სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?

maxresdefault

ავტორი: ლაილა აბუ-ლუღოდი/მთარგმნელი:ნარგიზა არჯევანიძე

თავი 1

მიმომხილველებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელიც კონკრეტულ დროს, ჟურნალ Time-ის ყდაზე ახალგაზრდა, ლამაზი, ავღანელი გოგოსთვის ცხვირის მოჭრის ისტორიის დაბეჭდვას ჰქონდა. ასე დასაჯეს ბიბი აიშა თალიბმა ქმარმა და ქმრის მშობლებმა, ხოლო ამ ამბის ამსახველი შემაძრწუნებელი ფოტო პრესის ჯიხურებში 2010 წლის აგვისტოში გამოჩნდა. რვა თვით ადრე, პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში ამერიკული სამხედრო ჯარების კონტინგენტის საგრძნობლად გაზრდის თაობაზე  ბრძანება გასცა, თუმცა იმ დროისთვის უკვე საუბრობდნენ მოლაპარაკებების პროცესში თალიბანის ჩართვაზე. შერჩეული ფოტო და სათაური – “რა მოხდება, თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ?” –  გულისხმობდა იმას, რომ პირველ რიგში, ეს ქალებზე აისახებოდა უარყოფითად. თუმცა ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ბიბი აიშა სწორედ აშშ-ისა და ბრიტანეთის ჯარების ჯერ კიდევ ავღანეთში ყოფნის დროს დაასახიჩრეს.

Time-მა ჟურნალის ყდად, მრავალ სხვა შესაძლო ფოტოს შორის, სწორედ ეს ფოტო შეარჩია.  ნიჭიერმა აფრიკელმა ფოტოგრაფმა, ფოტოს გადაღების ისტორია დაჯილდოვების ცერემონიაზე გაუზიარა იქ მყოფ საზოგადოებას, როდესაც მისი ეს ნამუშევარი მსოფლიო პრესის წლის საუკეთესო ფოტოდ აღიარეს. ჯოდი ბიბერი ავღანეთში ქალების ფოტოების გადასაღებად იმყოფებოდა. მანამდე კი ის ფოტოებზე პოლიტიკოსებს, დოკუმენტალისტებს, პოპულარული სატელევიზიო გადაცემების წამყვანებს, თავშესაფარსა და განადგურებულ საავადმყოფოებში მყოფ ქალებს აღბეჭდავდა.

გადაწყვეტილება, რომ შოკის მომგვრელი ფოტო გამოექვეყნებინათ, ჟურნალ Time-ის რედაქტორმა მორალურად და პოლიტიკურად გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს ნახვას შესაძლოა ბავშვებზე უარყოფითი ემოციური გავლენა ჰქონოდა, მისი თქმით (ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტაციების შემდეგ) მათ უნდა იცოდნენ რომ ადამიანებს ცუდი რამეებიც ემართებათ.  ეს ფოტო, მისი მტკიცებით, „იმ რეალობის ამსახველია, რაც ომის დროს ხდება ან რაც შესაძლოა მოხდეს, რაც ყოველ ჩვენგანზე ახდენს გავლენას“. მისი თქმით, ის არცერთ პოზიციას არ ემხრობა, მისი მთავარი მიზანია, მკითხველს დაანახოს, როგორ ეპყრობა თალიბანი ქალებს და ეს საკითხი ყურადღების მიღმა არ დატოვოს: „ვიკილიქსის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ, რაც ასე მასშტაბურად აიტაცა მედიამ, გზა გაუხსნა დებატებს ომის შესახებ …  ჩვენ ამ ისტორიას ან ფოტოს არც აშშ-ის მხარდაჭერის და არც მასთან დაპირისპირების მცდელობის მიზნით არ ვაქვეყნებთ, ჩვენ მას ვაქვეყნებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებას დავანახოთ იქ, რეალურად არსებული ვითარება. რასაც ამ ფოტოზე იხილავთ, ვერ იპოვით იმ 91 000 დოკუმენტში: ემოციური სიმართლისა და სიღრმისეული გააზრების ნაზავს ადამიანების რეალური ცხოვრებიდან, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოსალოდნელ შედეგებს.

ბიბი აიშას ფოტო ქაბულის თავშესაფარშია გადაღებული, რომელსაც ამერიკული ორგანიზაციის „ქალები ავღანელი ქალებისთვის (WAW)”, უმეტესწილად, ადგილობრივი თანამშრომლები მართავდნენ.  ბიბი აიშა აშშ-ში დონორი ორგანიზაციების და Grossman Burn Foundation-ის მხარდაჭერით, ქირურგიული, აღდგენითი ოპერაციის ჩასატარებლად უნდა გამგზავრებულიყო და თავშესაფარში ოპერაციის დღეს ელოდა.

ფოტოგრაფმა და ორგანიზაციამ „ქალები ავღანელი ქალებისთვის” პრესის მხრიდან დიდი  ყურადღება მიიპყრო Time-ის ამ გამოცემის გამოქვეყნების შემდეგ. ორგანიზაცია შეეცადა  ბიბი აიშა ნაკლებად ყოფილიყო პრესის ყურადღების ეპიცენტრში და მისგან დაეცვა.  შესაბამისად, ბიბი აიშა ჟურნალისტებს და ფოტოგრაფებს გაარიდეს. იმ დროისთვის ორგანიზაციამ  ბიბი აიშას  უკვე ნიუ-იორკში შესთავაზა თავშესაფარი, სადაც მას ტრავმის და ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გაევლო.

თუმცა WAW-ის ბორდის წევრმა ჟურნალის პოლიტიკური მესიჯი მაინც გაიმეორა. ისიც “მოსალოდნელ მასობრივ სისხლისღვრაზე” საუბრობდა, ამერიკელების მიერ ავღანეთის დატოვების შემთხვევაში. ბიბი აიშას ეს მძიმე შემთხვევა ერთგვარი შეხსენება იყო საზოგადოებისთვის იმ საშინელებებისა, რაზეც თალიბანი აგებდა პასუხს. ესტერ ჰაინემანი  ჟურნალ Nation-ში ანნა ჯოუნსის გამოთქმულ მოსაზრებას დაუპირისპირდა. ჯოუნსის აზრით, თალიბანის გამორჩეულად დემონიზება ხდებოდა მაშინ, როდესაც ავღანეთში მრავლად იყვნენ სხვა მიზოგინური ჯგუფები, რომლებიც თალიბანისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. მათ შორის, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მთავრობაც. ჰაინემანის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ თალიბანი ხელში ჩაიგდებდა ძალაუფლებას, „აღარ იარსებებდა ქალების მუდმივი დევნის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი საყრდენი”. ამ საყრდენს კი წარმოადგენდნენ ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო და  „ადგილობრივი” ორგანიზაციები, როგორიც იყო მაგალითად “ქალები ავღანელი ქალებისთვის“ (WAW).

ბიბი აიშას გარშემო შექმნილი ვითარება ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვან ასპექტად რჩება ავღანელი ქალების უფლებების თემა 2001 წლის პირველივე დღეებიდან მოყოლებული ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის პოლიტიკაში. მის გამართლებას სწორედ ავღანელი ქალების გადარჩენის თემით ცდილობენ. როგორც ანთროპოლოგს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მუსლიმური სამყაროს სხვა ნაწილში ქალებისა და გენდერის პოლიტიკის თემებს იკვლევდა, არ მჯეროდა იმ დროს არსებული ომის ამგვარი დასაბუთების, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებდი ავღანელი ქალების კონკრეტულ ბრძოლებს და იმასაც, რომ ბევრი მათგანი ძალადობის შემაშფოთებელი ფორმების მსხვერპლი იყო.

ჩემი ბევრი კოლეგის მსგავსად, რომელთა ნაშრომები ახლო აღმოსავლეთისა და მუსლიმური სამყაროს ქალებზე ფოკუსირდებოდა, 2001 წელს, მეც ხშირად მიწვევდნენ სხვადასხვა ღონისძიებაზე მოხსენების გასაკეთებლად, როდესაც ამ საკითხის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში, მრავალი წლის მანძილზე, არაერთ  გადაცემაში, კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, განსაკუთრებით ქალთა კვლევების პროგრამებიდან, ვიღებდი მოწვევებს. იმ დროისთვის როგორც მკვლევარმა, 20 წელი დავუთმე ამ საკითხის შესწავლას და ჩემთვის ეს იყო ბრწყინვალე შესაძლებლობა, დაგროვილი ცოდნა  გამეზიარებინა საზოგადოებისთვის. დაჟინებული სურვილი უკეთ გაგვეგო ჩვენი დების (ან როგორც პრეზიდენტმა ბუშმა ამ ქალებს შესანიშნავად უწოდა „women under cover”) მდგომარეობა, ნამდვილად  შესაშური გახლდათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სურვილს ქალთა კვლევების იმ პროგრამებიდან გამოხატავდნენ, რომლებიც ტრანსნაციონალურ ფემინიზმზე სერიოზულად მუშაობდნენ. თუმცა მე მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს.

ამგვარი უეცარი ყურადღებით გამოწვეული უხერხულობის განცდისას მიჩნდებოდა კითხვა: ფემინისტები დასავლეთში და დასავლეთიდან, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ვწუხდით ქალების ბედზე, 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების და მისი  შემდგომი განვითარების ამგვარ რეაქციებში რატომ ვხედავდით საფრთხეს? სად იდო ნაღმები – მეტაფორა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად მიესადაგება ისეთ ქვეყანას, როგორიც ავღანეთია (მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე ნაღმების ყველაზე დიდი რაოდენობით) – მუსლიმი ქალების მდგომარეობის თემის ამგვარი აკვიატებისას? შეეძლო თუ არა ანთროპოლოგიას, როგორც დისციპლინას, რომლის მიზანიც კულტურული განსხვავებების შესწავლა და მართვაა, შემოეთავაზებინა ჩვენთვის გზა ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად?  ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ ანთროპოლოგიას მიუძღვოდა წვლილი კულტურული განსხვავებების დამკვიდრების ხანგრძლივ ისტორიაში, რაც მის კოლონიურ ძალაუფლებასთან გაერთიანებას უკავშირდებოდა.  ამდენად, დიდი ხნის მანძილზე „კულტურის წინააღმდეგ წერის” მომხრე ვიყავი. ამის გათვალისწინებით, პირადად მე, რა წვლილის შეტანა შემეძლო საზოგადოებრივ დისკურსში?

თარგმანი სრულად შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ.

თარგმანი მომზადდა პროექტის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).” პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. განაცხადის შინაარსზე პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

screenshot-80