პროკურატურისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში

ესსს.jpg

I.პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის რეფორმა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში

პროკურატურის სისტემაში, მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურების შეცვლა მნიშვნელოვან რეფორმად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული არ იყო საკმარისი სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და დეპოლიტიზირების უზრუნველსაყოფად. ამავდროულად, სერიოზულ დახვეწას და გაუმჯობესებას საჭიროებს გამოძიების სისტემა, რათა გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესები წარიმართოს იმგვარად, რომ არ მოხდეს პირთა უფლებების უსაფუძვლო შელახვა და სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება.

ამ კუთხით ძირითად გამოწვევებს წარმოადგენს:

  • მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცედურები და სისტემის დეპოლიტიზირება;
  • პროკურორის როლი გამოძიების პროცესში (იგივე საპროცესო ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლები);

გასულ წლებში პროკურატურის სისტემა და მათი მიმართება გამოძიების სამსახურებთან არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი. მიუხედავად ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მხოლოდ ფრაგმენტულად ხდებოდა პრობლემის აღიარება და შესაბამისად, საკმარისი არ იყო გატარებული ცვლილებები იმ სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც მანამდე არსებობდა.

  1. მთავარი პროკურორის შერჩევა დანიშვნა და პროკურატურის დეპოლიტიზირება

მთავარი პროკურატურის შერჩევა/დანიშვნის პროცედურები პირდაპირ კავშირშია პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირებასთან. უფრო სწორედ, ზემოაღნიშნული პროცედურები დიდწილად განაპირობებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხარისხს სისტემაში.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს გატარებული ცვლილებებით უკვე უზრუნველყოფილია პროკურატურის დეპოლიტიზირება და მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცედურები სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. შესაბამისად, ამ კუთხით მმართველი პოლიტიკური გუნდის პროგრამაში ვერ ვხვდებით სამომავლო გეგმებსა და ნაბიჯებს.

ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში სამართლიანად არის გაკრიტიკებული მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის ახლებურად განსაზღვრული პროცედურები. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია პარლამენტის მიერ საბოლოო ეტაპზე გადაწყვეტილების მხოლოდ უბრალო უმრავლესობით მიღებაზე, რაც ზრდის მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენებს. აგრეთვე უარყოფითად არის შეფასებული იუსტიციის მინისტრის აქტიური როლი უშუალოდ კანდიდატების შერჩევის პროცესსა და საპროკურორო საბჭოს საქმიანობაში. პარტიას შესაძლო გამოსავლად მიაჩნია პროცესებში პრეზიდენტის ჩართულობა, საპროკურორო საბჭოსთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება, მთავარი პროკურორის შეუზღუდავი უფლებამოსილების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა და ეფექტური ანგარიშვალდებულების მექანიზმების დანერგვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში პრობლემურად არის დასმული პროკურატურის პოლიტიზირება და მისი გადაჭრის გზად დასახულია მთავარი პროკურატურის შერჩევა/დანიშვნის ახალი წესების განსაზღვრა, სადაც გაზრდილი როლი ექნება პარლამენტს.

ამ მიმართულებით პარლამენტის გაძლიერებაზე ყურადღება გამახვილებულია „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პროგრამაშიც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და საგანგებო პროკურორის დანიშვნის მოქნილი მექანიზმი, რომლითაც უზრუნველყოფს შესაძლო პოლიტიკური ინტერესების მქონე საქმეების სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას. „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცედურების გაუმჯობესებაზეც, რის შემდეგაც შესუსტდება მმართველი პოლიტიკური გუნდის გავლენები პროცესზე. კერძოდ, პრეზიდენტს მიენიჭება უფლებამოსილება, საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი დანიშნოს თანამდებობაზე პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით. პროგრამაში აგრეთვე საუბარია პროკურატურის კონსტიტუციური როლისა და სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე.

  1. პროკურორის როლი გამოძიების პროცესში

სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოება ყოველთვის საკმარისად უზრუნველყოფილი არ არის  შესაბამისი ორგანოების მიერ. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა გამოძიება მთლიანად სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებს ემსახურება, პროკურორი კი ზედმეტად აქტიურად არის ჩართული გამოძიების პროცესში და ის არათუ გამოძიების ზედამხედველის, არამედ მისი წარმმართველის როლში გვევლინება. აღნიშნული მდგომარეობა განპირობებულია პროკურორისთვის მინიჭებული ზედმეტად ფართო უფლებამოსილებით, რომლითაც ის სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს აძლევს გამომძიებელს გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, არ სარგებლობს საკმარისი დამოუკიდებლობით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში მითითებულია, რომ პროკურატურას საგამოძიებო უფლებამოსილება უნდა ჩამოერთვას და ის უნდა იყოს მხოლოდ დევნის ორგანო. აღნიშნული იდეა დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა უშუალოდ კონკრეტული საქმეების გამოძიებისას პროკურორის საგამოძიებო როლზე და მონაწიელობაზე პროგრამაში არ გვხდება შეფასებები ან ხედვები. ამ საკითხზე ყურადღება არაა გამახვილებული არც სხვა პარტიების პროგრამებში. „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო პროგრამაში ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაზეა საუბარი, თუმცა საგამოძიებო სისტემის დახვეწაზე არც მათ მიერ წარმოდგენილ პროგრამაშია საუბარი.

II. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება პოლიტიკური პარტიების პროგრამებში

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ფართო სფეროა და ის უკავშირდება როგორც კონკრეტული ინსტიტუტების თუ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობასა და მოწყობას, აგრეთვე ქვეყანაში არსებულ მატერიალურ და პროცესუალურ კანონმდებლობას. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დახვეწის, მისი ჰუმანურ პრინციპებზე დამყარების მიზნით ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, თუმცა მთელი რიგი რეფორმები ამ მდგომარეობით ნაკლოვანი ან დაუსრულებელია.

ამ კუთხით ძირითად გამოწვევებს შორისაა:

  • მხარეთა შეჯიბრებითობა სისხლის სამართლის პროცესში;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირება.

 

  1. მხარეთა შეჯიბრებითობა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ გაგრძელდება კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე მუშაობა, რაც სავარაუდოდ სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების საბოლოოდ მიღებას გულისხმობს. თუმცა, მხარეთა შეჯიბრებითობა ცალკე მიმართულებით საჭიროებს მუშობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დაცვის მხარის პროცესუალური გაძლიერება, ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური გარანტიების განმტკიცება და მოსამართლის აღჭურვა იმ ინსტრუმენტებით, რაც ბოლომდე უზრუნველყოფს შეჯიბრებითი პროცესის წარმოებას. მხარეთა შეჯიბრებითობაზე ცალკე მითითება პროგრამაში არ არის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში მითითებულია, რომ აუცილებელია ადვოკატთა გაძლიერება, კერძოდ, მათთვის მეტი პროცესუალური უფლებამოსილებების მინიჭება, რაც პირდაპირ ემსახურება შეჯიბრებითობის პრინციპს. აგრეთვე პოზიტიურად უნდა შეფასდეს მოწმეთა სასამართლოს წინაშე დაკითხვის შემოთავაზებული წესი, რაც გულისხმობს საპროცესო კოდექსის თავდაპირველი რედაქციით სრულად ამოქმედებას, რომლის დროსაც ორივე მხარე მოწმის დაკითხვის თითქმის თანაბარი უფლებამოსილებით სარგებლობს და სადაც მოწმე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება დაიკითხოს არსებითი სხდომის გამართვამდე, დანარჩენ შემთხვევაში კი დაკითხვა წარმოებს ორივე მხარის მონაწილეობით, საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე. აღნიშნული სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის მოთხოვნაა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ბრალდებულის, ისე მოწმის სამართლებრივ მდგომარეობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში. სამწუხაროდ, „ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატებისა“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო პროგრამებში ამ საკითხზე ყურადღება არაა გამახვილებული.

  1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იქცა ქართული სისხლის სამართლის და განსაკუთრებით კი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის აუცილებელ ელემენტად, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეფექტურ და სრულყოფილ მართლმსაჯულებაზე საუბარი. აღნიშნული ინსტიტუტი, ერთი მხრივ, არის შეჯიბრებითობის პრინციპის გარანტი, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს საზოგადოების რიგითი წევრების მართლმსაჯულებაში ჩართულობას და ამ გზით მათი სამართლებრივი კულტურის გაზრდას. ამავდროულად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი.

ამ კუთხით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო პროგრამებში ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ აუცილებელია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო აქტიურად ამოქმედება და მისი განსჯადობის გაფართოება როგორც გეოგრაფიული, ისე სისხლის სამართლის საქმეების კატეგორიების თვალსაზრისით, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გაისმოდა სკეპტიკური განცხადებები ან კრიტიკა ამ ინსტიტუტის მიმართ და მუდმივად არსებობდა მინიშნება მისი მოდიფიცირების საჭიროებაზე. შესაძლოა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს მართლაც ჭირდება გაძლიერება და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, თუმცა მნიშვნელოვანია მოხდეს შეთანხმება, რომ ცვლილებები არ უნდა იყოს მიმართული აღნიშნული ინსტიტუტის არსის შეცვლის, შესუსტების ან დამახინჯებისაკენ.

  1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მისი სისტემური რეფორმა წლებია სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურად განიხილება და მუდმივად არის მოწოდებები, რომ განხორციელდეს კოდექსის საფუძვლიანი ცვლილება. დღეს სამართალდარღვევათა კოდექსი ერთი მხრივ შეიცავს ბევრ მოძველებულ, წმინდად საბჭოთა სამართლებრივი რეალობისთვის დამახასიათებელი შინაარსის ნორმებს, რიგი დისპოზიციები (წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და სხვა) კი ფორმულირებულია მეტად ბუნდოვნად, რაც სამართალდამცავებს თვითნებობის შესაძლებლობას უტოვებს. ამავდროულად, ხარვეზიანი და მთლიანად დასახვეწია კოდექსის პროცესუალური ნაწილიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყველანაირი დაცვის გარეშე ტოვებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს და არ აძლევს ადეკვატურ სამართლებრივ ბერკეტებს, სასამართლოს წინაშე საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.