კამპანია “ეს შენ გეხებას” განცხადება კადრების გავრცელებაზე

ეს შენ გეხებაკამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.

ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია უარყოფითი პოზიცია ამგვარი კადრების (და მით უფრო) დაუშტრიხავი ფორმით საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით.  განსაკუთრებით სავალალოა ის გარემოება, რომ ინტერნეტში განთავსებით ამგვარი მასალა ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ეძლევათ კადრების გადმოწერის, შენახვის, სხვადასხვა მიზნებით მათი მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. კადრების ამ ფორმით გავრცელება მიუღებელია. ეს არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალ ორგანიზაციებს ასევე არაერთხელ დაგვიფიქსირებია სრული მიუღებლობა წამების დანაშაულის მიმართ. ასევე მიუღებელია ამ დანაშაულის დაუსჯელობა ან არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელების გამოყენება წამების დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

სამწუხაროა, რომ ამ დანაშაულებსს დღემდე ვერ მიეცა ადეკვატური  სამართლებრივი შეფასება, არ შეფასებულა პრობლემის ზუსტი მასშტაბი და სხვა გარემოებები, პასუხისმგებელი პირები უმეტესწილად დაუსჯელნი რჩებიან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ აღნიშნული თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი. მათ შორისაა საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ ფართოდ გავრცელებული და სისტემური წამება რეალურად არ არსებობდა და „ციხის კადრები“ გაყალბებულია/არ არის ავთენტური. ბუნებრივია, თუკი არსებობს ეჭვი ამა თუ იმ კადრის ავთენტურობიასთან დაკავშირებით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დასვას კითხვები და მიიღოს დამაჯერებელი პასუხები ამასთან დაკავშირებით; მაგრამ ამ დანაშაულის არსებობის უარყოფა, მაშინ, როცა ეს  დადასტურებულია არა მხოლოდ კადრებით, არამედ ასევე კვლევებით და კონკრეტული საქმეებით, ხელს უწყობს პრობლემის მიჩქმალვას, წამების სისტემური დანაშაულში მონაწილე პირების დაუსჯელად დატოვებას, და შეურაცხყოფას აყენებს წამების მსხვერპლებს, მიმართულია რა მათ მიერ განცდილი ტრაგედიების უგულვებელყოფისაკენ.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა წამების დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის, ასევე ამგვარი კადრების გავრცელების პრევენციისა და მათი გავრცელების შემთხვევაში – დროულად დაბლოკვის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში თავისი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ პოლიტიკურმა ძალებმა თუ მედია საშუალებებმა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კადრების დროულად ამოღებასთან ერთად, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე.

მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას.