მოხის სკოლაში შესაძლო დისკრიმინაციული შევიწრობის განგრძობად ფაქტებზე EMC განათლების სამინისტროს მიმართავს

 

1483888191_moxeli-moswavleebi

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს სოფელი მოხის (ადიგენის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტერესებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სახალხო დამცველის წინაშე. დისციპლინური და დისკრიმინაციული სამართალწარმოების პარალელური პროცესების ფარგლებში EMC სკოლის დირექტორის მხრიდან რელიგიური ნიშნით მუსლიმი მოსწავლეების სავარაუდო შევიწროებისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე დავობს.

მოხის საჯარო სკოლაში მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის მოხსნის თაობაზე სკოლის დირექტორის მითითების შემდეგ, EMC-მ სახლახო დამცველსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა დასაბუთებული განცხადებით და საქმის შესწავლა, შესაძლო დისციპლინური გადაცდომის/დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა და დარღვეული უფლებების აღდგენა, მათ შორის, სკოლაში შექმნილი დაძაბულობის პირობებში, სპეციალური პოზიტიური ღონისძიებების გატარება მოსთხოვა.

საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მასალა, მათ შორის, თეონა ბერიძისა და სხვა მოსწავლეების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს მოხის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე (18 წლის) თეონა ბერიძე კლასის დამრიგებელმა გაკვეთილიდან გაიყვანა და განუცხადა, რომ დირექტორი ნათია რეხვიაშვილი არ დაადასტურებდა სკოლაში მის ჩარიცხვას,  სანამ ის თავსაბურავს არ მოიხსნიდა. იმის მიუხედავად, რომ ასეთი მოთხოვნის საფუძვლები სკოლის შინაგანაწესით არ იყო განსაზღვრული, დირექტორმა დამრიგებლის მსგავსად პირად კომუნიკაციაში თეონა ბერიძეს პირდაპირ მოსთხოვა თავსაბურავის მოხსნა და განუმარტა, რომ ყველა უნდა დამორჩილებოდა სკოლაში არსებულ წესებს.

26-27 დეკემბერს სკოლის სხვა მუსლიმმა მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოხატეს  თეონა ბერიძის მიმართ და პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. პროტესტის და მასთან დაკავშირებული საჯარო დისკუსიების პარალელურად, სკოლის დირექტორმა იმის ნაცვლად, რომ სკოლაში შექმნილი სიტუაცია გადაეჭრა, დაპირისპირების მხარედ იქცა. მეტიც, მოსწავლეების განმარტებით, დირექტორის მხრიდან გამოვლინდა საკუთარი უფლებამოსილებების მოსწავლეების დასჯის მეთოდად გამოყენების ტენდენციაც. მაგალითად, EMC-თვის მიცემულ ახსნა-განმარტებებში მოსწავლეები უთითებენ, რომ დირექტორმა  პროტესტის შემდეგ  მე-12 კლასთან ჩატარებულ პირველივე გაკვეთილზე ხაზი გაუსვა თეონა ბერიძესთვის საგანგებო გამოცდის დანიშვნის საჭიროებაზე (რაც, მათ შორის, დასტურდება გაკვეთილზე ჩაწერილი აუდიო-ჩანაწერით); დირექტორმა პროტესტზე პასუხად მოსწავლეები გააფრთხილა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მათ სასამართლოს წინაშე მოუწევდათ პასუხის გაცემა (აღნიშნული გარემოება, ასევე დასტურდება აუდიო-ჩანაწერით). მოსწავლეების განცხადებით, მეორე სემესტრის პირობებში დირექტორის ქცევამ სადამსჯელო ხასიათი კვლავ შეინარჩუნა: სკოლის დირექტორმა მოსწავლეების მიერ გამოხატული პროტესტის საპასუხოდ მასწავლებლებს, რომლებიც მე-12 კლასის მოსწავლეებს სავალდებულო გაკვეთილის დამთავრების შემდეგ სკოლის შენობაში უსასყიდლოდ ამზადებდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ასეთი საქმიანობა აუკრძალა. ამასთან, დირექტორმა ოქროს მედლის კანდიდატ რამდენიმე მოსწავლეს განუცხადა, რომ მათ მიერ სკოლის ოქროს მედლით დასრულება ეჭვქვეშ დგებოდა, რადგან პროტესტის მიმდინარეობის დროს ერთ-ერთმა მასწავლებელმა მათ ინგლისურის ტესტი სკოლის წინ ეზოში აწერინა, რაც ნაწერის ნამდვილობას საეჭვოს ხდიდა; ახალი სემესტრის დაწყების შემდგომ სხვა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს სკოლის ავტობუსის მოსვლამდე დირექტორი საკლასო ოთახებში დაცდის საშუალებას აღარ აძლევს და ბევრ მათგანს სიცივეში, დერეფანში უწევს დაცდა. როგორც მოსწავლეები უთითებენ, ისინი გაკვეთილების დასრულების შემდგომ სკოლის დერეფანში დაცდის გამოც ხშირად იღებენ შენიშვნას დირექციისგან.

საქმის შესწავლისას სკოლის მოსწავლეებმა მიუთითეს კიდევ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, 2016 წლის ბოლოს სოფელ მოხეში მდებარე ძველ შენობასთან მუსლიმი თემის მიერ პარასკევის ლოცვის ღია ცის ქვეშ წარმართვის შემდეგ, დირექტორმა მე-12 კლასელი მუსლიმი მოსწავლეები  დაიბარა და საყვედური გამოუცხადა ამ სივრცეში ლოცვის გამო. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან მოხეში მდებარე ისტორიულ შენობასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფლიქტის პროცესში  ნ. რეხვიაშვილის აქტიური საჯარო პოზიციონირება მუსლიმი თემის წინააღმდეგ, მის რელიგიურ ნეიტრალობასა და ობიექტურობას სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სადავოს ხდის.

ზემოთ მითითებული გარემოებების შესახებ დეტალური ინფორმაცია EMC-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახალხო დამცველს წარუდგინა და მათი სრულყოფილი შესწავლა მოითხოვა.  მთლიანობაში მოცემულ საქმეში EMC ამტკიცებს, რომ სკოლის დირექტორის ქმდებები განათლების უფლებაში ჩარევას იწვევს, სკოლაში სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო პირობებს ქმნის და  მუსლიმი მოსწავლეების მიმართ რელიგიური ნიშნით შევიწროებას, დისკრიმინაციას წარმოადგენს.  სკოლის დირექციამ მუსლიმ მოსწავლეებს ღირსების შემლახავი, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, მტრული ან დამაშინებელი გარემო შეუქმნა. საწყის ეტაპზე ვერბალური ფორმით გამოხატულმა შევიწროებამ ამ დროისთვის უფლების შეზღუდვის სახე მიიღო და მუსლიმი მოსწავლეები რელიგიური კუთვნილების გამო არასახარბიელო გარემოებებში აყენებს. სკოლის დირექტორის მოპყრობა პირველ ეტაპზე თავსაფრის ტარების ფაქტს უკავშირდებოდა და ერთ მოსწავლეს მიემართებოდა, შემდგომში კი თანაკლასელების მიერ გამოხატული სოლიდარობის გამო, ის თანაბრად გავრცელდა ყველა მათგანზე, ვინც დირექტორის ქმედებას საკუთარი რელიგიური კუთვნილების გამო შეურაცხყოფად აღიქვამდა და მის ქმედებებს აპროტესტებდა.

EMC იმედოვნებს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო გაითვალისწინებს მოხეში კონფლიქტის წინარე ისტორიას, მოსწავლეების შესაძლო ტრავმატულ გამოცდილებას, პროტესტის ჩახშობის მიზნით განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების უარყოფით გავლენას სკოლაში არსებულ გარემოზე  და განახორციელებს მშვიდობის, ნდობის აღდგენისა და შემწყნარებლობის კულტურის შექმნისკენ  მიმართულ სპეციალურ პოზიტიურ ღონისძიებებს.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სკოლის მოსწავლეები პროტესტის შეწყვეტას  სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების პირობებში და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინით დათანხმდნენ, რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობისა და სკოლის დირექტორის სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე კი შესაძლოა ნებისმიერ ეტაპზე სიტუაცია კვლავ ესკალირდეს. შესაბამისად, EMC განათლების სამინისტროს საკითხის დროულ შესწავლასა და რეაგირებას სთხოვს.