“აუდიტორია 115”-ის წევრების მიმართ შსს-ს და სუს-ის გენერალურმა ინსპექციებმა სამსახურებრივი გადაცდომა არ დაადგინა

12993355_545028569012968_8088159867995544029_n

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)”, “აუდიტორია 115”-ის წევრების წერილობითი ახსნა-განმარტებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 22 აპრილს, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურ ინსპექციებს თანამშრომლების საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით.

განცხადებას თან ერთვოდა სტუდენტების: ირაკლი კუპრაძის, დეა მინაძისა და ნათია ქარჩილაძის ახსნა-განმარტებები, რომელშიც სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროტესტის გააქტიურების ფონზე მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ ზეწოლაზე მიუთითებდნენ.

მიმდინარე თვის დასაწყისში, შსს-სა და სუს-ის გენერალური ინსპექციებიდან მიღებული შაბლონური და დაუსაბუთებელი პასუხიდან ირკვევა, რომ ჩატარებულმა მოკვლევამ არც ერთ საქმეში სამსახურებრივი გადაცდომა არ დაადგინა. წარმოდგენილი წერილის მინიმალისტური და შაბლონური ხასიათიდან გამომდინარე, განმცხადებლებისთვის უცნობია, რა ღონისძიებები განახორციელდა გენერალური ინსპექციების მიერ, რა მტკიცებულებების მოპოვება მოხერხდა და რის საფუძველზე იქნა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული.

  1. საქმის განხილვა სუს-ის გენერალურ ინსპექციაში

ვინაიდან, ნათია ქარჩილაძის ახსნა-განმარტებით, მუქარის ინიციატორი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე გახლდათ, სამსახურებრივი შემოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. EMC-ის მიერ განცხადების წარდგენიდან ორი კვირის შემდეგ, ნათია ქარჩილაძე დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალურ ინსპექციაში, სადაც მას EMC-ის იურისტის თანდასწრებით გაესაუბრნენ, ჩამოართვეს ახსნა-განმარტება და შეადგინეს შესაბამისი ოქმი.

მიმდინარე წლის პირველ ივნისს კი, EMC-ის მიიღო შეტყობინება, რომ გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით ნათია ქარჩილაძის ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებულ ფაქტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რაიმე ფორმით მონაწილეობა არ დადასტურდა და შესაბამისად, სამსახურის მოსამსახურეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წერილი არ მოიცავდა შესაბამის დასაბუთებასა და იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას, რომლებსაც დაეყრდნო გენერალური ინსპექცია გადაწყვეტილების მიღებისას.

  1. საქმის განხილვა შსს-ს გენერალურ ინსპექციაში

დეა მინაძე და ირაკლი კუპრაძე თავიანთ ახსნა-განმარტებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ განხორციელებულ უკანონო ღონისძიებებზე საუბრობდნენ. შესაბამისად, მათი განცხადებების საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უნდა დაეწყო.

მიუხედავად EMC-ის მიმართვისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ირაკლი კუპრაძისა და დეა მინაძის საქმეებზე რეაგირება დიდი ხნის განმავლობაში არ მოუხდენია. გენერალური ინსპექციის ინერტულობის გამო, EMC-იმ ხელახლა მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა ინფორმაცია მათ მიერ, ა.წ. 22 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, მიღებული ზომებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ა.წ. 8 ივნისით დათარიღებული ერთწინადადებიანი, დაუსაბუთებელი წერილით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  შეგვატყობინა, რომ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით შს სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა. წერილი არ მოიცავდა მითითებებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც დაეყრდნო გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას განმცხადებლები (დეა მინაძე, ირაკლი კუპრაძე) გასაუბრებაზე, ახსნა-განმარტებების მისაღებად არ დაუბარებია. ამდენად უცნობია, რა ზომები მიიღო და რა ღონისძიებები გაატარა შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 22 აპრილის განცხადებაში მითითებული გარემოებების მოკვლევის მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას განმცხადებლები და მათი წარმომადგენლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გაეცნონ გენერალური ინსპექციების მიერ განხორციელებულ კონკრეტულ  ღონისძიებებსა და საქმესთან დაკავშირებულ მასალებს. ამდენად, ჩვენთვის უცნობია რამდენად მოხდა ყველა იმ მტკიცებულების მოპოვება, რაც საქმის სწორი შეფასების საშუალებას მისცემდა გენერალურ ინსპექციას. EMC-მ მიმართა შესაბამის უწყებებს და მოითხოვა საქმის მასალების, ოქმებისა და შემაჯამებელი დასაბუთებული გადაწყვეტილებების (არსებობის შემთხვევაში) ასლების გადმოცემა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაზარალებულის ან/და განმცხადებლის მსგავსი საპროცესო უფლებით აღჭურვის შესახებ კანონმდებლობა არაფერს ამბობს. შესაბამისად, დაზარალებულს/განმცხადებელს ჩატარებულ სამსახურებრივ შემოწმებაზე კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტი არ გააჩნია. დაურეგულირებელია გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობაც. კანონით ასევე არ არის განსაზღვრული სამსახურის ვალდებულება განმცხადებელს/დაზარალებულს ამომწურავად აცნობოს საქმის მოკვლევის მიმდინარეობისას გამოკვეთილი გარემოებები და არგუმენტები, რასაც მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება. იმ პირობებში, როდესაც კრიტიკულად დგას თავად გენერალური ინსპექციების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და სამსახურის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირების საკითხი (სამსახურის ხელმძღვანელები პირადად წყვეტენ გენერალური ინსპექციების დაკომპლექტების საკითხსა და ინსპექციებიც სწორედ მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებული), კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების მექანიზმის ეფექტურობა. ამ რისკებს ვერ აბალანსებს ადეკვატური საპროცესო გარანტიები, რამდენადაც განმცხადებელი/დაზარალებული არ სარგებლობს მინიმალური შესაძლებლობითაც კი, რომ მონიტორინგი გაუწიოს საქმის შესწავლის მიმდინარეობას.

EMC შსს-სა და სუს-ის გენერალური ინსპექციებიდან ელოდება პასუხს საქმის მოკვლევის მასალებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ”აუდიტორია 115”-ის წევრებთან ერთად განისაზღვრება შემდგომი სამოქმედო  ნაბიჯები.