“პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს მიმართავენ

13339626_1102858179771203_4256994453807677528_n

გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა5 ივლისს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი,  ქალაქ თბილისის გენერალური გეგმების იმ ნაწილების სამართლებრივი შედეგების გაუქმების მოთხოვნით, რომელიც ქალაქ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონის უგულებელყოფის შედეგად, თბილისის ისტორიული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კანონით აკრძალულ, მასიურ განაშენიანებას უშვებს, როგორიცაა ბიზნეს კომპლექსი „პანორამა თბილისი“.

„პანორამა თბილისის“ განხორციელება არა ერთი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტის აზრით მთლიანად ანადგურებს ქალაქ თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს, რაც ქალაქის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან,  ბუნებრივი და კულტურული გარემოთი სარგებლობის შესახებ.

სარჩელის არგუმენტები ეფუძნება ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ მიერ განხორციელებულ სამართლებრივ კვლევას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეისწავლეს ქალაქგეგმარების დარგში ქართული კანონმდებლობისა და შესაბამისი პრაქტიკის ურთიერთმიმართება იმ მიზნით, რომ დაედგინათ, როგორ გახდა შესაძლებელი პროექტისათვის “პანორამა თბილისი” მშენებლობის ნებართვების გაცემა და ფართომასშტაბიანი მშენებლობის დაშვება მკაცრი დაცვის ისტორიულ ზონებში.

კვლევამ გამოავლინა:

  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 2009 წლიდან დღემდე უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების დამდგენი დოკუმენტი.
  • 2009 და 2014 წლებში მიღებულ ქალაქ თბილისის არც ერთ გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ქალაქ თბილისისათვის დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონის- ქ.თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა;
  • იმ ფაქტმა რომ ქ. თბილისის გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა, ქალაქის მუნიციპალიტეტს მისცა საშუალება, მშენებლობები დაეშვა განაშენიანებისათვის კანონით აკრძალულ ზონებში.
  • ისტორიული დაცვის ზოგადი ზონის გაუჩინარების შედეგად, გენერალურ გეგმებში ამ ტერიტორიებზე დარჩენილი ფუნქციური ზონები ზედმეტი დაბრკოლების გარეშე ხდებოდა ქალაქის მუნიციპალური ორგანოების ცვლის ობიექტი. დადგენილი ზონების უგულებელყოფით, ქალაქის მუნიციპალურმა ორგანოებმა მიიღეს დაცვის ზონისგან თავისუფალი ტერიტორიები, სადაც დასაშვები გახდა მასშტაბური მშენებლობები.
  • ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის შესაბამისი რეჟიმებით დადგენილი რეგულირების თავიდან აცილებითაა გაცემული მშენებლობის ნებართვები პროექტისათვის “პანორამა თბილისი”.

კვლევა შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინქზე ან  წაიკითხოთ ონლაინ.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინიციატივა საჯარო სივრცისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

მწვანე ალტერნატივა;

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო;

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები.

 

ხელმომწერი პირები:

პარტიზანული მებაღეობა თბილისი;

თბილისის ჰამქარი;

მწვანე მუშტი.