საგანგებო მდგომარეობა

qebur

ავტორი:ჯორჯო აგამბენი; თარგმანი:ნინო მიქაშავიძე

  1. საგანგებო მდგომარეობა, როგორც მმართველობის პარადიგმა

1.1 არსებითი კავშირი საგანგებო მდგომარეობასა და სუვერენულობას შორის ჩამოაყალიბა კარლ შმიტმა  თავის წიგნში Politische Theologie (1922). მიუხედავად იმისა, რომ სუვერენის მისეული ცნობილი დეფინიცია – “ის, ვინც განაგებს საგანგებო მდგომარეობას”, ფართოდ იქნა განხილული, საჯარო სამართალში ჯერ კიდევ არ არსებობს თეორია საგანგებო მდგომარეობის შესახებ. იურისტები და საჯარო სამართლის თეორეტიკოსები საკითხს უდგებიან, როგორც quaestio facti და არა, როგორც ჭეშმარიტად იურიდიულ პრობლემას. ამგვარი თეორია, არა მხოლოდ განწირულია არალეგიტიმურად შერაცხვისათვის იმ ავტორების მხრიდან, რომლებიც (უძველესი მაქსიმის მიხედვით, necessitas legem non habet [აუცილებლობა არ სცნობს კანონებს]) მიიჩნევენ, რომ აუცილებლობის მდგომარეობას, რომელსაც ეფუძნება საგანგებო მდგომარეობა, ვერ ექნება იურიდიული ფორმა, არამედ, გამომდინარე ტერმინის პოზიციიდან – პოლიტიკისა და სამართალის ზღვარზე,  რთული ხდება მისი დეფინიციის განსაზღვრაც კი. მართლაც, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა წარმოადგენს “მიჯნას, რომელზეც საჯარო სამართალსა და პოლიტიკურ ფაქტს შორის არსებული ბალანსი ირღვევა” (Saint-Bonnet 2001, 28), რომელიც, როგორც სამოქალაქო ომი, ამბოხი და წინააღმდეგობა, – “ბუნდოვან, გამოუცნობ განაპირა ზოლში, პოლიტიკურისა და სამართლებრივის კვეთაზე არსებობს” (ფონტანა 1999, 16). საზღვრების პრობლემა კიდევ უფრო მეტად საყურადღებო ხდება, თუკი საგანგებო ზომები პოლიტიკური კრიზისის პერიოდების შედეგია და, როგორც ასეთი, უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ და არა იურიდიულ-კონსტიტუციონალურ ჭრილში (დე მარტინო 1973, 320); შედეგად, ისინი აღმოჩნდებიან პარადოქსულ სიტუაციაში, წარმოადგენენ რა სამართლებრივ ზომებს,  რომლებიც არ იკითხება სამართლის ენაზე. საგანგებო მდგომარება კი წარმოჩინდება, როგორც სამართლებრივი ფორმა იმისა, რასაც ვერ ექნება სამართლებრივი ფორმა. მეორე მხრივ, თუკი კანონი იყენებს საგანგებო მდგომარეობას, როგორც ორიგინალურ საშუალებას, რათა დაუკავშირდეს სიცოცხლეს და მოიცვას იგი, რაც თავისთავად კანონის ქმედითუნარიანობის გაუქმებას გულისხმობს, მაშინ საგანგებო მდგომარეობის თეორია იქნება წინაპირობა, რომლის მეშვეობითაც მყარდება ისეთი ტიპის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს და ამავდროულად მიჯნავს ცოცხალ არსებასა და კანონს ერთმანეთისაგან.

უკაცრიელი სივრცე, რომელიც საჯარო სამართალსა და პოლიტიკურ ფაქტს, იურიდიულ წესრიგსა და ცხოვრებას შორის არსებობს, წინამდებარე ნაშრომის საკვლევი თემაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ  მიახლოებით მაინც გავიგოთ, თუ ვიზეა დადებული ფსონები თამაშში, რომელიც  პოლიტიკურსა და იურიდიულს, კანონსა და ცოცხალ არსებას შორის არსებულ სხვაობას (ან სავარაუდოდ არსებულ სხვაობას) ეხება, თუ ამ ბუნდოვან ტერიტორიას ფარდა აეხდება. იქნებ მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს შესაძლებელი, რომ პასუხი გაეცეს  კითხვას, რომელიც მუდმივად დაისმის დასავლური პოლიტიკის ისტორიაში: რას ნიშნავს იმოქმედო პოლიტიკურად?

თარგმანის სრული ვერსიის გადმოსაწერად გადადით ბმულზე ან წაიკითხეთ ონლაინ.