პოლიტიკური თეოლოგიის საეჭვო მემკვიდრეობის რაციონალური მნიშვნელობა

14489043_10209711906130097_891753973_o

ავტორი:იურგენ ჰაბერმასი/მთარგმნელი:თორნიკე ჭუმბურიძე

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დემოკრატიულ კეთილდღეობის სახელმწიფოებში პოლიტიკას კვლავ შეეძლო, გეზი მიეცა ერთმანეთისგან დაშორებადი ქვესისტემებისთვის; კვლავაც ახერხებდა, გადაეწონა სოციალური დეზინტეგრაციისკენ მიმართული ტენდენციები. ამგვარად, „ჩანერგილი კაპიტალიზმის“ პირობებში, პოლიტიკა წარმატებით ართმევდა თავს ამ ამოცანას ერ-სახელმწიფოს ჩარჩოს შიგნით. დღეს, გლობალიზებული კაპიტალიზმის პირობებში, სოციალური ინტეგრაციის დაცვის პოლიტიკური შესაძლებლობები სახიფათოდ შეზღუდულია. ეკონომიკური გლობალიზაციის პროგრესთან ერთად, სოციალური მოდერნიზაციის სისტემების თეორისეული მონახაზი კიდევ უფრო მკვეთრ კონტურებს იძენს რეალობაში.

ამ ინტერპრეტაციის თანახმად, პოლიტიკა, როგორც დემოკრატიული თვითგანსაზღვრის საშუალება, იმდენადვე შეუძლებელი გახდა, რამდენადაც ზედმეტი. ავტოპოეზური [თვითქმნადი] ფუნქციონალური ქვესისტემები თავიანთსავე ლოგიკას ემორჩილებიან; ისინი ქმნიან გარემოს ერთმანეთისთვის და უკვე დიდი ხანია, მოსახლეობის ცხოვრება-სამყაროების ქსელებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. „პოლიტიკური“ ტრანსფორმირდა თვითმყოფი ადმინისტრაციული ქვესისტემის კოდად, იმგვარად, რომ დემოკრატიას ემუქრება საფრთხე, გახდეს მხოლოდ და მხოლოდ ფასადი, რომელსაც აღმასრულებელი აგენტები თავიანთი უძლური კლიენტებისკენ მიმართავენ. სისტემების ინტეგრაცია რეაგირებს ფუნქციონალურ იმპერატივებზე და უკან მოიტოვებს სოციალურ ინტეგრაციას, როგორც მეტისმეტად რთულად სათრევ მექანიზმს. რაკიღა ეს უკანასკნელი მაინც აგრძელებს მსვლელობას აქტორების გონებათა გავლით, მისი ოპერირება უნდა დაეყრდნოს ნორმატიულ სტრუქტურებს ცხოვრება-სამყაროებისა, რომლებიც, თუმცაღა, სულ უფრო და უფრო მარგინალიზებულნი არიან.

ეკონომიკური იმპერატივების – რომლებიც სულ უფრო მეტ გავლენას იპოვებენ ცხოვრების პრივატულ სფეროებზე – გავლენით ინდივიდები, დამფრთხალნი, სულ უფრო უკან იხევენ თავიანთი პრივატული ინტერესების ბუშტისკენ. კოლექტიურ ქმედებაში ჩართვის სურვილი, იმის გაცნობიერება, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ კოლექტიურად განსაზღვრონ თავიანთი ყოფის სოციალური პირობები სოლიდარული მოქმედების მეშვეობით, უჩინარდება სისტემური იმპერატივების ნაგულისხმევი ძალის წინაშე. ყველაფერ სხვაზე მეტად, კოლექტიური ქმედების ძალისადმი რწმენის ეროზია და ნორმატიული მრგძნობელობების ატროფია აძლიერებს ისედაც გაღვივებულ სკეპტიციზმს მოდერნულობის განათლებული თვითგაგების მიმართ. ამიტომაც, დემოკრატიის „მოძველებულ მოდელად“ (ლუც ვინგერთი) ქცევის მოახლოებული საფრთხე ის გამოწვევაა, რომელიც „პოლიტიკურის“, ერთი შეხედვით, ასევე მოძველებულ ცნებას ახალ თემატურობას სძენს.

ტექსტის სრული ვერსია  შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინქზე ან  წაიკითხოთ ონლაინ.

თარგმანი მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ პროექტის „ჩაგრულთა ხმები: კვლევა, ხელოვნება და აქტივიზმი სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება.