შრომის ინსპექციის გაძლიერების აუცილებლობა ევროკავშირის მხრიდან მიღებული უახლესი პოლიტიკის დოკუმენტების მთავარი საკითხია

Stites_shutterstock_102343810.WEB__850_593-1-e1449596608786-660x3302017-2020 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესის ფარგლებში, ევროკავშირის სხვადასხვა უწყების მიერ 2016 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში ნათლად არის ხაზგასმული შრომის უფლებების გარანტირებისთვის შექმნილი ეროვნული მექანიზმების სრულყოფისა და გაძლიერების კრიტიკული საჭიროების შესახებ. ამ საკითხს შეეხება როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლესი წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ორგანოები, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული დარგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო ტექსტები. აღნიშნული ცხადყოფს, რომ შრომის ინსპექციის და შრომის პოლიტიკის სხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა იკისრებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში.

2016 წლის ბოლოს ევროკავშირის მხრიდან შემუშავებულ დოკუმენტში – კერძოდ კი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, დასაქმებასა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია “ფორმალურად ფუნქციონირებს და შეზღუდულია მისი შესაძლებლობები შეიმუშაოს რეკომენდაციები შრომასთან დაკავშირებულ საკითხებში”. შრომის ინსპექციასთან მიმართებით კი ანგარიშის მიხედვით, შრომის მონიტორინგის პროგრამის შექმნის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მისი გარდაქმნა სახელმწიფო საზედამხედველო პროგრამად, თუმცა ხაზი ესმევა იმ ფაქტს, რომ ის “არ წარმოადგენს შრომის ინსპექტირების სრულყოფილ მექანიზმს და არსებული სახით შრომის ინპექტირების მექანიზმის ფუნქციონირების შედეგად საქართველო ვერ პასუხობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს”.[1]

ასევე, 2016 წლის 30 ნოემბერს ბრიუსელში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპელ და   ქართველ ადგილობრივ მრჩეველთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა (European and Georgian Domestic Advisory Groups (DAGs)) გაიმართა, რომელშიც EMC-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების თავში  მოცემულ საკითხზე, მათ შორის, შრომის პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და შესაძლო რეკომენდაციებზე იმსჯელეს. მრჩეველთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ  საქართველომ უნდა გააძლიეროს შრომის ინსპექცია, აღჭურვოს იგი როგორც პრევენციული ისე რეაქციული მექანიზმებით და მისცეს შეუზღუდავი დაშვება დასაქმების ადგილებზე[2].

ასევე, მნიშვნელოვან პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს 2016 წლის 20 დეკემბერს ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც ასოცირების შეთანხმების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განმახორციებელია ორგანოა და ასევე პასუხისმგებელია ასოცირების საბჭოსათვის რეკომენდაციების წარდგენაზე. კომიტეტის განცხადებით შრომის ინსპექტირების საკითხი პრიორიტეტულ საზედამხედველო საკითხებს მიეკუთვნება. ამასთან ანგარიში მიუთითებს, რომ მნიშნვნელოვანია „გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შრომითი ინსპექციის სრულყოფილ, ეფექტურ მექანიზმად ჩამოყალიბებისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად”[3].

EMC აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრების ფორმატებში, რაც მიზნად ისახავდა 2014-2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შეფასებასა და ახალი ვალდებულებების განსაზღვრის საკითხებს. EMC განაგრძობს სახელმწიფოს მხრიდან ასოცირების ახალი დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას, რომლის გამოქვეყნება 2017 წლის დასაწყისში იგეგმება.

—————————————

[1] დეტალურად იხილეთ: Association Implementation Report on Georgia, JOINT STAFF WORKING DOCUMENT  https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/1_en_jswd_georgia.pdf.

[2] დეტალურად იხილეთ: 2nd Joint meeting of the EU-Georgia Domestic Advisory Groups (DAGs): http://www.eesc.europa.eu/?i=portal.en.events-and-activities-eu-georgia-dag-02.

[3] ერთობლივი განცხადება ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მესამე სხდომა, 2016 წლის 19-20 დეკემბერი, http://www.parliament.ge/uploads/other/52/52937.pdf