EMC 27 სექტემბერს ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ გამოვლენილი ძალადობის ფაქტს ეხმიანება

 

ნაციონალისტური ჯგუფების მსვლელობის მონაწილეები თამარ მეფის ხიდზე. 27.09.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ნაციონალისტური ჯგუფების მსვლელობის მონაწილეები თამარ მეფის ხიდზე. 27.09.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაჩენილი ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების საქმიანობას და სამართლებრივ შეფასებას აძლევს 2016 წლის 27 სექტემბერს აღმაშენებლის გამზირზე ნაციონალისტური ჯგუფების მიერ გამართულ მსვლელობას და მასში ეთნიკური მოტივით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს. აღსანიშნავია, რომ EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს მსვლელობის დრო განხორციელებული ძალადობის შედეგად დაზარალებულ ერთ-ერთ პირს.

27 სექტემბერს გამართული მსვლელობა და ძალადობრივი ქმედებები

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 27 სექტემბერს ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებს წარმოადგენდნენ სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფის წევრები, მათ შორის, ქართული ძალა, ბერგმანი, დინამო ულტრას, ედელვაისი, რომელთა რაოდენობა მთლიანობაში დაახლოებით 150 ადამიანს შეადგენდა.

აღნიშნული პირები საღამოს 5 საათისთვის შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე და მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედნის, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირის მიმართულებით. აღმაშენებლის გამზირამდე შეკრების მონაწილეები პოლიციის თანხლებით გადაადგილდებოდნენ, ძირითადად ტრანსპორტის არასავალი ნაწილი ეკავათ და ინარჩუნებდნენ მშვიდობიანი შეკრების ფორმას. თუმცა, აღმაშენებლის გამზირზე მათ ღიად დაიწყეს ძალადობრივი განწყობებისა და ქმედებების გამოვლენა. შეკრების დროს და უშუალოდ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის დროს შეკრების მონაწილეები იყენებდნენ ნაციონალისტურ შეძახილებს „ქართველები საქართველოსთვის“ და ასევე სხვა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეთნიკურად რუსი და თურქი ადამიანების მიმართ.[1] აქციის ნიღბიანმა მონაწილეებმა რასისტული ენის გამოყენების ფონზე დააზიანეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რამდენიმე თურქული რესტორნის ბანერი, ასევე მბოლავი მაშხალა ესროლეს ერთ-ერთ თურქულ რესტორანს, რამაც იქ მყოფ სტუმრებში შიში და არეულობა გამოიწვია. EMC-ისთვის მიცემული აქციის მსვლელობის თვითმხილველთა ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ მსვლელობის დროს ვანდალური აქტები მხოლოდ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თურქული რესტორნების მიმართ განხორციელდა. სამართალდამრღვევების შეძახილებიც მკვეთრად თურქოფობიურ და ქსენოფობიურ  რიტორიკას შეიცავდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროს პოლიციის ჯგუფები ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა, შეკრების მონაწილეების მიერ ძალადობრივი აქტების ჩადენის ეპიზოდში, რომელიც დაახლოებით 12-15 წუთი გრძელდებოდა, პოლიციელების ძირითადი ნაწილი გზის მეორე მხარეს იდგა და კანონდარღვევის ფაქტების აღკვეთა და მყისიერი რეაგირება  არ მოუხდენია. ძალადობრივი ინციდენტების შემდეგ აქციის მონაწილების ნაწილი მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს მივიდა და რუსთაველის გამზირამდე სვლის გასაგრძელებლად სხვა თანამოაზრეებს ელოდებოდა, რა დროსაც პოლიციამ ისინი გააჩერა და მათი მითითების გარეშე გადაადგილება აუკრძალა. სწორედ ამ ეპიზოდში დაფიქსრიდა დაპირისპირება შეკრების მონაწილეებსა და პოლიციას შორის[2], რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა 11 აქციის მონაწილე, მათ შორის, 7 არასრულწლოვანი პირი დააკავა.[3]

საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და აღმაშენებლის გამზირზე, ხულიგნობის ბრალდებით, 11 პირი დააკავეს.[4]

დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ხულიგნობა) და 1421-ე მუხლით (რასობრივი დისკრიმინაცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენეს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.[5]

საქმის სამართლებრივი შეფასება

საქართველოს კონსტიტუცია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების ქვეშ მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იცავს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლების ზღვარი მხოლოდ ძალადობისკენ მოწოდების და დემოკრატიული პრინციპების უარყოფის შემთხვევებზე გადის. სხვა სახის შეზღუდვა თავად დემოკრატიისთვის იქნებოდა დამაზიანებელი და საფრთხეს შეუქმნიდა მას. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, პოლიტიკური იდეები, რომლებიც არსებულ რეჟიმს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და რომლის რეალიზაციაც მშვიდობიანი მეთოდებით ხდება, დაშვებულია მათ შორის შეკრების უფლებით სარგებლობისას.[6] აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლება როგორც ასეთი, საჯარო დებატებისთვის ფორუმისა და პროტესტის ღია გამოხატვის უზრუნველყოფას ემსახურება და მნიშნველოვნად არის დაკავშირებული თავად გამოხატვის თავისუფლების განხორციელებასთან.[7] რაც არ უნდა შოკისმომგვრელი და მიუღებელი შეიძლება ეჩვენოს ხელისუფლებას შეკრებისას გამოხატული აზრები, თუ არ გვაქვს ძალადობისკენ მოწოდება ან დემოკრატიული ღირებულებების უარყოფა, მასში ჩარევა უარყოფით გავლენას მოახდენს დემოკრატიაზე, საფრთხესაც კი შეუქმნის მას.[8]

რადიკალური ჯგუფების მიერ შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის დროს   მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევევ მკაცრად დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები, მათ შორის, მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაზრდისა და კიდევ უფრო რადიკალიზაციის პრევენციის ინტერესიდან გამომდინარე.

29 სექტემბერს ჩატარებული მსვლელობის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი აჩვენებს, რომ შეკრების მონაწილეები თავდაპირველად მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცეოდნენ, თუმცა აღმაშენებლის გამზირზე მათი ძალადობრივი ქცევის შემდეგ ისინი გავიდნენ შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და ამ გზით სახელმწიფოს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნეს. ცხადია, შეკრების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმწიფოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა აქციის მონაწილეების ძალადობის მასშტაბი და ის ფაქტობრივი გარემოება, თუ რამდენად შესაძლებლი იყო სამართალდამრღვევი პირების იზოლაცია შეკრების დანარჩენი მონაწილეებისგან, ისე რომ შეკრების მშვიდობიან ფორმატში გაგრძელება შესაძლებელი გამხდარიყო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ნაკლებად შემზღუდავი საშუალებების გამოყენების გარეშე, აქციის დაშლის კანონიერების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხი კითხვის ნიშნებს აჩენს.

აქციის მონაწილეების მიერ ადგილზე რასისტული მოტივით ჩადენილი ვანდალიზმისა და ძალადობის ფაქტები, პოლიციის დროულ რეაგირებას და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების იზოლაციას ითხოვდა. თუმცა, როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს, ძალადობის ფაქტებზე პოლიციას ეფექტური რეაგირება არ მოუხდენია და შეკრების მონაწილეების დაკავება მხოლოდ მოგვიანებით, სხვა ეპიზოდში პოლიციასთან შექმნილი დაპირისპირების გამო მოახდინა. პოლიციის მხრიდან შეკრების მონიტორინგისა და მართვის არასწორმა სტრატეგიამ ძალადობის გავრცელებასა და ესკალაციას შეუწყო ხელი.

ცხადია, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული რადიკალური დაჯგუფებების ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისთვის მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება და ის პირდაპირ უკავშირდება ყველაზე დაუცველი, მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხს, რომლებიც ულტრანაციონალისტური, ნეოფაშისტური ჯგუფების ორგანიზებული ძალადობის მსხვერპლები შეიძლება გახდნენ. მსგავსი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ის არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთელს ჯგუფს, თემს მიემართება. ამიტომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები არსებითად აზიანებს სამოქალაქო მშვიდობასა და პლურალიზმს.

საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოყენებული კვალიფიკაცია prima facie ადეკვატური ჩანს და არსებითია გამოძიების შემდგომ ეტაპზე შენარჩუნდეს ქმედების სათანადო კვალიფიკაცია და სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივის წარმოჩენა. სასჯელის გამოყენების ნაწილში კი არსებითია სასამართლომ გაითვალისწინოს, კონკრეტული პირების როლი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების დროს, ჯგუფში მათი პოზიცია და წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები, ასევე სამართალდამრღვევი პირების ასაკი და შესაძლო მოწყვლადობასთან დაკავშირებული გარემოებები.

ამავდროულად რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებითია სახელმწიფომ გაიაზროს ის სოციალური და პოლიტიკური მიზეზები, რომლებიც მსგავსი ჯგუფების გაჩენასა და მათ ანტისოციალურ ქცევას შეიძლება განაპირობებდეს. პრობლემის კომპლექსური გააზრება ეფექტური პრევენციული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და რეპრესიული აპარატის გამოყენებასთან ერთად, აუცილებელია სახელმწიფომ კვლევაზე დაფუძნებული ეფექტური პრევენციული პოლიტიკა განახორციელოს.

ცხადია, რადიკალური ჯგუფების საქმიანობა სოციალურ გაუცხოებასთან ერთად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილი შეიძლება იყოს, მით უმეტეს წინა საარჩევნო პერიოდში და მათი ორგანიზების უკან შესაძლოა პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდეს.

ზოგადი სოციალური კონტექსტის მიმოხილვა

ახალი ტიპის ქართული ნაციონალისტური ჯგუფები ბოლო რამდენიმე წელია, საჯარო ასპარეზზე გამოჩნდნენ. თავდაპირველად, მათი მთავარი აქცენტი აგრესიული ჰომოფობიური და ანტი-ფემინისტური მოწოდებები და მოთხოვნები იყო; ამ მხრივ განსაკუთრებით შეიმჩნეოდა „ეროვნული ფრონტი“ და მასთან აფილირებული სხვა ჯგუფები. თუმცა, მიმდინარე წელს, სიძულვილსა და დისკრიმინაციაზე ორიენტირებული ჯგუფების ერთგვარი გადაჯგუფება შეიმჩნევა, რის შედეგად სახეზეა არა მხოლოდ „ლიბერალურ-მარქსისტულად“ და „სოციალისტურად“ მონათლული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა, ჰომოფობია და ანტი-ფემინიზმი, რაც მემარჯვენე კონსერვატულ მოძრაობებს ახასიათებს, არამედ შემდგომი ძალადობრივი რადიკალიზაციის და ორგანიზების ნიშნები; ამის გამოხატულება იყო მიმდინარე წელს საჯაროდ განხორციელებული თავდასხმა შავკანიან ადამიანებზე[9], ასევე ვეგანურ კაფეზე.[10]

ჯგუფები, როგორებიცაა ქართული ძალა, ბერგმანი, ედელვაისი, ულტრასები და სხვები, წინამორბედი გაერთიანებებისგან განსხვავებით, გამოირჩევიან აშკარად ქსენოფობიური (მათ შორის, თურქოფობიური და რუსოფობიური) რიტორიკით. თუმცა, ამასთანავე, სოციალური მედიით მათი მხრიდან ასევე ხშირად ვრცელდება რასისტური (მათ შორის ანტისემიტური), ფაშისტური და ნეო-ნაცისტური იდეები. აღნიშნული არაფორმალური გაერთიანებები იყენებენ ევროპული და ჩრდილო-ამერიკული რასისტური, მათ შორის ე.წ. „თეთრი ნაციონალიზმის“ დაჯგუფებების სიმბოლიკას და ატრიბუტიკას, აქტიურად კულტივირებენ მილიტარიზმსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიმართ ღია აგრესიას.

ამდენად, აღნიშნული ჯგუფების მხრიდან პროპაგანდირებული იდეები და განწყობები სცდება ტიპური ეთნიკური ნაციონალიზმისა და მემარჯვენე კონსერვატიზმის იდეოლოგიებს და დღის წესრიგში ნეოფაშიზმისა და ძალადობრივი რადიკალიზმის გაძლიერების საფრთხეს წამოჭრის. 27 სექტემბრის აქციაზე ნაკლებად რადიკალური და შედარებით ძალადობრივი ჯგუფების ერთობლივი გამოსვლა სწორედ მათი კონსოლიდაციის და, შედეგად, საერთო რადიკალიზაციის მანიშნებელი უნდა იყოს.

რადიკალიზაციის სოციალური მიზეზების ზოგადი მიმოხილვა

პოლიტიკური რადიკალიზმის და ძალადობრივი პოლიტიკური იდეოლოგიების მქონე ჯგუფების ფორმირება, როგორც წესი, უშუალოდ დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებასთან[11]. მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა, უმუშევრობის მაღალი დონე, მხოლოდ კერძო კაპიტალსა და კომოდიფიკაციაზე მორგებული ურბანული პოლიტიკა და ეკონომიკურად მოწყვლადი / ხელმოკლე ოჯახების ურბანული გეტოიზაცია, სიღატაკის ანკლავების ზრდა, განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა და სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ახალგაზრდებში უკიდურესად ზღუდავს პიროვნული განვითარების საშუალებებსა და თვითრეალიზაციის შანსებს, მნიშვნელოვანწილად აფერხებს მათ უნარს, პერსპექტიული სასიცოცხლო სტრატეგიები დაისახონ და თავი საზოგადოებისთვის საჭირო და ორგანულ ნაწილად იგრძნონ.

აღნიშნულ ფაქტორებს ასევე ემატება სასკოლო პროგრამების აშკარა მოუმზადებლობა და არაადაპტირებულობა, ადეკვატური პასუხები გასცენ გლობალური საინფორმაციო ქსელების პირობებში მცხოვრები მოზარდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მოქალაქეობასთან, ეროვნულ თვითმყოფადობასთან, ეკონომიკურ გლობალიზაციასთან, მიგრაციასა თუ კულტურულ მრავალფეროვნებასთან. ეს ყოველივე მათი კულტურული გაუცხოებითა და შეუქცევადი პოლიტიკური გარიყულობის შეგრძნებით სრულდება, რისი გამოხატულებაც შეიძლება იყოს როგორც დესტრუქციული ანტისოციალური ქცევები, ასევე გაცილებით სახიფათო პროცესი – საკუთარი თავის მიკუთვნება რადიკალურ, მათ შორის, ხშირად, ძალადობრივ პოლიტიკურ იდეოლოგიებთან, რომელთა შთაგონების წყარო ხშირად ინტერნეტში ხელმისაწვდომი ექსტრემისტული ლიტერატურაა.ურბანული ახალგაზრდობის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მარგინალიზაცია ნოყიერ ნიადაგს ქმნის როგორც რელიგიური ფუნდამენტალიზმისთვის, ისე – შედარებით არარელიგიური / სეკულარული, ძალადობრივი პოლიტიკური იდეებისა და შეხედულებების ათვისებისთვის.

პრევენციული პოლიტიკის მნიშვნელობა და ძირითადი მიმართულებები

ნეონაცისტური ჯგუფების რადიკალიზების შესამჩნევი დინამიკის ფონზე, არსებითია სახელმწიფომ გაიაზროს, რომ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერება და მათი აქტიური საქმიანობა, მათ შორის, თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფოს აშკარად არაეფექტური და არასეკულარული პოლიტიკის, ასევე პოლიტიკურ სივრცეში ქსენოფობიური და ჰომოფობიური დისკურსის გაძლიერების შედეგია.  ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტური გამოძიების ტენდენცია, რომელმაც საზოგადოებაში უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და დაუსჯელობის გრძნობა გააძლიერა.

ამასთან, აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშავოს რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის პრევენციისთვის მიმართული  ეფექტური და სისტემური პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: 1. ანალიტიკური საქმიანობა, რაც, მათ შორის, გულისხმობს მსგავსი ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგს, მათი რადიკალიზაციის მიზეზების შესწავლასა და პროცესის დინამიკის გაზომვას; 2. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სათანადო კვალიფიკაციასა და ეფექტური საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვას; 3. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დოკუმენტირებისა და სტატისტიკის წარმოების ეფექტური სისტემების შექმნას; 4. საზოგადოებრივი პოლიციის კონცეფციის შემუშავება და ამ კუთხით დისკრიმინირებულ და გაუცხოებულ ჯგუფებთან ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაციის სისტემების აწყობასა და უფლების დარღვევის მსხვერპლების ზიანის შემცირებაზე მიმართული პოლიტიკის გატარებას; 5. ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული პოლიტიკის გატარებას, რომელიც როგორც  უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სამოქალაქო მართლშეგნების დონეებზე მუშაობას გულისხმობს; 6. სამართალდამრღვევი პირების რესოციალიზაციის  ხელშემწყობი და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; 7. პოლიციის, პროკურატურის თანამშრომლების ცოდნისა და სენსიტიურობის გაზრდას.  8. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა რელევანტური უწყებების მხრიდან სათანადო საჯარო კამპანიების განხორციელებას.

სამართლებრივი მოთხოვნები

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე EMC მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას და მოითხოვს, უზრუნველყოს:

  • საქმეზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩატარება და სამართალდამრღვევი პირების ასაკისა და სხვა მოწყვლადობის გათვალისწინებით, მათ მიმართ სამართლიანი და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება;
  • ძალადობრივ შეკრებაში მონაწილე ჯგუფების საქმიანობის მონიტორინგის გაძლიერება და მათი მხრიდან მომავალში სხვა დანაშაულების (მათ შორის, ინციდენტის დროს მათ მიერ იდენტიფიცირებული დაზარალებული პირების მიმართ ახალი შესაძლო დანაშაულების) ჩადენის ეფექტური და დროული პრევენცია;
  • სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის თანმიმდევრული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სტრატეგიის შემუშავება;
  • რადიკალური, ძალადობრივი ჯგუფების გაჩენის ხელშემწყობი პოლიტიკური და სოციალური მიზეზების გააზრება და ამ კუთხით თანასწორობასა და ტრანსფორმაციაზე დაფუძნებული პოლიტიკების განხორციელება.

——————–

[1] http://netgazeti.ge/news/143740/

[2] http://rustavi2.com/ka/news/57609

[3] http://netgazeti.ge/news/143740/

[4] http://police.ge/ge/shss-m-khulignobis-braldebit-11-piri-daakava/10030

[5]http://liberali.ge/news/view/24891/qartuli-dzalis-tsevrebs-rasobrivi-diskriminatsiis-braldeba-aqvt-tsayenebuli

[6] Stankov and others v. Bulgaria 29221/95 and 29225/95 at para. 97

[7] Eva Molnár v. Hungary, para 42

[8] Faber v. Hungary, para. 37

[9] http://police.ge/ge/shss-m-rasobrivi-diskriminatsiis-braldebit-ori-piri-daakava/8830

[10] http://rustavi2.com/ka/news/48145

[11] Bell, Daniel. The Radical Right. New Brunswick [N.J.]: Transaction Publishers, 2002.