რა შეიცვალა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში

შესავალი

იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება ქართული ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა, რომელიც ზედმიწევნით აღწერს მის არაეთიკურ და რეპრესიულ ბუნებას. 2015 წლის ოქტომბრამდე შემოწმებაზე გადაყვანის კონკრეტული საფუძვლები ნორმატიულად არ იყო გაწერილი და სამართალდამცავებს ზოგადი წესით, გონივრული ეჭვის საფუძველზე შეეძლოთ პირის იძულებით შემოწმებაზე გადაყვანა.

2015 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს შინაგან საქმეთა მინისტრის N725 ბრძანება, რომელიც შეეხება იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე პირთა გადაყვანის საფუძვლებსა და პროცედურებს. ბრძანებაზე მუშაობის პროცესში, სამუშაო შეხვედრებისას სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ბრძანება იყო ადეკვატური და საკმარისი ნაბიჯი, რათა აღმოფხვრილიყო იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებული ძირითადი პრობლემები. სამინისტროს პოზიციას არ იზიარებდნენ ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები და ახალ ბრძანებას თავიდანვე არასაკმარისად აფასებდნენ არსებული გამოწვევების ფონზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრძანების ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ „ქუჩის ნარკოტესტირების“ კონსტიტუციურობის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ დაინტერესდა, რა შეიცვალა პრაქტიკაში შს მინისტრის #725 ბრძანების ამოქმედების შემდეგ და არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, წინასწარ შედგენილი სტანდარტული კითხვარების გამოყენებით ინტერვიუები ჩაატარა. ინტერვიუებში მონაწილეობა მიიღეს იმ პირებმა, რომლებიც 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ იყვნენ გადაყვანილი იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე (საერთო ჯამში 16 რესპონდენტი). ამდენად, წარმოდგენილ დოკუმენტში მოცემული შეფასებები ემყარება ერთი მხრივ ნარკოტესტირების საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების შეფასებას, მეორე მხრივ კი რესპონდენტების გამოკითხვის შედეგების ანალიზს.

 დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ლინქზე ან  წაიკითხოთ ონლაინ.