ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს

11076734_818011604937468_691591177_n

22 დეკემბერს 12:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეს განიხილავს. მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ადმინისტრაციის, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ინტერესებს სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სიმბოლური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება განსაზღვრა კერძო პირების მიმართ, თუმცა მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციას ადგილი არ ქონია.

სააპელაციო საჩივარში EMC ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სწორედ იმ ნაწილში, რომელშიც სასამართლომ არ დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. კერძოდ, EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში უთითებს, რომ მუსლიმი თემის უფლებების განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლა არსებითად პოლიციის დემონსტრაციული უმოქმედობის და არაეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის შედეგია. უფლების დარღვევის კონკრეტული ინციდენტები პანსიონატის შენობასთან მობილიზებული პოლიციის თვალწინ ხდებოდა და ამდენად იცოდა/უნდა სცოდნოდა გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ, თუმცა, მას არაფერი გაუკეთებია ხელშეშლის ფაქტების აღკვეთისა და პანსიონატის ამუშავების უზრნველყოფის მიზნით. მოსარჩელების მტკიცებით, სამინისტროს პოლიტიკა არსებითად დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ ლოიალობით არის განპირობებული, რასაც მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი სხვა რელიგიური კონფლიქტების გამოცდილების ანალიზიც ადასტურებს, სადაც პოლიცია ასევე პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლა და რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებებიც. მეტიც, EMC უთითებს, რომ სხვა მსგავს ინციდენტებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დემონსტრაციულად რეპრესიული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ (სოფელ ჭელასა და მოხეში მშვიდობიანი შეკრების მონაწილე მუსლიმების კოლრეტიური თვითნებური დაკავების, საპოლიციო ძალის გადამეტებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები) კიდევ უფრო ნათლად ააშკარავებს სამინისტროს დისკრიმინაციულ მიდგომებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს დომინანტ რელიგიურ ჯგუფს მიკუთვნებულმა კერძო პირებმა, რომელთა მიმართაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სარჩელში ისინი არსებითად არც გამორიცხავენ მათი მხრიდან პანსიონატისთვის ხელშეშლის ფაქტებს და დაუსაბუთებლად პანსიონატის საქმიანობის კანონიერებაზე დავობენ.