EMC დემურ სტურუას საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება

470_14017587_10154047053868800_300324411_n_-_Copy_1დემურ სტურუას გარდაცვალების ტრაგიკული შემთხვევა არის ქვეყანაში არსებული ძალადობრივი საპოლიციო პრაქტიკისა და ნარკოპოლიტიკის ექსტრემალური გამოვლინება და კიდევ ერთი დადასტურება.

პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტები, მათი იძულება, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, და ამ მიზნით სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება,[1] ისევე როგორც წარსულში ნასამართლევი ან კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ მუდმივი მეთვალყურეობა და მათ მიმართ მაპროვოცირებელი ქმედებების განხორციელება ინტენსიურ ხასიათს იძენს და ერთეულ შემთხვევას აღარ წარმოადგენს.  რეპრესიული საპოლიციო კონტროლისა და თვითნებობის მსხვერპლები ხშირად რეგიონებში მაცხოვრებელი, პოლიტიკურ ცენტრებს მოწყვეტილი, სოციალურად განსაკუთრებულად მოწყვლადი პირები არიან. ასეთ ადგილებში პროტესტის მობილიზაციის რესურსის თუ დროული სამართლებრივი დახმარების სიმწირის პირობებში, პოლიცია მარტივად ახერხებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას რამდენიმე დღეა აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს. 2016 წლის 15 აგვისტოს ჩატარდა ოჯახის წევრების გამოკითხვა, ასევე დაიგეგმა სხვა აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებები, რაც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე EMC  დემურ სტურუას ოჯახის და დაზარალებულად ცნობილი დედის ინტერესებს იცავს.

საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის ინტენსივობისა და გამოვლენილი პრობლემების სისტემური ხასიათის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოძიებამ მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტურად უზრუნველყოს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, დაადგინოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის საფუძველზეც სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცემა ყველა ის პირი, ვისი უშუალო ბრალეულობა, თანამონაწილეობა ან გულგრილობა იკვეთება აღნიშნულ საქმეში.

EMC დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტის გასაჯაროვების დღიდან ადგილზე სწავლობს საქმის დეტალებს. ამ დრომდე, ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციისა და საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იყოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, მათ შორის:

  • დაღუპული დემურ სტურუას ტელეფონზე არსებული სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ისტორია, გამომდინარე იქედან, რომ არსებობს ინფორმაცია გარდაცვალებამდე მცირე დროით ადრე დემურ სტურუასა და პოლიციელს შორის სავარაუდო სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ;
  • დაღუპულის სხეულზე სავარაუდოდ არსებული ფიზიკური დაზიანებების წარმომავლობა , ასევე მათი მიღების დრო და გარემოებები;
  • დაიკითხოს ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობა და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დემურ სტურუას მიერ წერილში ხსენებული პოლიციელისა და დემურ სტურუას შორის კომუნიკაციის შესახებ ფლობს ან უნდა ფლობდეს ინფორმაციას;
  • დაიკითხოს ყველა ის პირი, რომლებიც დემურ სტურუასა და პოლიციის თანამშრომლების კომუნიკაციის თვითმხილველები შეიძლება იყვნენ;
  • შესწავლილ იქნას დემურ სტურუას გარდაცვალების დღეს წერილში დასახელებული პოლიციელისა და მისი თანმხლები პოლიციელის გადაადგილების მარშრუტი და დაზუსტდეს ინფორმაცია მათი ვიზიტის შესახებ დემურ სტურუას ოჯახში. ასევე გამოიკითხოს ამ ფაქტის ყველა შესაძლო თვითმხილველი;

EMC მნიშვნელოვად მიაჩნია, რომ გამოძიებამ ასევე შეისწავლოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს პოლიციის მხრიდან აღნიშნულ და მეზობელ სოფლებში მცხოვრებ პირებზე  განხორციელებული შესაძლო ზეწოლის სხვა ფაქტების შესახებ, რაც გამოააშკარავებს ადგილობრივი პოლიციის მუშაობის უკანანო და რეპრესიულ პრაქტიკებს.

ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს იმგვარად, რომ მის მიმართ გაჩნდეს ნდობა ოჯახში და ადგილობრივ საზოგადოებაში, რათა ადგილობრივებმა გამოიჩინონ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის სურვილი და მიაწოდონ მათ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია. დანაშაულის სიმძიმისა და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობისას აგრეთვე მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესის გამჭვრივალობა და მასში დაზარალებულის აქტიური ჩართულობა, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება და მათი პოზიციებისა და ინტერესების გათვალისწინება.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე შეეხება ადგილობრივი პოლიციის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობას, საგამოძიებო სამსახურებმა აგრეთვე უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები ოჯახის წევრებისა და ყველა მნიშვნელოვანი მოწმის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამავდროულად, მოწმეებზე შესაძლო გავლენის პრევენციის, გამოძიების დაუბრკოლებელი განხორციელებისა და კანონის დარღვევის სხვა ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით, EMC-ის არსებითად მიაჩნია, რომ საქმესთან შესაძლო შემხებლობის მქონე ყველა პოლიციელს და ადგილობრივი პოლიციის უფროსს შეუჩერდეს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. აღნიშნულ საქმეში აგრეთვე პრინციპულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ მკაფიო საჯარო პოზიციების დაფიქსირება პოლიციის სისტემაში არსებულ პრობლემებსა და შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და შესაძლო ძალადობის ფაქტებზე. სამწუხაროდ, ამ დრომდე სამინისტროს ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია არავითარი განმარტება ამ კუთხით.

დ. სტურუას საქმის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დროული განხორციელება იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნების საზომი და პასუხი ქვეყანაში არსებულ უკანონო პოლიციურ პრაქტიკებზე. მოცემული საქმის ეფექტური გამოძიების გაჭიანურება, ან მისი არსებითი ხასიათის ხარვეზებით წარმართვა, გაზრდის დაუსჯელობის სინდრომს, წაახალისებს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეების იძულებისა თუ შანტაჟის შემთხვევეს და კიდევ უფრო შეასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალმდაცავი ორგანოების მიმართ.

დემურ სტურუას საქმე არის დადასტურება იმ ძალადობრივი და არაჰუმანური საპოლიციო პრაქტიკების, რომელიც ყველაზე მძიმე ფორმებითა და თვითნებობით ნარკოპოლიტიკის სფეროში ვლინდება. ამდენად, EMC-ის მიაჩნია, რომ დ. სტურუას საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მოცემული საქმე გახდეს ქვეყანაში არსებული ძალადობრივ ნარკოპოლიტიკისა და ხისტი პოლიციური რეჟიმის რადიკალური ტრანსფორმაციის საფუძველი. ამისთვის, მათ შორის, არსებითია

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმებზე, რათა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და დასრულდეს დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა;
  • საკანონმდებლო ცვლილებებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღოს პრაქტიკაში პოლიტიკის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება;
  • გადაიდგას სისტემური ნაბიჯები პოლიციის სისტემის რეალური რეფორმირების მიმართულებით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშაოს პოლიციის სისტემაში ძალის გადამეტების, შანტაჟისა და მუქარების ფაქტების გამოვლენის და მათთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგია;

[1] პრევენციის ეროვნულიი მექანიზმის ანგარიში, 2015 წელი, გვ. 229 http://ombudsman.ge/uploads/other/3/3777.pdf