„უმანკოების წინააღმდეგ“

5d2eb1f9a6ebb1b1e053493d36642b53                                                                                                 ილუსტრაცია: კაროლინა კორილი                                                                                                                       

                                                                                                                 ავტორი:გიორგი ჩუბინიძე

დემურ სტურუამ, 22 წლის ბიჭმა ან ბავშვმა, როგორც ზოგიერთი იტყოდა, თავი პოლიციის შანტაჟის წინააღმდეგ ჩამოიხრჩო და თან წერილი დატოვა, რომელშიც ცუდი ხელწერითა და მრავალი ჩასწორებით თვითმკვლელობის მოტივები იყო ახსნილი. მოტივები ან მისი გამოცდილების ის ინტერპრეტაცია, რომელსაც პოლიცია, როგორც წესი, მყისიერი პრესკონფერენციებით კონტრინტერპრეტაციას უპირისპირებს ხოლმე.

ჩვეული მონოტონური,პოლიციური ლექსიკით, სადაც მაყურებელი რწმუნდება, თუ რა სიბინძურესთან გვქონდა საქმე, ჭუჭყთან, რომელიც შეიძლება უსამართლო მეთოდებით (არც მაყურებელია გულუბრყვილო), მაგრამ მაინც ჯობდა, რომ არ ყოფილიყო ან თუ არ ჯობდა, იმაში მაინც დაგვარწმუნებს, რომ მისი არყოფნით ბევრი არც არაფერი დაგვიკარგავს და შეგვიძლია თავი ოდნავ მაღლაც ავწიოთ, იმიტომ რომ ჩვენ სუფთა, უმანკო, სწორი მოქალაქეები ვართ. მეტიც, როცა პოლიციელი გამომცდელი მზერით თვალებში ჩაგვხედავს ხოლმე, ჩვენში მხოლოდ უმანკოებასა და სისუფთავეს ამოიკითხავს, მიუხედავად იმისა, რომ მის თვალებში პოტენციური დამნაშავეები ვართ, მაგრამ ეს არაფერი, ყველას გვეშინია ერთმანეთის. პოლიციის ყოველი ასეთი პრესკონფერენცია, რაც მათი ჩვეული რუტინაა, გარკვეული დანაშაულის გრძნობისგან გვათავისუფლებს; პოლიციის ყოველი პრესკონფერენცია, პოლიციის ყოველი შემოწმება ჩვენში „ადამიანს“ აღმოგვაჩენინებს ხოლმე. ცხადია, მხოლოდ მაშინ, თუ ყველაფერი სწორად გვაქვს, მაგრამ განა ასეთი რამ შესაძლებელია? განა შესაძლებელია, ვინმე სრულად მართალი იყოს? სწორედ ამ შეუძლებლობის პირობით არსებობს პოლიციაც და ჩვენი სიამოვნებაც, წამიერად ვიყოთ უმანკოები და მართლები სხვების თვალში.

მის თვითმკვლელობას ან მსხვერპლშეწირვას არ მოჰყვებოდა დიდი აჟიოტაჟი, საჯარო გამოხმაურებები, სოციალური ქსელებში თანაგრძნობის საერთო ტალღა, არც ელიტური პოლიტიკის წარმომადგენლები შეიბერტყავდნენ ყურებს, რომ არა წერილი, რომელშიც პოლიციის ფილტრგაუვლელი, უშნო ხელწერით დაწერილი ისტორია იკითხებოდა და ისეთს არაფერს ვკითხულობთ, რაც აქამდე არ გვსმენია, არ გაგვიგონია. ყველამ იცის, როგორ ხდება დაჭერა, შანტაჟი, ძალადობა; ზოგმა იცის, რომ ამ ყველაფერს პერმანენტული ხასიათი აქვს და უფრო ცოტამ კი ისიც, რომ ეს რაღაც სისტემის მუშაობის შედეგია, რომელშიც მნიშვნელობა არ აქვს ელემენტთა ვინაობას. კიდევ უფრო ცოტას ამ სისტემის ხასიათის იდენტიფიცირებაც კი შეუძლია. მაგრამ რა არის განსაკუთრებული დემურ სტურუას თვითმკვლელობასა და წერილში? რატომ მიიჩნია საზოგადოებამ ეს მოვლენა ტრაგედიად და არა სხვა მრავალი შემთხვევა? როგორ მოხდა, რომ საზოგადოება, თუ კი ასეთი რამ არსებობს, სმენად იქცა მისი სატკივარის გასაგებად? დემურ სტურუას წერილში პუბლიკამ თავისი თავი ამოიკითხა, ფანტაზია თავისი თავის შესახებ. პუბლიკამ დაინახა, რომ ისიც ჩვენსავით უდანაშაულო, უმანკო და მართალი იყო. დემურ სტურუა აბსოლუტური მსხვერპლია, რომელსაც ზიანის მიყენება არავისთვის არ შეუძლია, თვითმკვლელობის შემდეგ მას აღარ შეუძლია იყოს დამნაშავე, ცოდვილი, არასწორი ან უბრალოდ ცუდი მოქალაქე. ის ვერასდროს დააზიანებს პოლიციის მანქანას.

ერთ-ერთი რეაქცია, რომელიც დემურ სტურუას მხარდასაჭერ და ნარკოპოლიტიკის გამპროტესტებელ აქციას მოჰყვა, იყო არასწორი პროტესტის მხილება, რომელიც ისეთი უმანკო არ არის, როგორიც დემურ სტურუას თვითმკვლელობა. არსებობს სწორი და არასწორი პროტესტი. გასაგები და გაუგებარი პროტესტი. ჩვენ (მათ შორის ისინიც, ვინც ათეისტებად აიდენტიფიცირებენ თავს) ბევრად ქრისტიანები ვართ, ვიდრე ეს გვგონია. პოლიციის მანქანის დაზიანება გაუგებარი, არასწორი პროტესტია, რომელიც მხარდაჭერას არ იმსახურებს და ამ აქტის ჩამდენი, სულ მცირე, ხულიგანია, შეიძლება გამოსასწორებელიც. სეკულარიზებული ქრისტიანობა მოქალაქის უმანკოებასა და უცოდველობას, რომელიც არ არსებობს, ლუპით დაეძებს იქ, სადაც მას ვერასდროს იპოვის. მისი პოვნა მხოლოდ წერილში, ლიტერატურაშია შესაძლებელი, კერძო თუ კოლექტიურ ფანტაზიებში, რომლებიც ნამდვილია. ალბათ, არც იქ? თუმცა რეალობა ასე მუშაობს; ფანტაზიების მიღმა სიცოცხლე არ არსებობს, ისევე, როგორც პოლიციის მიღმა. პოლიციის მიღმა და პოლიციის წინააღმდეგ, დემურ სტურუას მეგობრების სამყაროში, რომელიც არ არის წერილის სამყარო, მაგრამ თანაბრად ნამდვილია, ედემის ხილი არ იძებნება. „დემურ სტურუას“ – ამ სახელსა და გვარს, რომლითაც წერილი დავიწყე, წილად ხვდა, დამთხვეოდა ურბანულ ფანტაზიებს უმანკო მსხვერპლის შესახებ, რომელიც არაფერს აღარ აზიანებს და მხოლოდ თანაგრძნობას ითხოვს.

რამდენიმე თვის წინ ვწერდი, რომ პოლიტიკის წარმოებისთვის არ გვჭირდება ჩაგრულთა გაანგელოზება, არა იმიტომ, რომ ეჭვქვეშ დავაყენო სოლიდარობა, თანაგრძნობა ან თუნდაც ცრემლები, არამედ იმიტომ, რომ ჰუმანიზმში გახვეული ანგელოზები და უმანკო მსხვერპლი გვაბრკოლებს, ვისწავლოთ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც შეიძლება ჩვენზე მავნეები და არასწორები არიან ჩვენს ან პოლიციის თვალებში. „უმანკო მსხვერპლი“ საფრთხეა, რომელიც ხელს შეგვიშლის როგორც საზოგადოების ჯურღმულებში ჩახედვაში, ისე პოლიტიკური კოალიციების კეთებაში და გიორგი ღვინჯილიას წერილი, რომელსაც, გარკვეულწილად, ჩემი წერილიც ეხმაურება, სრულდება შემდეგი პასაჟით, „ვინ არიან ჩვენი მტრები? ისინი, ვინც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ჰეგემონიას ინარჩუნებენ, მათი სწორხაზოვანი, ბნელი იდეოლოგები, რომლებიც ხმაწართმეულ ხალხს კაბალურ სამუშაო პირობებსა და პოლიციის წნეხში ამყოფებენ და სულ ფეხებზე მკიდია, ეს ადამიანები ჰომოფობები არიან თუ არა და ისიც, რა მუსიკას უსმენენ, მართლმადიდებლები არიან თუ ათეისტები, მიშისტები, შუაშისტები, თუ ქოცები“

ამ მონაკვეთის ჩემეული წაკითხვა შემდეგია: ჩვენ თავი უნდა დავანებოთ, თუმცა ეს ასე სუფთად არასდროს მოხდება, მხარდაჭერის ისეთი ობიექტების ძიებას, რომლებიც ჩვენს სუფთა ფანტაზიებს შეესაბამება; ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ნარკოპოლიტიკის უმანკო მსხვერპლის ძიებას; ჩვენ თავი უნდა დავანებოთ მოწინავე მუშების ძიებას, რომლებიც კაპიტალიზმს ისე წაიკითხავენ, როგორც ეს ზოგიერთ დახვეწილ ნაშრომშია; ჩვენ თავი უნდა დავანებოთ ისეთი ქვიარ აქტივიზმის ძიებას, რომელიც ისეთი იქნება, „როგორც ეს დასავლეთშია“; მე თავი უნდა დავანებო ისეთი ფემინიზმის ძიებას, რომელიც ისეთი იქნება, როგორც მე მინდა. ის, რისი თქმაც აქ მინდა, შემდეგია: სოლიდარობას ან მხარდაჭერას, სხვის მხარდაჭერას, რომელიც უსამართლოდ ისჯება იმის გამო, რომ არასწორ სხეულში, არასწორ ადგილზე და არასწორ კლასში დაიბადა, არ უნდა სჭირდებოდეს პოლიციური შემოწმება. სხვისი მხარდაჭერა, სხვისადმი პასუხისმგებლობა უსასრულო ვალდებულებაა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა არის ეს სხვა. ის, რაც გვჭირდება, ჩვენი თვალების ფართოდ გახელაა, რომელმაც მონსტრები და გაუგებარი სხვებიც უნდა დაიტიოს. საბოლოო გაფართოება შეუძლებელია, იმიტომ, რომ არ არსებობს ჰორიზონტი და ბოლო წერტილი, თუმცა არის უსასრულო პასუხისმგებლობა სხვებისადმი, დაწყებული სახლში ჩვენი საყვარელი ცხოველით ან ჩვენი სხეულით, დამთავრებული სტრუქტურული ჩაგვრის ქვეშ მოყოლილებით.

ის, რასაც მე ვემხრობი, ერთგვარი პარადოქსია, ერთი მხრივ, უპირობო მხარდაჭერა ჩაგრულებისადმი, სტრუქტურების კრიტიკა, რომლებიც ჩაგრულებსა და მჩაგვრელებს კვლავაწარმოებენ და მეორე მხრივ, ჩაგრულთა არაუმანკოებაზე მუდმივი ფიქრი, მსჯელობა, დისკუსია. ჩაგვრა არ აკეთილშობილებს და ჩვენ ეს ვიცით, ამიტომ ჩვენი ამოცანა ან გარდაუვალი მოცემულობაც პარადოქსულია. როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ სხვებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უსიტყვოდ მოითხოვენ ჩვენგან მხარდაჭერას და მეორე მხრივ, შესაძლოა, ჩვენვე გვიქმნიდნენ საფრთხეს? „სოლიდარობა“ (და „სტრუქტურული კრიტიკა“), რომელიც დღეს ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი აღმნიშვნელია, გარდაუვალ რისკს შეიცავს და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოს. სისუფთავის, უმანკოებისა და სისწორის ძიება არ არის ლოკალური თავისებურება და ამავდროულად ყველა ახალ მემარცხენე-ფემინისტურ-ქვიარ თუ ლიბერალურ პოლიტიკურ ჯგუფებს ახასიათებთ. ბევრი ჩვენგანი არარსებულ, შეუძლებელ მოკავშირეებს ვეძებთ, რომლებიც არ დაგვაბინძურებენ, არ შეგვილახავენ პრინციპებსა და საკუთარ იდენტობას. ყველანი ვეძებთ ერთადერთ, სწორ, ჭეშმარიტ პოლიტიკას, რომელიც, ერთი მხრივ, ცარიელი იქნება ჩვენთვის მიუღებელი რწმენებისგან, ხოლო, მეორე მხრივ, დაცლილი იქნება პიროვნული კონფლიქტებისგანაც. ასეთ პოლიტიკას არასდროს უარსებია.

მე მხარს არ ვუჭერ უპრინციპო პოლიტიკას; მე მხარს არ ვუჭერ პოლიტიკიდან კრიტიკის გამოთიშვას; პირიქით, და ამავდროულად, მე მსურს პოლიტიკისა თუ სოლიდარობის პარადოქსულობის აღიარება, რომელმაც შესაძლოა, უფრო მეტი მზაობა შეგვძინოს როგორც ჩაგრული ჯგუფებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის, ისე პროდუქტიული კამათისა და მსჯელობისთვის, რადგან არ არსებობს მოწინააღმდეგეზე საბოლოო გამარჯვება იმიტომ, რომ არსებობს პოლიტიკა და კონფლიქტი მიკრო და მაკრო დონეებზე, ეს კი წაუშლელი და ამავდროულად პროდუქტიული მოცემულობაა, რაც უბრალოდ უნდა ვაღიაროთ და მასზე თვალები არ დავხუჭოთ. რეალობა, ცნობიერება თუ მდინარეში ჩადგმული ქვა ქვევიდან ყოველთვის შერყვნილია, რაღაც სხვით, უშნოთი და იმით, რასაც არ გვინდა, რომ შევხედოთ ჩვენი მოჭუტული თვალებით, მაგრამ ეს უნდა ვისწავლოთ; უნდა ვისწავლოთ შეუძლებლის სწავლა. უსასრულოდ. დემურ სტურუასა და ყველა სხვა დაჩაგრული ადამიანისთვის ბრძოლა, ერთი მხრივ, სტრუქტურების წინააღმდეგ ბრძოლაა, მეორე მხრივ კი, ეს ბრძოლა უსასრულოა იმიტომ, რომ სამართლიანობა აწმყო დროში განსაზღვრებისამებრ არ არსებობს.

 ამგვარად, როგორც ერთი პოეტი იტყოდა, უმანკოება უნდა გადადგეს.


ბლოგპოსტი ქვეყნდება პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია National Endowment for Democracy (NED)-ის მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.