როგორ ვეკამათოთ ლიბერტარიანელებს

კოტე ეროსთავი         

ავტორი: კოტე ერისთავი; სამართლის ფილოსოფიის დოქტორი/ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი

 

 

“პირველი, ვინც შემოღობა მიწის ნაკვეთი და განაცხადა: “ეს ჩემია”, და იპოვა გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს, იყო სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი დამფუძნებელი. რამდენი ომებისაგან, დანაშაულობებისაგან, მკვლელობებისაგან, უბედურებებისაგან და საშინელებებისაგან დაიცავდა ადამიანების მოდგმას ის, ვინც ამოაძრობდა სოლს ან ამოავსებდა კვალს – თხრილს და შეუძახებდა ხალხს “უფრთხილდით ამ მატყუარას მოსმენას; თქვენ დაიღუპებით, თუ დაივიწყებთ, რომ დედამიწის ნაყოფნი – ყველასია, ხოლო თვითონ კი – არავისია”. (ჟან-ჟაკ რუსო, მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის დასაბამისა და საფუძვლების შესახებ)

ამ წერილით ვეცდები, პასუხი გავცე პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ გახმოვანებულ სოციალური უფლებების რადიკალურ კრიტიკას.გირჩელების ორაზროვან რიტორიკაში გამოვკვეთავ და განვასხვავებ სოციალური უფლებების ორი ტიპის კრიტიკას: პირველი ემყარება სამართლიანობის იდეაზე დაფუძნებულ, პრინციპულ არგუმენტს, ხოლო მეორე – პრაგმატულ, ინსტრუმენტალურ არგუმენტს. რა თქმა უნდა, რთულია იმის დადგენა, თუ რამდენად სწამთ თავად გირჩელებს მათ მიერ გაცხადებული რომელიმე არგუმენტის და რამდენად ემსახურება ეს რიტორიკა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მდიდარი სპონსორების მოზიდვის მიზანს. მაგრამ ეს არც თუ უმნიშვნელო ასპექტი ამ წერილში განხილული არ არის.

ჩემი მიზანია მოვამარაგო მემარცხენეები კონტრ-არგუმენტებით და არგუმენტაციის სტრატეგიებით. თუმცა, მიუხედავა იმისა, რომ ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, ეს წერილი არ ემსახურება დისკუსიის ინიცირებას. ჩემი აზრით, მემარცხენეები ორიენტირებულები უნდა იყვნენ დისკუსიის ეფექტური დახურვისკენ, ვინაიდან ღრმა ინტელექტუალური დებატებით მიზერული მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ძალის მავნე იდეოლოგიის ლეგიტიმაცია და პოპულარიზაცია არ მიმაჩნია გამართლებულად.

 გირჩელების ფილოსოფიური არგუმენტი

გირჩელები გვარწმუნებენ, რომ სოციალური უფლებები არ არსებობს, ვინაიდან არ არსებობს წინარე-სახელშეკრულებო ვალდებულებები. თუ სოციალური უფლებების უზრუნველსაყოფად, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო მავალდებულებს გადავიხადო გადასახადები, ეს ჩემი საკუთრების უფლების დარღვევაა (რა თქმა უნდა, საუბარია მათი თეორიული კონსტრუქციის და არა კანონის დარღვევაზე). სხვისი დახმარება ნებაყოფლობითი ქველმოქმედების საკითხია და არა სახელმწიფოს ძალით უზრუნველყოფილი ვალდებულება.

რას ეფუძნება ეს მსჯელობა?

გირჩელები გვთავაზობენ ოთხ პრინციპზე დაფუძნებულ ლიბერტარიანულ თეორიას, რომლის სხვადასხვა კომპონენტი არაერთხელ გაჟღერებულა მათ მიერ სოციალურ ქსელებსა თუ საჯარო გამოსვლებში. ამ თეორიის პოსტულატებია:

  1. ჩვენ გვაქვს საკუთრების უფლება ჩვენს სხეულზე (დავარქვათ ამას თვითსაკუთრება);
  2. ჩვენ ვართ იმ რესურსების მეპატრონე, რომელსაც პირველები აღმოვაჩენთ;
  3. ჩვენი სხეულის გამოყენებით შექმნილი პროდუქტი ჩვენ გვეკუთვნის;
  4. ჩვენი საკუთრების უფლება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ნებაყოფლობითი გაცვლის გზით.

აქ გირჩელები გვთავაზობენ საკუთრების უფლებას, როგორც პრინციპულ არგუმენტს. საკუთრების უფლება მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, თუ რა ინსტრუმენტალური ფუნქცია აკისრია და რა სარგებელი მოჰყვება მის უზრუნველყოფას. საკუთრების უფლება არის თავისთავადი, ბუნებითი, წინარე-პოლიტიკური უფლება, უფლება, რომლის შეცნობასაც სხვა არაფერი სჭირდება თუ არა “საღი აზრი”. სოციალური უფლებები კი წარმოებული და, ამის გამო, მეორეხარისხოვანი უფლებებია, რომელთა უგულვებელყოფაც დაშვებულია და აუცილებელიც კი. გირჩელები იყენებენ სამართლიანობის თეორიას. ისინი გვასწავლიან არა მხოლოდ იმას, როგორ შევქმნათ ეკონომიკურად წარმატებული საზოგადოება (რასთან დაკავშირებითაც შეიძლება, არსებობდეს და არსებობს ალტერნატიული შეხედულებები), არამედ იმას, თუ რა არის სამართლიანი სახელმწიფო.

თვითსაკუთრება ამ თეორიის ფუნდამენტური პრინციპია, რომლისგანაც ყველა დანარჩენი უფლება გამომდინარეობს და რომელთა დაცვაც სამართლიანი სახელმწიფოს ვალდებულებაა.

საინტერესოა, რომ გირჩელებისთვის ამ პრინციპის აღიარება ნებისმიერი რაციონალური დისკუსიისთვის აუცილებელი და გარდაუვალი დათქმაა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვნახავთ, ამგვარი დათქმა ფილოსოფიურად ნამდვილად არ არის გარდაუვალი, ამ ეტაპზე, არ უარვყოფ თვითსაკუთრების უფლებას. ჩემი მიზანია ავხსნა, რატომ არ გამომდინარეობს მისგან აუცილებლობით სხვა დანარჩენი უფლებები.

გადასვლა თვითსაკუთრებიდან გარე სამყაროს რესურსების დაპატრონებაზე, პირველი პუნქტიდან მეორე პუნქტზე, გადამწყვეტია. ამგვარი გადასვლა კონცეპტუალურად შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი შედეგი. ჩვენი მიზანიც მინიმალურია. თუ დავამტკიცებთ, რომ თვითსაკუთრება აუცილებლობით არ გულისხმობს საკუთრების უფლებას გარე სამყაროს რესურსებზე, ამ სტატიის მიზანი მიღწეულია: ჩვენ შეგვეძლება გირჩელებთან ფილოსოფიური დებატის ეფექტური დახურვა.

გირჩელების თანახმად, ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ჩვენი სხეულის, ჩვენი უნარებისა და შესაძლებლობების ბატონ-პატრონი გულისხმობს, რომ ჩვენ გვეკუთვნის სამყაროში არსებული ის რესურსი თუ პროდუქტი, რომელსაც პირველები დავეპატრონებით. დავარქვათ ამას “დასწრების თეორია”.

გირჩელების მიერ დასწრების თეორიის გამოყენება, ანუ ის, რომ სამყაროს რესურსებზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე საუბრისას ისინი არ ახსენებენ არანაირ შემზღუდავ პრინციპებს, მაგალითად, არ ახსენებენ ლოკის პროვიზოს, მიუთითებს იმაზე, რომ გირჩელები ულტრა-მემარჯვენე ლიბერტარიანელები არიან.

ლოკის პროვიზო (რომლის მინიმალისტურ ვერსიას რობერტ ნოზიკიც იყენებს) გვეუბნება, რომ საკუთრების უფლების მოპოვება გარე სამყაროს რესურსებზე სამართლიანია, თუ ეს უფლება არ აუარესებს სხვათა მდგომარეობას, სხვებსაც უტოვებს საკმარის რესურსებს და, ზოგადად, ემსახურება საზოგადოების წინსვლას.

წარმოიდგინეთ წყლის საბადო, რომელსაც ადამიანი მიაგნებს, დაესაკუთრება და სხვების წვდომას წყალზე მხოლოდ შესაბამისი ქირის გადახდის საფუძველზე უშვებს ან საერთოდ არ უშვებს. ეს ლოკს მიუღებლად მიაჩნია და ამის თავიდან ასაცილებლად გვთავაზობს სწორედ პირველადი აპროპრიაციის შემზღუდავ პრიცნიპს. თუმცა მიურეი როტბარდი და სხვა ულტრა-მემარჯვენეები სხვაგვარად ფიქრობენ. მათვის სამართლიანობის იდეა არ მიემართება აპროპრიაციის ეტაპს. უპატრონო რესურსის თუ პროდუქტის დაპატრონების მომენტში მე არ ვარ ვადლებული გავითვალისწინო სხვისი კეთილდღეობა და ინტერესები. სამართლიანობის იდეა ჩნდება მას შემდეგ, რაც საკუთრების უფლება უკვე მოპოვებულია.

ამ ლოგიკით შესაძლებელია ისიც, რომ უნივერსალური პრივატიზაციის პირობებში, მომავალ თაობებს მესაკუთრის ნებართვის გარეშე, არ დარჩეთ სივრცე სამოძრაოდ და რესურსი საარსებოდ. თუ ამ ლიბერტარიანულ სამოთხეში მონობის კონტრაქტიც სამართლებრივად დასაშვები გახდება და ლოგიკურად უნდა გახდეს დასაშვები, ვინაიდან, თუ მე მეკუთვნის ჩემი სხეული მაშინ შემიძლია ხელშეკრულების საფუძველზე მონად ჩავბარდე სხვას, (ირონიაა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მთავარი სლოგანი “მეტი თავისუფლებაა”, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მონობას დასაშვებად მიიჩნევს), ეს მომავალი თაობებისთვის ჭეშმარიტ თავისუფალ არჩევანს უზრუნველყოფს – იცხოვრონ მონობაში ან საერთოდ არ იცხოვრონ.

როგორც ვთქვი, დასწრების თეორია შესაძლებელია, კონცეპტუალურად გამართული იყოს. ულტრა-მემარჯვენე ლიბერტარიანელების ლოგიკურ თანმიმდევრულობას აქ არ ვაკრიტიკებ. მაგრამ, ამავე დროს, საჭიროა, გამოვკვეთოთ და შევაფასოთ ის პრობლემატური დათქმა, რაც უზრუნველყოფს ამ თანმიმდევრულობას.

ეს არის დათქმა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად, სამყაროში არსებული რესურსები არავის ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, ზემოთ მოყვანილი თეორიის II პუნქტი საკუთრების უფლების ლეგიტიმურად მოპოვების აუცილებელ პირობად სწორედ ამას მიუთითებს.

მაგრამ არსებობს თვითსაკუთრებაზე დაფუძნებული ალტერნატიული მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, თავდაპირველად, ინდივიდუალური, კერძო საკუთრების არსებობამდე, სამყაროს რესურსები ყველა ადამიანის საერთო საკუთრება იყო. შედეგად, ამ რესურსების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საზოგადოების სხვა წევრების თანხმობით ან შესაბამისი კომპენსაციის შემთხვევაში. შესაძლებელია თუ არა ამ ალტერნატიული არგუმენტის შეთავსება თვითსაკუთრებასთან? თუ ეს შესაძლებელია, მაშინ დავამტკიცებთ, რომ გირჩელების თეორიის I და II პუნქტებს შორის აუცილებელი კავშირი არ არსებობს.

საერთო საკუთრების იდეა და თვითსაკუთრება

ჯერი კოენი შემდეგ ჰიპოთეტიურ მაგალითს გვთავაზობს: კუნძულზე ორი ადამიანი ცხოვრობს; ერთს ჰქვია შემძლე, მეორეს – უძლური; შემძლეს შესწევს ძალა, დაამუშავოს კუნძულზე არსებული რესურსები, უძლურს – არა. წარმოვიდგინოთ რამდენიმე სცენარი: 1) შემძლე ვერ აწარმოებს ერთი ადამიანის გამოსაკვებად საკმარის პროდუქტს და ორივე მათგანი იღუპება; 2) შემძლეს ძალუძს მხოლოდ თავის გამოკვება, რის უფლებასაც უძლური მას არ აძლევს და ორივე მათგანი იღუპება; 3) შემძლეს ძალუძს ორი ადამიანის გამოკვება, უძლური კი არ რთავს მას უფლებას იმუშაოს, თუ მასაც არ დაანაყრებს; 4) შემძლეს შეუძლია ჭარბად აწარმოოს, რის გამოც მას და უძლურს შორის უნდა შედგეს გარიგება, თუ რამდენი უნდა აწარმოოს შემძლემ და როგორ უნდა გაიყონ სიჭარბე. ანუ საერთო საკუთრების პრინციპიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების პროცესში უძლურს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა არ დათანხმდეს პირობებზე და არ მისცეს შემძლეს რესურსების დამუშავების უფლება.

ამ მაგალითში ორივე ადამიანს აქვს თვითსაკუთრება. ისინი არ არიან მონები, ვინაიდან ვერავინ დაავალდებულებს მათ, იმუშაონ. შემძლეს აქვს უფლება არ იმუშაოს, თუნდაც ამას ფატალური შედეგი მოჰყვეს. თუმცა ეს უფლება სხეულზე, თავისთავად, ფორმალურია. სინამდვილეში, თავის გადარჩენისთვის, შემძლე იძულებული ხდება იმუშაოს უძლურისთვის და იმდენი აწარმოოს, რამდენსაც ეს უკანასკნელი მოითხოვს. (ეს არგუმენტი მემარცხენე ლიბერტარიანელების წინააღმდეგაა მიმართულია, რომლებსაც სწამთ ქმედითი თვითსაკუთრების შეთავსებისა რესურსების თანასწორ გადანაწილებასთან. იხილეთ მემარცხენე ლიბერტარიანელის, მაიკლ ოცუკას, პასუხი კოენის ამ კრიტიკაზე).

მაგრამ ულტრა-მემარჯვენე ლიბერტარიანელებისთვის არჩევანის არსებობა, მაგალითად, სიცოცხლესა და მონობას შორის, მაინც გულისხმობს სხეულზე საკუთრების უფლებას. მუშა, რომელიც თავის გადარჩენის მიზნით ვალდებულია, მიყიდოს თავისი შრომა კაპიტალისტს, თავისუფალია, ვინაიდან მას შეუძლია უარი თქვას შრომის გაყიდვაზე. გირჩელებისთვის საკმარისია ამგვარი ფორმალური თავისუფლება. ამიტომაც, კოენის მაგალითი წამრატებული კონტრ-არგუმენტია მათ წინააღმდეგ, ვინც ამტკიცებს რესურსების თანასწორი განაწილების შეუთავსებლობას თვითსაკუთრებასთან.

რომ შევაჯამოთ, თუ უარვყოფთ გირჩელების დათქმას იმის შესახებ, რომ თავდაპირველ რესურსებს მესაკუთრე არ ჰყავდა და შევცვლით ამ დათქმას საერთო საკუთრების იდეით, ეს არ გვავალდებულებს დავარღვიოთ თვითსაკუთრების პრინციპი. ვინაიდან თვითსაკუთრებიდან, თავისთავად, არ გამომდინარეობს აბსოლუტური უფლება გარე სამყაროს რესურსებზე, შეგვიძლია, მშვიდად უკუვაგდოთ გირჩელების “საღი აზრი”.

თვითსაკუთრების აპრიორული გამართლების პრობლემურობა 

უკვე ვთქვი, რომ გირჩელები თვითსაკუთრებას წარმოაჩენენ, როგორც თავისთავად, აპრიორი დათქმას, რომელიც ნებისმიერი რაციონალური მსჯელობის წინაპირობა უნდა იყოს. აი, რას ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი ფეისბუქზე (ანალოგიურ აზრს ახმოვანებს ჯაფარიძეც): “სხეულის საკუთრების შესახებ ვისაც გონია, რომ სხეული მისი არ არის, მაშინ არც გონებაა მისი რადგან მისი გონება სხეულში ბინადრობს. შესაბამისად ასეთ ადამიანს საერთოდ აზრის გამოთქმის… უფლება არ აქვს, რადგან ჩვენ არ ვიცით მისი სხეულის მეპატრონეები თუ არიან თანახმა ამ ადამიანმა რაიმე აზრი გამოთქვას ან საერთოდ ქონდეს რაიმე აზრი. კითხა მისი სხეულის პატრონებს?”

ამ შეხედულების თანახმად, მტკიცება “მე მაქვს თვითსაკუთრების უფლება” ძალიან ჰგავს მტკიცებას “მე ცოცხალი ვარ”. ისევე, როგორც წინააღმდეგობრივია იმის თქმა, რომ “მე ცოცხალი არ ვარ”, ანალოგიურად, წინააღმდეგობრივია მტკიცება, რომ მე არ მაქვს თვითსაკუთრება, ვინაიდან ის ვინც ამას ამბობს, უკვე გულისხმობს საკუთრებას თავის სხეულზე და, შესაბამისად, კონტროლს თავის საკუთარ აზრებზე. თვითსაკუთრება გარდაუვალი აქსიომაა რაციონალური მსჯელობის წარმოებისთვის.

მაგრამ, თუ არგუმენტაციის უნარი გადამწყვეტია თვითსაკუთრების უფლების შესაცნობად, მაქსიმუმს რასაც ეს თეორია აღწევს არის ის, რომ ჩვენ გვანიჭებს საკუთრების უფლებას პირის აპარატზე, ყურებზე, თვალებზე და არსებობისთვის აუცილებელ ორგანოებზე. კიდურები, ცალი თირკმელი და სიცოცხლისთვის სხვა არაუცილებელი ორგანოები შესაძლებელია, მაგალითად, კოლექტიურ საკუთრებაში იყოს.

გარდა ამისა, გირჩელები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, იხდიან გადასახადებს, მათ შორის უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისთვის, რაც, მათი თეორიის თანახმად, არღვევს მათ თვითსაკუთრებას. ანუ გირჩელები, მათივე ლოგიკით, სახელმწიფოს მონები არიან. მაგრამ, ამასთანავე გვარწმუნებენ, რომ მათი მტკიცება თვითსაკუთრების არსებობის შესახებ არ არის წინააღმდეგობრივი. ჩემი აზრით, აქ გირჩელები ერთმანეთში ურევენ საკუთრების უფლებას და რაიმეზე კონტროლის ქონას. სხეულსა და გონებაზე კონტროლი აუცილებლობით არ გულისხმობს თვითსაკუთრებას. შეიძლება მქონდეს საგანზე კონტროლი მასზე საკუთრების უფლების გარეშე. შესაბამისად, თვითსაკუთრება არ არის არგუმენტაციის შესაძლებლობის წინაპირობა. თვითსაკუთრება არ არის რაციონალური მსჯელობისთვის აუცილებელი აქსიომა. 

სამართლიანობის თეორია თვითსაკუთრების გარეშე

ჯონ როლსისა და მისი გამოჩენილი მიმდევრების (დვორკინი, პოჯი, სენი და ა.შ.) თეორიები პირდაპირ უპირისპირდება თვითსაკუთრების იდეას. როლსისა და როლსიანელებისთვის არავინ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ მას არ გაუმართლა ფიზიკურ თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, აღზრდაში, სოციალურ სტატუსში და ა.შ.

შესაბამისად, ეს ავტორები დიდად არ წუხდებიან ლიბერტარიანელების პოზიციებით. თუ ლიბერტარიანელები ამტკიცებენ, რომ ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი საკუთრებაა, როლსიანელები პასუხობენ, რომ სამართლიანი სახელმწიფოს დასაფუძნებლად საზოგადოების ნაწილის იღბალით (და იღბალის გამოა სწორედ ამ ნაწილის წარმატება) ვერ ვიხელმძღვანელებთ.

როლსიანელებს განსხვავებულად ესმით თავისუფლების იდეაც. თავისუფლება გაგებულია, როგორც ავტონომია, როგორც თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა და არა როგორც ფორმალური კატეგორია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როლსიანელები გვთავაზობენ სამართლიანობის თეორიებს, რომელთა საფუძველზეც თანასწორობისა და გაჭირვებული ფენების სოციალური დახმარების ვალდებულება – სოციალური უფლებები – შეთავსებულია ადამიანის სხვა უფლებებთან და თავისუფლებებთან, მათ შორის, სიტყვისა და აზრის თავისუფლებასთან და ადამიანის უფლებასთან სხეულის ხელშეუვალობაზე. ეს უკანასკნელი პრინციპები, რომლითაც ლიბერტარიანელები ხშირად გვაშანტაჟებენ ხოლმე, როლსის სამყაროში გარანტირებულია, როგორც ხელშეკრულების გარეშე ვალდებულებების არსებობის წინაპირობა და არ არის მიბმული საკუთრების უფლებაზე.

რა თქმა უნდა, როლსის მოდელი არ გამორიცხავს უთანასწორობას. მაგრამ ეს მოდელი აფიქსირებს თანასწორობისა და სახელმწიფოს მიერ ნაკლებად წარმატებული საზოგადოებრივი ფენის დახმარებას, როგორც სამართლიანი სახელმწიფოს მიზანსა და ვალდებულებას.

ერთი სიტყვით, როლსიანული სამართლიანობის თეორია მეინსტრიმულია, თანმიმდევრულია, თანხვედრაშია მემარცხენეების დიდი ნაწილის პრეფერენციებთან და არ საჭიროებს ლიბერტარიანელებთან პაექრობას. ეს არის ერთ-ერთი ეფექტური გზა გირჩელებთან პოლემიკის დასახურად.

 გირჩელების პრაგმატული არგუმენტი

როგორც დასაწყისში ვთქვი, გირჩელებისთვის სოციალური უფლებები “ნონსენსია”, ვინაიდან არავის აქვს უფლება სხვისი დახმარება დაგვავალდებულოს. ზემოთ ვისაუბრეთ გირჩის მხრიდან ამ პოზიციის ფილოსოფიურ გამართლებაზე და პოტენციურ კონტრარგუმენტებზე მათი პოზიციის გასაბათილებლად. ამ ნაწილში კი მსურს, ის ინსტრუმენტალური, პრაგმატული არგუმენტი განვიხილო, რომელსაც გირჩელები არანაკლებ ხშირად იყენებენ.

თავის საჯარო ლექციაში, ზურაბ ჯაფარიძე ლიბერტარიანული თეორიის ცხოვრებაში დანერგვას გვთავაზობს, როგორც აუცილებელ წინაპირობას უკონფლიქტო და მდიდარი საზოგადოების შესაქმნელად. ანუ ჯაფარიძე, ლექციის ფარგლებში, საუბრობს პრაგმატულ მიზანზე – კონფლიქტების აღმოფხვრასა და ეკონომიკურ წარმატებაზე, რომელიც ამართლებს აღნიშნული თეორიის გამოყენებას. აქ საკუთრების უფლება წარმოდგენილია, როგორც ინსტრუმენტი და არა “საღი აზრიდან” გამომდინარე პრინციპი. შესაბამისად, თუ გირჩელების “საღ აზრს” გავაბათილებთ ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით და, ასევე, მივუთითებთ უკვე არსებულ ალტერნატიულ ინსტრუმენტებზე, საზოგადოების მოწყობის ალტერნატიულ მოდელებზე, რომელიც, სულ მცირე, იმავე დონის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, შეგვიძლია, გირჩელებთან კამათის დახურვა.

საბედნიეროდ, არსებობს ბევრი არგუმენტი გამყარებული წამყვანი ეკონომიკური თეორიებითა და ემპირიული კვლევებით, რომელიც ადასტურებს, რომ სოციალური უფლებების უზრუნველყოფა და სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში ეფექტურ შედეგს გვაძლევს საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნვლეყოფის მიმართულებით. ამ არგუმენტების არტიკულირებაზე ქართველი მემარცხენე მკვლევრები აქტიურად მუშაობენ და პროექტი european.ge ამის მაგალითია.

რაც შეეხება უკონფლიქტო საზოგადოების შექმნის მიზანს, რომ არ ვახსენოთ მარქსისტული თეზა პროლეტარიატსა და კაპიტალისტურ კლასს შორის არსებული ფუნდამენტური კონფლიქტის შესახებ, მიმაჩნია, რომ მზარდი უთანასწორობა, რომელსაც ლიბერტარიანული თეორიის ცხოვრებაში დანერგვა იწვევს, უშრეტი წყაროა სოციალური დაპირისპირებებისა.

არგუმენტაციის სტრატეგია

უკვე აღვნიშნე, რომ გირჩელები, როგორც წესი, არ აკეთებენ განსხვავებას პრინციპულ და პრაგმატულ არგუმენტებს შორის. ეს აღრევა შეიძლება, არც იყოს მათი ინტელექტუალური სისუსტის ბრალი, არამედ ცნებების მიზანმიმართული გადღაბნა. მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ პრინციპულ, ფილოსოფიურ არგუმენტს გარკვეული შებოჭვები ახასიათებს. მაგალითად, გირჩელს მოუწევს დაასაბუთოს, თუ რატომ არის ეს ცხოვრება “დასწრებაზე”, თუ რატომ ეკუთვნის პირველ აღმომჩენს გარე სამყაროში არსებული რესურსები და ა.შ. უფლების ინსტრუმენტალური გამართლებისთვის ამის მტკიცება საჭირო არაა, სამართლიანობის თეორიისთვის კი ეს ფუნდამენტური საკითხია. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ გირჩელების ფილოსოფიური წიაღსვლები, დიდ წილად, “საღ აზრზე” მითითებით შემოიფარგლება, ლეგიტიმური კონტრარგუმენტები, ისეთი, როგორიც ზემოთ განვიხილეთ, მათ დაუცველ პოზიციაში ჩააგდებს. ამავე დროს, მხოლოდ პრაგმატული არგუმენტებით გირჩელები დამაჯერებლები ვერ იქნებიან და ალტერნატიული ეკონომიკური თეორიებითა და ემპირიული მაგალითებით შეპასუხების შემთხვევაში მათი ქედმაღალი და ცინიკური რიტორიკა ეფექტურობას დაკარგავს. უფრო მეტიც, პრინციპული არგუმენტი, რომელიც სოციალურ უფლებებს გაამართლებს სამართლიანობაზე თუ თავისუფლებაზე მითითებით, ყოველთვის უფრო დამაჯერებელი და წონადი იქნება პრაგმატულ არგუმენტთან დაპირისპირებაში. სავარაუდოდ ამიტომაც გირჩელები მონაცვლეობენ პრინციპულ და პრაგმატულ არგუმენტებს შორის.

მაგალითისთვის, თუ ჯაფარიძე საჯარო ლექციის ფარგლებში აღიარებს, რომ ის საუბრობს ზემოთ ნახსენებ თეორიაზე, როგორც ინსტრუმენტზე, გაუგებარია რაში სჭირდება თვითსაკუთრების იდეა და რატომ არ იწყებს პირდაპირ “დასწრების თეორიით”. მეტიც, ლექციაზე დასმული კითხვის პასუხად, ჯაფარიძე აკრიტიკებს სოციალური უფლებების იდეის (რომელიც, მისი აზრით, თვისობრივად განსხვავდება პირველი თაობის უფლებებისგან, მითი, რომელზეც ვაკო ნაცვლიშვილი ისაუბრებს თავის სტატიაში) არსებობას იმ მოტივით, რომ 1) სოციალური უფლებების შინაარსი პოტენციურად უსაზღვროა და ადამიანის ყველა საჭიროებაზე შეიძლება, გავრცელდეს და 2) ამ უსაზღვრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო იძულებული ხდება, შელახოს საკუთრების უფლება და “გაძარცვოს” მესაკუთრეები. თუ პირველი პასუხი, სავარაუდოდ, პრაგმატული პოზიციის გამოვლინებაა, მესაკუთრეების “გაძარცვის” კრიტიკა, პრინციპულ არგუმენტზე მიუთითებს.

ჩემი აზრით, აუცილებელია გირჩის ამ ორაზროვნების გამოვლენა და ორივე “ფრონტზე” შეპასუხება, მათ შორის, იმ არგუმენტების გამოყენებით, რომლებიც ამ წერილში განვიხილეთ.

დასკვნა

რა თქმა უნდა, ამ წერილში ფილოსოფიური კონტრარგუმენტებისა თუ დამოუკიდებელი თეორიების სიღრმისეული გამოკვლევა ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდე, ასევე, ყველა რელევანტური კონტრარგუმენტის მობილიზება. ჩემი მიზანი ეს არც ყოფილა. ამ სტატიით მე მოვხაზე ნაწილი იმ არგუმენტებისა და სტრატეგიებისა, რომლითაც “ვიკინგებზე გალაშქრება” ხდება შესაძლებელი.

მსურდა მეჩვენებინა, რომ ის “საღი აზრი”, რაზეც გირჩელები აპელირებენ, სულაც არ არის საღი აზრი და ერთი კონკრეტული  სამართლიანობის თეორიაა, რომელიც არც ისე დამაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ ზემოთ ნახსენებ კონტრარგუმენტებს და არც ისე მომხიბვლელი, თუ გავიხსნებთ მომავალი თაობების გარდაუვალ მონობას ლიბერტარიანულ სამოთხეში. გარდა ამისა, მსურდა მეჩვენებინა, რომ არსებობს ალტერნატიული სამართლიანობის თეორიაც, რომელიც ლიბერტარიანელებთან სერიოზული პოლემიკის წარმოების საჭიროებას ვერ ხედავს. ვისაუბრე ასევე გირჩელების მხრიდან პრაგმატული და პრინციპული არგუმენტების აღრევაზე და შეპასუხების სტრატეგიებზე, რომელიც მემარცხნეებს უნდა გამოადგეთ.

თავისთავად, პრინციპული და პრაგმატული პოზიციები თავსებადია. სოციალური უფლებების იდეის დასაცავად და რეალიზებისთვის ორივეს მობილიზებაა საჭირო. ჩვენ უნდა ვეცადოთ არ დავხარჯოთ დრო გირჩის მსგავსი მარგინალური ჯგუფების კრიტიკის უკუგდებაში და შევძლოთ სოციალური უფლებების მხარდამჭერი პოზიტიური არგუმენტების არტიკულირება. ამ მიზნით, მომავალ წერილში ვისაუბრებ სოციალური უფლებების ფილოსოფიური გამართლების სხვადასხვა მოდელზე. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლურ აკადემიაში თითქმის უნივერსალური თანხმობაა იმის შესახებ, რომ სოციალური უფლებები პირველი თაობის უფლებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი უფლებებია. წამყვანი ფილოსოფიური სკოლები სწორედ ამას ამტკიცებენ ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე, მოქალაქეობაზე თუ დემოკრატიული ჩართულობის იდეაზე მინიშნებით.

მიუხედავად იმისა, ამ თეორიებიდან რომელს ავირჩევთ, ჩემთვის საღი აზრი სოციალური უფლებების რეალიზების აუცილებლობაა, რასაც, თავის მხრივ, შეიძლება საკუთრების უფლების სამართლებრივი შეზღუდვა ან საკუთრების უფლების სამართლებრივი რეჟიმის გარდაქმნა დასჭირდეს. მაგრამ დღეს, ჩვენს უკუღმართ სისტემაში, თუ მშრომელების ელემენტარული ღირსების დასაცავად საკუთრების უფლება უნდა დაირღვეს, დაე, დაირღვეს.


შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა არ გამოხატავდეს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” პოზიციას.