EMC მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

download

ბიოლოგიური მამებისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაწილის ანაზღაურების უფლების არარსებობის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.

მოქმედი შრომის კოდექსი ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას ანიჭებს დასაქმებულს, რაც ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანაწერია, თუმცა, მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ არსებული ჩანაწერისა და მასთან კავშირში მყოფი ნორმების ერთობლივი ანალიზით ნათელია, რომ შვებულების უფლების მქონე დასაქმებულში მოიაზრება მხოლოდ ქალი და დასახელებული შვებულების უფლებით ვერ სარგებლობენ ბავშვის ბიოლოგიური მამები.

ამასთან, ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ქალზე. ამავე ბრძანებით, საავადმყოფო ფურცელი ბავშვის მამის მიმართ მხოლოდ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში გაიცემა. შესაბამისად, დასახელებული ბრძანება პირდაპირ გამორიცხავს კაცებს ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლების მქონე პირებისაგან.

კონსტიტუციურ სარჩელში EMC ამტკიცებს რომ ამგვარი რეგულაცია წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას ბიოლოგიური მამების მიმართ ერთი მხრივ დედებთან მიმართებით, ხოლო მეორე მხრივ მშვილებელ მამებთან მიმართებით, რომელთაც შრომის კოდექსში არსებული სპეციალური ჩანაწერის საფუძველზე აგრეთვე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ისარგებლონ ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებებით. EMC-ის აზრით ბავშვის მოვლა წარმოადგენს თანაბარ უფლებას და იმავდროულად პასუხისმგებლობას ორივე მშობლისათვის. შესაბამისად, გაუმართლებელია, სახელმწიფო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ანიჭებდეს დასახელებულ შესაძლებლობას.

გარდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისა, მოსარჩელე მხარის აზრით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების შეზღუდვა კაცებისთვის იწვევს მათი შრომის უფლების შეზღუდვას, ისევე როგორც გაუმართლებლად ერევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეთა თანასწორობის უფლებებში. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა მეუღლეებს არ ანიჭებს შესაძლებლობას, საკუთარი შეთანხმებითა და სურვილის შესაბამისად იზრუნონ საკუთარ შვილზე და გაიზიარონ ეს პასუხისმგელობა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოჯახის კეთილდღეობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ კანონმდებლობით აღიარებულ ქორწინებას, არამედ მისი შინაარსი გაცილებით ფართოა და აერთიანებს აგრეთვე რეგისტრირებული ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას და ამ თანაცხოვრებაში დაბადებულ ბავშვებს.

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ პასუხისმგებლობასაც, მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ სახეზეა აგრეთვე ქალის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაში ჩარევა იმდენად, რამდენადაც არსებული სამართლებრივი რეგულირება ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას მხოლოდ ქალს აკისრებს. აღნიშნული საკანონმდებლო მოცემულობა კი  განამტკიცებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ, უთანასწორო და პატრიარქალურ შეხედულებებს ქალის წინასწარ განსაზღვრულ როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რაც შვილებზე ზრუნვის ვალდებულებაში გამოიხატება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.