EMC მოხის საჯარო სკოლის საქმეზე შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

1483888191_moxeli-moswavleebi

ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე”; პროტესტის მეორე დღე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოხის საჯარო სკოლის მუსლიმი მოსწავლის, თ. ბერიძის სახელით განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, როგორც ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შიდა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

2017 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დირექტორის მიერ მუსლიმი მოსწავლე გოგონასთვის, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე მითითებისა და ამ საფუძვლით სკოლაში ჩარიცხვაზე უარის გამო სავარაუდო შევიწროების ეპიზოდში, დირექტორის პასუხიმგებლობა არ დაადგინა. [1] მეტიც, დეპარტამენტმა  ინდივიდუალურ საქმეში კანონის დარღვევის მიღმა, ზოგადად საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეებისთვის რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების შეზღუდვის საკითხი შეაფასა და მიუთითა, რომ საჯარო სკოლებს რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე, მსგავსი აკრძალვების დაწესების ლეგიტიმური საფუძველი გააჩნიათ.

EMC მიიჩნევს, რომ დეპარტამენტის დასკვნა დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა, შემდეგი ძირითადი არგუმენტების გამო:

– დეპარტამენტის დასკვნა დისრკიმინაციის ფაქტის არარსებობის დასადასტურებლად უთითებს შეზღუდვის ნეიტრალურ ხასიათზე და აცხადებს, რომ მსგავსი აკრძალვა სკოლის ყველა, მათ შორის ქრისტიან მოსწავლეებზე ვრცელდება, რაც მის დისკრიმინაციულ ბუნებას გამორიცხავს.  ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ დირექტორის მიერ აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის და სიმბოლიკის სასწავლო დროს აკრძალვა სკოლაში, სადაც მხოლოდ მუსლიმი და ქრისტიანი მოსწავლეები სწავლობენ, მისი ფორმალური ნეიტრალურობის მიუხედავად არაპროპოციულ გავლენას ახდენს სწორედ მუსლიმი მოსწავლეების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაზე. მართლმადიდებელი მოსწავლეების შემთხვევისგან განსხვავებით, მუსლიმებისთვის აშკარად გამოხატული რელიგიური შინაარსის მატარებელი სამოსის (თავსაბურავის) ტარება დოქტრინალურ კავშირშია მათ რელიგიასთან. დეპარტამენტმა უგულებელყო არაპირდაპირი დისკრიმინაციის სამართლებრივი ჩარჩო და შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი ზედაპირული და ფორმალური არგუმენტით გამორიცხა. ამავე დროს, თავსაბურავის ტარების აკრძალვის ფაქტის იზოლირებულმა შესწავლამ, დეპარტამენტს არ მისცა შესაძლებლობა აღნიშნული გარემოება მუსლიმი მოსწავლეების შევიწროების სხვა ფაქტებთან კავშირში განეხილა და მთლიანობაში გაეაზრებინა შესაძლო დისკრიმინაციული შევიწროების საკითხი. დასკვნაში დეპარტამენტი არ აფასებს საქმეზე EMC-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც მოხეში 2014 წელს გამოვლენილი რელგიიური კონფლიქტის დროს საჯარო სკოლის ამჟამინდელი დირექტორის, ნათია რეხვიაშვილის  საჯარო, ღიად ანტი-ისლამურ  განწყობებს აჩვენებს;

– დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულია, რომ მოხის საჯარო სკოლის შინაგანაწესში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვები ან რეგულაცია არ იყო გათვალისწინებული. იმის მიუხედავად, რომ დეპარტამენტმა, თავსაბურავის მოხსნის თაობაზე სკოლის დირექტორის მითითების ფაქტი არ გამორიცხა,  მის კანონშესაბამისობასა და ამ შეზღუდვით რელიგიის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისთვის ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეზღუდვის გამართლებისთვის აუცილებელი იყო იმის დადასტურება, რომ შეზღუდვა განხორციელდა  ‘კანონის საფუძველზე’, რაც დეპარტამენტს არ გაუკეთებია.

– დეპარტამენტის დასკვნა შინაგანაწესში პირდაპირი აკრძალვის არარსებობის მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს თავად ასეთი აკრძალვის ბუნებაზე, რომელიც სკოლის (სამეურვეო საბჭოს) რეგულირების სფეროში შესაძლოა მომავალში მოექცეს. დასკვნის თანახმად, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად. აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზების. შიდა აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნული ნორმის რელევანტურობას ასაბუთებს იმ არგუმენტით, რომ „სასკოლო სივრცეში და (არამხოლოდ) მყოფ პირთა ნაწილი თავსაფრის ტარების თემას უკავშირებს სასკოლო სივრცის გარეთ მიმდინარე პროცესებს, კერძოდ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში რელიგიური დანიშნულების ისტორიული ობიექტის საკითხს.“ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო პროცესის შეფერხებისა და დაპირისპირების გამოწვევი მიზეზი სოფელ მოხეში სწორედ მუსლიმი მოსწავლისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი გახდა და არა პირიქით. ამასთან, რაიმე დაპირისპირების თავიდან აცილების ინტერესსზე მსჯელობის დროს სამინისტროს მხრიდან პირველ რიგში უნდა გათვალისწინებულიყო თავად დირექტორის ღიად ანტი-მუსლიმური განცხადებები და საჯარო აქტიურობა, 2014 წელს მოხეში გამოვლენილი კონფლიქტის დროს.

– ამასთან  ხაზი უნდა გაევას იმ გარემოებას, რომ თუ მომავალში სკოლის სამეურვეო საბჭოს ექნება ნება და  მიიღებს გადაწყვეტილებას სკოლაში რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, აღნიშნული დანაწესი არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნებთან.

საერთაშორისო გამოცდილება

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია თავად დასკვნაში მითითებული გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულყოფილი განმარტება.  გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მასწავლებლისთვის თავსაფრის ტარების აკრძალვა და განმარტა, რომ ჰიჯაბის ტარება არის ინდივიდუალური გამოხატვა, და არა სახელმწიფოს რელიგიური აქტი. ამასთან, სასამართლოს თანახმად, თავსაფრის ტარება არ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს რელიგიური და იდეოლოგიური ნეიტრალიტეტი არ უნდა ყოფილიყო გაგებული როგორც იზოლირებული დამოკიდებულება სახელმწიფოსა და რელიგიის მკაცრი სეპარაციის გაგებით, არამედ როგორც ღია და ყოვლისმომცველი, რწმენის თავისუფლების ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოფის სამსახურში. ნეიტრალიტეტის ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ სკოლის პირობებში, სადაც საზოგადოება თავისუფლად არ ახდენს საკუთარი სოციალური არსებობის ორგანიზებას და რომელზეც სახელმწიფომ თავად იკისრა პასუხისმგებლობა.[2]

ამავე დროს მხედველობაშია მისაღები, ევროპული სასამართლოს გადაწყეტილება საქმეზე Lautsi v. Italy (II). აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საკლასო ოთახში ჯვარცმის დასაშვებად ცნობისას გაითვალისწინა ამავე სკოლაში თავსაფრის ტარების შესაძლებლობა.[3] ევროპულმა სასამართლომ მიუთითა წევრი სახელმწიფოების კულტურულ და ისტორიულ მრავალფეროვნებაზე და იქვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კონვენციით აქვს დადეგნილი სხვადასხვა რელიგიური თემის პატივისცემის ვალდებულება. ევროპული სასამართლოს მსჯელობით, ჯვარცმის ხილვადობა სკოლებში არ გულისხმობდა ქრისტიანობის სავალდებულო შესწავლას, გარდა ამისა, საჯარო სკოლები რელიგიურ ნეიტრალიტეტს იცავდა იმ მხრივაც, რომ, მაგალითად, მუსლიმი მოსწავლეებისათვის არ იყო აკრძალული თავსაბურავების ტარება და მოსარჩელეების მიერ არც სკოლის წარმომადგენლების მხრიდან ყოფილა დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები აღწერილი.

ამდენად, ევროპული სასამართლოს თანახმად, არც ჰიჯაბის ხილვადობა გულისხმობს მუსლიმური რელიგიის თავსმოხვევას, ამავე დროს თავად ამ პირების მხრიდან ჰიჯაბის ტარება, როგორც ამას გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოც უსვამს ხაზს, რელიგიური გამოხატვის ინდივიდუალურ აქტს წარმოადგენს და ვერ გაუთანაბრდება ინდოქტრინაციასჰიჯაბის ტარება, როგორც ინდივიდუალური რელიგიური გამოხატვა, ცალსახად ვერც ქართული კანონმდებლობით შეფასდებასაჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება[]“.

დეპარტამენტის დასკვნა ბოლოში აღნიშნავს, რომ თავსაფრის ტარების შეზღუდვა არსებობს ისეთ სახელმწიფოებშიც კი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ. აქ დეპარტამენტი საერთაშორისოდ არსებულ მიდგომების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. ევროპული სასამართლოც ეთანხმება მოსაზრებას, რომ თავსაფრის ტარების შეზღუდვის აუცილებლობას დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლოა სწორედ რომ მოსახლეობის დომინანტი მუსლიმური იდენტობის გამო უმრავლესობის მიერ თავსაფრის ტარების ფაქტი იწვევდეს და არა პირიქით.[4] ამასთან, დეპარტამენტი თავსაფრის ტარების შეზღუდვის მაგალითებზე საუბრისას არ ითვალისწინებს ამ ქვეყნებში თავად მუსლიმური თავსაფრისთვის მინიჭებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას (მაგ. თურქეთი, საფრანგეთი). მნიშნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ორივე ქვეყნის წინააღმდეგ განხილულ საქმეებში ამ ქვეყნებში სწორედ თავსაფრის აკრძალვის პოლიტიკურ მნიშნველობას უსვამს ხაზს. დეპარტამენტის მიერ მითითებულ საქმეზე Leyla Sahin v. Turkey, დიდი პალატა ვრცელ განხილვას უთმობს თურქეთის კონსტიტუციით დადგენილ სეკულარიზმის მკაცრ რეჟიმს და კონკრეტულად თურქეთის სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული სისტემის შენარჩუნებისთვის ამ პრინციპის მნიშვნელობას. დიდი პალატა პირდაპირ უთითებს ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში რელიგიური სიმბოლოს პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და ექსტრემისტულ ჯგუფებზე, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  შარიათის კანონებისათვის ნორმატიული ძალის მინიჭებაზე საუბრობდნენ.[5] ისიც ხაზგასასმელია, რომ Sahin-ის საქმეზე სასამართლო მხოლოდ ამ ფაქტორების ჩამოთვლის შემდგომ გადადის შეზღუდვის თანაზომიერების შემოწმებაზე და აქაც უთითებს, რომ შემოწმება ხდება ამ კონკრეტულ გარემობებებში თავსაფრის ტარების შეზღუდვის შესაძლო გამართლებაზე.[6]

ზოგადი განათლების შესახებ კანონი უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის დაცვას,  კერძოდ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კრძალავს რელიგიური სიმბოლოების განთავსებას და ინდოქტრინაციას.  ამავე დროს ფართე მხარდაჭერას უცხადებს ინდივიდუალურ რელიგიურ გამოხატვას.

იმ პირობებში, როდესაც საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრობლემა მასშტაბურად დგას (რასაც ადასტურებს კვლევები,[7] მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშები[8]) და სამინისტრო წლების განმავლობაში ეფექტიან ღონისძიების გატარებას ვერ უზრუნველყოფს,  მოსწავლეების მიერ თავსაბურავი ტარებაზე შეზღუდვის დაწესება, რომელიც გამოკვეთილად მუსლიმ თემს უკავშირდება დისკრიმინაციულ კონოტაციას იძენს.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები კონკრეტულ სოციალურ, პოლიტიკურ და ისტორიულ კონტექსტში უნდა შეფასდეს და დაუშვებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებების ავტომატური მიღება. ჩვენს რეალობაში მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა და მარგინალიზების პირობებში, ახალგაზრდა მუსლიმი ქალების  მიერ თავსაბურავის ტარება საკუთარი რელიგიური იდენტობის ხაზგასმისა და გაბატონებული რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიაში ერთგვარი წინააღმდეგობის, გათავისუფლების დატვირთვას ატარებს. შესაბამისად, დეპარტამენტის დასკვნაში წარმოდგენილი განმარტებები და გამოყენებული სამართლებრივი ჩარჩო, სოციალურად არაადეკვატურია და მტკივნეულად შეიძლება აღიქვან საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმმა თემებმა.    

ყველა ზემოთ აღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით EMC მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მტკიცებულებებით დადასტურებული ქმედება როგორც მინიმუმ წარმოადგენდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განმცხადებლის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას. მეტიც, სამინისტროს წინაშე EMC-ის მიერ წარდგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის, დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ცის ქვეშ ლოცვის აკრძალვა, დეკემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ მე-12 კლასისთვის მოსამზადებელი დამატებითი გაკვეთილების გაუქმება)[9]  აკმაყოფილებს დისკრიმინაციული შევიწროების დადგენის წინაპირობებს.

შესაბამისად, წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში EMC ითხოვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან:

  • შიდა აუდიტის დეპარტამენტს დაავალოს საქმის ხელახალი და კომპლექსური შესწავლა, პროცესში მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის და საჯაროობის პრინციპების განუხრელი დაცვით; 
  • რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მიერ გაკეთებული კანონშეუსაბამო ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, მიიღოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის და ადამიანის უფლებებზე, ასევე საქართველოში არსებულ სოციალურ კონტექსტზე დაფუძნებული ინსტრუქცია საჯარო სკოლებში მოსწავლეების მიერ რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენების წესთან დაკავშირებით, ისე რომ არ დაირღვეს რწმენის ინდივიდუალური გამოხატვის თავისუფლება.

 —————-

[1] შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი აგრძელებს საქმის შესწავლას შესაძლო დისკრიმინაციული შევიწროების სხვა ეპიზოდებზე, რომელიც EMC-ის მიერ წარდგენილ განცხადებებში იყო მითითებული.
[2] Dorsen, Rosenfeld, Sajo, Baer, Comparative Constitutionalism, Cases and Materials, sec. edition, გვ. 1141-1143
[3] საინტერესოა გერმანიის საკონსტიტუციო და ამერიკის უზენაესი სასამართლოების საპირისპირო პოზიცია ანალოგიურ საქმეებზე (შესაბამისად იხ. საქმეები Classroom Crucific II case და Stone v. Graham)
[4] საქმე Leyla Sahin v. Turkey თავსაფრის ტარების აკრძალვას ეხებოდა უნივერსიტეტებში. სასამართლომ აღნიშნა ისლამის დომინანტი პოზიცია. მისი განმარტებით, ქვეყანაში, სადაც 94 %-ს მუხლიმი მოსახლეობა წარმოადგენს, მუსლიმური თავსაფრის ტარების უფლებას შეიძლება იძულება და დაშინება გამოეწვია.
[5] Refah Partisi v. Turkey
[6] Leyla Sahin v. Turkey, para 114-121
[7] რელიგია საჯარო სკოლებში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2014 წელი, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/2014/03/31/religia_sajaro_skolebshi/
[8] სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2015 წელი, გვ. 700-703, ხელმისაწვოდმია:
http://ombudsman.ge/uploads/other/3/3512.pdf
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის, მონიტორინგის მე-5 ციკლი, 2016 წელი, გვ. 22, ხელმისაწვდომია:
https://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-ENG.pdf
საქართველოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, 2016 წელი, ხელმისაწვდომია:
http://www.state.gov/j/drl/rls/irf/religiousfreedom/index.htm?year=2015&dlid=256191#wrapper;
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის მეორე მოხსენება საქართველოზე, 2016 წელი, გვ. 19
[9] EMC -ის განცხადება, 08.02.17.,  ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/2017/02/08/emc-213/