ლესბოსელი ქალების რეპროდუქციული განწყობები

0a46fbed0c85dc6fb079e112e118bf62

                                                                             ავტორები:მარიამ ქაჯაია, აია ბერაია, მაია ტაბიძე

შესავალი

ლგბტ ადამიანები საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დისკრიმინირებული ჯგუფია. საზოგადოების განწყობები ლგბტი ადამიანების მიმართ წლიდან წლამდე უარესობისკენ იცვლება (ე.აღდგომელაშვილი, 2016).
ჰომოფობიურ განწყობებთან ერთად, ქალის ჩაგვრა და გენდერული ნიშნით ძალადობა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ქალების დიდი ნაწილი დასაქმებულია, ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში და საზოგადო სფეროებში ძალიან დაბალია. საქართველოში ძალაუფლების მქონე ინსტიტუტები და პირები ხშირად გენდერული უთანასწორობის საკითხებს უკიდურესად სექსისტური პოზიციებიდან განიხილავენ (ბიულეტენი არა ფობიას!, 2014,2015,2016). ქალის რეპრეზენტაცია დიდწილად ხდება როგორც დედის, დიასახლისის, ქმრის მორჩილის. კანონმდებლობის თვალსაზრისით, კანონი  ,,ოჯახში ძალადობის და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ არის გენდერულად ნეიტრალური, ასევე, ქალების შრომითი უფლებები არ არის დაცული, მიუხედავად იმისა, რომ შვილების გაჩენა და დედობა ქალების „მთავარ დანიშნულებად“ მოიაზრება. რეპროდუქციული უფლებები ხშირად ხდება განსჯის საგანი, ტენდენცია კი განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ბოლო წლებში, საქართველოში ერთ–ერთმა ყველაზე გავლენიანმა ინსტიტუტმა – საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არაერთხელ გააკეთა აბორტის საწინააღმდეგო განცხადება.

ერის გამრავლება, დემოგრაფიული ზრდა ხშირად ექცევა სექსისტური და ჰომოფობიური დისკურსების ეპიცენტრში. მაგალითად, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის ქალისა და კაცის ერთობად ჩაწერის ინიციატივის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნული ცვლილების საჭიროება დემოგრაფიულ საფრთხის შემცირების არგუმენტით გაამართლა. ძიძიგური საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართავდა ამომრჩეველს, რომ ოჯახად უნდა ჩათვლილიყო მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობა – „მე ვფიქრობ, რომ როდესაც საქართველოში დემოგრაფიის თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს და გაეროს მონაცემებით გადაშენების პირას ვართ მისული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერი გაჩნდეს. მე მიმაჩნია, რომ ბავშვებს აქვთ უფლება მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები იყვნენ კაცები” (on.ge, 2016).

ასეთ პირობებში, ლესბოსელი ქალების ჩაგვრა ხდება როგორც ჰომოფობიური, ისე სექსისტური ნიშნით. საზოგადოებაში, რომელიც მკაცრად ჰეტერონორმატიულია, ქალის სექსუალობა რეპროდუქციულ ფუნქციას და მამაკაცის მოთხოვნებს მორგებული უნდა იყოს. ჰეტერონორმატიულობა მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს ცნობს მისაღებ ფორმად და გამორიცხავს ანდა სტიგმატიზაციას უწევს სხვა სახის სექსუალობებს. ლესბოსელობა ამ მხრივ არღვევს საზოგადოებაში გაბატონებულ გენდერულ წესრიგს და ახალ გამოწვევებს უქმნის მამაკაცების დომინაციას. ვინაიდან ნაციონალისტურ დისკურსში დემოგრაფიულ ზრდას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, ჩვენთვის საინტერესოა, როგორია ლესბოსელი ქალების მიმართება რეპროდუქციასთან.

სტატიის მიზანია უპასუხოს სამ მთავარ კითხვას: 1. როგორია რესპონდენტთა რეპროდუქციული განწყობა ახლა? 2. როგორ იცვლებოდა და შეიძლება შეიცვალოს რეპროდუქციული განწყობები დროთა განმავლობაში? 3. რა ფაქტორებთან არის, იყო ან რომელ ფაქტორებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული  რეპროდუქციული განწყობები? გამოკითხვის მონაწილეებს კი წარმოადგენენ 18–დან 40–მდე ასაკის ქალები, რომლებიც თავს ლესბოსელად განსაზღვრავენ, იმისდა მიუხედავად თუ როგორი გამოცდილება აქვთ ან ჰქონიათ.

აქვე, აუცილებელია მოკლედ შევეხოთ საკანონმდებლო რეგულაციებსაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა[1] და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“[2] სპეციალური კანონის მიხედვით, ბავშვის შვილად აყვანის უფლება შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერ სრულწლოვან და ქმედუნარიან პირს (სკ. მ. 1245; კანონი მ.5); თუმცა, კანონი უთითებს, რომ შემდგომ შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში უნდა აღინიშნოს მშვილობელის პიროვნული თვისებები (მუხლი 18.2(ა)), რაც შესაძლოა დისკრიმინაციის საფუძველი გახდეს, მითუმეტეს, თუ საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს გავითვალისწინებთ. ვინაიდან საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონით ნებადართული არაა, ლესბოსელი წყვილისთვის შვილის აყვანა შეუძლებელია (ვისგი, 2012). საქართველოში მარტოხელა დედას შეუძლია ხელოვნური განაყოფიერების უფლებით სარგებლობა, თუმცა ეს მომსახურება ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ლესბოსელი ქალებისთვის შვილის ყოლის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების საკმაოდ ცოტა შესაძლებლობა არსებობს. ეს ინფორმაცია შესაძლოა ჩვენი რესპონდენტებისთვის არც იყოს ხელმისაწვდომი; ჩვენთვის მათ მიერ მოაზრებული და სასურველი რეპროდუქციული ქცევები უფრო საინტერესოა, ვიდრე რეალურად განხორციელებული.

 ლიტერატურის მიმოხილვა

რეპროდუქციული განწყობები მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივ აზრთან და სოციალური მოქმედების საერთო ტენდენციებთან. რადიკალი ფემინისტი ავტორის, ადრიენ რიჩის თეორიის მიხედვით, პატრიარქატი და მასკულინისტური აღზრდა ქალებს ბავშვობაშივე ერთადერთ პერსპექტივას სთავაზობს – მოერგოს და დაიჯეროს ჰეტეროსექსუალობა, იცხოვროს ჰეტერონორმატიულად – ანუ დაემორჩილოს კაცის დომინაციას, რათა გათხოვდეს და შექმნას ოჯახი (რიჩი, 1980).

პატრიარქატში იგულისხმება საზოგადოების ისეთი მოწყობა, სადაც მამაკაცს პრივილეგირებული მდგომარეობა ენიჭება, ქალს კი – დაქვემდებარებული. მამაკაცის პრივილეგიები განმტკიცდება და ვლინდება როგორც ინსტიტუტების და სისტემურ, ისე ყოველდღიურობის დონეზე. თავის მხრივ, პატრიარქატი დაკავშირებულია კაპიტალიზმთან. ფემინისტი თეორეტიკოსი ჰაიდი ჰარტმანი (1976) კაპიტალიზმისა და პატრიარქატის ტანდემის მიერ ქალის დაქვემდებარებულობის გაღრმავების შესახებ მსჯელობისას ასკვნის, რომ ქალის პატრიარქატის ქვეშ სუბორდინაცია კაპიტალიზმმა მისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად გამოიყენა: პატრიარქალურ სისტემაზე დაფუძნებით მოახდინა შრომის ბაზრის სქესის ნიშნით სეგრეგირება, რაც უზრუნველყოფს კაპიტალისტი კაცის პატრიარქალური ინტერესების და პირიქით – პატრიარქატის კაპიტალისტური ინტერესების დაკმაყოფილებას (ჰარტმანი, 1976). შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაცია გულისხმობს შრომის კერძო (სახლი, საშინაო საქმე, ოჯახი) და საზოგადო (პოლიტიკა, საზოგადოებრივი საქმიანობა, ანაზღაურებადი სამუშაო) სფეროებად დაყოფას. კაპიტალისტური სახელმწიფოები, თავის მხრივ, მართალია, განსხვავდება ქალების მდგომარეობის და სოციალური სიკეთეების წყალობით, მაგრამ ყველა ქვეყანაში საშინაო სფერო დიდწილად ქალს მიეწერება. კაპიტალისტური პატრიარქატის პერსპექტივით, ქალისთვის ჰეტერონორმატიული ცხოვრება, ოჯახის შექმნა – ქმრის, მშრომელის მსახურება და შვილის – მომავალი მშრომელის გაჩენა თვითრეალიზაციის აუცილებელი და უმაღლესი საშუალებაა. ჰეტეროსექსუალი წყვილის ოჯახი, შესაბამისი გენდერული როლების გადანაწილებით, ამ მხრივ, ქალის ეკონომიკური და კულტურული დაქვემდებარების საფუძველი ხდება.

ამასთანავე,  სახელმწიფოში, რომელიც კაცების მიერ დომინირებული მრავალი ინსტიტუციისგან შედგება, კაპიტალიზმი და პატრიარქატი წარმოქმნიან ნაციონალისტურ პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მახასიათებელიც დემოგრაფიული წუხილებია, ანუ ის, თუ როგორ ჩააყენოს ქალის სხეული სახელმწიფოს სამსახურში, მასზე დადებითი რეპროდუქციული ქცევის დავალდებულებით. ნაციონალისტურ ნარატივში ქალს ხშირად მიეწერება ერის გადარჩენის ფუნქცია. განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ნაციონალიზმი და დემოგრაფია მჭიდრო კავშირშია. მაგალითად, 90-იანი წლების სერბეთში, მძიმე სამოქალაქო დაძაბულობის ფონზე, აბორტის საწინააღმდეგოდ მიმართული ნარატივი, ძირითადად, სერბი ერის გამრავლებაზე აკეთებდა აქცენტს. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი გამოვიდა აბორტის აკრძალვის ინიციატივით, რომელსაც საფუძვლად ედო როგორც რელიგიური არგუმენტები, ისე ,,ნაციის კვდომა“. აბორტი მან ,,თეთრ ჭირად“ მოიხსენია, რომელშიც სერბი ქალები იყვნენ დამნაშავე (დრეჟიკი, 2000).

თანამედროვე საქართველოში, ანალოგიურ დისკურსს ვაწყდებით საპატრიარქოს განცხადებებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია ქვეყანაში, ამბობს:

,,დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული)” (ილია II, 2013).

ქალის კონსტრუირება ხდება, ერთი მხრივ, როგორც დედის, რომლის მთავარი დანიშნულება ბავშვების გაჩენაა, მეორე მხრივ, მისი სექსუალობა მთლიანად დაქვემდებარებულია მამაკაცის სურვილს. ამის შედეგია, რომ ლესბოსელობა ფაქტობრივად გამქრალია ჰომოფობიურ დისკურსში. თუ შევხედავთ ბიულეტენს „არა ფობიას!“ (2013, 2014, 2015, 2016), რომელიც სიძულვილის ენის მონიტორინგს აწარმოებს, ადვილი შესამჩნევია, რომ აგრესიის ობიექტი მედიაში, ძირითადად, გეი მამაკაცია. ამის მიზეზი კი ლესბიფობიის არარსებობა კი არ არის, არამედ ის რომ ქალი პოლიტიკურ სუბიექტად არ მოიაზრება.

რიჩის თეორიის მიხედვით, ლესბოსელები, სექსუალობის სფეროში კაცის მორჩილებაზე უარის თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ პატრიარქატისთვის, სწორედ იმით, რომ კაცს ეზღუდება შესაძლებლობა, აკონტროლოს ლესბოსელი ქალის სექსუალობა; ეს თავისთავად გულისხმობს რეპროდუქციის კონტროლის სადავეების ხელიდან გაშვებასაც.

რომ შევაჯამოთ, პატრიარქატს, ქალის სუბორდინირებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად,  ქალისგან დადებითი რეპროდუქციული ქცევის განხორციელება სჭირდება, კაპიტალიზმს – სამუშაო ძალის რეპროდუქციისთვის, ხოლო სახელმწიფოს – მოსახლეობის გამრავლებისა და დემოგრაფიული რეგულირებისთვის. ასეთ ვითარებაში, ლესბოსელობა მიჩნეული გვაქვს სექსუალობის სფეროში კაცის დომინაციის მიმართ რეზისტენციად, რაც თავის მხრივ, ქმნის შესაძლებლობას ქალის რეპროდუქციულ ქცევის კაცის კონტროლისგან გათავისუფლებისთვის. თუმცა, ბუნებრივია, რეზისტენცია არსებულ გენდერულ წესრიგთან ყველა შემთხვევაში გაცნობიერებულ დაპირისპირებას არ გულისხმობს.

გამოკითხვის შედეგები

საქართველოში ლესბოსელი ქალების რეპროდუქციული განწყობები აქამდე შეუსწავლელი საკითხია: არ არის ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორია ლესბოსელ ქალებში რეპროდუქციული ქცევა, განწყობა და განზრახვა და რომელი ფაქტორები შეიძლება, მათზე ზეგავლენას ახდენდნენ.

მონაცემების შესაგროვებლად, ჩავატარეთ 16 სიღრმისეული ინტერვიუ 18-დან 38 წლის ჩათვლით მდედრობითი სქესის რესპონდენტებში, რომლებიც ლესბოსელად იდენტიფიცირდებიან, იმისდა მიუხედავად თუ როგორი გამოცდილება აქვთ ან ჰქონიათ. გამოკითხვის მონაწილეები თბილისში ცხოვრობენ; ყველა მათგანი თავს ფემინისტად მიიჩნევს. 18-21 წლის ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტები არიან ბაკალავრიატის სტუდენტები, ძირითადად უმუშევრები, რომლებსაც მშობლები ეხმარებიან. თუკი საკუთარი შემოსავალი აქვთ, ეს 100-300 ლარის ფარგლებში მერყეობს. 22-25 წლის რესპონდენტების დასაქმებისა და შემოსავლების მაჩვენებლები, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანია. 25 წელს ზემოთ რესპონდენტების უმრავლესობას აქვს მაგისტრის ხარისხი და საკუთარი შემოსავალი 500-1000 ლარის ფარგლებში. რესპონდენტთა უმეტესობა ცხოვრობს მშობლებთან ანდა სხვა ოჯახის წევრებთან ერთად. ინტერვიუების ჩატარების მომენტისთვის, რესპონდენტთა დაახლოებით ნახევარს ჰყავდა მუდმივი პარტნიორი. ისინი ხშირად ახსენებენ მონოგამიას, უმეტესობა მათგანი იმყოფება მონოგამიურ ურთიერთობაში ან აქვს სურვილი, რომ მომავალში ჰქონდეს ასეთი ურთიერთობა. რაც შეეხება “ქამინგ აუთს”, ყველა მონაწილეს “ქამინგ აუთი” გაკეთებული აქვს მეგობრებთან, ბევრი მათგანის სექსუალური იდენტობის შესახებ ასევე იციან ოჯახის მდედრობითი სქესის წევრებმა (დედებმა და დებმა). იმ მონაწილეებისთვის, რომლებსაც ოჯახის წევრებთან (განსაკუთრებით, დედასთან) “ქამინგ აუთი” გაკეთებული არ აქვთ, ეს გარკვეული შფოთვის და დაძაბულობის საგანს წარმოადგენს.

რეპროდუქციული განწყობები

გამოკითხულთა მხოლოდ ოთხი მონაწილე აცხადებს, რომ შვილის ყოლა არ უნდა და მომავალში ამის შესაბამისი გეგმები არ აქვს. ყველა დანარჩენს სურს შვილის ყოლა, თუმცა, შეიძლება, ეს სამომავლოდ ჰქონდეთ გადადებული; დედობა წარმოდგენილი აქვთ გარკვეული ასაკის შემდეგ. ის ოთხი მონაწილე, რომელთაც შვილის ყოლა არ სურთ და არ გეგმავენ, ასევე უშვებენ, რომ მომავალში შეიძლება აზრი შეიცვალონ და გარკვეულ პირობებში შვილი იყოლიონ. ზოგიერთ რესპონდენტს არ სურს დაორსულება და ელის, რომ შვილი პარტნიორის ორსულობით შეეძინება. რესპონდენტთა უმრავლესობას სურს/წარმოუდგენია ერთი შვილი. მხოლოდ ერთი რესპონდენტი საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე შვილს იყოლიებს. როდესაც კითხვას ვუსვამთ შვილის ყოლის მეთოდების შესახებ, ზოგიერთი მათგანი საუბრობს შვილის აყვანაზე, ხოლო რაც შეეხება დაორსულებას, აქ განიხილება როგორც ხელოვნური განაყოფიერების, ისე მამაკაცთან სქესობრივი აქტის ვარიანტები (თუმცა ეს უკანასკნელი ვარიანტი ზოგიერთი მონაწილისთვის მიუღებელია).

როგორც აღვნიშნეთ, მონაწილეთა უმრავლესობა თავს ხედავს მონოგამიურ ურთიერთობაში, შვილის ყოლის სურვილი და გეგმაც ხშირ შემთხვევაში ებმის ერთი სტაბილური პარტნიორის ყოლას. რამდენიმე რესპონდენტი ამბობს, რომ შვილი მხოლოდ პარტნიორთან ერთად წარმოუდგენია. ის რესპონდენტები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შვილი არ უნდათ, უშვებენ, რომ შეიძლება აზრი შეიცვალონ, თუკი ამის სურვილი პარტნიორს ექნება. მცირეა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ შვილს პარტნიორის გარეშეც იყოლიებენ.  მთლიანობაში, რესპონდენტები დადებით ან უარყოფით რეპროდუქციულ განწყობას სექსუალურ იდენტობას არ უკავშირებენ. მათი თქმით, საკუთარი ლესბოსელობის აღმოჩენას მათ განწყობებზე არ უმოქმედია და არ შეუცვლია. მხოლოდ ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სანამ ლესბოსელად თვითიდენტიფიცირდებოდა, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში, ორსულობის შედეგად წარმოედგინა შვილის გაჩენა, რაც შემდგომ შეიცვალა. სხვა მხრივ, ისინი, ფაქტობრივად, არ განასხვავებენ თავს სხვა ქალებისგან. კითხვაზე “რატომ უნდათ ქალებს შვილების ყოლა?”, ისინი პასუხობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს შთამომავლობის გაგრძელების სურვილი, მარტო დარჩენის შიში, დედობრივი ინსტინქტი; შვილის ყოლის საკუთარ მოტივაციებზე საუბრის დროსაც, შინაგან ფაქტორებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ისინი, ვისაც არ სურთ შვილის ყოლა, სხვა ქალებისთვის შვილის ყოლის მიზეზებზე საუბრისას, უფრო გარეგან ფაქტორებზე და საზოგადოების მხრიდან წნეხებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ლესბოსელებისთვის შვილის ყოლის ხელშემშლელ ფაქტორებად სახელდება მატერიალური რესურსების არქონა, ფინანსური არასტაბილურობა და საზოგადოებაში ჰომოფობიის მაღალი დონე. ეს მეორდება თითქმის ყველა რესპონდენტთან. ფინანსური არასტაბილურობა შეიძლება იყოს შვილის გაჩენის სამომავლოდ გადადების მიზეზი, ხოლო ჰომოფობიის მაღალი დონის გამო, შვილის გაჩენა ხანდახან განიხილება საზღვარგარეთ.

,,…აქ ამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენელი მგონია, თან არ მყავს როლური მოდელი, ვისგანაც დავინახავდი, რომ აქ ამ ყველაფერში ამის შესაძლებლობა არის.”

“რეალურად არ მიმაჩნია ამ გადმოსახედიდან… ჩვენს სიტუაციაში და ქვეყანაში არ ვიცი. შეიძლება უფრო მეტად ვხედავ ამ ყველაფერს ძალიან შორეულ პერსპექტივაში და იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანაში არ ვიცხოვრებ.”

რესპონდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ლესბოსელები შვილების ყოლის შესახებ ერთმანეთში იშვიათად საუბრობენ; ეს თემა აქტუალური არ არის, რადგან დღის წესრიგში ამჟამად ისევ და ისევ ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოების საკითხები დგას.

რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ ოჯახის წევრებს და ნათესავებს მათ მიმართ ჰეტერონორმატიული მოლოდინები აქვთ ან ჰქონდათ. მონაწილეებს სხვადასხვა ფორმით მოუწოდებდნენ ან მიანიშნებდნენ გათხოვებისა და შვილის გაჩენისკენ. გათხოვება და შემდეგ შვილის გაჩენა ყველაზე ნორმალურ და სასურველ მოვლენად განიხილება, თუმცა, მონაწილეები აღნიშნავენ, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, ოჯახის წევრები მათ სთხოვდნენ, – თუ არ გათხოვდები, შვილი მაინც გააჩინეო.

“ერთხელ ბებიაჩემმა მითხრა, რომ უკვე დროა გააჩინო, თუნდაც ქორწინების გარეშე…  ესე ფიქრობს, რომ რაღაც ასაკის მერე ოღონდ ბავშვი გააჩინო და არაუშავს თუ, ვთქვათ, ქორწინების გარეშე.”

“ტრადიციული, სტანდარტული ოჯახი მყავს მაგ მხრივ და მეუბნებიან, რომ 25-ს რომ გადასცდები და უკვე გასათხოვარი-გაუთხოვარის ვარიანტი ხარ, მეუბნებიან, რომ შვილი მაინც გააჩინე.”

ზოგადად, მონაწილეების ხედვით, მათი ოჯახებისთვის უფრო მისაღები იქნება, თუ ისინი მარტოხელა დედები გახდებიან, ვიდრე ის შემთხვევა, თუკი შვილს იყოლიებენ თავიანთ პარტნიორთან ერთად, როგორც ლესბოსელები. ღიად ლესბოსელი წყვილის მიერ შვილის ყოლა შეიძლება ოჯახებისთვის შოკისმომგვრელი იყოს, მათ ცუდი რეაქციები ექნებათ. ზოგიერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრები მათ გათხოვებისა და შვილის გაჩენის საკითხზე არ ესაუბრებიან, თუმცა ასეთთა რაოდენობა მცირეა.

გამოკითხვის პრაქტიკულად ყველა მონაწილე ადასტურებს, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალებზე დიდი წნეხია, რომ შვილი გააჩინონ. თვალსაჩინოა ქალის ფორმირება ჰეტერონორმატიულ სუბიექტად, რომელიც გათხოვდება და ბავშვებს გააჩენს. თუმცა ის, რომ ყველა ქალმა თითო შვილი მაინც იყოლიოს, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა, ვიდრე გათხოვება და ჰეტეროსექსუალური ოჯახის კონტექსტში რეპროდუქცია. რეპროდუქცია ქალის უპირველეს და უმთავრეს ფუნქციად მიიჩნევა. რესპონდენტები საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოებაში დომინირებს დისკურსი, რომელიც უშვილო ქალებს არცხვენს, ნაკლებად ღირებულად ან ამორალურ ადამიანებად აცხადებს.

“თავიდანვე ჩათვლილი იყო, რომ ქალის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ფუნქციაა რომ ბავშვი უნდა გააჩინოს და მოვალეობაა მისი, და როგორც იყო ადრე, ახლაც მოგვყვება. არის მთავარი მოთხოვნა ქალის მიმართ, რომ უნდა გათხოვდეს და გააჩინოს ბავშვი. მეტი არაფერი არ მოეთხოვება, მთავარია ბავშვი გააჩინოს.”

“[თუ არ გააჩენს,] ტვინს შეუჭამენ და ეტყვიან, რომ აი, ახლა შენ სულ რომ ტრილიონი გქონდეს IQ, ვის რად უნდა ეგ შენი IQ, გააჩინე შვილი და ეგ შენი ფუნქციაა…”

“ბევრისთვის შეიძლება ქალი, რომელიც შვილს არ აჩენს, რაღაცა გამოუყენებელი ჭურჭელია და დაადანაშაულონ იმაში, რომ მარტო საკუთარი თავისთვის ცხოვრობ და არ ფიქრობ შთამომავლობაზე და ა.შ.”

“ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი ერთი ახლობელი, რომელსაც არ ყავდა შვილი და დღემდე არ უნდა რომ ყავდეს შვილი, რაც მოდის მასზე წნეხები არის – ან ბოზობს, დადის კაცებში, ყველაფერი ფეხებზე კიდია.”

როგორც ჩანს, რესპონდენტებისთვის თვალსაჩინოა ის მძლავრი რეპროდუქციული ნორმატივები და წნეხი, რომელიც ქალებს მიემართებათ. მიუხედავად ამისა, საკუთარ სურვილებსა და მოტივაციებზე საუბრისას, ამ ნორმატივების არსებობა, თითქოს, არ ახსოვთ; საკუთარ სუბიექტურობას და სურვილებს საჯარო დისკურსთან და რეპროდუქციულ წნეხთან არ აკავშირებენ. როგორც საკუთარ, ისე სხვა ლესბოსელი ქალების სურვილს, რომ შვილი ჰყავდეთ, ბევრი მონაწილე ხსნის იმით, რომ ეს “ბუნებრივია”, დედობრივი ინსტინქტის გამოვლინებაა, უბრალოდ, ბავშვები უყვართ ან სიბერეში წყლის მიმწოდებელი უნდათ. ხოლო იმაზე, რომ მსგავსი სურვილი ნორმატიულობასთან არის კავშირში, მონაწილეთა მცირე რაოდენობა საუბრობს.

როგორც ითქვა, ლესბოსელი ქალების ან წყვილებისთვის შვილის ყოლაში ერთ-ერთ მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საზოგადოებაში ჰომოფობიის მაღალი დონე სახელდება. რესპონდენტთა დაკვირვებით, ჰომოფობიის დონე ადრინდელთან (მაგალითად, 1990-იან წლებთან, ან რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდთან) შედარებით, მომატებულია და კიდევ უფრო იმატებს. თუმცა, ზოგიერთ რესპონდენტს შეგრძნება აქვს, რომ მის გარშემო ადამიანები, ადრინდელთან შედარებით, ნაკლებად ჰეტერონორმატიულები ანდა ლგბტ ადამიანების მიმართ უფრო სოლიდარულები არიან. კითხვაზე “რამ შეიძლება შეამციროს ჰომოფობიის დონე?”, რესპონდენტები, ერთი მხრივ, მიუთითებენ, რომ საჭიროა განათლების სისტემისა და მედიის სივრცეებში არსებული საჯარო დისკურსების ცვლილება, მეორე მხრივ კი, გამოსავლად ესახებათ ის, რომ “ქამინგ აუთი” ბევრმა ადამიანმა გააკეთოს. ჰომოფობიის შემცირებაში საკუთარ როლს რესპონდენტები, უმეტესწილად, ინდივიდუალური აქტებით (“ქამინგ აუთის” გაკეთება) განიხილავენ, ცვლილებისთვის ორგანიზებულ და პოლიტიკურ ბრძოლაზე საუბარი კი იშვიათია.

(არა)ნორმატიულობა და პოლიტიკური შეხედულებები

სიღრმისეულ ინტერვიუებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა ნორმატიულია. ნორმატიულობის მაჩვენებლად შეგვიძლია გამოვყოთ ორი კრიტერიუმი: ა) რეპროდუქციის/შვილის ყოლის მიმართ დამოკიდებულება და ბ) რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებები.

როგორც ითქვა, მონაწილეთა უმრავლესობას სურს, რომ შვილი ჰყავდეს და ამ სურვილს პირადი ან “ბუნებრივი” მოტივაციით ხსნის; შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მონაწილეები რეპროდუქციული ნორმატივების მიმართ საკმარისად კრიტიკულები არ არიან, მათი მხრიდან ნორმატივის მიმართ რეზისტენცია არ არსებობს ან სუსტად გამოხატულია.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებს, მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები თავს ფემინისტებად მიიჩნევენ, შეიძლება ითქვას, რომ მათი, როგორც ქალებისა და როგორც ლესბოსელების, პოლიტიკური ცნობიერება დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ლესბოსელებისთვის მთავარ პრობლემებად ჰომოფობია და ფინანსური სიდუხჭირე სახელდება, რესპონდენტების უმრავლესობა მჩაგვრელი სისტემების (პატრიარქატი, კაპიტალიზმი, სახელმწიფო) იდენტიფიცირებას არ/ვერ ახდენს. ზოგიერთი რესპონდენტი ჩაგვრის წყაროდ ასახელებს ჰეტერონორმატიულობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ლგბტ ადამიანებზე ძალადობას წაახალისებს. მონაწილეები (მათ შორის, ისინიც, ვისაც შვილის ყოლა არ უნდა) არ არიან რადიკალურები და არ გამოხატავენ სურვილს, ჩაგვრას აქტიურად და ორგანიზებულად დაუპირისპირდნენ. მსგავსი იდეებით მხოლოდ ერთი მონაწილე გამოირჩევა; მას სხვებისგან ისიც განასხვავებს, რომ საკუთარ სექსუალობას პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს.

ჰეტერონორმატიულობა:

როგორც ითქვა, რესპონდენტთა უმრავლესობა თავს ხედავს მონოგამიურ ურთიერთობაში, შვილის ყოლაც ბევრ მათგანს პარტნიორთან ერთად წარმოუდგენია და არა მარტოს. ზოგიერთი რესპონდენტი საუბრობს იმაზე, რომ მას უნდა “ჩვეულებრივი ოჯახი”, ისეთივე უფლებები, როგორიც ჰეტეროსექსუალურ წყვილებს აქვთ. შესაბამისად, ეს რესპონდენტები თავისთვის სასურველად მიიჩნევენ ქორწინების თანასწორობას და თავიანთი მომავალი წარმოუდგენიათ ოჯახში, რომელიც ჰეტეროსექსუალური ოჯახის სტრუქტურას იმეორებს. “მე ძალიან ბევრი ჰეტერო მეგობარი მყავს და ისევე როგორც ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალი, რატომღაც იმდენად ვერ ვგრძნობ, რომ… რადგან მე გოგო მყავს… ამის გამო მე რაღაც ძაან განსხვავებული ვარ. მართლა ძაან მინდა რომ ვიყო კანონიერ ქორწინებაში ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად…” ზოგადად ქორწინება განიხილება რეპროდუქციისთვის ხელშემწყობ ფაქტორად, მათ შორის, არანორმატიული რესპონდენტების მხრიდანაც. ის რესპონდენტები, რომლებიც ჰეტერონორმატიულობის მიმართ კრიტიკულები არიან, თითქოს საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიან. ისინი გეი ქორწინების დაკანონებაში ხედავენ საფრთხეს, რომ ლესბოსელ წყვილებში მოხდება ჰეტერონორმატიულობის, ასევე რეპროდუქციული ნორმატივების დამკვიდრება, თუმცა, მეორე მხრივ, რეპროდუქციის წარმოდგენა ქორწინებისა და ოჯახის გარეშე უჭირთ.

მამაკაცების მიმართ დამოკიდებულება:

მამაკაცებისგან სექსუალური სეპარაციის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს მხოლოდ ერთი მონაწილე. დანარჩენი რესპონდენტები გამოხატავენ მამაკაცების მიმართ სექსუალურ ინდიფერენტულობას იმით, რომ არ სურთ კაცზე გათხოვება და ასევე, ზოგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგებიან კაცთან სექსუალურ კავშირს, მაგალითად, დაორსულების მიზნით. პრაქტიკულად არ არის საუბარი ქალისა და კაცის უთანასწორო სოციალურ სტატუსზე და სოციალურ ანდა სექსუალურ ძალაუფლებრივ მიმართებებზე.

კაპიტალიზმის მიმართ დამოკიდებულება:

ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს იმაზე, რომ მოეწონა ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად კლუბ “ბასიანის” გავრცელებული განცხადება[3]. იგი თავის მოსაზრებას განავრცობს იმ მიმართულებით, რომ სურს, ლგბტ ადამიანებს მხარი კორპორაციებმა დაუჭირონ[4]; მისი აზრით, ეს უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ლგბტ ორგანიზაციების მუშაობა. ერთ-ერთი (არანორმატიული) რესპონდენტის განცხადებით, ქალებზე რეპროდუქციული წნეხი კაპიტალისა და სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელთაც ახალი სამუშაო ძალა სჭირდებათ. რესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ახდენს სექსუალობის რეგულირებას როგორც პოზიტიური რეპროდუქციული წნეხით, ასევე აბორტზე ან კონტრაცეპტივებზე წვდომის შეზღუდვით, განსაკუთრებით დაბალი კლასის ქალებისთვის. იგივე რესპონდენტი ასევე კრიტიკულია სუროგაციის პრაქტიკის მიმართ, მიაჩნია, რომ ამ პრაქტიკის საშუალებით, დაბალი კლასის ქალების სხეულების ათვისება და ექსპლუატაცია ხდება; შესაბამისად, ფემინისტები ვალდებულები არიან, რომ ესეც გადაიაზრონ. გამოკითხვის სხვა მონაწილეები ჩაგვრის წყაროდ კერძო კაპიტალს და კაპიტალისტური წარმოების წესს არ გამოყოფენ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ სიძნელეებზე ყველა საუბრობს.

სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება:

სახელმწიფო, უმეტესწილად, განიხილება აქტორად, ინსტიტუტად, რომელთანაც ლგბტ ადამიანებმა შეიძლება ითანამშრომლონ. სახელმწიფო არის აქტორი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს გეი ქორწინების ლეგალიზაცია; ასევე, ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფო განიხილება ძალად, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს ჰომოფობიურად განწყობილი მართლმადიდებლური ეკლესიის ძალაუფლებას. ერთ-ერთი მონაწილე ითხოვს, რომ სახელმწიფომ აწარმოოს პრონატალისტური პოლიტიკა, დააფინანსოს მშობიარობა (განურჩევლად მშობიარის სექსუალური იდენტობისა) და ასევე, პარალელურად, აწარმოოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც ბავშვებს საგანმანათლებლო რესურსით და შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფს. რესპონდენტის აზრით, ამგვარი პოლიტიკები შობადობის ზრდას წაახალისებს და სახელმწიფოს ინტერესშია, რადგან ეს მოსახლეობის ზრდას განაპირობებს. სხვა მონაწილე საუბრობს იმაზე, რომ გეი ქორწინების დაკანონება და ლესბოსელთა რეპროდუქციის ხელშეწყობა სახელმწიფოს წაადგება იმ მხრივ, რომ ეს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას გაამარტივებს.

ზოგიერთი რესპონდენტი დემოგრაფიული, პრონატალისტური პოლიტიკის მიმართ უფრო რეზისტენტული და კრიტიკულია. რამდენიმე მათგანი აღნიშნავს, რომ საქართველოში ქალებისთვის შვილის გაჩენა-არგაჩენა არჩევანის საგანს არ წარმოადგენს, წინასწარ არის განსაზღვრული ის, რომ გათხოვდებიან და შვილს გააჩენენ. ერთ-ერთი მონაწილე მიუთითებს გენდერულად სელექციური აბორტების პრობლემაზე; ქალები, გარდა იმისა, რომ “გამრავლების” ან მრავალშვილიანობის ნორმატივს ემორჩილებიან, აგრეთვე იღებენ ნორმას, რომლის მიხედვითაც, ბიჭის გაჩენა უფრო ღირებულია, ვიდრე გოგოსი. ორი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს მართლმადიდებლური ეკლესიის პრონატალისტურ პოლიტიკაზე და პატრიარქ ილია II-ის ინიციატივაზე, რომ ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვს მონათლავს. ამ მონაწილეებისთვის ადამიანებზე ზემოქმედების ეს მეთოდი მიუღებელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეკლესია განიხილება სახელმწიფოსგან განყენებულად, მისი პოლიტიკა სახელმწიფოსთან არ ასოცირდება. მონაწილეები სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არც ზოგად პრონატალისტურ პოლიტიკასა და ჰეტერონორმატიულობაზე აკისრებენ. სახელმწიფოს მიმართ არ გაისმის მოთხოვნა, რომ მარტოხელა ქალის ან ლესბოსელი წყვილისთვის შვილის აყვანა პრაქტიკაში განხორციელებადი გახდეს.

ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება:

რესპონდენტები საუბრობენ ეკლესიისა და მღვდლების დიდ ძალაუფლებაზე, რაც მათთვის შემაწუხებელია. ეკლესია იდენტიფიცირებულია აქტორად, რომელიც საზოგადოებას ლგბტ ადამიანების დაჩაგვრისა და მათზე ძალადობისკენ მოუწოდებს; ზოგი მონაწილისთვის ასევე თვალსაჩინო და შემაწუხებელია ეკლესიის პრონატალისტური პოლიტიკა. რესპონდენტები გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ სახელმწიფო ეკლესიას გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს მის ძალაუფლებას ლგბტ ადამიანების სასარგებლოდ, – მაგალითად, გეი ქორწინების დაკანონებით. ზოგი რესპონდენტის მიერ ეს გაგებულია სახელმწიფოს განვითარების ევროპულ გზად. ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს იმაზე, რომ თავად ეკლესია უნდა შეიცვალოს, “სიყვარული იქადაგოს” და ადამიანები არ განსაჯოს. სხვა რესპონდენტი ეწინააღმდეგება რადიკალურ დაპირისპირებას და ეკლესიასთან დიპლომატიური ხერხებით მუშაობის საჭიროებაზე საუბრობს, რამაც, სამომავლოდ, შესაძლოა, მათი დამოკიდებულებების ცვლილება განაპირობოს. ზოგადად, რესპონდენტების ხედვით, ეკლესიის ძალაუფლების შემცირება ან მისი დისკურსის ცვლილება ჰომოფობიის შემცირებას ებმის.

რომ შევაჯამოთ, ნორმატიულ სურვილებს, იდეებს და ხედვებს ბევრი რესპონდენტი გამოხატავს. ეს აისახება მათ დამოკიდებულებებში ოჯახური ცხოვრებისა და საკუთარი მომავლის მიმართ, აგრეთვე სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის, ინსტიტუტების, სისტემების მიმართ დამოკიდებულებებში, მოთხოვნებში ან მოთხოვნების არარსებობაში. არანორმატიული იდეების განვითარება და სიმყარე ხშირად დაბრკოლებულია ჩაგვრების სტრუქტურული ხასიათის ვერდანახვის გამო. არანორმატიულობა და რადიკალიზმი საკუთარი თავისა და პოლიტიკის არაინდივიდუალისტურ აღქმებს ებმის.

დასკვნა

გამოკითხვის შედეგები შემდეგ პასუხს გვაძლევს: რესპონდენტთა უმრავლესობას შვილის ყოლა სურს. ისინი, ამ კუთხით, თავს სხვა ქალებისგან განსხვავებულად არ აღიქვამენ და შვილის ყოლის იგივე მოტივაცია აქვთ, რაც, მათი აღქმით, სხვებს შეიძლება ჰქონდეთ. მონაწილეები რეპროდუქციის მიმართ დამოკიდებულებას სექსუალურ იდენტობას არ უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ლესბოსელად იდენტიფიცირებას მათი დამოკიდებულება და სურვილები არ შეუცვლია. ბევრ მათგანს შვილის ყოლა მონოგამიურ ურთიერთობაში, პარტნიორთან ერთად წარმოუდგენია. რესპონდენტების აზრით, მათი და სხვა ლესბოსელების რეპროდუქციას საზოგადოებაში ჰომოფობიის მაღალი დონე და ფინანსური პრობლემები აბრკოლებს. შესაბამისად, თუ ეს პრობლემები აღარ იქნება, ლესბოსელთა გარკვეული რაოდენობა მაინც, განახორციელებს თავის სურვილს ან დაფიქრდება შვილის გაჩენაზე (თუკი იქამდე არ სურდა). ის რესპონდენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ შვილის ყოლა არ სურთ, ფიქრობენ, რომ განწყობა შეიძლება პარტნიორის სურვილმა შეუცვალოთ.

რესპონდენტების მიერ რეპროდუქციის მიმართ გამოხატული ენთუზიაზმი და ზოგადი პოლიტიკური შეხედულებები, რეპროდუქციული განწყობების თვალსაზრისით, საზოგადოების მიერ ქალისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. მიუხედავად ფემინისტად იდენტიფიცირებისა, რესპონდენტთა უმრავლესობა ჩაგვრის სტრუქტურულ და სისტემურ ხასიათს ვერ იაზრებს, რაც მათ დაბალ პოლიტიკურ ცნობიერებას და ინდივიდუალისტურ პოლიტიკურ ხედვებს განაპირობებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას რომ ლესბოსელობა, როგორც რეზისტენცია, მხოლოდ გაუცნობიერებელ დონეზე მუშაობს. საკუთარი სექსუალური ორიენტაციისთვის ან სქესისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება, ძირითადად, არ ხდება. შესაბამისად, ჩაგვრაც უფრო ვიწრო სოციალურ წრეებში იძენს აქტუალურობას (ოჯახი, სამეგობრო, სამსახური), სისტემასთან დაპირისპირების ბიძგი არ ჩანს. ანალოგიურად, დისკრიმინაციასთან გამკლავებაც კოლაბორაციულია და არა – რადიკალური.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შედეგების გენერალიზება მონაწილეთა მცირე რაოდენობის გამო არ შეგვიძლია, შემდგომში ეს მიგნებები ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა თემის გაძლიერების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

სტატია მომზადდა კვლევითი სტიპენდიის პროექტის ფარგლებში  და ქვეყნდება „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია National Endowment for Democracy (NED)-ის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

————————————

გამოყენებული ლიტერატურა

აღდგომელაშვილი, ე. (2016). წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ. თბილისი: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

დრეჟიკი/Drezgic, R. (2000). Demographic nationalism in the gender perspective. In S. Slapsak (Ed.),  War Discourse/Women’s Discourse: Essays and Case Studies from Yugoslavia and Russia (pp. 211-234). Ljubljana: Topos.

ზურაბიშვილი, თ. (2006). თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში. თბილისი.

ილია II. (2013). სააღდგომო ეპისტოლე. მოძიებულია 29 აგვისტოს, 2016: http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2013.htm

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი. (2012). ლბტ ქალთა მდგომარეობა საქართველოში: ჩრდილოვანი ანგარიში. თბილისი.

რიჩი/Rich, A. (1980). Compulsory heterosexuality and lesbian existence. Signs, 5 (4), 631-660.

ჰარტმანი/Hartmann, H. (1976). Capitalism, patriarchy, and job segregation by sex. Signs, 1(3), 137-169.

ძიძიგური: კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების დაზუსტება საჭიროა. On.ge 5 მაისი, 2016.

მოძიებულია 10 აგვისტოს, 2016: https://on.ge/story/423-ზვიად-ძიძიგური-ოჯახს-სჭირდება-დაცვა-და-გაფრთხილება-საკონსტიტუციო-დონეზე.

[1] იხ. ბმულზე: http://tcc.gov.ge/uploads/kanonebi/samoqalaqo_kodeqsi.pdf

[2] იხ. ბმულზე: http://ssa.gov.ge/files/01_GEO/KANONMDEBLOBA/Sakanonmdeblo/36.pdf

[3] იხ. პოსტი “ბასიანის” ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/bassiani/photos/a.1470165816577096.1073741830.1456650117928666/1691604347766574/?type=3&theater

[4] კორპორაციების მიერ ლგბტ მოძრაობის მხარდაჭერა ასოცირებულია კაპიტალიზმისა და ლგბტ მოძრაობის ალიანსთან. ის ცნობილია “ვარდისფერი კაპიტალიზმის” ან “გეი კაპიტალიზმის” სახელით. ეს მიმართულება დამახასიათებელია კონსერვატიული იდენტობის პოლიტიკისთვის, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში, ძირითადად, თეთრკანიანი, სისგენდერი, საშუალო კლასის გეი მამაკაცების ინტერესებზეა მორგებული.