მართლმსაჯულების საკითხები პოლიტიკური პარტიების პროგრამებში

sasamartlo-cr-739x428.jpg

წარმოდგენილი ტექსტი  მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების ძირითად ხედვებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებებთან დაკავშირებით. აგრეთვე, ყურადღება გამახვილებულია რამდენად ეფუძნება პარტიების ხედვა არსებული ვითარების სრულყოფილ შეფასებას, ხარვეზებისა და გამოწვევების  სათანადო გააზრებას, რამდენად ცხადია პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგი კრიზის დაძლევის გზებთან დაკავშირებით და რამდენად ადეკვატურად პასუხობს მათ მიერ შემოთავაზებული გზები სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ გამოწვევებს.

სასამართლო ხელისუფლებაში არსებული კრიზისი და მართლმსაჯულების სისტემისადმი  ნდობის დაბალი ხარისხი ისეთ საკითხებს უკავშირდება, როგორებიცაა: მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ხარვეზიანი სისტემა, მოსამართლეთა კარიერული წინსვლისა და გადაადგილების ბუნდოვანი რეგულირებები, დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზები, საქმეთა განაწილების მანკიერი პროცედურა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა და სხვა.

პარტიების პროგრამების ანალიზის საფუძველზე, ზოგადი შეფასების სახით უნდა ითქვას, რომ საკმარისი ძალისხმევა არ არის გაწეული სასამართლოში დღეს არსებული ვითარების და იმ პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობის ანალიზისთვის, რომელიც თვისობრივად განსხვავებული და კომპლექსურია. ამდენად, გეგმების დიდი ნაწილი ძირითადად ზოგადი ხასიათისაა, ზოგიერთ შემთხვევაში კი არაგონივრულად რადიკალური და სისტემურ გააზრებას მოკლებული ნაბიჯებია შემოთავაზებული.

  1. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემა

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მოქმედი წესი სასამართლო სისტემაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევას წარმოადგენს. გაანალიზებული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ამ ნაწილში ნაკლებად ცხადი და კონკრეტულია, ცალკეულ შემთხვევებში კი საერთოდ ყურადღების მიღმა რჩება გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევა-დანიშვნის სისტემის შექმნის საჭიროება.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში საუბარია სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების შედეგად, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის დახვეწაზე. სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღა“, რომელიც მიუხედავად ცალკეული საკითხების გაუმჯობესებული რეგულირებისა, ვერ პასუხობს სისტემაში არსებულ გამოწვევებს და არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც საბოლოო ნაბიჯი არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში. ამასთან, სამომავლო რეფორმების მხოლოდ „მესამე ტალღის“ ცვლილებებთან დაკავშირება აჩენს განცდას, რომ პარტია სრულყოფილად არ ხედავს შერჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებული ხარვეზების კომპლექსურ და სისტემურ ხასიათს.

მოსამართლეთა დანიშვნის წესის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და განჭვრეტად, ეფექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებზე საუბარია „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში. თუმცა, “თავისუფალი დემოკრატები” ვერ გვთავაზობენ ფართო ხედვასა და მოცულობით აქტივობებს, რომლებიც შერჩევა-დანიშვნის ერთიანი სისტემის თითოეულ ეტაპზე სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვას უზრუნველყოფს, მაგალითად როგორი უნდა იყოს საბჭოსა და სკოლას შორის ფუნქციების განაწილება, როგორ უნდა უზრუნველყოს საბჭომ გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და სამართლიანი პროცედურებით გადაწყვეტილების მიღება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა და იუსტიციის მსმენელთა მისაღები კონკურსის ჩატარება სკოლის მიერ გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პროგრამაში, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, დამატებით აუცილებელია იუსტიციის მსმენელთა შერჩევის პროცესი გახდეს უფრო გამჭვირვალე, შეფასების წესი, კრიტერმიუმები  და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა კი ცხადად რეგლამენტირებული.

„რესპუბლიკური პარტიის“ პროგრამა ასევე ითვალისწინებს საბჭოს მიერ  გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატების დანიშვნას პრეზიდენტის მიერ, რაც პრობლემური საკითხია. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში მოქმედებდა მსგავსი მოდელი, როდესაც საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს ფუნქციას ითავსებდა. თუმცა, დღეს მოსამართლეების დანიშვნა საბჭოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს, რასაც არაერთი უპირატესობა გააჩნია. პოლიტიკური შემადგენლობისგან დაცლილი პროფესიული ორგანოს მიერ კრიტერიუმებზე დაფუძნებული დანიშვნის პროცესი უფრო მეტად დაცული უნდა იყოს პოლიტიკური გავლენების რისკებისგან.

არსებითად ახალ მოდელს გვთავაზობს ეროვნული ფორუმი, რომლის საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა კორპუსის საერთო-სახალხო კენჭისყრის (არჩევნების) საშუალებით დაკომპლექტებას. ამგვარი წესი ერთი შეხედვით დემოკრატიული ლეგიტიმურობის ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს, თუმცა, საზიანოა მრავალი თვალსაზრისით. პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში იზრდება რისკი, რომ მივიღოთ “უმრავლესობის სასამართლო”, რაც მოსამართლეობის კანდიდატებს უბიძგებს საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებისაკენ, უმრავლესობის იდეების და ღირებულებების გაზიარებისკენ, საარჩევნო კამპანიაში ჩართვისა და პოპულისტური იდეების გაზიარებისკენ. ამგვარი მოდელის შედეგი შეიძლება იყოს ნაკლებად კვალიფიციური ან კომპეტენტური მოსამართლე. ასევე, უმრავლესობის მიერ არჩეული მოსამართლე, რომელიც მოწოდებულია თანხვედრაში იყოს უმრავლესობის ინტერესებთან (ვინაიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებაც უმრავლესობის ხელშია), განსაკუთრებით საზიანო შეიძლება იყოს უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისთვის, ასევე თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებების განმტკიცებისთვის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცების გზად ზედა ინსტანციის სასამართლოებში  კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი მოსამართლეების დანიშვნას მიიჩნევს. უცხოელი მოსამართლეების მოწვევის იდეა გასულ პერიოდში გაჟღერებული იყო ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ მხრიდანაც. ამგვარი მიდგომა პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრ წინააღმდეგობასთან და სირთულესთან არის დაკავშირებული. თუმცა, გარდა მოქმედ სამართლებრივ სისტემაში მსგავსი იდეის განხორციელების რეალურობისა, იქმნება განცდა, რომ ხედვა არ ეფუძნება არსებული  სისტემური გამოწვევების სიღრმისეულ გააზრებას და არ არის გათვლილი გრძელვადიან შედეგებზე. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ხარისხს დიდწილად სწორედ ხარვეზიანი ინსტიტუციური მოწყობა და საკანონმდებლო გარანტიები, ასევე დამოუკიდებლად არსებობის მწირი გამოცდილება განაპირობებს და არა ცალკეული მოსამართლეების ეთნიკური ან კულტურული წარმომავლობა ან კავშირები. გარდა ამისა, საკამათოა, რამდენად შეუწყობს ხელს “დენაციონალიზებული სასამართლოს” იდეა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და რამდენად გამოიწვევს რეალურ, ხელშესახებ შედეგებს სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცების პროცესში.

  1. დისციპლინური სამართალწარმოება

მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზებისა და ნაკლოვანებების პირობებში, ასევე დისციპლინური წარმოების არამიზნობრივი გამოყენების ისტორიის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის რეფორმა, რომელიც ერთი მხრივ, გააძლიერებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის სათანადო მექანიზმების შექმნას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თანახმად, რეფორმის მესამე ეტაპის განხორციელების შედეგად, დაიხვეწება დისციპლინური წარმოების პროცედურები. როგორც ზემოთ აღინიშნა, „მესამე ტალღა“ არ შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც რეფორმის საბოლოო ეტაპი, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული ნაკლოვანებების სრულად აღმოფხვრას ემსახურება. მითუმეტეს, რომ “მესამე ტალღა” არ მოიცავს ისეთ კრიტიკულ საკითხს როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწა, რაც დისციპლინური წარმოების არაჯანსაღი გამოყენების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

არსებითად განსხვავებული მიდგომა აქვს „ეროვნული ფორუმს“, რომელიც დისციპლინური დევნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისი ორგანოს დასკვნის არსებობისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებად იმ ოლქს განიხილავს, სადაც მოსამართლე აირჩიეს. ამგვარი მოდელი ვერ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის სამართლიანი და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა გადამწყვეტი იყოს საზოგადოების განწყობა ცალკეული მოსამართლის მიმართ და არა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი გადაცდომა, რამაც შეიძლება უმრავლესობის მხრიდან მოსამართლეზე ზეგავლენის რისკები შექმნას.

3.სასამართლოში საქმეთა განაწილება

სასამართლოში საქმეთა განაწილების დღეს მოქმედი წესი იძლევა მანიპულირებისა და ჩარევის შესაძლებლობას, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

აღნიშნულ საკითხზე ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საქმეების განაწილებას შემთხვევითობის წესით, ელექტრონული ფორმით, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული წესის ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დროულად ამოქმედება არსებითად მნიშვნელოვანი იყო სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად, თუმცა, პოლიტიკური ნების არარსებობისა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობების პირობებში, საქმეთა ელექტრონული განაწილება ამ დრომდე ვერ ამოქმედდა.

  1. სასამართლოს თავმჯდომარეები

სასამართლოს თავმჯდომარეთა პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება და სასამართლოებში არსებული არაჯნსაღი იერარქია წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა.  თავმჯდომარეთა არჩევის  მოქმედი წესიც პრობლემურია.

სასამართლოს თავმჯდომარეების საკითხს „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს. აღნიშნული პარტია გვთავაზობს  თავმჯდომარის არჩევას თავად სასამართლოს შემადგენლობის მიერ – როტაციულად, არაუმეტეს 3 წლის ვადით. თავმჯდომარეთა არჩევა თავად მოსამართლეთა კორპუსის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. ასეთი მოდელი გაზრდის პროცესის დემოკრატიულობის ხარისხს და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სასამართლო ხელისუფლებისა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის განმტკიცების პროცესში. თუმცა, არჩევის წესის ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს თავმჯდომარეთა უფლებამოსილების განსაზღვრის საკითხსაც.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ გვთავაზობს თავმჯდომარეთა არჩევას წილისყრით, ასევე, სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიის თავმჯდომარის ფუნქციების კანონით განსაზღვრას, რომელთა შორის უმთავრესი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება იქნება.

  1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნავს, რომ განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. თუმცა, რეფორმის მიმართულებები და ცალკეული აქტივობები დაკონკრეტებული არ არის და შესაბამისად რთულია შეფასდეს, რამდენად პასუხობს პარტიის ხედვა იმ გამოწვევებს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში იკვეთება, კერძოდ, პროცედურული საკითხების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების არარსებობა, საბჭოს გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა და გასაჩივრების პრობლემები, ინტერესთა კონფლიქტისა და აცილების საკითხები, საბჭოს ღიაობისა და გამჭვირვალობის პრობლემა.

აღნიშნულის მსგავსად, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პროგრამა ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მკაფიო საკანონმდებლო მოწესრიგებას, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.

  1. მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა

გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა გახდეს ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზემოქმედების საშუალება, რაც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმებას მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ირაკლი ალასანიათავისუფალი დემოკრატები“. „თავისუფალი დემოკრატები“ გამოსაცდელი ვადის ალტერნატივად განიხილავენ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის პერიოდის არანაკლებ 3 წლამდე ვადით გაზრდას, რამაც უნდა ჩაანაცვლოს საპრობაციო ვადით გამწესების და ამ პერიოდში მოსამართლის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელების არსებული წესი. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ცვლილება პირველ რიგში, მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის საფუძვლიან რეფორმასა და სასწავლო პროგრამების არსებითად გაუმჯობესებას.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამაში 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის საკითხის გადასინჯვა გათვალისწინებული არ არის, უფრო მეტიც, საარჩევნო პროგრამაში 2014 წელს განხორციელებული ცვლილებები მოხსენიებულია არა როგორც მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შემოტანა, არამედ მოსამართლეთა შეფასების სისტემის დანერგვა, რაც არასრულყოფილ ინფორმაციას წარმოადგენს.

  1. საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას პროგრამებში შედარებით მცირე ადგილი ეთმობა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა პოზიტიურად აფასებს ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არსებითად შეასუსტა სასამართლოს ეფექტურობა და შექმნა შიდა კრიზისების რეალური საფრთხე. რაც შეეხება სამომავლო რეფორმებს, ზოგადი ჩანაწერის სახით აღნიშნულია, რომ უზრუნველყოფილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა როგორც მმართველი პარტიის, ისე სხვა პოლიტიკური ძალების გავლენისგან და საპარლამენტო კვოტის ფარგლებში, თანამდებობაზე გამწესდებიან მაღალი კვალიფიკაციისა და სათანადო რეპუტაციის მქონე იურისტები.

ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები დაინიშნებიან სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა, სადავოა მხოლოდ უვადო დანიშვნის საკითხის დაყენება რამდენად ადეკვატურია  საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობული რეალობის და გამოწვევების ფონზე.

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამა ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ  მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის ეფექტური კონტროლის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საერთო სასამართლოების შემაჯამებელი გადაწყვეტილებების ამ კუთხით შემოწმების ფუნქციის მინიჭებას. საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმების უფლებამოსილების მინიჭებას ასევე ითვალისწინებს „საქართველოს რესპუბლიკული პარტიის” პროგრამა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის გაფართოებაზე დისკუსიის დაწყება საჭირო და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამაც ქვეყანაში,  ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გავლენა უნდა იქონიოს.