ჩვენი სექსუალობა, რომელსაც არასდროს ვიცნობდით. შრომის ამგვარი აღქმის შედეგად, შევძლებთ მოვითხოვოთ არა ერთი ხელფასი, არამედ მრავალი ხელფასები, იმიტომ რომ ჩვენ გვაიძულებენ ერთდროულად შევასრულოთ მრავალი სამუშაო. ჩვენ ვართ მოახლეები, მეძავები, ექთნები, ფსიქოლოგები; ეს არის „გმირი“ მეუღლის არსი, რომელსაც ზეიმობენ „დედის დღეზე“. ჩვენ ვამბობთ: შეწყვიტეთ ჩვენი ექსპლუატაციის, ჩვენი მოჩვენებითი ჰეროიზმის ზეიმი. დღეიდან, ჩვენ გვინდა ფული მისი თითოეული წამისთვის, რათა შევძლოთ უარი ვთქვათ მის ნაწილზე, ბოლოს კი სრულებით უარი ვთქვათ მასზე. ამ კუთხით არაფერი იქნება იმის ჩვენებაზე ეფექტური, რომ ჩვენს ქალურ ღირსებებს აქვს დათვლადი ფულადი ღირებულება, დღემდე მხოლოდ კაპიტალისთვის, რომელიც ჩვენს მარცხთან ერთად იზრდებოდა, დღეიდან კი – კაპიტალის წინააღმდეგ, იმდენად, რამდენადაც მოვახერხებთ ძალების ორგანიზებას.

ბრძოლა სოციალური სერვისებისთვის

ეს არის ყველაზე რადიკალური პერსპექტივა, რომელიც შეგვიძლია დავისახოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია მოვითხოვოთ ყველაფერი – საბავშვო ბაღები, შრომის თანაბარი ანაზღაურება, უფასო სარეცხი მანქანები – ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ რეალურ ცვლილებებს ჩვენი ქალური როლის საფუძვლებზე თავდასხმის გარეშე. ჩვენი ბრძოლა სოციალური სერვისებისათვის, ე.ი. უკეთესი სამუშაო პირობებისათვის, ყოველთვის პრობლემური გახდება, თუ დასაწყისშივე არ დავადგენთ, რომ ჩვენი შრომა არის შრომა. თუ არ ვიბრძოლებთ მისი ტოტალურობის წინააღმდეგ, ვერ მივაღწევთ გამარჯვებებს მის ცალკეულ გამოვლინებებთან. ჩვენ წავაგებთ ბრძოლას უფასო სარეცხი მანქანებისთვის, თუ არ ვიბრძოლებთ იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ მხოლოდ უსასრულო შრომის ფასად შეგვიძლია სიყვარული, რაც დღითიდღე ასახიჩრებს ჩვენს სხეულებს, ჩვენს სექსუალობას, ჩვენს სოციალურ ურთიერთობებს; თუ თავი არ დავაღწიეთ შანტაჟს, რომლითაც ჩვენი მოთხოვნილება, გავცეთ და მივიღოთ სიყვარული, გვიტრიალდება ჩვენსავე საწინააღმდეგოდ მუშაობის ვალდებულებად, რის გამოც, მუდმივად ვგრძნობთ გულისწყრომას ჩვენი ქმრების, ბავშვების, მეგობრების მიმართ და დანაშაულის გრძნობას ამ გულისწყრომის გამო. მეორე სამსახურის შოვნა არ ცვლის ამ როლს, რასაც ადასტურებს სახლის გარეთ ქალების მუშაობა წლობით. მეორე სამსახური არა მხოლოდ ზრდის ექსპლუატაციას, არამედ თავიდან აწარმოებს ჩვენს როლს სხვა ფორმებით. სადაც არ უნდა გავიხედოთ, ვხედავთ, რომ სამუშაოები, რომლებსაც ქალები ასრულებენ, დიასახლისის მდგომარეობის უბრალო გაგრძელებებია, ყველა მისი მნიშვნელობით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არამხოლოდ ვხდებით ექთნები, მოახლეები, მასწავლებელები, მდივნები – ყველა იმ ფუნქციის შემსრულებლები, რაც კარგად დავისწავლეთ სახლში – არამედ ზუსტად იმ მოცემულობაში ვრჩებით, რომელიც აფერხებს ჩვენს ბრძოლას სახლში: იზოლაცია; ის, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება ჩვენზეა დამოკიდებული; იმის დანახვის შეუძლებლობა, თუ სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი სამუშაო; სად მთავრდება ჩვენი სამუშაო და იწყება ჩვენი სურვილები. უფროსისათვის ყავის მიტანა და მის საოჯახო პრობლემებზე საუბარი მდივნის სამსახურის ნაწილია თუ ნებაყოფლობითი დახმარება? ის ფაქტი, რომ უნდა ვინერვიულოთ ჩვენი გარეგნობის გამო სამსახურში, სამუშაო პირობაა თუ ჩვენი ქალური პატივმოყვარეობის შედეგი? (არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შეერთებულ შტატებში სტიუარდესებს პერიოდულად წონიდნენ და მუდმივ დიეტაზე ამყოფებდნენ – წამება, რომელიც ყველა ქალისთვის ნაცნობია – სამსახურიდან გათავისუფლების შიშით). როგორც ხშირად უთქვამთ, „როდესაც ანაზღაურებადი სამუშაო ბაზარი ქალს ითხოვს, მას შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო ფემინურობის დაკარგვის გარეშე“, რაც უბრალოდ ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ, მაინც მუტელი ხარ.

რაც შეეხება შინ შრომის შემოთავაზებულ სოციალიზაციას და კოლექტივიზაციას, რამდენიმე მაგალითი საკმარისი იქნება ამ ალტერნატივებსა და ჩვენს პრესპექტივას შორის ხაზის გასავლებად. ერთია, შევქმნათ ისეთი საბავშვო ბაღები, როგორიც გვინდა და სახელმწიფოს მოვთხოვოთ მისი ხარჯების დაფარვა; მეორეა, მივუყვანოთ სახელმწიფოს ჩვენი ბავშვები და ვთხოვთ მას მათი კონტროლი, დისციპლინირება, სწავლება, ამერიკის დროშის პატივისცემა არა 5, არამედ 15 და 24 საათის განმავლობაში. ერთია, ორგანიზდე კომუნალურად იმის გარშემო, თუ როგორი კვება გინდა (ცალკე თუ ჯგუფურად) და სახელმწიფოს სთხოვო დაფაროს მისი ხარჯები და სრულიად საწინააღმდეგოა, სახელმწიფოს სთხოვო დააორგანიზოს ჩვენი სადილები. ერთ შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ გარკვეულ კონტროლს ჩვენს ცხოვრებაზე, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლს ვავრცელებთ საკუთარ თავზე.

ბრძოლა საშინაო შრომის წინააღმდეგ

ზოგიერთი ქალი ამბობს: როგორ შეიძლება საშინაო შრომის ანაზღაურებამ შეცვალოს ჩვენი ქმრების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ? განა ისინი უწინდებურად არ მოითხოვენ იგივე მოვალეობების შესრულებას და უფრო მეტსაც კი, რადგან ახლა უკვე გვიხდიან? მაგრამ ეს ქალები ვერ ხედავენ, რომ მათ მოლოდინებს სწორედ ჩვენი შრომის აუნაზღაურებლობა განაპირობებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს „ქალის საქმეა“ და ეს ჩვენგან ბევრ ძალისხმევას არ ითხოვს. კაცებისთვის ჩვენი სამუშაო მისაღები და სასიამოვნოა იმიტომ, რომ მათ საშინაო შრომა ადვილ საქმიანობად ეჩვენებათ. საქმიანობად, რომელიც ჩვენც გვსიამოვნებს, იმიტომ რომ ამას მათი სიყვარულის გამო ვაკეთებთ. ისინი, ფაქტობრივად, მადლიერებას ელიან ჩვენგან, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვენზე ქორწინებით ან ჩვენთან ცხოვრებით მოგვცეს შესაძლებლობა, გამოვხატოთ საკუთარი თავები, როგორც ქალებმა (ე.ი. ვემსახუროთ მათ): „გაგიმართლა, რომ ჩემნაირი კაცი იპოვე“. მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცები დაინახავენ ჩვენს შრომას, როგორც შრომას – ჩვენს სიყვარულს, როგორც შრომას – და რაც მთავარია ჩვენს განზრახვას, უარი ვთქვათ ორივეზე, ისინი შეცვლიან დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ. როდესაც ასობით და ათასობით ქალი ქუჩაშია გამოსული და ამბობს, რომ უსასრულო ლაგება, მუდმივი ემოციური მზაობა,  სექსი მოთხოვნისთანავე სამსახურის დაკარგვის შიშით არის მძიმე, საძულველი სამუშაო, რომელიც ცხოვრებას გვაკარგვინებს, მათ შეეშინდებათ და თავს დამცირებულად იგრძნობენ, როგორც კაცები. მაგრამ ეს საუკეთესოა, რაც შეიძლება მოხდეს მათი გადმოსახედიდანაც, იმიტომ რომ იმ სტრატეგიის გამოაშკარავებით, რომლითაც კაპიტალი გვყოფდა (კაპიტალმა მათი დისციპლინირება ჩვენით, ჩვენი კი მათი საშუალებით მოახდინა, ერთმანეთი ერთმანეთის წინააღმდეგ), ჩვენ – მათი დასაყრდენები, მათი მონები, მათი ბორკილები – ვიწყებთ მათი გათავისუფლების პროცესს. ამ აზრით, საშინაო შრომის სანაცვლოდ ანაზღაურების მოთხოვნა ბევრად უფრო საგანმანათლებლო იქნება, ვიდრე იმის მტკიცების მცდელობა, რომ ჩვენც ისევე კარგად შეგვიძლია მუშაობა, როგორც მათ და რომ ჩვენც შეგვიძლია შევასრულოთ იგივე სამუშაოები. ამ ღირებულ ძალისხმევას „კარიერისტ ქალს“ ვუტოვებთ, ქალს, რომლმაც თავი დააღწია ჩაგვრას არა ერთიანობის და ბრძოლის ძალით, არამედ ბატონის ძალაუფლების და ჩაგვრის – ჩვეულებრივ, სხვა ქალების ჩაგვრის – ძალით. არ გვჭირდება დავამტკიცოთ, რომ „ლურჯ საყელოიანთა ბარიერის გარღვევა“ შეგვიძლია. ბევრმა ჩვენგანმა დიდი ხნის წინ გაარღვია ეს ბარიერი და აღმოაჩინა, რომ მუშის სპეცტანსაცმელს ჩვენთვის იმაზე მეტი ძალაუფლება არ მოუტანია, ვიდრე წინსაფარს; შესაძლოა ნაკლებიც კი, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ორივეს ვატარებთ და ნაკლები დრო და ენერგია გვრჩება მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. სინამდვილეში კი, რაც უნდა დავამტკიცოთ, არის ჩვენი შესაძლებლობა გამოვააშკარავოთ ის, რასაც უკვე ვაკეთებთ, რასაც კაპიტალი გვიკეთებს და ჩვენი ძალა, ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, ბევრ ქალს, განსაკუთრებით მარტოხელა ქალებს, საშინაო შრომისათვის ანაზღაურების მოთხოვნის პერსპექტივა აშინებთ, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ ერთი წამითაც კი იდენტიფიცირდნენ როგორც დიასახლისები. მათ იციან, რომ ეს არის ყველაზე უსუსური პოზიცია საზოგადოებაში და ამიტომ არ სურთ გაიაზრონ, რომ ისინიც დიასახლისები არიან. სწორედ ეს არის მათი სისუსტე. სისუსტე, რომელიც შენარჩუნებული და განმტკიცებულია თვითიდენტიფიკაციის ნაკლებობით. ჩვენ გვსურს და ვალდებულები ვართ, განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველანი დიასახლისები ვართ, ჩვენ ყველანი მეძავები ვართ და ჩვენ ყველანი ჰომოსექსუალები ვართ, იმიტომ რომ სანამ არ ამოვიცნობთ მონობას, ვერ ამოვიცნობთ ჩვენს  ბრძოლას მის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სანამ ვფიქრობთ, რომ არის რაღაც უკეთესი, რაღაც განსხვავებული, ვიდრე დიასახლისობა, ჩვენ ვიღებთ ბატონის ლოგიკას, რაც გაყოფის ლოგიკაა და ჩვენთვის მონობის ლოგიკას უდრის. ყველანი დიასახლისები ვართ, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს სად ვართ: მათ ყოველთვის ექნებათ მოლოდინი, რომ ჩვენგან მეტ სამუშაოს მიიღებენ; მეტ შიშს ამოიკითხავენ ჩვენი მოთხოვნების დაყენებისას და ნაკლებ წნეხს განიცდიან გადაიხადონ ფული, რადგან იმედი ექნებათ, რომ  ჩვენი გონება სხვაგან არის მიმართული – კაცზე, ჩვენს აწმყოში ან მომავალში, რომელიც „იზრუნებს ჩვენზე“.

და მოვატყუებთ საკუთარ თავსაც, თითქოს შეგვიძლია თავი დავაღწიოთ საშინაო შრომას. კი მაგრამ, რამდენმა ჩვენგანმა დააღწია მას თავი სახლის გარეთ მუშაობის მიუხედავად? და ნუთუ ასე ადვილად შეგვიძლია უგულებელვყოთ კაცთან ცხოვრების იდეა? რა მოხდება თუ სამსახურს დავკარგავთ? რას ვფიქრობთ სიბერეზე და იმ მინიმალური ძალაუფლების დაკარგვაზეც კი, რასაც ახალგაზრდობა (პროდუქტიულობა) და მიმზიდველობა (ქალური პროდუქტიულობა) გვანიჭებს დღეს? რას ვფიქრობთ ბავშვებზე? იქნებ ოდესმე ვინანოთ კიდეც მათი არ ყოლის გადაწყვეტილება, ან ამ კითხვის რეალურად დასმის შეუძლებლობა? ვაძლევთ თავს გეი ურთიერთობების უფლებას? შეგვიძლია სავარაუდო იზოლაციის და ექსკლუზიის ფასის გადახდა? მაგრამ ამასთან, შეგვიძლია კი მართლა მივცეთ თავს კაცებთან ურთიერთობის უფლება?

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ არის ეს ყოველივე ჩვენი ერთადერთი ალტერნატივა და როგორი სახის ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ მათ გადასალახად?

 

ნიუ იორკი, გაზაფხული 1974

თარგმანი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

—————————————————-

  • იგულისხმება, სექსზე, როგორც ემოციურ და ფიზიკურ შრომაზე უარის თქმა, მისი არშესრულება.