EMC თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგობრივ და არათანმიმდევრულ განმარტებებს ეხმაურება

300px-თბილისის_საქალაქო_სასამართლოს_ლოგო EMC-მ 2016 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ ის ნორმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარებას ითვალისწინებს, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“ მიჩნეულ იქნა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და არ დაკმაყოფილდა EMC-ის შუამდგომლობა აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა: „განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის N1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი“, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს…სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული აქტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან იგი შეიცავს მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს და შესაბამისად, მისი სოციალური დატვირთვაც უფრო დიდია, ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხის  გადაწყვეტისას ნათელი უნდა იყოს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების აუცილებლობა“.

აღნიშნულის საპირისპიროდ, იმავე მოსამართლის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, საბჭოს წარმომადგენლის მიერ განმეორებით დაყენებული იდენტური შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, მიჩნეული იქნა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და საქმის წარმოება შეწყდა გასაჩივრების ვადის გაშვების გამო სარჩელის დაუშვებლობის მოტივით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილია ერთთვიანი ვადა).

„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი” წარმოადგენს საბჭოს მიერ 2009 წელს დამტკიცებულ წესს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მას შემდეგ დანიშნული ყველა კონკურსი. თავად წესი არის მრავალჯერადი გამოყენების და მიემართება წინასწარ განუსაზღვრელ პირთა წრეს. ამდენად, სამართლებრივი თვალსაზრისით, სრულიად გაუგებარია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული აქტი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეეფასებინა. ცხადია, რომ საბჭოს გადაწყვეტილებისა და მოქმედი კანონმდებლობის ასეთი წინააღმდეგობრივი და სამართლებრივად არამყარი განმარტებით მნიშვნელოვნად იზღუდება მოსამართლეთა შესარჩევ თითოეულ კონკურსში მონაწილე ნებისმიერი პირის უფლება  ამ აქტის ცალკეული დებულებებიდან გამომდინარე უშუალო ზიანის დადგომის შემთხვევაში, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს.

იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეთა შერჩევის სრულყოფილი პროცედურა და კრიტერიუმები საკანონმდებლო დონეზე გაწერილი არ არის და ამ პროცესში საბჭოს ფართო დისკრეცია გააჩნია, ადეკვატური სასამართლო კონტროლის გარეშე ამ პროცესის მომწესრიგებელი ნორმების დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების ინტენსივობას, ასევე ზრდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობის რისკებს.

საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარების პრობლემურობა კიდევ ერთხელ აჩვენა მიმდინარე კონკურსმა, რომლის დროსაც 2016 წლის ივნისში მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან დაიხურა გასაუბრება. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭო მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არ არის ვალდებული განმარტოს ან/და დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე დაკვირვება შერჩევის პროცესის მონიტორინგის პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობაა. გასაუბრების დახურვის და ამ შესაძლებლობის გამორიცხვის პირობებში კი, მოსამართლეთა დანიშვნის უმნიშვნელოვანესი პროცესი ყოველგვარი გარე ზედამხედველობის გარეშე არის დარჩენილი.

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესისა და პროცედურის საკანონმდებლო დონეზე ცხადად და სრულყოფილად რეგულირების საჭიროებას, ასევე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში გამჭვირვალობისა და დასაბუთების ადეკვატური სტანდარტების განსაზღვრას.

საკითხის კრიტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, EMC გეგმავს თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანას.