EMC-იმ საბი ბერიანის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

cms-image-000046685ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ტრანსგენდრი ქალის, საბი ბერიანის, სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე საქართველოს უზენაესს სასამართლოს წინაშე სასამართლო მეგობრის (amicus curie) მოსაზრება წარადგინა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მაისის განაჩენით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც ბრალდებულ ლ.კ.-ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ) 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბექა (საბი)  ბერიანის განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალი და დადგინდა, რომ ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ამავე განაჩენით, ბექა (საბი) ბერიანის მფლობელობაში არსებულ ბინაში განზრახ ხანძრის გაჩენით ბინისა და იქ არსებული ინვენტარის დაზიანებისთვის  ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 187-ე (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) მუხლით. მას ასევე დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მასსა და საბი ბერიანს შორის მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 125-ე მუხლით.

მოცემულ საქმეში პროკურატურა ლ.ს-ს მიერ საბი ბერიანის ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობას ამტკიცებს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვს.

იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის არ არსებობის პირობებში, EMC-ის მიერ მომზადებული „სასამართლო მეგობრის“ პოზიცია მხოლოდ სასამართლო განაჩენებს ეფუძნება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი და სამართლიანი განხილვის ხელშეწყობის მიზნით მოსაზრებებს წარადგენს განაჩენებში განხილულ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ,

EMC სასამათლოს წინაშე წარადგენს საერთო სასამართლოების რელევანტური პრაქტიკის მიმოხილვას და სასამართლოს აუცილებელი მოგერიების უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პირობების სისტემურ შეფასებას სთხოვს. მათ შორის, EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ შეამოწმოს თავდაცვის მიზნის, როგორც აუცილებელი მოგერიების ერთადერთი მიზნის/წინაპირობის არსებობა მოცემულ საქმეში. ამკუთხით EMC უთითებს, რომ  სისხლის საქმესთან დაკავშირებული მნიშვნეოლვანი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის, რამდენიმე საათით ადრე ბიანკა შიგუროვაზე განხორციელებული ძალადობრივი და ორგანიზებული თავდასხმის, ასევე საბი ბერიანზე განხორციელებულ თავდასხმამდე .კს მიერ მაღაზიაში დანის შეძენის ფაქტები, საბისთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ თავდაცვის მიზნით იმწუთიერად წარმოშობილ რეაქციად . ქმედების შეფასებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს წარმოშობს. ამასთან, EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სასამართლომ სათანადოდ შეამოწმობს . მიერ საბი ბერიანზე განხორციელებული თავდსხმის დროს გამოყენებული საშუალებების თანაზომიერების საკითხი, რომელიც არსებითია აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების საკითხის შესასწავლად. აქამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, გარდაცვლილი საბი ბერიანის მძიმე და მრავალი დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების შესაძლო გადაცილების თაობაზე ეჭვებს აჩენს და მნიშვნელოვანია ეს საკითხი სასამართლომ ჯეროვნად შეისწავლოს. 

დაზარალებულის იდენტობისა და ტრანსგენდერ პირების მიმართ არსებული რეპრესიული, ტრანფობიური სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით,  EMC ასევე მიიჩნევს, რომ საქმეში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სიძულვილის შესაძლო მოტივის არსებობას და მის პირდაპირ გავლენას განზრახვაზე, რაც თავის მხრივ იმთავითვე გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენებას განსახილველ საქმეში. კერძოდ, EMC უთითებს, რომ მსხვერპლისა და . განსახვავებული იდენტობები, ასევე საბი ბერიანისთვის მიყენებული დაზიანების სისასტიკე და სიმძიმე სწორედ ის ინდიკატორებია, რომელიც სიძულვილის მოტივის გამოსარიცხად კარგად უნდა იქნას სასამართლოს მიერ შესწავლილი. ამასთან  EMC ხაზს უსვამს, რომ შესაძლო დამნაშავისა და მსხვერპლს შორის დანაშაულამდე არსებული ურთიერთობა/ნაცნობობა, თავისთავად არ გამორიცხავს, დანაშაულის შესაძლო დისკრიმინაციულ მოტივს. EMC-ის შეფასებით, სსკ–ის 53.31 მუხლით გათვალისწინებული შეუწყნარებლობის მოტივი გაგებული უნდა იქნას წინასწარგანწყობის, დისკრიმინაციის და არა სიძულვილის კლასიკური მნიშვნელობით, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში მსხვერპლის მიმართ სიძულვილის ძლიერი ემოციური გრძნობის გამოვლენას გულისხმობს და დისკრიმინაციული დანაშაულების გაგებას გაუმართლებლად ავიწროებს და მის მტკიცებასაც ართულებს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში სხვა შესაძლო მოტივის არსებობა, თუნდაც ანგარება, არ არის საკმარისი საფუძველი კიდევ სხვა მოტივის არსებობაზე ეჭვის გასაქარწყლებლად.  აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა საბი ბერიანის მკვლელობის ნაწილში ლ.კ. გაამართლა და შესაბამისად, ვერ იმსჯელა მოტივის არსებობაზე და სსკ–ის 53.31 მუხლის ფარგლებში სასჯელის დამძიმებაზე, მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის არსებობაზე იმსჯელოს პირველ რიგში .კს მხრიდან დანაშაულის ჩადენის განზრახვის ელემენტის უკეთ გამოკვეთის მიზნებისთვისაც, რაც პირდაპირ უკავშირდება აუცილებელი მოგერიების სამართლებრივი შეფასების პროცესს.

EMC იმედს გამოთქვამს, რომ საკასაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს მის მიერ წარდგენილ „სასამართლო მეგობრის“ პოზიციას და უზრუნველყოფს საბი ბერიანის სისცოცხლის ხელყოფის საქმის სამართლიან და ობიექტურ განხილვას. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება არსებითია ჰომო/ბი/ტრანსფობიური დანაშაულების პრევენციისთვის და ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება