EMC დემურ სტურუას საქმეზე მიმდინარე გამოძიების საწყის ეტაპებს აფასებს

470_14017587_10154047053868800_300324411_n_-_Copy_1

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  (EMC)“ მედიაში გახმაურების მომენტიდან აკვირდება სოფელ დაფნარში მცხოვრები 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის მიმდინარეობას.

აღნიშნული საქმე 8 აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული სამმართველოს გამოძიებაში იყო, თუმცა რაიონულმა სამმართველომ არ განახორციელა საქმეზე აუცილებელი საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, რითიც გადაუდებელ შემთხვევაში დააზღვევდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებას, ან შეცვლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიის პოლიციის სამმართველოსთვის უკვე 9 აგვისტოდან იყო ცნობილი დემურ სტურუას წერილის შესახებ და მასში კონკრეტული პოლიციელის მიმართ დაფიქსირებული ბრალდების თაობაზე. თუმცა, საქმე მხოლოდ 12 აგვისტოს გადაეცა გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, მას შემდეგ, რაც წერილის თაობაზე ინფორმაცია მედიაში გასაჯაროვდა, რაც ცხადია მიუთითებს ამ პერიოდის განმავლობაში საქმეში ინსტიტუციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობას.

საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო დაღუპულის დედა, რომლის ინტერესებსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენს. ამდენად, EMC-ის საშუალება ჰქონდა საწყისი ეტაპიდანვე თვალი ედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისა და საქმის პროგრესისთვის. დაზარალებულთან აქტიური კომუნიკაციის პირობებში, 12 აგვისტოდან გამოძიების ფარგლებში დაიკითხა საქმისათვის მნიშვნელოვანი არაერთი მოწმე, ჩატარდა რიგი საპროცესო/საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, დაღუპულის გვამისა და მის მიერ დატოვებული წერილის ექსპერტიზები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა საქმის შემდგომი მსლელობისთვის და საქმეში  ბრალდებულების გამოკვეთისთვის.

როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნული ორი უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზის პასუხის  საფუძველზე, 27 აგვისტოს გამოიცა პოლიციელ გ. თევზაძის დაკავების განჩინება. ამავე დღეს გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. 29 აგვისტოს საქმის ზედამხედველმა პროკურორმა მიიღო დადგენილება გ. თევზაძის ბრალდებულად ცნობის თაობაზე, ხოლო 30 აგვისტოს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც პოლიციელი ოფიციალურად მიეცა ძებნაში.

ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დემურ სტურუას წერილი იყო ავთენტური, ხოლო თავად გარდაცვლილს სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნებოდა სიცოცხლის პერიოდში მიღებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. გამოძიებით აგრეთვე დადგენილია, რომ 7 აგვისტოს გოდერძი თევზაძესა და დემურ სტურუას რამდენიმეჯერ ჰქონდათ  კომუნიკაცია, მათ შორის, სამტრედიის პოლიციის შენობის გარეთ, როდესაც გოდერძი თევზაძის სამსახურებრივი მანქანით ისინი გადაადგილდებოდნენ ქ. სამტრედიიდან სოფელი იანეთისკენ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ განცხადებაში დაწვრილებით არ არის განხილული საქმის დეტალები და მტკიცებულებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ჩავლილია გამოძიების მხოლოდ პირველი, თუმცა მნიშვნელოვანი ეტაპი. წინ არის მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და საქმის წარმოება სასამართლოში, სადაც პროკურატურამ უნდა მოახერხოს ბრალდების ეფექტური მხარდაჭერა და წაყენებული ბრალის დადასტურება.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელის წინააღმდეგ დაწყებულია დევნა, ძალაში რჩება ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა, დროულად და სამართლიანად აგოს პასუხი ყველა პირმა, ვისაც შესაძლოა შემხებლობა ჰქონოდა აღნიშნულ ფაქტთან. ამავდროულად, იმ პირობებში, როდესაც გ. თევზაძე არის მიმალვაში, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ უზრუნველყოს იმ მტკიცებულებებისა და მოწმეების უსაფრთხოება, რომლებზეც არსებობს პოლიციელის მხრიდან რაიმე ტიპის გავლენის მოხდენის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე გამოძიების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს პოლიციელის ძებნის ოპერაციის დროულად დასრულება, საქმეში მონაწილე სხვა შესაძლო პოლიციელიბის ბრალეულობის გამოკვეთა და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვება, რაც დაადასტურებს როგორც უფლებამოსილების გადამეტების, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებს.

დემურ სტურუას საქმე განსხვავებული რაკურსებით აჩვენებს ქვეყანაში არსებული ძალადობრივი და უხეში საპოლიციო სისტემის პრობლემებს. სოფელ დაფნარში და მეზობელ სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ პოლიციის მხრიდან შანტაჟი, მოქალაქეების იძულება და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობა დანერგილ პრაქტიკას წარმოადგენს. თუმცა, ადგილობრივები დღემდე ერიდებიან საჯაროდ პირად გამოცდილებებზე საუბარს, რაც ასევე მიანიშნებს პოლიციის მიმართ შიშისა და უნდობლობის ხარისხზე. ფაქტის სიმძიმისა და პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმილი, რომელიც საჭიროდ არ თვლის, განუმარტოს საზოგადოებას რა სისტემური და გადამჭრელი ზომების მიღებას გეგმავს იმისთვის, რომ დასრულდეს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკითა და ხისტი საპოლიციო მექანიზმებით მანიპულირება მოქალაქეებზე.

გასათვალისწინებელია, რომ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებსაც მარტივად არ მიუწვდებათ ხელი მედიასა და სერვისებზე, პოლიციასთან დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიურ და საშიშ ფორმებს ატარებს, რამდენადაც ეს პროცესები კიდევ უფრო ფარულად მიმდინარეობს.

დემურ სტურუას საქმეზე გამოძიების მიმდინარეობა და პოლიციის წინააღმდეგ ბრალის მოკლე ვადებში წაყენება დიდწილად სწორედ ამ საქმის საჯაროობის, პროტესტის, გამოხატული სოლიდარობისა და არსებული პოლიტიკური თუ წინასაარჩევნო კონტექსტის შედეგია. ამდენად, ეს საქმე არ უნდა იყოს განხილული, როგორც დამკვიდრებული პრაქტიკის გამოვლინება.

პოლიციაში არსებულ სისტემურ პრობლემასთან გამკლავებას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, რაც მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას. საჭიროა ძალადობრივი, შანტაჟზე და ტოტალურ კონტროლზე დაფუძნებული სისტემა შეიცვალოს საზოგადოებრივ ნდობაზე, მოქალაქეებთან თანამშრომლობაზე დამყარებული სისტემით. აგრეთვე, აუცილებელია დაიწყოს მუშაობა პოლიციის სისტემაში არსებული დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ, რომლის მოგვარებაც ეფექტური შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების გარეშე წარმოუდგენელია. ბოლო წლებში სწორედ ამაზე საუბრობს როგორც სახალხო დამცველი, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი, როდესაც ითხოვს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ამ ტიპის დანაშაულებისთვის.

დემურ სტურუას საქმის დროული და ეფექტური გამოძიება არის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი მწვავე პრობლემებთან გასამკლავებლად. იმისთვის რომ გამოჩნდეს რეალური პოლიტიკური ნების არსებობა და მზაობა გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმისთვის, საჭიროა:

  • პოლიციამ უარი თქვას არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გამოყენებაზე, საკანონმდებლო ორგანომ კი უახლოეს მომავალში განახორციელოს საკანონმდებლო ბაზის ცვლილება;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატოს მზაობა და დაიწყოს მუშაობა შიდა სისტემური მონიტორინგისთვის, რაც გამოავლენს სისტემაში არსებულ გადაცდომებს;
  • დაიწყოს მუშაობა პოლიციის რეფორმის პროცესზე და კონცეფციაზე;
  • შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც დაასრულებს დაუსჯელობის პრობლემას ქვეყანაში.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) თავს იკავებს გააკეთოს საბოლოო შეფასება დემურ სტურუას საქმის გამოძიებაზე, რომლის ეფექტურობაც დიდწილად სწორედ საქმის სასამართლო განხილვებზე და ბრალის დადასტურებაზე იქნება დამოკიდებული.