ჭიათურა: საერთო ხედი სამოცდაათიოდე წლიანი ინტერვალით

1-0                                                                                              პროექტის ავტორი: სალომე ცოფურაშვილი

თბილისის სახელმწიფო არქივიდან ამოღებული ქალაქ ჭიათურის ფოტოსურათების რაოდენობა მცირეა, უმეტესობა კი _ არაიდენტიფიცირებული. მხოლოდ ორი ადგილია დასახელებული: ნინოშვილის და სანაპიროს ქუჩები,თუმცა ჭიათურაში ჩასულს ხილის გამყიდველი ხალისით მაკვალიანებს და ზუსტად მიხსნის, რომელი ფოტო რა ადგილას არის გადაღებული. როგორც ირკვევა, ყველაფერი ერთმანეთის გვერდიგვერდ და პარალელურადაა განლაგებული: ყვირილის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები და  პარალელურ ქუჩაზე _ ჭიათურის თეატრი. იდეა ის არის, რომ ფოტოსურათებზე დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ აღბეჭდილი ადგილები ხელახლა გადავიღო. ამისთვის ვცდილობ, მაქსიმალურად იდენტური წერტილი მოვძებნო გადასაღებად და დილით ადრე გავიდე, რომ ძველი ფოტოების მსგავსი ჩრდილები მივიღო მზიანი ამინდის შემთხვევაში. თუმცა გადაღების პროცესშივე ვხვდები, რომ, რაც გადავიღე, ის არ არის, რასაც მე ვხედავ. ძველ ფოტოებზე ჭიათურის საერთო ხედებია: ტრესტის შენობა ხიდიდან; კულტურის სასახლე პიონერთა ქუჩის საბაგიროდან; ჭავჭავაძის ქუჩა თეატრის შენების პროცესში; ზედა ხედი თხელიძისა და იაშვილის ქუჩებზე, სანაპიროს ხედი და ა.შ. ფოტოებს ვიღებ, ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვიაზრებ, რომ იმას არ ვიღებ, რასაც ვხედავ: ტრესტის შენობის იდენტური (მეტ-ნაკლებად იდენტური, რადგან ხიდი ახლა უფრო დიდი და განიერია) კადრში ქონგურებიანი, ცოტა ხნის წინ ყვითლად შეღებილი შენობა სასიამოვნოდ გამოიყურება ლურჯი ცის ფონზე. ხიდზე ხის ტოტებისა და ფარნის ჩრდილია, თუმცა ხიდის ბზარები, რომელთა შორისაც მდინარე ყვირილის დანახვა შეიძლება, არ ჩანს.  სანაპიროს ქუჩად მონიშნულ გამარჯვების პარკში გადაღებული ფოტოს ახალი ვარიანტი (6.0) კიდევ უფრო მეტად პარადოქსულია: 60 წლის წინ დარგული ხეები გაზრდილა. ყველაფერი მწვანეა. მზიან დღეს მდინარე ლურჯ ცას ირეკლავს და ჩაშავებული, ტალახისფერი ყვირილა ლურჯად კამკამებს, ისე მაცდურად, რომ თვითონვე მეპარება ეჭვი, ეს ნამდვილად ის მდინარეა თუ არა, რომელიც დაბინძურების გამო, თითქმის არ მოძრაობს და უქარო ამინდში  გუბესავით დგას. სასმელი წყალი ხომ ჭიათურაში საერთოდ არ არსებობს. მდინარის მსგავსად ისიც მანგანუმითაა დაბინძურებული და ყოველთვის არც მიეწოდება მოსახლეობას.  ნინოშვილის ქუჩაზე მონიშნული შენობის (რომელშიც, თუ არ ვცდები, ადრე კინოთეატრი იყო) ძველ და ახალ ფოტოებზე კი, მართალია, ჩანს, ადრე დარგული ხეები  რომ გაუჩეხავთ და მისი ადგილი შენობებს დაუკავებიათ, მაგრამ მაინც არ ასახავს იმას, რასაც ამ ქუჩაზე ნებისმიერი გამვლელი ხედავს. თეატრის გვერდით მდგომი სრულიად გავერანებული შენობები კი ხეების ტოტებსა და ფოთლებში საგულდაგულოდ შეფუთულ-დამალულა. რაც ყველაზე მთავარია, არ ჩანს ის, რაც  მიტოვებულ, ჩამონგრეულ შენობებზე, დაბზარულ კედლებსა და ხიდებზე და საბაგიროს მეტალის მოღრჭიალე სარკოფაგებზე უარესი და შემზარავია: მანგანუმის ლურჯი მტვერი, რომელსაც საათში რამდენჯერმე ქალაქში გამავალი სატვირთო მანქანები გულუხვად აფრქვევენ შავ გამონაბოლქვთან ერთად.  გადაღებისას ერთ-ერთი გარე მოვაჭრე იმასაც მეუბნება, რომ ეს ფოტოები ყალბი იქნება, რომ ისინი ვერ შეძლებს ჭიათურის რეალური სახის ჩვენებას: „გარეთ გამოტანილ ამდენ საქონელს რომ დაინახავს ადამიანი, ალბათ, იფიქრებს, რა უჭირთო. სინამდვილეში კი მთელ ქალაქში სულ რამდენიმე შეძლებული ადამიანი ცხოვრობს, ყველა დანარჩენი ღარიბ-ღატაკია. ძლივს გაგვაქვს თავი. წყალი ხომ საერთოდ არ არის. ბავშვები ბაღში რომ დადიან, ვინ უდუღებს იმათ წყალს, ან საჭმელს რა წყალზე უმზადებენ? როგორი ჯანმრთელობა ექნებათ, რომ გაიზრდებიან?“ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მთელი ჭიათურა მოახლოებული არჩევნების წინ რიტუალად ქცეულ ფასადური გადაღებვის პროცესშია – „თითქოს ის არ გვეყოფა, მანგანუმს რომ ვსუნთქავთ, ახლა კიდევ ამის მტვერი დაგვიმატეს და ამოგვხუთეს მთელი ზაფხული“.

შორიდან, საერთო ხედით აღებული ყველაფერი ლამაზი და ფერადია, ხოლო რაც არ არის _ თეატრის გვერდით მდგომი შენობები, მაგალითად, _ ამასობაში წამოზრდილ ხეებში ჩამალულა. ქუჩებში იშვიათად, რომ ოც წელს ზემოთ ახალგაზრდა დაინახოთ. დანარჩენები ან წასულები არიან, ან მაღაროში მუშაობენ, ძირითადად, მამაკაცები. თუკი ვინმე არის კიდევაც, ათი წლით უფროსს მაინც ჰგავს, თავის ასაკთან შედარებით _ მძიმე შრომისა და ცხოვრების გამო. საბაგიროზე ვაგონის მოლოდინში ერთი ახალგაზრდა ქალი მეუბნება, რომ ვინც მაღაროში არ მუშაობს, ყველა ქალაქიდან  მიდის, რადგან სხვაგან სამუშაო ადგილი არაა. მისი ქმარიც წასულია მშენებლობაზე უკვე რამდენიმე თვეა, ის კი ელოდება, როდის დაბრუნდება. თვითონ არ მუშაობს, ძალიან კი უნდა, მაგრამ აბა, სად?

იმისათვის, რომ მეჩვენებინა ყველაფერი, რასაც ვხედავდი, გადავწყვიტე, ობიექტივი საერთო საერთო ხედის ირგვლივ შემომეტარებინა და დამევიწროებინა.  ჭიათურის სამ ქუჩაზე მოგზაურობა იწყება ასე: პირველი მშვიდობის საბაგიროა (1.0);  საბაგიროდან რამდენიმე მეტრის შემდეგ ტრესტის შენობა (2.0) დგას;  ტრესტის შენობის პირდაპირ, ყვირილის მეორე ნაპირზე კულტურის სასახლეა (3.0); კულტურის სასახლის გვერდით გაუქმებული, მაგრამ აღდგენის პროცესში არსებული ქალაქის საბაგიროა (4.0) (დღეს მხოლოდ მაღაროს საბაგიროები მუშაობენ. ქალაქის ყველა გაუქმებულია); საბაგიროსთან სადგურზე გადასასვლელი ხიდით გადასვლისას ჭავჭავაძის ქუჩაზე თეატრია (5.0), ხოლო თუ მდინარეზე გადასასვლელი ხიდით გადახვალთ, იქვე, მარჯვნივ  „გამარჯვების პარკია“ (6.0),  მარცხნივ კი _ ერთი არქივში, სანაპიროს ქუჩად წოდებული ნაპირის გაგრძელება, რომელიც, თუ არ ვცდები, ნინოშვილს ეკუთვნის (7.0); უძრავი მდინარის დინების მიმართულებით  ხიდით გადადიხარ თხელიძის ქუჩაზე, მის უკან კი იაშვილის ქუჩაა (8.0); საპირისპირო მიმართულებით წამოსვლისას ნინოშვილის ქუჩაზე ორი ლოკაციაა, ერთი სავარაუდო ძველი კინოთეატრი (9.0), ხოლო მეორე _ ნინოშვილის ქუჩის დასაწყისი ტრესტის  შენობის გვერდით (10.0). ძველ ფოტოებში ასახული ჭიათურა შემოვლილია, წრე _ შეკრული.

მშვიდობის საბაგირო (1.0)

1-0

This slideshow requires JavaScript.

 

ტრესტის შენობა (2.0)

2.0.jpg

     

This slideshow requires JavaScript.

 

სასახლე (3.0)

3.0.jpg

                                               

This slideshow requires JavaScript.

 

ქალაქის საბაგირო (4.04-0

This slideshow requires JavaScript.

 

თეატრი (5.0)

5.0.jpg

This slideshow requires JavaScript.

 

გამარჯვების პარკი (6.0)

6.0.jpg

This slideshow requires JavaScript.

 

სანაპიროს ქუჩა (7.0)

7.0.jpg

This slideshow requires JavaScript.

 

თხელიძის და იაშვილის ქუჩა (8.0)

8-0

This slideshow requires JavaScript.

 

ძველი კონოთეატრი (9.0)

9-0

This slideshow requires JavaScript.

 

ნინოშვილის ქუჩის დასაწყისი ტრესტის შენობის გვერდით (10.0)

10-0

This slideshow requires JavaScript.

პუბლიკაცია და ფოტო პროექტი მომზადდა პროექტის „მძიმე მრეწველობა ყურადღების ცენტრში: ჭიათურის მაგალითი“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ. პუბლიკაციის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პოზიციას.