პოლიციის მხრიდან ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილზე ძალადობის სავარაუდო ფაქტი პროკურატურამ დროულად უნდა გამოიძიოს

13775905_1397653186916732_1833453498517884121_n

2016 წლის 18 ივლისს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC)” დახმარებისთვის მოგვმართა ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და ახლობლებმა. როგორც ცნობილია 2016 წლის 2 ივნისს ქალაქ გორში პოლიციამ დააკავა რამაზ ქოქოშვილი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

ბრალდებულ ქოქოშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან 2 ივნისს ქალაქ გორში რესტორან „დარიალში“ მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს დაახლოებით 23 საათსა და 25 წუთზე  შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ ლომიძეს მიაყენა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლომიძემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. შემთხვევიდან ორი საათის შემდეგ რამაზ ქოქოშვილი დაკავეს  მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაკავების ოქმის მიხედვით ქოქოშვილი ფაქტობრივად დაკავეს 3 ივნისს 01:20 წუთზე. აღნიშნულის შემდეგ იგი 2016 წლის 3 ივნისს დაახლოებით 07:30 საათზე გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მას ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ქოქოშვილს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნაკაწრები და სისხლჩაქცევები შუბლის, თვალების, ცხვირის, იდაყვის მიდამოებში. დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს. დაკავების ოქმში მითითებული მონაცემების მიხედვით მან დაკავების მომენტში სცადა დამკავებელი მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიიყენა თვითდაზიანებები და ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ალეკო თოფჩიშვილს დაკავების ხელშეშლისთვის გაწეული წინააღმდეგობის შედეგად  და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურის ფორმის მაისური.

ბრალდებულ ქოქოშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და იგი დღემდე იმყოფება გლდანის მერვე საპყრობილეში. ქოქოშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს, მიაჩნია, რომ მისი დაკავება და დაპატიმრება არის უკანონო და აღნიშნულის გასაპროტესტებლად დაახლოებით 48-ე დღეა შიმშილობს. უკანონო დაკავებისა და უდანაშაულობის გამო ქოქოშვილის მიერ შიმშილობის ფაქტს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატიც, რომლის წარმომადგენელმაც 2016 წლის 16 ივლისს იგი მოინახულა.

პატიმრობაში მყოფი ქოქოშვილის დამცველი ადვოკატი და ახლობლები ბრალდების ვერსიისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ და მიუთითებენ, რომ რამაზ ქოქოშვილს მის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან არანაირი შემხებლობა არ ააქვს და პირიქით, იგი პოლიციის უკანონო მოქმედებების მსხვერპლია.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 19 ივლისს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ (EMC) ახსნა-განმარტება მისცა შემთხვევის ადგილზე უშუალოდ მყოფმა თვითმხილველმა ლევან ქოქოშვილმა, ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ძმამ. მისი განმარტების მიხედვით ის თავის ძმასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად გორში რესტორან „დარიალში“ იმყოფებოდა, რა დროსაც განვითარდა ინციდენტი ამავე რესტორნის სხვა მაგიდასთან მყოფ მოქალაქე ვლადიმერ შავდათუაშვილთან. ამ უკანასკნელის მიერ ლევან ქოქოშვილისთვის რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. ამ შელაპარაკებით მათ მიიქციეს ამავე რესტორანში მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების ყურადღება, რომელთაგან ერთ-ერთს –  ზურაბ ჩილინგარაშვილს ლევან ქოქოშვილი პირადად იცნობდა. ლევან ქოქოშვილის განმარტებით, მან თავის მეგობრებს ინცინდენტის ამოწურვის მიზნით მოუწოდა რესტორნის დატოვებისკენ და ამით ეს შემთხვევა დასრულდა, რაც მან ასევე შეატყობინა იქვე მდგარ პოლიციელ ზურაბ ჩილინგარაშვილს.

ლევან ქოქოშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი ძმის რამაზ ქოქოშვილის რაიმე შემხებლობას ამ ინციდენტთან და აცხადებს, რომ მას ამ მოვლენებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის ფაქტს მთელი ამ ხნის განმავლობაში ან მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას რესტორნის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს პირები მისი თქმით  პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ და ყველანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ლევან ქოქოშვილის განმარტებით რესტორნიდან ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ რამაზ ქოქოშვილის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც შარტავას ქუჩაზე მათ მიუახლოვდა რამდენიმე მანქანა, რესტორანში მყოფი ნასვამი პოლიციელებით. პოლიციელებმა  ადგილზე მყოფ რამაზ ქოქოშვილის თანმხლებ პირებს დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება. ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, რომ მის ძმას, რამაზ ქოქოშვილს, რამდენიმე თვითმხილველის თანდასწრებით პოლიციამ წიხლების ცემით და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით დაადო ხელბორკილი და ჩასვა მანქანაში. მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში აღნიშნული წინააღმდეგობის გაწევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს დაკავების ოქმში მითითებული ინფორმაცია, თითქოს რამაზ ქოქოშვილმა მიიყენა თვითდაზიანებები, ვინაიდან ეს დაზიანებები გამოწვეულია პოლიციის მუშაკების მხრიდან მის ძმაზე განხორციელებული ძალადობით. ლევან ქოქოშვილის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდა ზურაბ ჩილინგარაშვილი. მისივე განმარტებით, ამ პირების დაკავების შემდეგ დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ისინი გადაიყვანეს გორის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა იქ მიყვანის შემდეგ მას თავისი ძმა არ უნახავს.

ლევან ქოქოშვილის ინფორმაციით, მისი ძმის დაკავების მომენტიდან მეორე დილის 07:30-მდე რამაზ ქოქოშვილი სავარაუდოდ იმყოფებოდა გორში კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელთან ერთად, რომლებიც მას ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დილას კი იგი გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ხაშურში რამაზ ქოქოშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპტერტიზის დასკვნით დასტურდება მის სახესა და კიდურებზე სხვადასხვა დაზიანებების არსებობა.

როგორც ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, ადგილობრივი პოლიცია დაინტერესებული იყო და მუდმივად აკონტროლებდა მის ძმას. ახლობლები გორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ზურაბ ჩილინგარაშვილის პირად დაინტერესებაზეც მიუთითებენ. სამწუხაროდ, ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა მოძიება და სასამართლოსთვის წარდგენა იმ ვიდეო მასალის, რომელიც რესტორნის მიმდებარედ არის განთავსებული და რომლის მეშვეობითაც უკეთ იქნებოდა შესაძლებელი მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა.

ცხადია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიღმა, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი პოლიციელების მითითებები არ წარმოადგენს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და მისი შეუსრულებლობა ვერ ჩაითვლება დაუმორჩილებლობად ან/და წინააღმდეგობის გაწევად. სამწუხაროდ, ბოლო წლებში პოლიციასა და სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს პოლიციელის უტყუარობის პრეზუმფციაზე, რაც მსგავს საქმეებში მკვეთრად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეს.

ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებიდან ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ლომიძე რესტორან „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ინცინდენტის დროს ის იმყოფებოდა რესტორანში სხვა პოლიციელებთან ერთად თუ მოხდა მისი გამოძახება, ასევე რაში გამოიხატა უშუალოდ ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის მიერ წესრიგის დარღვევა და რა გახდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი, რა გარემოებებში მიაყენა პოლიციელს ბრალდებულმა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და კონკრეტულად რაში გამოიხატა ძალადობა, რაც წარდგენილი ბრალის აუცილებელი ელემენტია. ასევე უცნობია, თუკი ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიმალვის მცდელობას, რატომ გადაწყვიტა მან ინციდენტის შემდეგ პირდაპირ საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო. მოცემული საქმის მიმართ კითხვებს აძლიერებს ის მნიშვნელოვანი დაზიანებებიც, რომელიც ბრალდებულს იზოლატორში მიყვანისას აღენიშნებოდა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოვუწოდებთ:

  • საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის დაკავება, ასევე გამოძიოს მის მიმართ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტი;
  • სასამართლომ მოახდინოს საქმეში არსებული გარემოებების სრულყოფილი შეფასება და განუხრელად დაიცვას მტკიცების ტვირთი, რომელიც სწორედ ბრალდების მხარეს ავალდებულებს წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებს პირის დამნაშავეობას;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაგეგმოს და განახორციელოს სისტემური შიდა მონიტორინგი, რომელიც შეისწავლის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების, დანაშაულის პროვოცირების შესაძლო შემთხვევებს;
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, ბრალდებულ ქოქოშვილის შიმშილის ფაქტთან დაკავშირებით უზრუნველყოს იგი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რათა არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.