სათანადო საცხოვრისის უფლება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში

close up of hand and voting ballot

სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების პროცესში სახელმწიფო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. უსახლკარობის მასშტაბის და უსახლკაროთა უფლებების დარღვევის სიმძიმის მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე არ აღიარებს საცხოვრისის უფლებრივ განზომილებას და არ აქვს არსებულ გამოწვევებზე საპასუხო ადეკვატური კანონმდებლობა თუ სისტემურ ხედვაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა.

უსახლკაროთა რიცხოვნობის მიუხედავად, ქვეყანაში არ წარმოებს უსახლკაროთა რაოდენობის, ინდივიდუალური საჭიროებებისა და უსახლკარობის მიზეზების კვლევა, რაც გამორიცხავს ადეკვატური პოლიტიკის შემუშავებას. სახელმწიფო არ იყენებს უსახლკარობის დაზღვევის პრევენციულ პოლიტიკას და მისი მიდგომები მხოლოდ რეაქციულად, მყისიერი საჭიროებების საპასუხოდ მიემართება უსახლკაროთა ცალკეულ ჯგუფებს, რაც უსახლკარობის მდგომარეობის გარდაქმნას შეუძლებელს ხდის და არ ამცირებს პრობლემის მასშტაბს.

უსახლკაროთა მიმართ სახელმწიფოს მიდგომების შეცვლის საჭიროებისა და სისტემური პოლიტიკის შემუშავების მოლოდინის მიუხედავად, არცერთი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა სათანადოდ არ ხედავს პრობლემის სირთულეს და არ აჩვენებს კვლევაზე, პრევენციასა და სისტემურ მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის ხედვას.

ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“, „ეროვნული ფორუმისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  წინასაარჩევნო პროგრამების შესწავლის შედეგად ნათელია, რომ პოლიტიკური პარტიები საცხოვრისის უფლების რეალიზების აუცილებლობას უმეტესად დევნილთა და ეკომიგრანტებთან მიმართებით ხედავენ და სხვა ნიშნით უსახლკარო პირთა საჭიროებებს ნაკლებად აღიარებენ. ხოლო იმ შემთხვევებში სადაც პოლიტიკური პარტიები საუბრობენ საცხოვრისის უფლების რეალიზებაზე მათი ხედვა მხოლოდ რეაქციული პოლიტიკით, ფართების საკუთრებაში გადაცემით ან სერვისების მიწოდების საჭიროებით შემოიფარგლება და როგორც წესი მოიაზრებს სპეციალიზირებულ სერვისებს კონკრეტული ჯგუფებისათვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამა საერთოდ არ შეეხება საცხოვრისის უფლების რეალიზების საკითხს და შესაბამისად არ წარმოადგენს რაიმე ტიპის ხედვას ამ კუთხით.

პოლიტიკური პარტია „ეროვნული ფორუმი“ გეგმავს, შეიმუშავოს სპეციალური მიზნობრივი (სოციალური დაცვის) პროგრამები უსახლკარო პირთა გამოვლენისა და მათი მიზნობრივი დახმარებისათვის. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დევნილებისა და ეკომიგრანტების საჭიროებებზე:  „მომზადდება და დაინერგება მრავალწლიანი „ეკოლოგიურ მიგრანტთა სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მთავარი მიმართულების განვითარებაში რამდენიმე მიდგომა არის დაგეგმილი:

  • საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, მ.შ. საზღვრისპირა რაიონებში;
  • სახელმწიფო ბალანსზე არსებული კორპუსების რეაბილიტაცია;
  • შეღავათიანი საბანკო სესხების გაცემა;
  • ოჯახებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადაცემა.

პროგრამის თანახმად, ასევე დაგეგმილია დევნილი ოჯახებისათვის სამართლიანი და დროული განსახლება.

პოლიტიკური პარტიის „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო პროგრამა  მოიცავს სოციალური საცხოვრებლის პროგრამის განხორცილების დაპირებას, რაც მიზნად ისახავს უსახლკაროთა და დევნილთა ბინადრობის პრობელემების თანმიმდევრულ აღმოფხვრას. ამასთან, პარტია დევნილთა სათანადო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთ გამოსავლად დევნილებისათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას ხედავს. „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“-ს წინასაარჩევნო პროგრამაში ასევე ვკითხულობთ: „სოციალური მომსახურების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება სპეციალიზებული დაწესებულებები, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა, მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები და დღის სტაციონარები, აგრეთვე სხვა სპეციალიზებული დაწესებულებები“. ამასთან, პარტია დევნილთათვის საცხოვრისის პრობლემების გადაჭრის მიზნით, მათ მიერ დაკავებული, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობებისა და დამხმარე ნაგებობების დაკანონებას გეგმავს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ უსახლკარობის პრობლემის მოგვარებას, უსახლკაროებისათვის სახლების აშენებისა და საკუთრებაში გადაცემის პოლიტიკაში ხედავს: „ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 პროცენტი უნდა გამოვყოთ და ამ ფულით ავუშენოთ და ვაჩუქოთ ბინები დაახლოებით 4000 ოჯახს, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ“.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით ძირითადად უსახლკარო ბავშვთა საკითხებს მიემართება და გეგმავს შექმნას რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის. პარტია ამ პროცესში განსაკუთრებული აქცენტს ბავშვთა მიტოვების პრევენციული პროგრამების შემუშავებაზე აკეთებს. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ხანდაზმულთათვის სათემო სახლების შექმნას.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსათვის“ სათანადო საცხოვრისის უფლების საკითხებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას უკავშირებს,  რაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამების დანერგვით განხორციელდება. ამასთან, პროგრამაში ვკითხულობთ: „დევნილ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ გადაცემული საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე, მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც (სხვენები, სარდაფები და სხვ.). გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. ამ პროექტის ფარგლებში, სულ მცირე  1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა, ერთი მხრივ, დონორებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორებთან, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში აშენდეს ახალი საცხოვრებლები დევნილებისთვის როგორც ქალაქებში, ისე სოფლად. მნიშვნელოვნად გაძლიერდება მცირე სამეწარმეო საქმიანობისა და დევნილთა კოოპერაციის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან“.  პროგრამა ასევე ითვალისწინებს ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის დაკანონების პროგრამებს. პარტია ასევე გეგმავს ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახისათვის სახლების შეძენას.