მიმართვა თბილისის მერიას ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით

233028757

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს

ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“  ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხე მოიჭრა. ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხეები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო მათი მოჭრა – უკანონო იყო. ამის გამო, პროკურატურამ, „პარტიზანი მებაღეების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის მიმართვების საფუძველზე,  გამოძიება დაიწყო. პროტესტის ნიშნად, მერიის შენობასთან „პარტიზანმა მებაღეებმა“ პერმანენტული შიმშილობა დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მცენარე, რომელიც თბილისის მწვანე საფარს ქმნის, ძალზე ძვირფასია, პრობლემის მხოლოდ მოსაჭრელი ხეების რაოდენობისა და მათი მდგომარეობის კონტექსტში განხილვა არასწორია და  არსებული რთული ვითარების გამარტივებულად წარმოჩენის მცდელობას წარმოადგენს. როგორც ყაზბეგის ქუჩის, ისე თბილისის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური მხოლოდ ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის ფუნქციით შემოიფარგლება. გადაწყვეტილების მიღებისას, ეს სამსახური არ მსჯელობს, რა ზეგავლენას იქონიებს პროექტი ადამიანების საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობაზე, გარემოს სხვადასხვა კომპონენტის (ჰაერი, ნიადაგი, წყალი, მიწა) მდგომარეობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ურბანულ ლანდშაფტზე, ადგილობრივ კლიმატზე და ა.შ. გადაწყვეტილების მიღებისას არ ხდება კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების შეპირისპირება. შედეგად, როგორც წესი, საზოგადოება უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იგებს.  დედაქალაქის მერიაში არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებას, გარემოს მდგომარეობის მონიტორინგს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას.

არსებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა ბოლო ათწლეულის სახელმწიფო პოლიტიკამ, რომლის შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად დასუსტდა და ზოგ შემთხვევაში, საერთოდ მოისპო გარემოსდაცვითი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი მოვითხოვთ: 

  1. 2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და ყველა დამნაშავის მკაცრად დასჯას;
  2. დაუყოვნებლივ დაიწყოს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია; დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქალაქის გარემოს მდგომარეობის სრულფასოვან მონიტორინგზე, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებაზე, გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის გარემოსდაცვითი ინტერესების გატარებაზე;
  3. გატარდეს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ დედაქალაქში შენობა-ნაგებობების მშენებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ადრეულ და სრულფასოვან მონაწილეობას.

 

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC

მწვანე ალტერნატივა

“საჯარო სივრცის ინიციატივა”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პარტიზანული მებაღეობა თბილისში

——————————

მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.

ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: greenalt@greenalt.org