საცხოვრისი და თავისუფლება: საცხოვრისზე უფლებისათვის მებრძოლი აქტივიზმის ლიმიტები და პერსპექტივები

კოტე

                                           ავტორი: კოტე ერისთავი, ედინბურგის უნივერსიტეტის დოქტორობის კანდიდატი

ტექსტის მიზანია საცხოვრისის უფლებისთვის ბრძოლის დომინანტური ფორმისგან, რომელსაც ‘ინსტიტუციონალურ აქტივიზმს’ ვუწოდებ, გამიჯნოს და განასხვავოს ალტერნატიული, ‘კონფრონტაციული აქტივიზმი’. კერძოდ, ვისაუბრებ ინსტიტუციონალური აქტივიზმის ლიმიტებზე და ვიმსჯელებ კონცეპტუალურ ჩარჩოზე, რომლითაც კონფრონტაციული ტიპის აქტივიზმა შეიძლება იხელმძღვანელოს.

ჩემი აზრით, პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებთან შედარებით სოციალური უფლებების და, კონკრეტულად, საცხოვრისის უფლების ნაკლებ პრიორიტეტულობა შეინიშნება არა მხოლოდ სახელმწიფოს მიდგომაში, არამედ ყველაზე გავრცელებული აქტივიზმის ფორმაშიც, ‘ინსტიტუციონალურ აქტივიზმში’.

უშუალოდ საცხოვრისის უფლების კონტექსტში, ინსტიტუციონალური აქტივიზმი – ხელმძღვანელობს “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით” (შემდგომში – სოციალური უფლებების პაქტი) და მოუწოდებს სახელმწიფოს, “მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მიიღოს ზომები [საცხოვრისის უფლების] პროგრესულად სრული რეალიზაციისთვის”.[i] აქტივიზმის ეს ფორმა, როგორც წესი, ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსები და  საცხოვრისის უფლების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს არა დაუყოვნებლივ, არამედ პროგრესულად, ეროვნული სტრატეგიის შემუშავებითა და მისი რეალიზებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმით.

სოციალური უფლებების კონცეფცია, რომლითაც ინსტიტუციონალური აქტივიზმი ოპერირებს, არის ‘პირობითი’, იმ გაგებით, რომ აქ სოციალური უფლების რეალიზება მიბმულია რესურსების ხელმისაწვდომობის პირობას. თავად ‘ხელმისაწვდომი რესურსების’ ცნება ბუნდოვანია. მაგალითად, გაუგებარია, მოიცავს, თუ არა ეს ცნება ქვეყანაში არსებულ მთლიან სიმდიდრეს თუ მხოლოდ არსებული საგადასახადო სისტემიდან ამოღებულ რესურსებს. ამიტომ, სოციალური უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო რესურსების წარმოებისა და დისტრიბუციის საკითხი დამოკიდებული ხდება პოლიტიკურ ძალათა კონფიგურაციასა და ოფიციალური პოლიტიკით განსაზღვრულ პრიორიტეტების სისტემაზე. რაც შეეხება ინსტიტუტციონალურ აქტივიზმს, ის რესურსების საკითხზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გარეთ მოქმედებს და მისი არეალი შემოიფარგლება საცხოვრისის უფლების პროგრესული რეალიზების აუცილებლობის არტიკულირებით. შედეგად, საცხოვრისის უფლებას, დიდწილად, დაკარგული აქვს უფლების იდეისთვის დამახასიათებელი იმპერატიულობა (პერემპტორულობა) და მისი რეალიზება პერმანენტული, თანაც ლეგიტიმური, გადავადების საფრთხის წინაშე დგას.

ზოგადად, სოციალური უფლებების პირობითობას განასხვავებენ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უპირობო ხასიათისგან. განსხვავება საერთაშორისო პაქტების ენაშივე გვხვდება. თუ “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი” აღნიშნული უფლებების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფაზე საუბრობს, სოციალური უფლებების პაქტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვან დათქმას აკეთებს ‘ხელმისაწვდომი რესურსებისა და ‘პროგრესული რეალიზების’ ცნებების სახით.

პაქტების ენის სიმკაცრეს შორის ეს განსხვავება, თავის მხრივ, ნაკარნახებია ორი ძირითადი მიზეზით. პირველი, პოლიტიკური მიზეზია. სოციალური უფლებების რეალიზება რესურსების დიდძალ რედისტრიბუციას მოითხოვს, რაც ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკისთვის სერიოზული გამოწვევაა. პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა კი ითარგმნება სოციალური უფლებების რეალიზების პირობითობაში.

მეორე, კონცეპტუალური, მიზეზის გასაგებად უფლებების სტრუქტურას უნდა დავაკვირდეთ. ცნობილია, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ხშირად ნეგატიურ უფლებებად მოიხსენიებენ, ხოლო სოციალურ უფლებებს – პოზიტიურ უფლებებად. განსხვავება ისაა, რომ თუ ნეგატიური უფლება გაგებულია, როგორც ჩაურევლობის უფლება, ანუ უფლება, რომ სხვამ თავი შეიკავოს გარკვეული ქმედებისგან, პოზიტიური უფლება, პირიქით, სხვას ავალდებულებს უფლების მფლობელს მიაწოდოს გარკვეული საქონელი თუ მომსახურება. ამ განსხვავებაზე მიბმულია სხვადასხვა კონცეპტუალური არგუმენტი, რომელიც სოციალური უფლებების პირობითობის დასაბუთებას ცდილობს. ყველაზე გავრცელებული არგუმენტის თანახმად, სოციალური უფლებები სტრუქტურულად, ანუ არა მარტო შინაარსობრივად, განსხვავდება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისაგან იმით, რომ მათი რეალიზება რესურსების არსებობაზეა დამოკიდებული. ანუ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისგან განსხვავებით რესურსების სიმწირე სოციალური უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნაზე ლეგიტიმური უარის საფუძველია. თუმცა დღეს თითქმის ერთხმად აღნიშნავენ მკვლევარები, რომ რესურსები ორივე ჯგუფის უფლებების რეალიზებისთვისაა საჭირო. მაგალითად, რესურსები სჭირდება როგორც საცხოვრისის უფლებას, ასევე სასამართლო სისტემის გამართვას, რაც ისეთ პოლიტიკურ უფლებას უზრუნველყოფს, როგორიც სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დამაჯერებელი მსჯელობაა და სოციალური უფლებების კრიტიკოსთა ბევრ არგუმენტს პასუხობს, ზემოთ განხილული ორი ჯგუფის უფლებებს შორის უფრო ღრმა სტრუქტურული განსხვავების არსებობას მაინც ვერ აბათილებს. თუ რატომ, ამის გაგებაში ფერნანდო ატრია დაგვეხმარება (Atria 2015).

როგორც ატრია გვიხსნის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შემთხვევაში, იმის განსაზღვრა, თუ ვის რა ინტერესი აქვს, ავტომატურად მიუთითებს შესაბამისი ვალდებულების შინაარსსა და ვალდებულ პირზე. მაგალითად, სიცოცხლის უფლების შინაარსის განსაზღვრა საკმარისია იმისთვის, რომ დავადგინოთ შესაბამისი ვალდებულების შინაარსი, რომელიც, ამ შემთხვევაში, მარტივად რომ ვთქვათ, სხვისი სიცოცხლის ხელყოფისაგან თავის შეკავებაა. ასევე განსაზღვრულია ვალდებულ პირთა წრე. უფლების პატივისცემაზე ვალდებულება უნივერსალურია. ვალდებულება ეკისრება ყველას, ვინაიდან სიცოცხლის უფლება ბუნებითი უფლებაა იმ მარტივი გაგებით, რომ მისი არსებობა და რეალიზება, სოციალური უფლებებისგან განსხვავებით, არ არის დამოკიდებული არაბუნებრივ, სოციალურ ურთიერთობებზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიცოცხლის უფლება, როგორც ბუნებითი უფლება, არ გულისხმობს და არ ვარაუდობს პოლიტიკური თემის არსებობას.

სოციალური უფლებების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. უფლების მფლობელის კეთილდღეობა პირდაპირ არ ითარგმნება სხვის ვალდებულებაში. იმ სიკეთის დადგენას, რომელიც ამ უფლებებმა უნდა დაიცვას, არ მივყავართ უფლების განხორციელებაზე ვალდებული სუბიექტის ამოცნობამდე თუ ვალდებულების ბუნების განსაზღვრამდე. ის, თუ ვინ და რა სახით არის პასუხისმგებელი საცხოვრისის უფლების რეალიზებაზე საჭიროებს დამატებით, პოლიტიკურ, ლეგიტიმაციას. აქ რჩება სივრცე პოლიტიკური იდეოლოგიებისთვის, რასაც, თავის მხრივ, მივყავართ ისევ პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობამდე.

როგორ შევუნარჩუნოთ სოციალურ უფლებებს უნივერსალურობა და, ამავე დროს, როგორ გავუთანაბროთ ეს უფლებები, დაუყოვნებელი რეალიზების კუთხით, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს? ერთი გავრცელებული გზა სოციალურ უფლებებს სიცოცხლის უფლებას უკავშირებს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა ვერ აუვლის გვერდს უფლებების ორ ჯგუფს შორის ზემოთ განხილულ სტრუქტურულ განსხვავებას. სიცოცხლის უფლება, გაგებული, როგორც ნეგატიური უფლება, ავალდებულებს სახელმწიფოს, შექმნას სისტემა, რომლითაც ის არ ჩაერევა სხვის მიერ ამ უფლებით სარგებლობაში და პირიქით, სიცოხლის უფლება, გაგებული, როგორც პოზიტიური სოციალური უფლებების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს ავალდებულებს, პოზიტიურად ჩაერიოს სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების შექმნაში. ამგვარი ბმა სიცოცხლის უფლებასა და სოციალურ უფლებებს შორის საკმარისი არ არის, ვინაიდან, ადვილად ექვემდებარება ნეგატიურ და პოზიტიურ უფლებებად დაყოფას, სადაც პოზიტიური უფლება ბევრისთვის, მაგალითად, ლიბერტარიანელებისთვის, საეჭვო კონცეპტად რჩება.

თუმცა არსებობს სხვა გზაც, რომელსაც ჯერემი უოლდრონი გვთავაზობს (Waldron 1991). უოლდრონის მიდგომის გააზრება დაგვეხმარება საცხოვრისის უფლების უპირობო კონცეფციის ფორმულირებაში, რაც, თავის მხრივ, კონფრონტაციული აქტივიზმისთვის თეორიულ საფუძველს მოამზადებს.

უოლდრონი უსახლკარობას აანალიზებს თავისუფლების ცნებასთან მიმართებაში. ის იწყებს ტრუიზმით, რომ ყოველი ქმედება სიტუაციურია, რომ ის ‘სადღაც’ უნდა შესრულდეს; ყველა ადამიანის უფლება სადღაც უნდა რეალიზდეს; არავინაა თავისუფალი იმოქმედოს, თუ არ არსებობს სივრცე ამგვარი მოქმედებისთვის.

კერძო და საჯარო საკუთრების წესების ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ სივრცეში მოქმედების დარეგულირებაა. ეს წესები ადგენენ, თუ ვის სად შეუძლია ყოფნა და ვის რა მოქმედების შესრულების უფლება აქვს. როგორც უოლდრონი პროვოკაციულად აღნიშნავს, თუ კერძო საკუთრების წესებით დარეგულირებული სივრცე უკრძალავს უსახლკაროს ამ სივრცეში ნებართვის გარეშე ყოფნას, მაშინ უსახლკაროებს ჩვენს საზოგადოებაში ‘ყოფნის’ უფლება აქვთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენი საზოგადოება კომუნისტურია, ანუ რამდენადაც ეს საზოგადოება უზრუნველყოფს ყველასთვის ხელმისაწვდომ, კოლექტიურ სარგებლობაში არსებულ საჯარო სივრცეს, პარკების, სკვერების, ტროტუარების სახით. და პირიქით, ლიბერტარიანულ სამოთხეში, ამბობს უოლდრონი, სადაც ყველა სივრცე პრივატიზირებულია, უსახლკაროებისთვის ‘ადგილი’ არ მოიძებნება.

თუმცა, ხშირად, საჯარო სივრცეც მკაცრად რეგულირებულია სახელმწიფოს მხრიდან. საკუთრების მფლობელი მოქალაქეებისთვის სანიტარული და მოწესრიგებული გარემოს შესაქმნელად უსალკაროების კონტროლი და შევიწროება გავრცელებული პრაქტიკაა. უოლდრონის კრიტიკა სწორედ ამგვარი რეგულირების წინააღმდეგაა მიმართული და, საბოლოო ჯამში, უსახლკაროთათვის საჯარო სივრცეების ხელმისაწვდომობას ადვოკატირებს. მართალია, უსახლკაროებისთვის ამგვარი რეგულაცია თუ რეგულაციის არარსებობაც დიდი შეღავათი იქნება, მაგრამ ადეკვატური საცხვორისისთვის მებრძოლი აქტივისტებისთვის ეს საკმარისი არ უნდა იყოს.

ღირებული უოლდრონის მიდგომაში კონცეპტუალური რეორიენტაციაა. ფოკუსი აღარ არის უსახლკაროების საკამათო, პოზიტიურ უფლებაზე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არამედ ინაცვლებს საკუთრების არსებულ წესებზე (იქნება ეს საჯარო თუ კერძო საკუთრება) და მათ როლზე ადამიანების თავისუფლების შეზღუდვაში. ანუ, უსახლკარობის პრობლემა გადააზრებულია, როგორც ნეგატიური თავისუფლების პრობლემა, თვისუფლებისა, რომელიც მეტი აღიარებით სარგებლობს იგივე ლიბერტარიანელების მხრიდან. ამიტომ უოლდრონის კონცეპტუალური ჩარჩო კარგი დასაწყისია საცხოვრისის უფლების უფრო თამამი კონცეფციის ფორმულირებისთვის.

საინტერესო იქნება უოლდრონის არგუმენტის განვრცობა ამარტია სენის ‘შესაძლებლობების მიდგომის’ დახმარებით. სენისთვის პიროვნების განვითარებისთვის და თავისუფლებისთვის აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს თავისი შესაძლებლობების გამოყენების პირობები. ადეკვატური საცხოვრისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამგვარი პირობაა. უოლდრონისა და სენის გაერთიანებით, საჯარო თუ კერძო საკუთრების წესები შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანის განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შემზღუდავ ნორმებად.[ii] სენის თეორია გვეხმარება გავცდეთ უოლდრონის არგუმენტის მოკრძალებულ დასკვნას, ვისაუბროთ საცხოვრისის უფრო მსუყე ცნებაზე, ვიდრე ეს საჯარო სივრცის ხელმისაწვდომობაა და, ამავე დროს, საცხოვრისის თემა უფლებრივად უკეთ დავაფუძნოთ.

რომ შევაჯამოთ, საცხოვრისის უფლება შეიძლება გავიგოთ, როგორც ნეგატიური უფლება, იყო თავისუფალი იმ ნორმატიული სისტემისაგან, რომელიც ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელ საცხოვრებელ სივრცეს ზღუდავს. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, აქ არ იგულისხმება აპრიორი უფლება საკუთრების  ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ. ეს არის კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ნეგატიური თავისუფლების მყარი პოზიციებიდან, ჩვენი აქტივიზმი სახელმწიფო პოლიტიკის კონკრეტულ გამოვლინებების კრიტიკას მოვარგოთ, იქნება ეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, საჯარო სივრცის თუ კერძო საკუთრების წესების რადიკალური თუ ნაკლებად რადიკალური კრიტიკა.

მაგალითად, საცხოვრისის უფლების ამ კონცეფციით შეიძლება გაკრიტიკდეს უსახლკარობის გამომწვევი ისეთი ფაქტორები, როგორიც არის საკრედიტო ურთიერთობები, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, გენტრიფიკაცია, ‘დისფლეისმენტი’ და სხვა. ამ უფლების სახელით შეგვიძლია მოვითხოვოთ ქირის კონტროლი, ‘დისფლეისმენტისგან თავისუფალი ზონები’, ანტისპეკულაციური გადასახადები და ა.შ. (Blomley 2009), როგორც უსახლკარობის თავიდან აცილების საშუალებები. ასევე შეიძლება მოვითხოვოთ სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში უნებართვოდ დასახლებული პირების წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკის შეწყვეტა, საჯარო სივრცის უსახლკაროთათვის გახსნა და სხვა. უსახლკაროების მიერ შენობების უნებართვოდ დაკავებაც სწორედ ნეგატიური საცხოვრისის უფლების არტიკულირებად უნდა გავიგოთ.

ამ მსჯელობებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა განსხვავება ორი ფორმის აქტივიზმს შორის. თუ ინსტიტუციონალური აქტივისტის მიერ არსებული სისტემის კრიტიკა შემოიფარგლება ეროვნული სტრატეგიის ან ქმედითი ნაბიჯების არარსებობაზე, ანუ სახელმწიფოს პასიურობაზე, მითითებით, კონფრონტაციული აქტივიზმი გვთავაზობს სახელმწიფოს აქტიური როლის კრიტიკას საკუთრების არსებული რეჟიმის დაწესებასა და შენარჩუნებაში. აქ უფლების მფლობელი არ არის მსხვერპლი, რომელიც ელოდება სარჩოს არსებული ინსტიტუციონალური წყობისგან, არამედ მოქმედი სუბიექტია, რომელიც ახდენს საცხოვრისის საკითხისა და ინსტიტუციონალური წყობის პოლიტიზირებას, უფლებების სახელით პირდაპირ ერთვება რესურსების წარმოებისა და დისტრიბუციის პოლიტიკურ პროცესში და უარს ამბობს ოფიციალური პოლიტიკის მიერ შემოთავაზებულ პრიორიტეტთა იერარქიაზე.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფრონტაციული აქტივიზმი არ გულისხმობს ინსტიტუციონალურ აქტივიზმზე უარის თქმას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი ბრძოლის ფორმაა სახელმწიფოსთვის მის მიერ აღებული ვალდებულებების შეხსენებისა თუ მემარცხენე პოლიტიკის გაძლიერებისთვის. თუმცა ამგვარი აქტივიზმის ლიმიტების გააზრება აუცილებელია, რათა კრიტიკულად შევაფასოთ უსახლკარობის პრობლემის კვლავწარმოება, ამ პრობლემის გადაჭრის გადავადება და ყალბი თუ არაეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა. რაც შეეხება კონფრონტაციულ აქტივიზმს, ის გვაძლევს საშუალებას, მეტი იმპერატიულობა შევძინოთ საცხოვრისის უფლებას და მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან უსახლკარობის გამომწვევი თუ საცხოვრისის უფლების განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მიზეზების უპირობო აღმოფხვრა.[iii]


მიმოხილვა მომზადდა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.


[i] https://matsne.gov.ge/ka/document/view/1483577

[ii] უოლდრონის არგუმენტის განვრცობა მარტა ნუსბაუმის თეორიით განხილულია აქ: Peter King, Housing as a Freedom Right, (2003) 18(5) Housing Studies 661

[iii]  მადლობა ლინა ღვინიანიძეს და თათული ჭუბაბრიას პირველად ვერსიაზე გაკეთებული შენიშვნებისა და კომენტარებისთვის.