კოალიცია „თანასწორობისათვის“ სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობის ფაქტს ეხმაურება

fb_coverr (2)

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ღირსეული ცხოვრების უფლება, პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სერვისების შექმნის ვალდებულებასთან.

ამ ბავშვებისთვის დღეს  არსებული სერვისები, ფრაგმენტული და არასრულყოფილია. საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის სახელმწიფო მხოლოდ ერთი სახის (დღის ცენტრის) მოუქნელ სერვისს სთავაზობს სხვადასხვა მდგომარეობისა და საჭიროების მქონე ბავშვებს. ამ ვითარებაში კი განსაკუთრებულად ზიანდებიან ის ბავშვები, რომელთაც ქცევის დარღვევის გამო, ყველა სერვისით მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და ფაქტობრივად, მხარდაჭერის გარეშე ტოვებენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, ამ ბავშვების მშობლებს ერთადერთ გამოსავლად, მათ მიტოვებასა და ინსტიტუციებში მოთავსებას სთავაზობენ.

ს.ქ. 11 წლის ბიჭია, რომლის დიაგნოზიც არის მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობით, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას. 2015 წლის ნოემბრიდან მას საქართველოში არსებულმა ყველა დღის ცენტრმა უარი უთხრა მომსახურებაზე და მიუხედავად ს-ს უდიდესი სურვილისა ეთამაშა ბავშვებთან, იგი უკვე ერთი წელია ერთ ოთახიან ნაქირავებ ბინაში იძულების წესით არის იზოლირებული. მისი იზოლირების ერთდაერთი მიზეზი, ქვეყანაში ქცევის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სპეციალური სერვისის არარსებობაა. ბავშვი საზოგადოებისგან გარიყვის გამო, მდგომარეობის გართულების მიზეზით, ბოლო პერიოდში, უკვე 3-ჯერ იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით ჰოსპიტალიზებული. ს-ს 1 წელია თანატოლებთან თამაში აუკრძალეს. იგი არც სკოლაში დადის და არც ტელევიზორი ან სხვა გასართობი საშუალება აქვს. ს-ს საათობით ფანჯარასთან დგას, ხოლო როდესაც ქუჩაში მყოფ ბავშვებს ხმას ვერ აწვდენს – ტირის ან თავს იზიანებს.

ს-ს მზრუნველი – მარტოხელა დედაა, რომლის შემოსავალი მხოლოდ, ბავშვის სოციალური გასაცემელი და სოციალური დახმარებაა (სულ 290 ლარი). ეს თანხა ს-ს მედიკამენტების საჭიროებასაც ვერ აკმაყოფილებს. მარტოხელა დედა ბავშვის მდგომარეობის გამო დასაქმებული არ არის. ს-ს ინსტიტუციაში მოთავსების რეალური საფრთხის წინაშეა.

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის #102 დადგენილების თანახმად, საქართველოში არ არსებობს არც ერთი პროგრამა, რომელიც მძიმე გონებრივი ჩამორჩენის მქონე ბავშვებს, ქცევის აშლილობით, საზოგადოებაში ინტეგრაციის სერვისს შესთავაზებს. აღნიშნული ფაქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით, გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების კონვენციითა და გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. ბავშვების იზოლაცია საზოგადოებიდან, მათი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ასევე ექცევა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში და წარმოადგენს  ირიბი სახის დისკრიმინაციას.

კოალიცია „თანასწორობისათვის“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უახლოეს ვადაში შექმნას სპეციალური სერვისები მძიმე გონებრივი ჩამორჩენისა და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, რითაც ს-სა და მის მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ფუნდამენტური უფლებები იქნება დაცული.