აჭარაში საპატრიარქოსთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობისთვის გადაცემული უძრავი ქონებები

აჭარაში, საქართველოს საპატრიარქოსთვის და ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული უძრავი ქონების მასშტაბისა და მიზნობრიობის შესწავლამ, აჩვენა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია წლების განმავლობაში უარს აცხადებს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მიზნით მუსლიმი თემისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, სახელმწიფო უწყებები საქართველოს საპატრიარქოს  მასშტაბური ოდენობის უძრავ ქონებას გადასცემს  ქალაქ ბათუმში და აჭარის ა/რ სხვა მუნიციპალიტეტებში.

მოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 2006 წლიდან დღემდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპატრიარქოს საკუთრების უფლებით ან დროებითი სარგებლობის უფლებით მთლიანობაში 7 მიწის ნაკვეთი გადაეცა, საერთო ფართობით 5777 კვ. მ,  ქალაქის ცენტრალურ სივრცეებში. თითოეულ შემთხვევაში მიწის გადაცემა საპატრიარქოს მიერ ეკლესიის ან ეკლესიის სამრეკვლოს მშენებლობისთვის განხორციელდა. ამასთან, სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, საპატრიარქოს საკმაოდ დიდი ოდენობის  უძრავი ქონება აქვს გადაცემული შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.  2006 წლიდან დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან საპატრიარქოს გადაეცა  27 419 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ასევე 613,8 კვ. მ შენობა-ნაგებობები. თითოეულ შემთხვევაში მიწის გადაცემა საპატრიარქოს მიერ საკულტო ნაგებობის მშენებლობისთვის განხორციელდა. ამავე პერიოდში შუახევის მუნიციპალიტეტისგან საპატრიარქოს გადაეცა 2315 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ასევე 1286 კვ. მ შენობა-ნაგებობები. მთლიანობაში, 2006 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის ბათუმში,  მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობების მშენებლობისთვის 35 511 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული 1899.8 კვ. მ შენობა-ნაგებობები გადაეცა.

16388772_10210956199716659_1971999658_o

საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის პრაქტიკისგან განსხვავებით, 2006 წლიდან დღემდე მუსლიმი თემისთვის მიწის გადაცემის მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ კი, 2015 წელს მთავრობამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასახლება ანგისაში დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცა 2197 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 997,9 კვ. მ შენობა-ნაგებობა.

16325693_10210955983351250_909708570_o

 აღნიშნული მიწის ნაკვეთი მთავრობა სამმართველოს სწორედ ბათუმში ახალი მეჩეთის ალტერნატივად, სამმართველოს რეზიდენციისა და მედრესეს მშენებლობისთვის გადასცა. უძრავი ქონების აღნიშნული გადაცემა მთავრობის მიერ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნის გადაფარვის და შეკავების მცდელობა იყო და ამ პროცესში მან უხეშად მოახდინა სამმართველოს, როგორც რელიგიური ინსტიტუციის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. აღსანიშნავია, რომ სამმართველოს ოფიციალური პოზიციების მიუხედავად, მუსლიმი თემი პარალელურად თვითორგანიზების გზით ცდილობს მეჩეთის მშენებლობას და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციტივო ჯგუფმა საკუთარი ხარჯებით, განვადებით, ბათუმში მიწის ნაკვეთი შეძენაც კი მოახერხა, რაც ცხადია, თემს მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვება.

16326830_10210956509924414_1767871047_o

ამდენად, მოკვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური ორგანიზაციებისთვის უძრავი ქონების გადაცემისა და საკულტო ნაგებობების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრად დისკრიმინაციულია და მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიურ პრეფერენცირებას ახდენს. აჭარის ტერიტორიაზე უძრავი ქონების გადაცემის სტატისტიკა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის გადაცემაზე უარის დისკრიმინაციულ ხასიათს ავლენს და მნიშვნელოვან მტკიცებულებით ინფორმაციას წარმოადგენს სახალხო დამცველის წინაშე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის საქმის განხილვისთვის.

 

ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული უძრავი ქონებების შესახებ