მიმოხილვა►წიაღის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები

files-records01ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ’

37-ე მუხლი, საქართველოს კონსტიტუცია,1995

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ 1996 წლის საქართველოს კანონმა განსაზღვრა ის მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო კონსტიტუციით დადგენილი გარემოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვა. ამ კანონის თანახმად, საზოგადოებისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო უნდა იყოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება. “გარემოს დაცვის შესახებ” კანონი მისი მიღებიდან 2007 წლამდე ავალდებულებდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ყოველწლიურად გამოეცა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2008 წლიდან სამინისტრო ვალდებულია  მოხსენება სამ წელიწადში ერთხელ მოამზადოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ანგარიში, რომელიც 2011 წლის დეკემბერში დამტკიცდა, 2007-2009 წლების გარემოს მდგომარეობას ასახავს. მას შემდეგ ანგარიში და შესაბამისად, ინფორმაცია ქვეყნის გარემოს მდგომარეობის შესახებ, არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებები 2013 წლის 1 სექტემბრიდან ვალდებულნი არიან პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია, ანუ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაცია განათავსონ ელექტრონულ რესურსებზე.

საზოგადოებისათვის (მოთხოვნის გარეშე) რაც შეიძლება მეტი გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულება საქართველომ ჯერ კიდევ 2000 წელს აიღო, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ე.წ. ორჰუსის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, დღეისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პრაქტიკის და გარემოზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. საგულისხმოა, რომ წიაღთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არამარტო ინფორმაციის დეფიციტით არის გამოწვეული, არამედ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესით, რომლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო არ სწავლობს წიაღის მდგომარეობას და ინფორმაციის ერთადერთი წყარო წიაღით მოსარგებლეების მიერ (საკუთარი სახსრებით მომზადებული) სამინისტროში წარდგენილი ანგარიშებია, რომელიც საზოგადოებისათვის არ არის ხელმისაწვდომი.

მიმოხილვა შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინქზე ან  წაიკითხოთ ონლაინ.