პრემიები და დანამატები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში

სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  რელიგიის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც 2014 წელს, შეიქმნა და  მას შემდეგ რელიგიის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ ძირითად უწყებას წარმოადგენს.

სააგენტოს ძირითად უფლებამოსილებებს განეკუთვნება: რელიგიის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი, სამართლებრივი აქტების, პროექტებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების შესრულებისთვის რეკომენდაციების მომზადება, აგრეთვე რეკომენდაციების მომზადება საკულტო ნაგებობების მშენებლობასთან, რელიგიის სფეროში განათლებასთან დაკავშირებით, რელიგიურ გაერთიანებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში შუამავლის როლის შესრულება, ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერა.

 რელიგიის სააგენტო, რომელიც მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებთან და ამ თემაზე მომუშავე ინსტიტუციებთან  კონსულტაციების გარეშე შექმნა, ხშირად  ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცევა და  მთავრობის ეს გადაწყვეტილება  „რელიგიის სამინისტროს“ შექმნის მცდელობად შეფასდა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ცენტრალიზებული მართვისა და პოლიტიზირების რისკებს აჩენს. სააგენტოს საქმიანობის მწვავე შეფასებები ბოლო დროს  საქართველოში რელიგიის  თავისუფლების საკითხზე გამოქვეყნებული  ყველა საერთაშორისო   და ადგილობრივი ინსტიტუტის ანგარიშშია ასახული.[1]

სააგენტო, რომელიც  პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება და მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმურობა აქვს, ამ დრომდე  მნიშნელოვანი როლი რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მწვავე გამოწვევების გადაჭრაში არ შეუსრულებია. დაარსებიდან დღემდე,  სააგენტოს ძირითად მიღწევად მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის (მუსლიმი, იდეური თემი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესია) დაფინანსების სისტემის ამუშავება წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური გაერთიანებების კონტროლის და მათი იერარქიზების მცდელობად განიხილება.

კრიტიკის მიუხედავად, სააგენტო საკუთარ პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს და უფრო მეტიც, როგორც უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია აჩვენებს, სააგენტო საკუთარი თავს  მოცულობითი პრემიებითა და ყოველთვიური დანამატით ახალისებს.  final-final-final

საქართველოს მთავრობის №627 დადგენილებით 2014 წლის 19 ნოემბერს  დამტკიცებული საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის თანახმად, საჯარო მოხელეს სახელფასო დანამატი უნდა მიენიჭოს შემდეგ შემთხვევებში:

  • რთულ სამუშაო პირობებში მუშაობის;
  • დამატებითი სამუშაოს შესრულების;
  • დამატებითი სამუშაო საათების გამოყენების;
  • ოჯახური მდგომარეობის;
  • შვილების რაოდენობის;
  • საზღვარგარეთ სამუშაოს შესრულების;

ასევე, სახელფასო დანამატი  პირს უნდა მიენიჭოს ნამსახურები წლების (მაგალითად, ყოველ ხუთ წელიწადში) და საკლასო ჩინის გათვალისწინებით. სახელფასო დანამატის მინიჭება უნდა მოხდეს შესაბამისი საფუძვლების არსებობის პერიოდში.

სააგენტოს შემთხვევაში კი, თანამშრომლები სახელფასო დანამატს  ყოველთვიურად იღებენ. მისი მიზნობრიობისა და გაცემის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, რაც ეჭვს აჩენს სააგენტოში, თანამშრომლების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე  დანამატების გაცემის აუცილებლობაზე და შესაძლოა უთითებდეს, სააგენტოს მხრიდან დანამატების სისტემის საკანონმდებლო დაურეგულირებლობით არაკეთილსინდისიერად სარგებლობაზე.

სააგენტოს საქმიანობის მიმართ არსებული კრიტიკის ფონზე  მნიშვნელოვანია, რომ სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ“ და  საქართველოს მთავრობამ, როგორც სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ გადახედონ, სააგენტოს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის პოლიტიკას.

აუცილებელია, სააგენტოს მიერ   აღმოიფხვრას სახელფასო დანამატების ყოველთვიურად გაცემის დაუსაბუთებელი პრაქტიკა, თანამშრომლებზე  დანამატების გაცემა მოხდეს  მიზნობრიობისა და  აუცილებლობის  მკაცრი კონტროლის პირობებში.

[1] დეტალურად იხ.

1.რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ  ევროპული კომისიის მოხსენება საქართველოს შესახებ; გვ 36-38; 45-46;  74-78; ხელმისაწვდომია http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-GEO.pdf

  1. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის 2015 წლის მოხსენება საქართველოზე. გვ 18-20; ხელმისაწვდომია https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=0900001680590fb5
  2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის  შესახებ 2014 წ.  გვ.325-342. ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3509.pdf
  3. . საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის  შესახებ 2015 წ.  გვ.690-710;  ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3512.pdf
  4. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ. ხელმისაწვდომია- http://www.state.gov/documents/organization/256403.pdf
  5. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ. ხელმისაწვდომია- http://www.state.gov/j/drl/rls/irf/2014religiousfreedom/index.htm#wrapper
  6. The Constitutional Agreement’s Departure from the Georgian Principle of Equality; Norwegian Center for Human Rights; გვ. 51-57; ხელმისაწვდომია http://www.jus.uio.no/smr/english/about/programmes/oslocoalition/news/report_georgia_til_nett.pdf