ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის სახელით EMC დისკრიმინაციის საქმეზე სახალხო დამცველს მიმართავს

orta_jame_mosque_batumi_2014-04-25

ფოტო: DFwatch.net

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის სახელით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სახალხო დამცველის წინაშე განაცხადი წარადგინა.

საინიციატივო ჯგუფი მინიმუმ 12 000 მუსლიმს, მათ შორის, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს (შემდგომში სამმართველო) ინდივიდუალურ სასულიერო პირებს აერთიანებს და თვით ორგანიზებულად ცდილობს მეჩეთის მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით მუსლიმი თემისთვის უძრავი ქონების გადაცემაზე სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების (საქართველოს მთავრობის, აჭარის ა/რ მთავრობის, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს) ფაქტობრივ უარს განმცხადებელი დისკრიმინაციულ მოპყრობად განიხილავს და სახალხო დამცველს ადეკვატური რეკომენდაციის გაცემასა და კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენებას სთხოვს.

განაცხადში EMC ასაბუთებს, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დიდი მასშტაბის უძრავი ქონების გადაცემის არასეკულარული პრაქტიკის პირობებში, რომელიც რეალურად რესტიტუციის პოლიტიკის მიღმა მიმდინარეობს, მუსლიმი თემისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე ფაქტობრივი უარი, ნათლად წარმოაჩენს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ქართველი მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს განსხვავებულ მოპყრობას. განმცხადებელი უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტურ გადაწყვეტილებებზე და ამტკიცებს, რომ უძრავი ქონების გადაცემის დისკრეციული უფლებამოსილების გადაცემის დროს არსებითია სახელმწიფომ განუხრელად დაიცვას თანასწორობის პრინციპი, არ მოახდინოს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში კონკრეტული ჯგუფების თვითნებური პრეფერენცირება.

EMC უთითებს, რომ მთავრობის მიერ ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უარი და სანაცვლოდ სამმართველოსთან არარეალისტურ და არა რელევანტურ ალტერნატივაზე შეთანხმება, მათ შორის, სამმართველოსთვის ბათუმში ახალი მეჩეთის სანაცვლოდ მედრესეს და რეზიდენციის შენობების გადაცემა, ორთა ჯამეს ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და გაფართოების ინიციატივა, არ ხსნის ახალი მეჩეთის მშენებლობის რეალური საჭიროების საკითხს და პირიქით, მთავრობის ეს ქმედებები პრობლემის გადაფარვის და მისი გადაჭრის გაჭიანურების მცდელობებია. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების მიერ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე გაკეთებული საჯარო დაპირების მიუხედავად, სახელმწიფოს ამდენი ხნის განმავლობაში არ წარმოუდგენია მისი უმოქმედობის დამაჯერებელი, სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესით გამყარებული დასაბუთება.

განაცხადში EMC ასევე უთითებს ბოლო დროს საქართველოს სახალხო დამცველის, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (მათ შორის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის), ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ შეფასებებზე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საჭიროებაზე. ამასთან, EMC სთხოვს სახალხო დამცველს განსახილველი საქმე მუსლიმი თემის მიმართ ზოგადი დისკრიმინაციული გარემოს კონტექსტში განიხილოს და გადაწყვეტილების მიღების დროს გაიაზროს  მისი პრევენციული მნიშვნელობა.

————————-

განაცხადი მომზადდა პროექტისმართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვისფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).” პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.
განაცხადის შინაარსზე პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

Screenshot (80)