EMC-მ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობაზე

 

emc_into_post

2016 წლის 23 ივნისს EMC-მ საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკითხზე. ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს “მედიის განვითარების ფონდის” კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც სასამართლო აქტებში პირების ვინაობისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის განურჩევლად და უპირობოდ დაშტრიხვას შეეხება.

EMC მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი არღვევს პროპორციულობის პრინციპს შემდეგ გარემოებათა გამო:

  • კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას სრულად ზღუდავს არათანაზომიერი სიკეთის დაცვის მიზნით და მიზნის მისაღწევად იყენებს არათანაზომიერად შემზღუდველ საშუალებას;
  • პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესს ავტომატურად უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით, მიუხედავად ინფორმაციის მიმართ საჯარო ინტერესის არსებობისა;
  • შეზღუდვით დაცული სიკეთე არ აღემატება დემოკრატიულ სახელმწიფოში ინფორმაციის თავისუფლებით გარანტირებულ სიკეთეს და ინფორმაციის თავისუფლება იმაზე მაღალი ხარისხით იზღუდება, რაც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის;
  • სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ღიაობისა და საქვეყნოობის იმ სტანდარტს, რაც სასამართლო სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით არის დადგენილი. შესაბამისად, გამხელისგან იცავს მედიის მიერ ერთხელ უკვე გასაჯაროებულ ფაქტებს, რაც სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

EMC-ის მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ზღუდავს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რამდენადაც პერსონალური მონაცემების დაცვას ავტომატურ უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება საზოგადოებაში დისკუსია და აზრთა მიმოცვლა საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე, სასამართლო გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობაზე, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, რაც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციის მიღების უფლების ამგვარი შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არათანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, რადგან არ ტოვებს შესაძლებლობას, შეფასდეს საჯარო ინტერესის არსებობა ცალკეული სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ.

ვფიქრობთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების სრულყოფილი სახით გაცემის ამგვარი ბლანკეტური აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას, რადგან შეუძლებელს ხდის საზოგადოების ინფორმირებას, დისკუსიასა და ღია მსჯელობას იმგვარ საკითხებზე, რაც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

ამასთან EMC-ის მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია წინააღმდეგობრივი ნორმატიული რეალობა: ერთი მხრივ, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლო გადაწყვეტილებების ასლის გაცემის ბლანკეტური აკრძალვა და მეორე მხრივ, სასამართლო სხდომების საჯაროობა, მათი გაშუქება მედია-საშუალებების მიერ და პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.

ამ პირობებში, ვფიქრობთ, რომ სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს პირადი ცხოვრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, რადგან კანონმდებლის მიერ მიღებულია იმგვარი ზომა,  რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების სრული სახით მიღება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღების უფლების ამგვარი არათანაზომიერი შეზღუდვა გამოუსადეგარი და არაპროპორციულია, რადგან სასამართლო სხდომების საქვეყნოობა, მედიის მიერ მათი გაშუქება და გადაწყვეტილების საჯარო გამოცხადება პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას გულისხმობს, შესაბამისად, ერთხელ გამჟღავნებული პერსონალური მონაცემების შემდგომში დაფარვის სამართლებრივი ინტერესი აღარ არსებობს.