EMC- იმ ვეგანური კაფე ,,კივის“ სახელით კაფის ფართის მესაკუთრის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველს მიმართა

1449849420kivi1

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ვეგანური კაფე ,,კივის“ ადმინისტრაციის სახელით კაფის ფართის მესაკუთრის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. კაფე „კივის“ მწვანე და ვეგანური (ცხოველების მიმართ ძალადობისა და მათი ექსპლუატაციის საწინააღმდეგო  ფილოსოფია) იდეოლოგიური პლატფორმა აქვს და სოციალური კაფის, ასევე აქტივისტური და სადისკუსიო სივრცის ფუნქციას ასრულებს. განცხადებაში EMC ამტკიცებს,  რომ ფართის მესაკუთრის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, განსხვავებული შეხედულების, ასევე ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას, რასაც მოჰყვა  ფართით  სარგებლობის და ქირავნობის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა.

2016 წლის 29 მაისს, კაფე ,,კივის“ პერსონალის მიმართ ნეონაცისტური დაჯგუფებისა და შემდგომში ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იძულების შემდეგ, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ფართის მესაკუთრის შვილი, მესაკუთრემ დამქირავებელს ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე ადრე (ხელშეკრულების ვადა 2017 წლის ბოლოს იწურებოდა) შეწყვეტა და ერთ თვეში სივრცის დაცლა მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უკანონო მოთხოვნასთან დაკავშირებით  EMC-იმ სახალხო დამცველის აპარატს მიმართა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვირის შესახებ კანონით გათვალისწინებული მედიაციის ინსტრუმენტის ფარგლებში, კაფის ფართის გასათავისუფლებლად დამატებითი ვადის განსაზღვრა ითხოვა. სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ ჩაერთო საქმეში და მედიაციის ფარგლებში გამართული მოლაპარაკების შემდეგ კაფის ადმინისტრაციას ფართის დასაცლელად ორკვირიანი დამატებითი ვადა განესაზღვრა. მედიაციის ფარგლებში სახალხო დამცველის მიერ მყისიერად წინასწარი ღონისძიების გამოყენება მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო დისკრიმინაციული მოპყრობის პრევენციის ან მისი შედეგების მინიმიზაციის კუთხით.

საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ახსნა-განმარტებების, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების საფუძველზე, EMC მიიჩნევს, რომ განსხვავებული შეხედულებისა და  არანორმატიული გარეგნობის გამო ფართის მესაკუთრის მხრიდან საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა დისკრიმინაციულია. ნეონაცისტური ჯგუფის თავდასხმამ მეზობლებისა და მესაკუთრის დევნისა და დისკრიმინაციის პროვოცირება მოახდინა და მანამდე შედარებით დაფარულად არსებული მიუღებლობის გამოვლენა დააჩქარა. თავდასხმის შემდეგ კაფის პერსონალისა და სტუმრების მიმართ ფართის მესაკუთრე ხშირად იყენებდა დისკრიმინაციული და დამაკნინებელი შინაარსის ფრაზებს: ,, თქვენი გარეგნობა არ მოსწონთ, საქართველოში არ არის ჯერ ესე, შენ რაც  გინდა ის იყავი, მაგრამ ჩემს სახლში არ მინდა იყო“; ,,თქვენ როგორც გაციათ ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ტიტვლები ხართ“; არ გვინდა ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა თქვენნაირ ხალხს უყურონდა სხვა. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ფართის მესაკუთრემ, მეზობლების მხრიდან კაფის პერსონალისა და სტუმრების მიუღებლობის მოტივით მთელი რიგი სხვა შეზღუდვები დაუწესა კაფის ადმინისტრაციას, მათ შორის,  აიძულა აეღო კაფის წინ ეზოში მდგარი მაგიდები. დაფიქსირდა მეზობლების მხრიდან პროვოკაციული ქცევისა და სიმბოლურ დონეზე ვეგანური მსოფლმხედველობის დემონსტრაციული შეურაცხყოფის ფაქტებიც.

განმცხადებლები უთითებენ, რომ ძალადობისგან, ქსენოფობიისა და ჰომოფობიისგან თავისუფალი, პლურალური საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დისკრიმინაციისა და სიძულვილის მსგავს გამოვლინებებზე სათანადო რეაგირება და მათთვის ადეკვატური სამართლებრივი შეფასების მიცემა.