პოლიტიკოსის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა: გამოხატვის თავისუფლება თუ საფრთხე?

 

_mg_7941

ავტორი: მარიამ ბეგაძე

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე მიღებულ 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქართველოს სახალხო დამცველმა, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მსგავსად, ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს და პარლამენტარების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე რეაგირების მექანიზმის შექმნა მოსთხოვა. საქმის განხილვის ფარგლებში, სახალხო დამცველი უთითებდა 2016 წლის 3 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრების გოგი თოფაძის და თამაზ მეჭიაურის მიერ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიების ფაქტებზე.

სახალხო დამცველი მსგავსი მექანიზმის აუცილებლობის დასაბუთებისას დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების (მათ შორის გოგი თოფაძის, თამაზ მეჭიაურის, გია ჟორჟოლიანის, ზვიად კვაჭანტირაძის, სოსო ჯაჭვლიანის, მერაბ კაჭახიძის) მიერ სხვადასხვა დროს  სიძულვილის ენის გამოყენების კონკრეტულ შემთხვევებს.

ქართული კანონმდებლობით გამოხატვის თავისუფლება (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი) დაცვის ფართე გარანტიებით სარგებლობს და ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მსგავსად (თუმცა, არა ანალოგიურად), ითვალისწინებს აზრის გამოხატვის შინაარსობრივ შეზღუდვას მხოლოდ ქმედების (მოწოდების) შედეგად „კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხის“ შემთხვევებში. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-20 მუხლთან მიმართებით დათქმა აქვს გაკეთებული,  საქართველო ყოველგვარი დათქმის გარეშე იღებს რასობრივი, რელიგიური და ნაციონალური სიძულვილის გამავრცელებელი გამოხატვის შეზღუდვის ვალდებულებას, თუ ასეთი გამოხატვა უტოლდება დისრკიმინაციისკენ, შუღლისკენ, ძალადობისკენ წაქეზებას.

სწორედ ასეთი ვალდებულების შესრულების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების შემთხვევაში. კოდექსის 2391-ე მუხლი რასობრივი, რელიგიური და ნაციონალური საფუძვლების გარდა მოიცავს კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს და ასეთ ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აცხადებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტისა და სისხლისსამართლებრივი ნორმების მსგავსად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიც აბსოლუტურ პრივილეგიას ანიჭებს აზრს, ამასთან გამონაკლისის სახით ადგენს კვალიფიციურ პრივილეგიას მოწოდების დაცვასთან მიმართებით. „მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“

პარლამენტის წევრის მიერ გამოთქმული აზრები და შეხედულებები ქართული კანონმდებლობის საფუძველზე განსხვავებულ, სპეციალურ დაცვას ექვემდებარება (საქართველოს კონსტიტუციის 52.4 მუხლი). კონსტიტუციის თანახმად: „პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.“ თუმცა როგორც სახალხო დამცველი განმარტავს, (ამ შეფასებას იმეორებს ვენეციის კომისიაც)  ასეთი პრივილეგია წარმოადგენს არა ცალკეული წევრების ინდივიდუალურ პრივილეგიას, არამედ პარლამენტის დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებას. უფრო კონკრეტულად, პარლამენტის წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წესები უზრუნველყოფენ პარლამენტის წევრების დაცვას პოლიტიკური ოპონენტების, აღმასრულებელი ხელისუფლების და საზოგადოების სხვა წევრების სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი დევნისგან.

სახალხო დამცველი უთითებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად სახელმწიფოებში, სადაც საპარლამენტო იმუნიტეტი სამართლებრივი დევნისგან იცავს პარლამენტარების მიერ „სიძულვილის ენის“ გამოყენების ფაქტებს,  მინიმუმ უნდა არსებობდეს შიდა საპარლამენტო წესები და დისციპლინური სანქციები, რომლებსაც პარლამენტი თვითონ გამოიყენებს საკუთარი წევრების წინააღმდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების მიზნით.

პოლიტიკოსის საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვა თავად საპარლამენტო ორგანოს მიერ პროპორციული საშუალებებით, სრულ შესაბამისობაშია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და პარლამენტის დაუბრკოლებლად ფუნქციონირების ინტერესთან. ამავე დროს, ყოველგვარი რეგულირების გარეშე საპარლამენტო იმუნიტეტი მისი ბოროტად გამოყენების მაღალ რისკებს ქმნის, რაზეც საკუთარ გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველიც ამახვილებს ყურადღებას.

საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, მსჯელობის საგანი შესაძლოა გახდეს საკითხი, თუ რამდენად შეეწინააღმდეგება ასეთი რეგულირება შიდა კანონმდებლობას, იმის გათვალისწინებით, რომ შიდა კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათ შორის, პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების  და ევროპულის კონვენცია ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შესახებ.

ამ მსჯელობისას მნიშვენლოვანია ორი ფაქტორის გათვალისწინება, რამდენად შესაძლებელია სწორედ რომ პოლიტიკოსის მეტი გავლენის, საზოგადოებრივ აზრზე წვდომისა და „სიძულვილის ენის“ ასეთ მაღალ რანგში გამოყენების დროს ძალადობის გამართლების, ლეგიტიმაციის, მოსალოდნელი შეწყნარების გამო  ცალკეული შემთხვევები (არა ყველა მათგანი) კვლავ მივიჩნიოთ არა ქმედებად – ძალადობისკენ მოწოდებად, არამედ აზრისა და შეხედულებების გამოთქმად. ამავე დროს, მნიშნველოვანია დისკუსიის გაშლა იმაზე, შეიძლება თუ არა პარლამენტის მიერ გამოყენებული გარკვეული თვითშეზღუდვის მექანიზმები არ ჩაითვალოს პასუხისგებაში მიცემად საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის გაგებით.

სტატია შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ.