სახელმწიფოს მიერ დახატული ოჯახი უტოპია და კიჩია

SWAGS_compressed_1920x1280

ინტერვიუ ანა ილურიძესთან (გენდერის და სექსუალობის მკვლევარი, მეცნიერების მაგისტრი, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა)

 

ანა, ერთერთ პუბლიკაციაში აღნიშნავ რომსახელმწიფოდაერიარ არის სექსუალურად ნეიტრალურ კატეგორიები. რას გულისხმობ? 

სახელმწიფოს და ერს აქვთ თავისი, საკუთარი სექსუალობა, რომლის გამოვლინებაც ან რომლის გამოვლინების შეზღუდვაც სახელმწიფოს მიერ ძალის გამოვლინების მთავარი ლოკუსია; ამ საკითხებზე კარგი ნაშრომები აქვს ჯიოტი პურის, ბეგონია არეჩიაგას (ბეგონია არეჩიაგა ბასკი ფემინისტია, რომელიც, ირლანდიის მაგალითზე, სახელმწიფოს სექსუალობას იკვლევდა და ბევრი ისეთი შემთხვევა აქვს შესწავლილი – მაგალითად, ციხეებში პატიმრების გაუპატიურების შემთხვევები – რომელიც საქართველოს კონტესტში ძალიან ზუსტად „გადმოდის“). სახელმწიფო არსობრივად სხვა წარმონაქმნია და სხვაგვარი სექსუალობა გააჩნია, ერი (ნაცია) – სულ სხვაა.

სახელმწიფოს სექსუალობა უფრო ხელშესახები და თვალსაჩინოა: სამხედრო შენაერთები, სახელმწიფოს სხვა ერთეულები ხილულად ფლობენ და ახორციელებენ მასკულინურ ძალაუფლებას (რომელიც, ძალაუფლების მასკულინური ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად ძალადობაშიც გადადის). სახელმწიფო, როგორც მასკულინური კატეგორია, ქმნის და შემდეგ იყენებს დედა სამშობლოს ფანტაზიას (ცნებას), რათა ინდივიდი აფექტური ბმით სახელმწიფოს დაუკავშიროს და მისი პოლიტიკური (სექსუალური) ძალის გამოვლინება შეზღუდოს. ეს ყველაფერი მუშაობს ჰეტერო მატრიცით და იკვებება ინდივიდების მიერ კვლავწარმოებით (ორივე მნიშვნელობით – ბავშვების გაჩენა და ჰეტერონორმატიულობის კვლავწარმოება).

რაც შეეხება ნაციას, ნაცია აბსტრაქტული ცნებაა, რომელიც ჩემთვის არ არსებობს. ნაცია ერთგვარი ფანტაზიაა, ფემინური ფანტაზია, რომლის შექმნაც სახელმწიფოს – მასკულინურ აპარატს სჭირდება, რათა ინდივიდები მიჯაჭვულობის, მიკუთვნებულობის განცდით მიაბას სახელმწიფოს და ამგვარად აკონტროლოს მათი პოლიტიკური ძალა, მათი სექსუალობის გამოვლინება.

დომინანტური ძალაუფლება ხშირად აწარმოებს ბედნიერი, წარმატებული, მრავალშვილიანი ოჯახის სახეხატს. ამის გათვალისწინებით, რას ნიშნავს შენთვისოჯახისცნება? შესაძლებელია მისი სავალდებულო ჰეტეროსექსუალობისგან, მონოგამიისგან, გამრავლების კულტისგან გამიჯვნა

ბედნიერი ჰეტეროსექსუალური ოჯახის ხატი არის ის, რაც კვებავს სახელმწიფოს მიერ წარმოქმნილ ნაციის მითს, ფანტაზიას და ამავდროულად არის ის, რაც ამართლებს სახელმწიფო აპარატის მიერ ჩადენილ ნებისმიერ ძალადობას. ყველაფერი მაინც „შენი ბედნიერი ოჯახის“ დაცვის აუცილებლობით მართლდება, გადაჭარბებული და უთანასწორო ძალადობაც კი. სავალდებულო ჰეტეროსექსუალობისგან, მონოგამიისგან, გამრავლების კულტისგან „ოჯახის“ გამიჯვნა ამ ეტაპზე შეუძლებელი მგონია.

ამ კონტექსტში, საინტერესოა, ერთი სქესის მქონე პირთა ოჯახებს როგორ განიხილავ? წარმოადგენს ეს არსებითად განსხვავებულ სივრცეს?

ერთი სქესის მქონე პირთა თანაცხოვრება, ან სხვდასხვა სქესის მქონე პირთა თანაცხოვრება შეიძლება იყოს რევოლუციური პოტენციალის მატარებელი. აქ მნიშვნელობა ენიჭება უკვე არა თანაცხოვრებას, როგორც რაღაც დროსა და სივრცეში განგრძობად ქმედებას (და იმას, როგორი ბიოლოგიური სქესის ან გენდერული იდენტობის ადამიანები თანაცხოვრობენ), არამედ თვითონ ამ თანაცხოვრების წესებს, სისტემას და დეტალებს. ჩემი აზრით, ნებისმიერი თანაცხოვრება არის თავიდანვე ამ სისტემის ქვეშ მოქცეული (მოდი, დავარქვათ ოჯახის სისტემა, რომელიც სისხლით ნათესაობის მეშვეობით, ძლიერ სექსუალურ მორალობას აყალიბებს). პრინციპში, ნებისმიერი თანაცხოვრება ამისათვის არის განწირული; იგივე ეხება ერთი სქესის მქონე პირთა თანაცხოვრებას; იგივე ეხება მეგობრულ კონკუბინაციებს. აქ უფრო საინტერესო შეიძლება კლასის და რასის (ეთნიკური წარმომავლობის) საკითხი იყოს, და მათი ინტერსექცია, რადგან თანაცხოვრების პრინციპებში განსხვავებამ, მცირე დეტალებმა შეიძლება ოჯახის სისტემა უფრო მეტად შეარყიოს, ვიდრე ორი საშუალო კლასის, თეთრკანიანი, პრივილეგირებული ლესბოსელის თანაცხოვრებამ. მაინც მგონია რომ ახალი ობიექტის ან ახლებურად ობიექტივიზებული სუბიექტის „დამატებით“ სივრცეს უფრო შეზღუდავ. ახალი, განსხვავებული სივრცის შესაქმნელად ობიექტის „ამოშლაა“ საჭირო, შემდეგ კი ბრძოლა და კვლევა ამ ახალი სივრცის უმტკივნეულოდ გაფართოებისთვის უნდა დაიწყოს.

არანორმატიული, განსხვავებული სექსუალობა და ინტიმური ურთიერთობა (ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა, ასექსუალობა, სადომაზოხიზმი, ეთიკური არამონოგამია და ..) ხშირად მიიჩნევაგარდამქმნელად“, რევოლუციური პოტენციის მქონედ. მაგრამ შესაძლებელია ისინი სექსუალური მრავალფეროვნების ერთერთ, რიგით ფორმად წარმოვისახოთ? ეკონომიკურად განვითარებულ საზოგადოებებში სექსუალური მრავალფეროვნებისადმი მიმღებლობის ზრდის ფონზე, რამდენად მყარი დარჩება არადომინანტური სექსუალობის რევოლუციური პოტენციალი? 

მიმღებლობის ზრდის მიუხედავად, სქესისა და გენდერის სისტემა, რომელიც რევოლუციით უნდა გარდაიქმნას, მკვეთრად ჰეტერონორმატიულია. ამავე დროს, თითქმის ყველა „ნაირი“ სექსუალობის ნორმატიზაცია მოხდა დასავლურ სივრცეში; ჩვენ უკვე ვიცით როგორი უნდა იყოს ჰომოსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი – ჩვენ ვიცით როგორ უნდა გავხდეთ კარგი ჰომოსექსუალი, რა სირთულეებია ამ გზაზე და მერე რა შეიძლება „მოვიმკათ“ შედეგად. ამიტომ არაკონფორმული სექსუალობა უბრალოდ პრეფერენციას აღარ ნიშნავს, ეს უფრო შენი ეროსის, ანუ ეროტიული ძალის ამოქმედებას გულისხმობს. ეს შეიძლება, ერთი მხრივ, მოიცავდეს ამ სექსუალობების ჩარჩო-თეორიის – „რეინბოუ თეორიის“ წინააღმდეგ წასვლას: მკაცრად განსაზღვრული და უკვე ნაციონალურ პოლიტიკაში ჩართული (ანუ ძალიან შეზღუდული) სექსუალობების და იდენტობის „თარგის“ მაგივრად იმ ფლუიდურობის  მიყოლა, რასაც ეროსი გვთავაზობს. ქვიარ თეორია არის ერთ-ერთი პასუხი ამ კითხვაზე, ქვიარ-ლესბოსელი არის პასუხი ლესბოსელების „მიმღებლობაზე“. ეს ინახავს და ავითარებს ლესბოსელების ისტორიას და მათ მიერ მოპოვებულ ტერიტორიას არ კარგავს; ამავდროულად, ისევ ამოდის ჩარჩოდან, ისევ მუდმივად ორსახოვანია, მესტიზა (შერეული, ესპ.) ცნობიერი აქვს. ამგვარი ცნობიერი უნდა განვივითაროთ ყველამ, ჩვენ თავში აღმოვაჩინოთ, ვისაც რევოლუცია გვსურს. თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ სექსუალობას ისევ აქვს უდიდესი რევოლუციური ძალა. ემა გოლდმანი გარდამქმნელ ძალებს მიაწერს სიყვარულსაც.

გოლდმანი აკრიტიკებდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობებს და ამას ანტი-რევოლუციურად მიიჩნევდა კიდეც; ის დღეს გვახსოვს როგორც ჰომოსექსუალიზმის მაკრიტიკებელი ანარქო-ფემინისტი. თუმცა, აღმოჩენილია გოლდმანის მიმოწერა მის სტუდენტ გოგოსთან (მხოლოდ სტუდენტის მიწერილი წერილებია შემონახული), საიდანაც შეიძლება ვივარაუდოთ რომ ემას და მის სტუდენტს შორის სექსუალურად დატვირთული, მნიშვნელოვანი და საინტერესო კავშირები იყო.  გოლდმანი ასევე აკრიტიკებს და „ებრძვის“ ქორწინებას. ჩემი აზრით, ამ კონტექსტში ზემოთ განხილული ყველა თანაცხოვრება შეიძლება ვიგულისხმოთ. ის ამბობს რომ ქორწინება სიყვარულის საპირისპიროა და კაპიტალიზმის ქვეშ ეს მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის გადმოტანა, სუბიექტურის ჩანაცვლებაა. რადგან სექსუალური თავისუფლება და სიყვარული დაპირისპირებულია ქორწინებას და „ოჯახის ზნეობას“, რაც ქალის ჩაგვრის მთავარი წყაროა, გოლდმანისთვის სიყვარული მთავარი რევოლუციური ძალაა (ხანდახან სიყვარულზე ისე წერს, რომ რაღაც რელიგიური ტექსტის ელემენტი შემოაქვს, მაგალითად: “Some day, some day men and women will rise, they will reach the mountain peak, they will meet big and strong and free, ready to receive, to partake, and to bask in the golden rays of love” Goldman, 1906), რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს ჩაგვრის მანქანას.

ჰეტეროსექსუალობა, როგორც დომინანტური სექსუალობა, ხშირი კრიტიკის საგანია: თეორეტიკოსებიცა და თეორიით აღჭურვილი აქტივისტებიც მას ჰიპერმასკულინიზმსა და პატრიარქალური ოჯახის კულტთან კავშირში განიხილავენ, რაც ჰეტეროსექსუალების გაუცხოებას იწვევს ხოლმე. როგორ შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა? რა ადგილი აქვთ ჰეტეროსექსუალური იდენტობის მქონეთ სექსუალური გათავისუფლების პროექტში?

ოჯახი – ისეთი როგორსაც სახელმწიფო ხატავს – ჰეტერო, ბედნიერი, გამრავლებული და წარმატებული ოჯახი (აი, ბანკის რეკლამებში რომ გვხვდება) – არ არსებობს, უტოპიაა, კიჩია რომელსაც ჰეტეროებს უხატავენ. ჰეტეროები ამ სახე-ხატს ვერასოდეს აღწევენ, ვერასდროს ხდებიან ბედნიერი ოჯახები (როგორც კი მიაღწევდნენ, დაკარგავდნენ ამისკენ სწრაფვას). ამიტომ ჰეტეროსექსუალობა თავისთავადაა ერთგვარი ფუნდამენტური ტრავმის ლოკუსი, ტრავმის საბადო. მონოგამიური ჰეტეროსექსუალობა ფანტაზიაა, კიჩია. ის არ არსებობს. ყველა ვინც ამ „კულტს“ მიჰყვება, „აგებს“ და ხდება ტრავმირებული, ადვილად მართვადი ადამიანი, რომელსაც კარადაში ბევრი ნევროზი ან ბევრი ჩონჩხი ჰყავს. რთულია იყო არაკონფორმული ჰეტერო – თითქმის ყველა შესაძლო ღალატის, გადახრის, დევიაციის გზა დაკანონებულია, გავლილი და დატკეპნილია. „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობისგან“ (“სანამ გკითხავ, ჰეტეროდ მიგიჩნევენ”) გათავისუფლების გზებად ეს მესახება: მოჯადოებულ წრეში რაც შეიძლება შორს უნდა წავიდნენ და შემდეგ იქნებ გაარღვიონ კიდეც.

სოციალურად კონსერვატიულ გარემოში, არაჰეტეროსექსუალ ადამიანებს და ტრანსგენდერებს ხშირად წარმოაჩენენერისთვის უცხო სხეულებად“. შენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ამაზე პასუხი, რას ურჩევდი საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლებს ჰეგემონურ უმრავლესობასთან კომუნიკაციაში

ვურჩევდი იამაყონ ერისათვის უცხო სხეულის სტატუსით და ეს სტატუსი დადებით ეპითეტად გარდაქმნან, ისევე როგორც ტერმინი ქვიარი გარდაიქმნა. რა თქმა უნდა, ამას ბრძოლა და განათლება სჭირდება – პირველ რიგში იმათი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა.

ერთი მხრივ, ვსაუბრობთ სექსუალობის რევოლუციურ ძალაზე; მეორე მხრივ, ლგბტი/ქვიარ აქტივისტს ხშირად ეკითხებიან, იბრძოლებდა თუა რა ის სხვებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის. არ გამოიწვევს ჰეტეროსექსუალობის, მონოგამიური ოჯახის, მასკულინობის, მილიტარიზმის თუ თუნდაცნორმალურადაღიარების სურვილის კრიტიკა საზოგადოებისგან უფრო ძლიერ გაუცხოებას? ლგბტი/ქვიარ თემის ბევრი წევრი ხომ მართლმადიდებელი მორწმუნე და პატრიოტია რომელიც საზოგადოებისგან, პირველ რიგში, მეტ მიმღებლობას ითხოვს

ჰომონაციონალიზმი მასკულინურ (ჰეტერო) ნაციონალიზმზე უფრო ნაკლებ ბოროტებად არ მიმაჩნია. ორივე სექსუალობის კონტროლის ერთი და იგივე ფორმაა. ცუდი ისაა, რომ ლგბტ ორგანიზაციების ლობი რჩება უფლებრივ პარადიგმაში და ამიტომ არაკონფორმული სექსუალობის მქონე ადამიანებიც მხოლოდ „მიმღებლობის გაზრდის“ მოთხოვნის ზონაში რჩებიან. გასაგებია რომ მიმღებლობა და უფლებათა დაცვის ბაზისური გარანტიები ყველას სჭირდება, მაგრამ ეს აქტივისტების სამოქმედო პროგრამა კი არა, სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. რთულია ნაციონალური/ეროვნული სენტიმენტებისგან გათავისუფლება, იმ განცდის გარეშე ცხოვრება რომ შენ ეკუთვნი ამა თუ იმ ერს, ნაციას და ამ კულტურის ან მიწის ნაწილი ხარ. თუმცა თუ ჰეტერო სექსუალობისგან ვითავისუფლებთ თავს, იქნებ ამასაც ვეცადოთ. სხვათა შორის, ძალიან ხშირად, ოჯახსა და მის უფრო დიდ მოდელ დედა-საქართველოზე მიკუთვნებულობის განცდის დეფიციტის გამო, თემის წევრებს გაძლიერებული მიკუთვნებულობა აქვთ სათემო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა წრეებთან, რაც მათი უფლებებით ჟონგლიორობის შანსს აძლევს ბევრ უფრო გამოცდილს.

საქართველოში ჰომოფობიურმა გარემომ, ძირითადად, თავადვე წამოწია საკითხებიგანგაშის ზარისრეჟიმშიჯერგეი პრაიდისსახით, რომელსაც შემდეგ ქორწინების თანასწორობის საკითხიც დაემატა. რამდენად შესაძლებელია, აქტივიზმმა საკუთარი, განსხვავებული აქცენტების მქონე დღის წესრიგი შექმნას? თუ ფიქრობ რომ, პირველ რიგში, გარე გამოწვევების ადეკვატური უნდა იყოს?

სახელმწიფოს მხრიდან გამოწვევა ყოველთვის იტრიალებს ომის საჭიროების რეპრეზენტაციის ჭრილში. ეს ბევრად უფრო განვითარებულ (თუ განვითარებას ლგბტ/ქვიარ პირების უფლებრივ და სოციალურ-კულტურულ მდგომარეობის ჭრილში განვიხილავთ, ამ დაშვებისთვის) ქვეყნებშია ასე. ჩვენც, სანამ სახელმწიფო-ეროვნების მოდელით ვიცხოვრებთ (თუ ყოველთვის არა), ამ დისკურსში მოგვიწევს აქტივიზმის გადატანა. აქტივიზმი არ უნდა იყოს გარე გამოწვევების ადეკვატური; გარე გამოწვევები უკვე წარსულზე კომენტარია. აქტივიზმი არ უნდა უტრიალებდეს გარშემო ისტორიას. აქტივიზმი თუ ყალბია, ის არ არსებობს; ყალბი პათეტიკით შედეგი – ახალი ისტორია არ იდება. როდესაც ხალხი მოახერხებს ნაკლებად პათეტიკური აქტივიზმის მაგალითის ჩვენებას, რომელიც მათ რეალურ წუხილზე იქნება დამყარებული და არა ისეთი აბსტრაქტული უფლებების მოთხოვნაზე, რომლის შინაარსი ბევრ აქტივისტს არც ესმის, დაისმება ახალი აქცენტები და შეიქმნება განსხვავებული აქცენტების მქონე დღის წესრიგი.

მემარცხენე კრიტიკის ერთერთი ვერსიით, იდენტობაზე დაფუძნებული ჯგუფების აქტივიზმი ლიბერალურ პოლიტიკურ პროგრამაში ეწერება და ფუნდამენტურ სოციალეკონომიკურ უთანასწორობას ვერ პასუხობს. აღნიშნულ კრიტიკას შეიძლება მეტი არტიკულირება სჭირდებოდეს, მაგრამ სოციალურ ფენებს შორის განსხვავება და ინტერესთა აცდენა ლგბტ/ქვიარ ჯგუფის ფარგლებშიც კი აშკარაა ხოლმე. ამ თვალსაზრისით, შენთვის, როგორც აქტივისტისთვის, როგორია პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე ადეკვატური ფორმატი და პროგრამა, თუნდაც იდეალური

იდენტობაზე დაფუძნებულ აქტივიზმს მეც ლიბერალური და ნეოლიბერალური პროგრამის ნაწილად განვიხილავ; თუმცა არ  მგონია რომ კლასობრივი უთანასწორობა სექსუალურ თავისუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იყოს; კლასი ისევ სექსუალობის კონტროლის შედეგად მიღწეული პროდუქტი მგონია.

ეს ის თემაა რაც ყველა ზემოთ ხსენებულს აერთიანებს და კაპიტალიზმის და სექსუალობის ძალიან ღრმა განხილვებზე გავყავართ. იდენტობა, (ან იდენტობის ფანტაზია) არის კაპიტალიზმის საყრდენი ძალა (ინდივიდი, მე, ჩემი სექსუალობა, ჩემი საკუთრება, ჩემი ცხოვრება). ამ ყველაფრის უკან არის, რა თქმა უნდა, სექსუალობის თავისუფლებისთვის გადატანილი დიდი ბრძოლები, ჰომოსექსუალი, ბი, ლესბი და ტრანსგენდერი მებრძოლების დიდი ისტორიები, მაგრამ ამ ყველაფრის LGBTQI აბრევიატურის ქვეშ გადმოტანა (ისევე როგორც ჩვენი სექსუალობის ფერთა გამის „რეინბოუ“ გამამდე დაყვანა) შეუძლებელია. იდენტობის თეორია დღეს ჩემთვის არის „სასტიკი ოპტიმიზმი“ (Berlant, 2011). ამ პოლიტიკაში „მუშაობს“ ოპტიმიზმის ნებისმიერი გამოცდილება როგორც ოპტიმიზმზე მიჯაჭვულობის აფექტური სტრუქტურა, რაც გვაიძულებს ყოველთვის მივუბრუნდეთ ფანტაზიას (გამოგონილ იდენტობებს). მეტიც, ოპტიმიზმი გვაიძულებს რაც შეიძლება მივუახლოვდეთ ამ ფანტაზიას (გახდე „კარგი“ გეი, „კარგი“ ლესბოსელი), რის შემდეგაც გვგონია რომ შედეგად, აი ახლა მაინც, ეს სიახლოვე დაგეხმარება შენ ან სამყაროს, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო. ჰოდა, ასე არ ხდება. ეს ოპტიმიზმი საბოლოოდ დამღუპველია, რადგან ცრუ იმედებს ბადებს, ცრუ რევოლუციებს ახდენს, ძალიან ბევრ პერფორმანსს ითხოვს, ენერგიას ხარჯავს, გარდამქმნელ ენერგიას.

ინტერვიუ მოამზადა შოთა ხინჩამ (ნაციონალიზმის მკვლევარი, მეცნიერებათა მაგისტრი) „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.