ნარკოპოლიტიკა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში

dsc_0485

ქვეყნაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს სამართალდამცავი სისტემის ძალადობრივი და რეპრესიული ბუნების შენარჩუნებას და ის დაკავშირებულია ათიათასობით ადამიანის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ძირითადი პრობლემური საკითხებია:

  • ნარკოტიკული საშუალებების განმეორებით მოხმარების კრიმინალიზაცია;
  • ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობა, რაც იწვევს უსამართლო სასჯელების გამოყენებას;
  • იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება, რასაც თან ახლავს სამართალდამცავთა მხრიდან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა;
  • ხარისხიანი სერვისები, სოციალური, სამედიცინო და ზიანის შემცირების სერვისები.

პარტიული პროგრამების გაანალიზება დაგვეხმარება გავიგოთ რა რაკურსით ხედავენ ნარკოპოლიტიკის საკითხებს და პრობლემას აღიქვამენ მხოლოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ნაწილად, თუ ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მოწყვლადობის პრობლემად.

პარტია „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკა  ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების საკითხებთან ერთად გვხდება, რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი არ განიხილება მხოლოდ სისხლის მართლმსაჯულებისა და კრიმინალის ნაწილად და ყურადღება ექცევა პრობლემის სოციალურ და სამედიცინო ასპექტებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკაზე საუბარია სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილში, რაც გულისხმობს პრობლემის არასრულყოფილ რაკურსში დანახვას და მნიშვნელოვანი ასპექტების უგულებელყოფას. „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო პროგრამაში კი ნარკოპოლიტიკა ცალკე საკითხად არ არის გამოყოფილი და  განხილულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა აღიქმევა მხოლოდ კრიმინალის ნაწილად და არაა დანახული პრობლემის  სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის ასპექტები.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამაში კი, ნარკოპოლიტიკა განხილულია სოციალური განვითარების თავში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ პრობლემას სოციალურ ჭრილში განიხილავს. თუმცა, პროგრამაში აღნიშნულია, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უკვე ჩაანაცვლა დაბალანსებულმა მიდგომებმა და ამის საილუსტრაციოდ მოყვანილია ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები (ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა, ზედოზირების შემთხვევების ახლებური რეგულირება). მიუხედავად გატარებული ცვლილებებისა, წარმოდგენილ დოკუმენტში იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხების უმრავლესობა დღესაც აქტუალურია და მათი მოგვარება სისტემურ საკანონმდებლო რეფორმებს მოითხოვს.

  1. დეკრიმინალიზაცია

ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზება არის დაანონსებული, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი. ბუნდოვანია რა მოიაზრება მსუბუქ ნარკოტიკში, ან რა უდევს საფუძვლად ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლის ამგვარ დიფერენციაციას. „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო პროგრამაში საუბარია თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ნებაყოფლობითი მკურნალობის შეთავაზებაზე, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დეკრიმინალიზაციას. ამავდროულად, ბუნდოვანია პარტიის ხედვა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და არ არსებობს მისთვის სამკურნალო პროგრამის შეთავაზების აუცილებლობა.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში საუბარია მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის სასჯელების ლიბერალიზაციაზე. როგორც უკვე აღინიშნა, ბუნდოვანია რას ნიშნავს მსუბუქი ნარკოტიკი და ამავდროულად, რა იგულისხმება სასჯელის ლიბერალიზაციაში. მაგალითად, რამდენად წარმოადგენს ერთჯერადი მოხმარებისთვის პირისთვის 500 ლარიანი ჯარიმა ლიბერალურ სასჯელს.

  1. ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები

ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში საუბარია ერთჯერადი მოხმარებისთვის მინიმალური ადეკვატური დოზების განსაზღვრის აუცილებლობაზე, რაც დადებით ნაბიჯად უნდა შეფასდეს.  თუმცა, რა პრინციპით უნდა განისაზღვროს აღნიშნული დოზები, ან როგორ უნდა მოწესრიგდეს საკითხი იმ ნივთიერებებზე, რომელთა დოზირების განსაზღვრაც შეუძლებელია, ამაზე პროგრამაში არაფერია ნათქვამი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიისა“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამებში კი აღნიშნულ საკითხზე ყურადღება არაა გამახვილებული. დღევანდელი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი წყარო სწორედ პირადი მოხმარებისთვის სამართლიანი ოდენობების განუსაზღვრელობაა. ამგვარი სამართლებრივი რეგულირება გამორიცხავს რიგი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით შენახვისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესაძლებლობას და ქმედება პირდაპირ გადაჰყავს სისხლის სამართლის სფეროში, რა დროსაც გამოიყენება არაპროპორციული და უსამართლოდ მკაცრი სანქციები.

  1. იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება

ამ საკითხზე არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო პროგრამაში ყურადღება არაა გამახვილებული, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ოთხივე პოლიტიკური ძალა პრობლემას  არ აღიარებს. რეალურად, იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება ხშირ შემთხვევაში გზას უხსნის სამართალდამცავებს, მოახდინონ მოქალაქეებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა და თვითნებურად შეზღუდონ მათი უფლებები.

  1. სამედიცინო, სოციალური და ზიანის შემცირების პროგრამები

ამ საკითხზე „ირაკლი ალასანაია-თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, გეოგრაფიულად და ეკონომიურად უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ქვეყანაში არსებული პროგრამები, აგრეთვე წარმართოს საინფორმაციო კამპანიები. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პროგრამაში ასევე საუბარია ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, აგრეთვე პრევენციულ პროგრამებზე, რომლის მიზანიც იქნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებაში ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართვის თავიდან არიდება.